კომუნიკაციების განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (MIR) ჰუმანიტარული ფონდის ინიციატივით, რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (NIIRK) მხარდაჭერით, 5 ივნისიდან განძაკის თემი, “რუსული ენისა და კულტურის” ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც რუსული ენის უფასო კურსებია.
22 ივნისს, რუსული ენისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეებმა ღია გაკვეთილის სახით, ღონისძიება – “ხსოვნის საღამო“ მოამზადეს. 1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და დაიწყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე რთული ომი. ამ ომში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის 22 ივნისი – ხსოვნის დღეა.
განძაკის თემის ცენტრში გამართული ღონისძიება პედაგოგ ჟანა ბაზიკიანის სიტყვებით დაიწყო. მან მოსწავლეებს მეორე მსოფლიო ომის გმირები გააცნო და მათ ღვაწლზე მოუთხრო. მოსწავლეთა ნაწილმა დიდი სამამულო ომის შესახებ ინფორმაციული ხასიათის მოთხრობები წარმოადგინა, ზოგმა კი ლექსები წაიკითხა. მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.
„ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ისტორია, გმირები, მათი ღვაწლი და მათ მიერ განვლილი გზა უნდა დავაფასოთ. ამ ღია გაკვეთილმა ცენტრის მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა წაეკითხათ, გაეცნოთ და დაემახსოვრებინათ ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ფურცელი. არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, თითქმის ყველა სომხურ ოჯახს ჰყავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი“, – განაცხადა ჟანა ბაზიკიანმა.
აღსანიშნავია, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ბავშვების რუსულ ენაზე უფასო განათლებას, არამედ სომხურ-რუსული საერთო ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურისა და მემკვიდრეობის გაცნობას. გარდა ამისა, თითოეულ ცენტრს აქვს საკუთარი სახელი – “კოსმოსი”, “ლიტერატურა” და “ხელოვნება”. სასწავლო პროგრამა მდიდარია – მოიცავს ენის შესწავლას, კითხვას, ექსპერტებთან შეხვედრებს, ექსკურსიებს, ასევე ფილმებისა და მულტფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, სხვადასხვა ღონისძიებებს. ინიციატივა მნიშვნელოვანია პატარა სოფლებისთვის. სამომავლოდ ცენტრების საქმიანობის გაფართოებაც იგეგმება.