რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილი ბოლო ტერაქტები, ოფიციალური პირების შეფასებით, ამ დაჯგუფების შესუსტების ნიშანია. რეალური ვითარება კი აბსოლუტურად სხვაგვარია – წერს Foreign Policy. გამოცემის ვერსიით, ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილი ბოლოდროინდელი ტერაქტები იმას ადასტურებს, რომ ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, დაჯგუფება უწინდებურად ძლიერია და კვლავაც შეუძლია საკუთარი მიზნები, თანამედროვე სახელმწიფოებში აფეთქებების მოწყობით, ხალიფატის შექმნით და დასავლეთთან აპოკალიფსური ომის დაწყებით განახორციელოს.
გამოცემის აზრით, აშშ ისლამურ სახელმწიფოს ვერ დაამარცხებს და ვერ დაიცავს თავის მოქალაქეებს, თუ ვაშინგტონი ანტიტერორისტული ბრძოლის სტრატეგიას გლობალურად არ აქცევს და მხოლოდ სირიითა და ერაყით შემოიფარგლება. თუ სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები ხალიფატის სახით ტერიტორიის გაკონტროლებისკენ ისწრაფვიან, მათი რეგიონული სტრატეგია სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერთებაა, რისი წყალობითაც ისლამისტები რეგიონის დესტაბილიზაციას და უფრო მეტი ტერიტორიების დაკავებას შეძლებენ.
ისლამური სახელმწიფოს მადა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით არ შემოიფარგლება.მან მზერა კავკასიასაც მიაპყრო. დაჯგუფების ხელმძღვანელობამ საბრძოლო მოქმედებების აზერბაიჯანში გადატანა კიდევ ერთხელ დააანონსა. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა თავიანთი მებრძოლების სირიიდან ერევანში გადასროლის ახალი მარშრუტი აირჩიეს, – წერს თურქული გაზეთი Milliyet-ი დაზვერვის სამსახუში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. ძალოვნების აზრით, ტერორისტები თვითმკვლელების აზერბაიჯანის, კვიპროსის და საქართველოს გავლით გაგზავნისთვის ემზადებიან.
ახალი ტერაქტებისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დაჯგუფებამ სირიასა და ერაყში სერიოზული დანაკარგი განიცადა. გარდა ამისა, საფრთხე თავად თურქეთის და აზერბაიჯანისთვისაც არსებობს. თურქი ძალოვნების აზრით, ტერორისტთა 20-25 კაციან ჯგუფებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმები უნდა მოეწყოთ.
“თურქმა მოხელეებმა, რომლებიც საგარეო დაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობდნენ, განაცხადეს, რომ ისლამურმა სახელმწიფომ ცოტა ხნის წინათ, აზერბაიჯანელ და ჩრდილოეთ კავკასიელ თავის მებრძოლებს თავდასხმების თურქეთსა და აზერბაიჯანში მოწყობა დაუსახა მიზნად”, – იტყობინება Milliyet-ი.
აზერბაიჯანული წყაროების ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი ქვეყნის მოქალაქეების საერთო რაოდენობა 500 ადამიანს არ აღემატება, მაგრამ ეს ბაქოს ვერ ამშვიდებს. თუ შევაფასებთ ისლამური სახელმწიფოს საფრთხის დონეს, ის პოტენციურად მაღალია. ჯერჯერობით ქვეყნის ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს. საფრთხე, რომ რეალურია ამას ჯიჰადისტების მიერ ევროპის და ისრაელის საელჩოების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობის არაერთი მცდელობა მოწმობს.
პარალელურად გახშირდა კონფესიათა შორის კონფლიქტების და მეჩეთზე თავდასხმები. ახლა, როდესაც რადიკალური გაერთიანებები უკვე ჩამოყალიბდა, მათი გამოსვლების პოტენციური შესაძლებლობებიც გაძლიერდა. ქვეყანაში, ისლამური რადიკალიზმის თვალსაზრისით, უკვე არსებობს რეალურად საშიში რაიონები, ქალაქები და ჯგუფები.
აზერბაიჯანში საზღვრის პერიმეტრზე სუსტი ადგილებიც არის. მათ შორის საქართველოსთან და რუსეთთან მოსაზღვრე მონაკვეთები, რომლის გავლითაც ჩეჩენი სეპარატისტების მომარაგება მიმდინარეობდა.
თურქ პოლიტიკურ ანალიტიკოსს ეკრემ გიუზელდერეს მიაჩნია, რომ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებმა დააფიქსირეს, რომ აზერბაიჯანამდე მისვლას აპირებენ, მაგრამ ამ დროისთვის ეს არც ისე სერიოზული საფრთხეა.
“თეორიულად აზერბაიჯანი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ისლამური სახელმწიფო, თავისივე განცხადებით, შეღწევას აპირებს. თუმცა იმის გამო, რომ დაჯგუფების მოქმედების ზონიდან სახელმწიფო გეოგრაფიულად შორს მდებარეობს და ამ სივრცეზე, რამდენიმე ძლიერი სახელმწიფოა, ეს საფრთხე შესაძლოა სკეპტიკურად შეფასდეს. ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ ვიღელვებდი”, – ამბობს გიუზელდერე.
როგორც პოლიტოლოგი და არაბისტი ზარუშტ ალიზადე ამბობს, სამწუხაროდ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუნათლებელი ახალგაზრდაა, ამიტომ ისინი ადვილად ებმებიან ისლამური სახელმწიფოს მომხრეების მახეში.
“ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანაში გაქრა სიკეთის რწმენა, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ არც ისე წარმატებულ სოციალურ მდგომარეობას და ა.შ. მათთან ადმინისტრაციული მეთოდებით ბრძოლა წამგებიანია, ეს კიდევ უფრო მეტ ნეგატივს გამოიწვევს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რადგან მათ ადამიანები სასოწარკვეთამდე მიჰყავთ”, – განაცხადა ალიზადემ.
მისივე თქმით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ძირითადად არაბული ქვეყნების ახალგაზრდობა – ძალიან უბრალო და პრიმიტიული ადამიანები არიან.
“საქმე იმაშია, რომ არაბული სახელმწიფოების პოლიტიკასა და ეკონომიკაში ძალიან სერიოზული პრობლემები არსებობს. სოციალიზმის, დასავლური ლეგალიზმისა და ნაციონალიზმის კონცეფციების ფარგლებში, მათი მოგვარება არ გამოდის. ასეთ შემთხვევაში ჩნდება რაღაც ძალა “ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს” სახელწოდებით, რომელიც ძალიან იოლად აგვარებს აღნიშნულ პრობლემებს. ადამიანებს შთააგონებს, რომ ყველაფერი დასავლეთის, არაბული ქვეყნების მმართველი ელიტისა და მუსულმანური გათიშულობის ბრალია. ამ პრიმიტიულ სქემაზე დაყრდნობით მებრძოლები გაუნათლებელ მუსულმანებს თავიანთი რიგებისკენ იბირებენ”, – ამბობს ალიზადე.
უშიშროების კვლევითი ცენტრის დირექტორს, აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს ილჰამ ისმაილს მიაჩნია,რომ ისლამური სახელმწიფოს მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ ეს პირველი გაფრთხილება არ არის.
“იმ ადგილებს შორის, სადაც მებრძოლები ტერაქტების მოწყობას აპირებენ, აზერბაიჯანის მოხსენიება, შემთხვევითი არ არის. ტერორისტებს შორის ბევრი აზერბაიჯანელია და ასეთი გაფრთხილებებით ისინი საკუთარ თავს გვახსენებენ. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ეს მხოლოდ მუქარაა. რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეც.სამსახურებს შორის შესანიშნავი კავშირებია და ჩვენმა უშიშროების სამსახურმა შესანიშნავად იცის ისლამური სახელმწიფოს მხარეს გადასული აზერბაიჯანელების სახელები. თუმცა, ისიც უნდა ითქვას რომ, აზერბაიჯანული სპეცსამსახურები ვითარების გაკონტროლებას ახერხებენ და ამაში არანაკლები როლი მიუძღვის თურქეთისა და ისრაელის სპეცსამსახურებს შორის მუდმივ ურთიერთმოქმედებებს და ინფორმაციულ გაცვლას. თუმცა, ამ საკითხში მოდუნება დაუშვებელია და ამ გამოწვევისთვის მუდმივად მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ისმაილმა.
ურიდიული მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ეროვნული უშიშროების საკითხებში, პროფესორი კიამილ სალიმოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანი ისლამური სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ინტერესების ზონაში შედის და მათი გაფრთხილება პროპაგანდისტული ხასიათისაა.
“ბოლო ორ წელიწადში, ჩვენ ქვეყანაში 12 საერთაშორისო კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა. ისლამური სახელმწიფოს მიერ გახმაურებული არცერთი გაფრთხილება არ განხორციელებულა, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ისინი პროფესიონალურად აღკვეთეს. როგორც იცით, აზერბაიჯანში ქვეყნის ფარგლებს შიგნით უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ფორმირებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გამკაცრებული. თუმცა მათი, ყველას გაკონტროლება შეუძლებელია”, – ამბობს ექსპერტი.
მან ასევე უთხრა, რომ დაქირავებულ მკვლელებს ერთი რამ არ ესმით, ისინი სიკვდილისთვის განწირულები არიან და ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლი ჩეჩნები იქ ჯგუფებად მიდიან.
“მათ საბრძოლო გამოცდილება ჩეჩნეთის ომში მიიღეს. ჩვენები კი ცალ-ცალკე მიდიან და მათ არანაირი საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ. იქ მთიანი ადგილები არ არის, მხოლოდ ტრიალი ველია. ასეთ ადგილებში კი ჰაერიდან მათი განადგურება ადვილია. სწორედ ამას აკეთებენ ამ დროისთვის სირიის, რუსეთის და ამერიკის საჰაერო შეიარაღებული ძალები”, – დასძინა სალიმოვმა.
ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანი ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიური მტერია.
“აზერბაიჯანი, როგორც მუსულმანური ქვეყანა მოდერნიზაციის გზით მიდის, ატარებს ტოლერანტულ პოლიტიკას, გმობს ობსკურანტიზმს და ფანატიზმს. ეს ყველაფერი კი ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგებს აღიზიანებს. ასეთი გაფრთხილებებით კი ისინი ჩვენ ქვეყანაში პანიკის დათესვას ცდილობენ”, – ამბობს ექსპერტი.
მართლაც, რთულია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო. აზერბაიჯანი საერო სახელმწიფოა, ხოლო მორწმუნე მოსახლეობის დიდი ნაწილი შიიტი-მუსულმანები არიან, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგებმა დიდი ხნის წინ განდგომილებად გამოაცხადეს. ამიტომაც, საეჭვოა ისლამურმა სახელმწიფომ აზერბაიჯანის მხრიდან რაიმე მხარდაჭერა მიიღოს, მათი მუქარა კი მხოლოდ მუქარად დარჩება.
მაქსუდ თალიბლი (ბაქო)