საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემის მშენებლობა 10 წლის წინ მსოფლიოს ბანკის დახმარებით დაიწყო. მანამდე ქვეყანას არ ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სექტორს განვითარებაში დაეხმარებოდა. 10 წლის თავზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახალი კონცეფციას – GITA 2.0-ს გვთავაზობს, რაც გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სფეროში ინოვაციების შეტანას. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში GITA სტარტაპების მხოლოდ მოძიებისა და განვითარების პროცედურებით იყო დაკავებული, რაც არც თუ მცირე თანხას მოიცავს.
ქვეყნის მასშტაბით უკვე შექმნილია 9 ტექნოპარკი, მეათე ქუთაისში გაიხსნება. ტექნოპარკი ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს მოქალაქეების დახმარებას ინოვაციური იდეების კომერციალიზაციაში. საგრანტო პროგრამის – „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში 80 პროექტი დააფინანსეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეეცდებიან ქვეყნის ეკონომიკის ბევრ სფეროში დანერგონ ციფრული ტექნოლოგიები, რაც განავითარებს ამ სფეროს.
19 მარტს, თბილისში, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე აღინიშნა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპები. საიუბილეო ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პირველი ვიცე-პრემიერის – ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პროდუქტიულობის გაზრდისა და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია.
“ადამიანური კაპიტალის გარეშე მიზანს – განვითარებული ეკონომიკის ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თავის მხრივ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10-წლიანი საქმიანობის შედეგებს შთამბეჭდავი უწოდა და წარმოადგინა სახელმწიფოებრივი ხედვა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას საქართველოს წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რასაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის.
“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. საგრანტო დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 38 მილიონი ლარი, შედეგად კი დაფინანსებულმა სტარტაპებმა 0,5 მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ-3 აქსელერატორში შემავალი და მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა – 500 Global-ი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამას. მასში, ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის როლს. ამასთან ერთად, საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი შეიქმნა 20 მილიონი დოლარის კაპიტალით.
ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა მთავრობის ინიციატივა, კერძოდ, საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან საქართველოში მოქმედებს განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. საშემოსავლო და მოგების გადასახადი ასეთი კომპანიებისთვის 5% გახდა, სხვა დანარჩენი გადასახადებისგან კი თავისუფლები არიან. GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძის აზრით, ამ რეფორმის შედეგად ქვეყანაში 120-ზე მეტი IT საერთაშორისო კომპანია შემოვიდა.
„ამ კომპანიებმა 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს და მარტო 2023 წელს მილიარდ ლარზე მეტი ხელფასად გაიცა საქართველოში სწორედ ამ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მიერ. საშუალო ხელფასი არის 9000-ლარზე მეტი, რაც 5-ჯერ მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის ყველა სხვა დარგში ერთად აღებული საშუალო ხელფასისა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მომავალი არის ტექნოლოგიურ ბიზნესში“, – განაცხადა GITA -ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.
მისი აზრით, ქვეყანას რაც შეიძლება მეტი IT სპეციალისტი სჭირდება, რათა მილიარდი ლარი გაათმაგდეს.
„10 წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გადავამზადეთ. შემდგომი 5 წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 15 000 ახალი IT სპეციალისტის გადამზადება“, – აცხადებს იგი.
რაც შეეხება ინტერნეტის ხელმისაწვდომობას, მისი თქმით, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ოპტიკურ-ბოჭკოვანი დაფარვა არის და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველგან ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, სახელმწიფო ახორციელებს პროექტს, რომლის მიხედვით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ყველა სოფელში შევა.
როგორც Dalma News-თან საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელიამ განაცხადა, საქართველოში IT სპეციალისტებისაგან შემოსავლები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა უკრაინაში სპეცოპერაცია დაიწყო. შედეგად, საქართველოში დარეგისტრირებული 10000-ზე მეტი კომპანიიდან, რომელთა დამფუძნებლები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, 95% ინდმეწარმეა, ამათგან კიდევ 70%-მდე აიტი-საქმიანობითაა დაკავებული.
შენგელიას თქმით, სანამ საქართველოში ნეპოტიზმი იარსებებს ვერანაირო პროექტი ვერ შეძლებს რეალურად ბიზნესის დახმარებას.
“დაახლოებით იგივე სიტუაციაა აქაც, რაც პროექტის – “აწარმოვე საქართველოში” შემთხვევაში. შერჩევით, ნეპოტიზმის საფუძველზე ეხმარებიან მეწარმეებს. საერთოდ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება. რეალური ეკონომიკის სექტორს ჯერჯერობით, ასეთი პროექტებით თვალშისაცემი არაფერი ეტყობა”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს, დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით.
ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.
საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობისა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრა ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები.
საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ კი, ქართველი ექსპერტების და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით შემუშავდება ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული ხედვა. შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის (მათ შორის ქართულ ენაზე) განვითარებასა და ინტეგრაციაზე განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით.
კიდევ ერთი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. დღესდღეობით ბაქტერიული დაავადებების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის ზრდა წარმოადგენს საერთაშორისო ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს კვლევები ახალი ტექნოლოგიების განსავითარებლად. ფაგები ერთ-ერთ ასეთ ტექნოლოგიად მიიჩნევა. საქართველოს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, რაც იძლევა ქვეყნის, საერთაშორისო მასშტაბის, კომპეტენციის ცენტრად (excellence center) ჩამოყალიბების შესაძლებლობას და მსოფლიოსთვის ფაგების ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეთავაზებას ჯანდაცვის, ვეტერინარიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით.
და ბოლოს, აგროტექნოლოგიები. სოფლის მეურნეობა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მიმართულებაა, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. სექტორში მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა, რამაც უნდა გაზარდოს ქართული აგროსექტორის პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა.
გარდა ამისა, განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად: პირველ ეტაპზე შეირჩევა 40 სტარტაპი და ორი თვის განმავლობაში დამფუძნებლები გაივლიან აქტიურ “ქოუჩინგსა” და “მენტორინგს”; მეორე ეტაპი მოიცავს ოთხთვიან “მენტორიგს” მინიმალური ღირებულების პროდუქციის შექმნის, ბაზარზე ტესტირებისა და კლიენტებთან ურთიერთობის დამყარების პროცესში და ასევე 50,000 ლარის ოდენობის გრანტს MVP-ს შექმნისთვის საჭირო ხარჯების გასაწევად. აღნიშნულ ეტაპზე გადავა 20-მდე სტარტაპი;
მესამე ეტაპი მოიცავს ექვსთვიან “მენტორინგს” ე.წ. Traction-ის მისაღწევად და გრანტს 150,000 ლარის ოდენობით.
ინკუბაციის პროგრამას განახორციელებს 4 საერთაშორისო ან ადგილობრივი ინკუბატორი, რომელსაც GITA შეარჩევს. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ინკუბაციაში 160 სტარტაპი ჩაერთვება.
შორენა პაპაშვილი