– შეიძლება ასაფრენ მოედანზე მივიდე?
– არა, არ შეიძლება.
– რატომ?
– იმიტომ რომ, გუშინ თქვენმა ხალხმა ჩვენი ადამიანის მოკვლა სცადეს. უკვე ყველა საზღვარს გადავიდნენ, – ეუბნება გატეხილი რუსულით ქართველი რუს პარაპლანისტს.
ასეთი საუბარია ვიდეოში, რომელიც ავტომობილში დამონტაჟებული რეგისტრატორით ჩაიწერეს. ვიდეოში მკაფიოდ ჩანს როგორ არ უშვებენ ადგილობრივი პარაპლანისტები რუს პილოტს ასაფრენ მოედანზე, აგინებენ და სცემენ. ვიდეოში ასევე ისმის საღად მოაზროვნე ადამიანების შეძახილი: “რას შვრებით, ადამიანები არ ხართ!” და “კარგი, ეყოფა, მოკვდება!”. დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ, ერთ-ერთი პირი ფედორ ჩელიშევს მანქანაში სვამს, რომელიც ავტომობილის დაძვრას და სავარაუდოდ, ინციდენტის ადგილის დატოვებას ცდილობს. ავტომობილი ადგილიდან სწრაფად წყდება და მალევე ყოვნდება. ადგილობრივები ავტომობილებს ქვებს უშენენ. რუსი პარაპლანისტი სხვა მიმართულებით მიდის.
გუდაურში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ჩხუბში მონაწილე ოთხი ადამიანი დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე ერთდროულად ორი: 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება) მუხლებით დაიწყო, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამის შემდეგ გუდაურის ადგილობრივმა მოსახლეობამ “მცხეთა-სტეფანწმინდა-თიანეთის” საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა. მოგვიანებით მათ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ზურაბიშვილი შეხვდა და როგორც ადგილობრივი გამოცემა “მთის ამბები” იტყობინება, მათ განუცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ოთხი პიროვნება ან გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდება, ან პატიმრობა მიესჯებათ.
რამდენიმე დღის შემდეგ ფეოდორ ჩელიშევმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუტი განათავსა”.
“როგორც ქრისტიანულ ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანი, ბოღმას გულში არ ვიტოვებ და არც შურისძიებაზე ვფიქრობ, მაგრამ მორალური, მატერიალური და სხვა სახის ზიანისთვის ფინანსური ანაზღაურების პრეტენზია მაქვს. სხვა დანარჩენი კომპეტენტური ორგანოების საქმეა, რომელმაც ადგილობრივი კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ჩემს ფეისბუქგვერდზე არსებული მთელი ნეგატიური ინფორმაცია წაიშლება და განთავსდება მხოლოდ ჩემი ფრენების ამსახველი ვიდეოები. მე და ჩემს ოჯახს ნუ გვემუქრებით”, – წერს ჩელიშევი.
როგორც მფრინავი ამბობს, პირდაპირ მუქარას ადგილი არ ჰქონია, თუმცა კომენტარებში მიანიშნეს, რომ თუ დროულად არ დატოვებდა ტერიტორიას და არ გაჩუმდებოდა, მას და მისი ოჯახის წევრებს უბედური შემთხვევისგან ვერავინ დაიცავდა.
კონფლიქტი 9 ივნისს, გუდაურში მოხდა. ავტომობილში დამონტაჟებული რეგისტრატორის მიერ გადაღებული ვიდეო ვირტუალურ სივრცეში ელვის სისწრაფით გავრცელდა და რუსი და უკრაინელი მფრინავების საქმეზე ვირტუალური სასამართლო მოეწყო. სოციალური ქსელის ქართველმა მომხმარებლებმა ქართველი მფრინავების საქციელი იმით გაამართლეს, რომ რუსი მფრინავის ქმედება პროვოკაციული იყო. მათ ამის არგუმენტად ის დაასახელეს, რომ ჩელიშევი ქართველ მფრინავებთან შეხვედრაზე ჩაფხუტით მივიდა. თუმცა, რომ არა ჩაფხუტი, ტრავმა ბევრად სერიოზული იქნებოდა. სხვათა შორის ფედორი მუშაობის დროს ყოველთვის ჩაფხუტით დადის.
მანამდე, 8 ივნისს, ადგილობრივების ინფორმაციით, ქართველი მფრინავი უკრაინელი მფრინავების დიმიტრი და ანატოლი მიხაილიუტას (პარაპლანინგის კომპანია “ატლანტიდას” მფლობელები) მიერ არენდით აღებულ ასაფრენ ბილიკზე იძულებით დაეშვა. ამის გამო, მასსა და უკრაინელ მფრინავებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ქართველ პარაპლანისტს კლდიდან გადაგდებას უპირებდნენ.
უკრაინელები საპირისპიროს ამტკიცებენ. ანატოლი მიხაილიუტას თქმით, როდესაც ქართველი მფრინავი მათ მიერ დაქირავებულ ასაფრენ ბილიკზე დაეშვა და მასთან მისი ძმა მივიდა, რათა უცხო პარაპლანი მათი მოედნიდან გაეტანა, რამოდენიმე ადამიანი მიცვივდა და მას ცემა დაუწყო. კლდიდან სწორედ მას უპირებდნენ გადაგდებას და არა – ქართველს. ვითარება სამართალდამცავებმა განმუხტეს.
“აგრესიული აქტი წინასწარ იყო დაგეგმილი”,- განაცხადა ცემის დროს დაზარალებულმა ერთ-ერთმა ძმამ – დიმიტრი მიხაილიუტამ პრესკონფერენციაზე. ძმების თქმით, ინციდენტი გადაღებულია ვიდეოკამერით, რომელიც სამართალდამცველებს გადაეცათ.
როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები 8 ივნისს, ფედორ ჩელიშევის, რომელსაც საერთო არაფერი აქვს “ატლანტიდასთან”, ცემას გამართლება არ აქვს. უფრო მეტიც, აღნიშნული კონფლიქტის დროს ჩელიშევი პარაპლანით ფრინავდა. ამას ადასტურებს ერთ-ერთი თვითმხილველი იან მინასიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ის, ფედორი და კიდევ ორი მფრინავი ოთხ ფილიპინელ მგზავრთან ერთად დაფრინავდნენ.
ანატოლის ცემის შესახებ კი მიწაზე დაშვების შემდეგ შეიტყვეს. ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნისას ფედორ ჩელიშევმა ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის მიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს:
“ამ მტაცებელი ძაღლების მიმართ არანაირი აგრესია არ გამომიხატავს. არც არავის დავმუქრებივარ, არც შემიგინია, არც ავტომობილი დამიჯახებია გოგონებისთვის, არც მფრინავები გადამიყრია კლდიდან და არც პოლიტიკური ლოზუნგები წამომიყენებია. ნუ დაუჯერებთ მატყუარებს და იდიოტებს. ისინი საკუთარი ქმედებების გასამართლებლად ნებისმიერ რამეს იტყვიან. არავითარი პოლიტიკა – ეს მხოლოდ კრიმინალია, რომელიც ჯერ კიდევ ზამთარში დაისწო”.
წინარეკონფლიქტური ისტორია და შესაძლო გამოსავალი ქართველ და უცხოელ მფრინავებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე დაიწყო. უცხოელი მფრინავები გუდაურში უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ და ამ ხნის განმავლობაში მათ უკვე საკუთარი ე.წ. კლიენტები ჰყავთ. ქართველმა მფრინავებმა ამ ბიზნესის ათვისება მხოლოდ 2017 წლის შემოდგომით დაიწყეს. სწორედ აქედან მოდის უკმაყოფილებაც და ბიზნესში გავლენის სფეროსთვის ბრძოლაც.
ფედორ ჩელიშევის თქმით, ადგილობრივები გუდაურში ყველაფერზე მუშაობენ: კვადროციკლებზე, ცხენებზე, თხილამურებზე, სნოუბორდებზე და ახლა პარაპლანზეც დაიწყეს მუშაობა. თავდაპირველად, ადგილობრივი მფრინავები უცხოელ მფრინავებს გადასახადს ამ ტერიტორიაზე ფრენისთვის სთხოვდნენ, თანაც ისე, რომ მოედანი მათ არ ეკუთვნოდათ. დროთა განმავლობაში მოთხოვნები შეიცვალა და იმ არგუმენტით, რომ ქართულ მიწაზე მხოლოდ ქართველები უნდა მუშაობდნენ, უცხოელებს კურორტიდან წასვლა მოსთხოვეს. ამ უკანასკნელებმა კი გადაწყვიტეს ადგილობრივი გუბერნიისთვის და პოლიციისთვის მიემართათ, რათა სამართალი კანონიერი გზით ეპოვათ. რაღაც დროის განმავლობაში კონფლიქტი მინელდა.
გუდაურში ძალიან ბევრი ასაფრენი მოედანია და სურვილის არსებობის შემთხვევაში შეთანხმების მიღწევაც შესაძლებელია. თუმცა, ადგილობრივ მფრინავებს სხვა რამ სურთ – დააწესონ არაკონკურენტული გარემო. ცხადია, ასეთი მიდგომა და უცხოელი ბიზნესმენების ტერიტორიიდან გაძევება აღნიშნული ბიზნესის განვითარებას ნამდვილად არ წაადგება.
“ამ ვითარების შემდგომი მოგვარება უშუალოდ მაღალი თანამდებობის პირებზეა დამოკიდებული, რადგანაც, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ზღვაში წვეთი და ეს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატს აფუჭებს. მაგრამ, ეს წვეთი შეიძლება ძალიან დიდ მდინარედ იქცეს და ყველაფერი საბოლოოდ გააფუჭოს. ჩვენ უკანონობის წინააღმდეგ ვიბრძვით. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ანალიტიკური აზროვნება შეუძლია, მიხვდება რომ რეგიონი მხოლოდ იმ შემთხვევაში აყვავდება, თუ იქ სახელმწიფოს კანონები მოქმედებს და არა – მთის , ან ტრადიციის“,- განაცხადა ფედორ ჩელიშევმა Dalma News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გუდაურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ საქართველოში ახალ რეგულაციებზე ალაპარაკდნენ. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს პარაპლანით ფრენით ნორმები და წესები.
“ჩვენ არ გვჭირდება საჰაერო რეგულაციები. უკონტროლო საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესები მარტივია. მფრინავებმა ეს უნდა იცოდნენ და შეასრულონ ისინი. საჭირო არ არის ახალი კანონების მოფიქრება. პარაპლანები ადგილობრივად ფრენენ, ხოლო ვერტმფრენები- იშვიათად. ხელს არავინ არავის უშლის. რადგანაც ზონა უკონტროლოა, მფრინავს საფრენი აპარატი ვიზუალური კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეს. როდესაც საჰაერო კანონი არსებობს და ის სრულდება, ყველაფერი ნორმალურადაა”, – დასძინა მფრინავმა.
ეკატერინე მინასიანი, სპეციალურად Dalma news-სთვის