საქართველო მშვიდობიანი პროტესტის ტრადიციით ყოველთვის გამოირჩეოდა. ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება უსამართლობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსვლაზე უარს არასდროს ამბობს, სადაც ახალგაზრდები საბჭოთა რეპრესიულ მანქანასაც არ უშინდებოდნენ და ყველაზე სისხლიანი საპროტესტო აქციები, მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებითა და სისასტიკით ხასიათდებოდა. პროტესტის ის ტრადიცია საქართველოში, როდესაც მრავალათასიანი მიტინგების დროსაც კი, მომიტინგეები კანონის ჩარჩოებიდან არ გადიოდნენ ნელ-ნელა წარსულში რჩება და წინა პლანზე ვანდალიზმი, ძალადობა და რადიკალიზმი მოიწევს.
ამის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სურათი 7-9 მარტის აქციები იყო. პროტესტი, რომელიც “რუსულ კანონად” მონათლულ “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის” პარლამენტში განხილვებს მოჰყვა, სულ ცოტაც და სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, რომ არა ხელისუფლების უკანდახევა და კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა.
8-9 მარტის ღამით, თბილისის რუსთაველის გამზირი მომიტინგეების მხრიდან ვანდალიზმისა და ადამიანების სიცოცხლეზე თავდასხმის მოწმედ იქცა. ახალგაზრდების რადიკალურად განწყობილი ნაწილი სამართალდამცველების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და მძიმე საგნებს ისროდნენ. პოლიცია დრო გამოშვებით იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. მომიტინგეებმა დაარბიეს პარლამენტის შენობის პერიმეტრი, გაანადგურეს გამზირის ინფრასტრუქტურა.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით, პოლიციამ 29 მარტს დააკავა. 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
დაცვის მხარე ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობის, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით – გირაოთი შეცვლას ითხოვს, რადიკალური ოპოზიცია კი, სასამართლოს პოლიტიზებას ცდილობს და 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პოლიტპატიმრად აცხადებს. მართავენ გრიოგიადისის მხარდამჭერ აქციებს და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ასე მაგალითად, საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე – 9 აპრილი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლაზარეს დაუკავშირა. რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მათი პოლიტიკური მოთხოვნები შემდეგი ნუმერაციით წარმოთქვა:
- ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება;
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა;
- ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება;
- ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულება, დეოლიგარქიზაცია და სასამართლოს რეფორმა.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბრალდებულის მამა ბექა გრიგორიადისი, რომელმაც აქციის მონაწილეებს შვილის გათავისუფლებისთვის “გვერდში დგომა” მოსთხოვა. მისი აზრით, ლაზარეს დაჭერით ხელისუფლება სხვა ახალგაზრდების დაშინებას ცდილობს, – ასეთია “მოლოტოვის კოქტეილების” მსროლელი ახალგაზრდის მამის პოზიცია.
“დღევანდელ სასამართლოში შეიძლება ადამიანი გაასამართლონ?! რომ გვქონოდა ნორმალური სასამართლო წყნარად, მშვიდად დაველოდებოდი პროცესს და გავამართლებდი ჩემს შვილს, იმიტომ რომ ის არავის მოკვლას არ აპირებდა, გამორიცხულია. მე ლაზარეს ვიცნობ, მაგრამ მოდი და ამ სასამართლომ გაასამართლოს, ხომ ხედავთ, როგორ ასამართლებენ?!“, – თქვა ბექა გრიგორიადისმა.
იგი ლაზარეს მხარდასაჭერი აქციების გამართვას აანონსებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ (საია) აცხადებენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლოს საჯაროდ არ დაუსაბუთებია მისი წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა. „საიას“ წევრების აზრით, გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირები „დისკრიმინაციულ” განცხადებებს აკეთებენ და ამით “ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ფართო საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების ფორმირებას“ ცდილობენ”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვისთვისაც ანტისახელისუფლებო პროტესტი და დისიდენტური მოძრაობა უცხო არ არის. ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ის ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ჩაერთო, თუმცა, ბრძოლის რადიკალური მეთოდები და მომიტინგეების მხრიდან სხვისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაც კი, მისთვის მიუღებელია.
“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაერომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ომში გამოსაყენებელ იარაღადაც კი აკრძალა. ომშიც კი, ადამიანის წამებით სიკვდილი არის დაუშვებელი. 7-9 მარტს კი, ვიხილეთ ასეთი იარაღის გამოყენება სახელმწიფო ინსტიტუტის, პოლიციელისა და პარლამენტის წინააღმდეგ. ამის იქით რა დანაშაული არსებობს, მე არ ვიცი. ჩემი აზრით, ამ ადამიანებს, საერთოდ სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ”, – განუცხადა Dalma News-ს ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, 7-9 მარტის მოვლენებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებაც უნდა მოხდეს. უნდა ვიცოდეთ, ვინ ჩადიოდა დანაშაულს და ვინ აპროტესტებდა მშვიდობიანად. კანონის ფარგლებში დაუსჯელი არ უნდა დარჩეს არა თუ “მოლოტოვის კოქტეილების” სროლა, არამედ ვანდალიზმიც.
“ვანდალიზმს ჩადიხარ, ქაშვეთის ეკლესიის კედლებს ჯღაბნი, ჯერ რელიგიური, შემდეგ ისტორიული ნიშნით და დაუსჯელი დადიხარ? სად ვცხოვრობთ? როგორ შეიძლება ამის დაშვება? უმკაცრესად უნდა დადგეს საკითხი, კანონის სრული შესაბამისობით, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდეს”, – მიაჩნია ნანა კაკაბაძეს.
მისივე თქმით, საქართველოში არასდროს მომხდარა წარსულში, რომ მიტინგებსა და მანიფესტაციებს ვანდალიზმის ახლდეს. ეს არის ნაციონალების ხელწერა და მიზანი საქართველოში მსგავსი “კულტურა” დანერგონ. ნანა კაკაბაძის შეფასებით, ძალიან რბილია ხელისუფლება, რომელიც თავისი ახალი მიდგომებით ახალისებს შემდგომში კიდევ მსგავს დანაშაულებს, როგორიც არის მანქანების დამტვრევა, ვანდალიზმი, “მოლოტოვის კოქტეილები”.
“დროთა განმავლობაში ხელისუფლებასაც გაუჭირდება ასეთ პროცესებთან გამკლავება და მერე წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიებიც აღარ უშველით, უფრო მძიმე საშუალებების გამოყენება იქნება საჭირო”, – ამბობს უფლებადამცველი.
მისივე თქმით, ასეთ დროს საჭიროა დროული რეაგირება, რომ არავინ იფიქროს, სხვისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა პროტესტის საფარქვეშ, არ არის დასჯადი.
“თუ რაიმე საპროტესტო აქცია ჩატარებულა საქართველოში 70 -იანი წლებიდან დღემდე, ყველგან მიმიღია მონაწილეობა, სადაც ვფიქრობდი, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვიცავდი და არა ჩემი ქვეყნის საზიანოდ ვმოქმედებდი. ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ხიდან, მართლაც ასეთი პროტესტის ტრადიციების ქვეყანა ვართ. როგორ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების ასე ხელყოფა, ამ უფლების კანონის ფარგლებში არ გამოყენება? ვისაც მოქალაქეობრივი მოვალეობები არ გააჩნია, კანონმა უნდა გააგებინოს ეს”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, ადამიანს აქვს უფლებები და მოვალეობები. ერთ-ერთი მოვალეობაა კანონით მონიჭებული საკუთარი უფლებები დემოკრატიის ფარგლებში გამოიყენოს. გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოში ყველანაირი ცვლილება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტით არის მიღწეული.
“უამრავი პეტიცია შეგვიდგენია, პროკლამაციები დაგვირიგებია, პროტესტისკენ მოგვიწოდებია ხალხისა და სტუდენტებისთვის… ყველა მიტინგის შედეგი მიიღწეოდა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. დღეს რომ არის ამის საშუალება, რომ შენი მოთხოვნები მშვიდობიანი გზით დააფიქსირო იმ ხალხის მონაპოვარია, რომელსაც დისიდენტური და ეროვნული მოძრაობა ერქვა. ეს არის პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვა და არა ვანდალიზმით”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, როცა ამ გზას გადაუხვევ და ირჩევ კრიმინალს, ხარ დამნაშავე და პასუხი უნდა აგო კანონის წინაშე. სიტყვის თავისუფლების გამოყენებით სახელმწიფოს ჩამოშლა არ არის სიკეთე.
“რა უნდა გააკეთო იმის ფასი ქაშვეთს, რომ დაამახინჯებ?”, – ამბობს უფლებადამცველი.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ცალკეული ადამიანების ტრაგედიების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, კონკრეტულად ლაზარე გრიგორიადისი ნაციონალებს საერთოდ არ ადარდებთ. მათი მიზანია, შექმნან წარმოდგენა, რომ საქართველოში “მოლოტოვის კოქტეილების” სროლა, პარლამენტის შენობაზე შეტევა, პოლიციაზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება, რათა ამით “მეტ კანონის დარღვევის მოტივაცია ანარქისტს მიეცეს”.
მისივე თქმით, ნაცმოძრაობა დესტრუქციისა და რევანშისტული ლოზუნგების გარდა ახალს ვერაფერს იგონებს.
“ბრალდებული ადამიანის ახლობელი თუ ოჯახის წევრი ყოველთვის ბრალდებულის მხარეს არიან, რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ჰქონდეს მას ჩადენილი. პროკურატურამ მყარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო სასამართლო იყოს კანონის მხარეს. კანონის უზენაესობაში ჩარევა, არც ერთ მხარეს არ ეპატიება”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, თავის დროზე, როცა “ენმ”-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და სხვანი პარლამენტზე შტურმის გამო შეიწყალეს, რადგან დასავლეთიდან იყო არაჯანსაღი წნეხი ხელისუფლების მიმართ, ამან გაათამამა ახალგაზრდები. გია აბაშიძე პარალელს ავლებს აშშ-ს საპრეზიდენტოს არჩევნების შემდეგ, 6 იანვარს, ამერიკის კონგრესის შენობაზე შტურმთან, სადაც კანონდარღვევისთვის მრავალწლიანი სასჯელით გაასამართლეს დაკავებულები.
“ახალგაზრდები სწორედ ამ ორმაგმა სტანდარტმა გაათამამა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართველი ერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღის – 9 აპრილის მიტაცებაც სცადა, როცა ამ დღეს, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ძებნილი კეზერაშვილის ფულების მიუხედავად, ეს პარტია წარუმატებლობისთვის არის განწირული”, – აცხადებს გია აბაშიძე.
შ. ქარჩავა