მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საბჭოთა ეპოქის შემოქმედთა და ბოლშევიკ – რევოლუციონერ ბელადთა ძეგლი აღიგავა პირისაგან მიწისა. ქვეყნის ქალაქების და რაიონული ცენტრების მთავარი მოედნებიდან, ლენინის ძეგლთან ერთად, ერთმანეთის მიყოლებით გაქრნენ ქართველ ბოლშევიკ-რევოლუციონერების ძეგლებიც. თუმცა, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ რეგიონში, ქვემო ქართლში, კერძოდ, ქალაქ მარნეულში, ჯერ კიდევ დგას ბოლშევიკ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი. იგი აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის სსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და მთავრობის თავმჯდომარე იყო, ეწეოდა სამწერლო მოღვაწერობასაც.
აზერბაიჯანელი მწერლისა და ბოლშევიკის ძეგლის რესტავრაციის დასრულების შესახებ, რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერშია განთავსებული, ფართო საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით თავად მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა ამცნო. თუმცა სტატუსისა და რეაბილიტირებული ძეგლის ფოტოების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დარგალის პირადი ფეისბუქგვერდიდან ინფორმაცია გაქრა. ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის ფაქტს მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიროგი (ჯამდელიანი) გამოეხმაურა და 24 მაისს, საკვირაო ქადაგებაზე, მარნეულის მერს მოუწოდა, ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი.
როგორც მეუფემ განმარტა, ძეგლის მიმართ ნეგატიური განწყობა განპირობებულია არა ნარიმანოვის ეთნიკური კუთვნილებით, არამედ იმ ფაქტით, რომ ის “რეპრესიული მანქანის” თავკაცებს შორის ერთ-ერთია, რომლებმაც უამრავი ხალხის დახვრიტეს და მოაწყვეს რეპრესიები.
“რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია, იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი, ასეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე, მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თავკაცები. ნარიმან ნარიმანოვი არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში”, – განაცხადა მეუფე გიორგიმ საკვირაო ქადაგებისას და მარნეულის მერის ქმედებას უსინდისობა უწოდა.
მეუფე ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაერკვენ მარნეულში არსებულ ვითარებაში და ერთხელ და სამუდამოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრან საბჭოთა კავშირის და ფაშისტური სიმბოლოები, რომლის ნაწილიც, მეუფის თქმით, ნარიმანოვის ძეგლიც არის.
“ადგილი. ქალაქის მერმა არ უნდა იცოდეს ბიოგრაფია, თუ ვის ძეგლზეა საუბარი? თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.
Dalma News-ი შეეცადა თავად მარნეული მერისგან მოესმინა ძეგლის რესტავრაციის საჭიროების შესახებ ინფორმაცია, თუმცა არც თავად ზაურ დარგალი და არც მისი პრესსამსახური ჩვენთან კონტაქტზე არ გამოვიდნენ, არც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ჩვენი ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ კითხვას უპასუხეს.
ამასობაში მერის ნაცვლად კომენტარი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, აზად ქარიმოვმა გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ ძეგლის რესტავრაციის გადაწყვეტილება მერიამ 21 თებერვალს შესული წერილის საფუძველზე დაიწყო, სადაც მოქალაქეები სწორედ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციას ითხოვდნენ. როგორც რადიო „მარნეულში“ გვითხრეს, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ძეგლის რესტავრაცია მერიის ინიციატივით განხორციელდა, სამომავლოდ, იმ სკვერის რეაბილიტაციაც იგეგმება, სადაც ბოლშევიკი ნარიმანოვის ძეგლი დგას.
როგორც Dalma News-ს რადიო “მარნეულის” დირექტორმა კამილა მამედოვამ განუცხადა, – ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. ოპოზიციის აქტივისტები ამ თემას პერიოდულად, ხელისუფლებასთან წინააღმდეგობისთვის იყენებენ. გარდა ამისა, მარნეულის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ნარიმანოვს იცნობს, როგორც აზერბაიჯანელ მოღვაწეს, მწერალს, ის პირველი აზერბაიჯანელი რომანისტია, აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში მიუძღვის ღვაწლი და ამით არის აზერბაიჯანელებისთვის ძვირფასი.
“საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, აქ ისეთი მემკვიდრეობა არ გააჩნიათ, რითაც შეუძლიათ იამაყონ. ამიტომ ურჩევნიათ, მისი დადებითი მხარე დაინახონ და თვალი დახუჭონ მის ბოლშევიკურ წარსულზე. გარდა ამისა, თვითონ მარნეულის მერი, რომელიც არის არჩეული, მას არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა. ერთი მხრივ, მარნეულის ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის ნარიმანოვი არის კულტურის მოღვაწე, ხოლო მეორე მხრივ – სისხლიანი საბჭოთა სისტემის წევრი. ხელისუფლება ცალსახად არასდროს აფიქსირებდა თავის პოზიციას ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის შიშით. მათ რომ ეთქვათ, – ეს არის საბჭოთა სიმბოლიკა, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია, აზერბაიჯანული თემის გარკვეული ნაწილისთვის გასაგები მიზეზი იქნებოდა. ამ თემაზე ჯანსაღი დისკუსია არასდროს მიმდინარეობდა. მას გარკვეული ძალები ყოველთვის წინასაარჩევნოდ იყენებენ”, – გვითხრა ადგილობრივმა ჟურნალისტმა, კამილა მამედოვამ.
ამჯერადაც სწორედ ოპოზიციის აქტივისტებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ნარიმანოვის ძეგლი ცუდ მდგომარეობაშია და მისი რესტავრაცია მოითხოვეს. შეაგროვეს ხელმოწერები და მარნეულის მერიას წერილით მიმართეს. მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა კი, რომელიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად, ძეგლის რეაბილიტაციის პირობა დადო, თუმცა ეს გაკეთდა ისეთი სახსრებით, რომ სამუშაოებს ოფიციალური სტატუსი არ მისცემოდა.
Dalma News-სთან ერთად, რადიო “მარნეულიც” შეეცადა გაერკვია, საიდან გამოიყო ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, მაშინ, როდესაც ტენდერი არ გამოცხადებულა, თუმცა ყველა ხედავდა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობდა. ძეგლის გახსნაზე მარნეულის მერმა ყვავილები მიიტანა და ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თავადვე გამოაქვეყნა. რამდენიმე საათში კი სტატუსი წაშალა. როგორც ჩანს, მომხდარის გამო მას უსაყვედურეს. ზუსტად 3 დღეში კი მეუფის ქადაგება მოჰყვა.
როგორც მარნეულელები ამბობენ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქია საკმაოდ ძლიერი და გავლენიანია. მერობის ყველა კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას, ტრადიციულად მეუფესთან ვიზიტით იწყებს.
“გასაგებია, რომ მარნეულში არიან აქტივისტები, რომლებიც ნარიმანოვის ძეგლის თემით მანიპულირებენ, მაგრამ არასდროს გაგვიგია, ვინმე გამოსულიყო მერაბ კოსტავას (საქართველოს ეროვნული გმირი. რედ.) ძეგლის რეაბილიტაციის ინიციატივით, რომელიც მარნეულში დგას და მძიმე მდგომარეობაშია. შესაძლოა, ეს წინასაარჩევნოდ მერის დისკრედიტაციის მცდელობა იყო, მაგრამ მან თვითონ მისცა ამის საფუძველი ძეგლის გარემონტებით. მარნეულის მერი 3 დღეა კონტაქტზე არ გამოდის. ის ემალება საზოგადოებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხს ვერ აგებს იმაზე, რაც გააკეთა”, – განუცხადა Dalma News-ს რადიო “მარნეულის” დირექტორმა კამილა მამედოვამ.
მისივე თქმით, ამ მომენტამდე მეუფე გიორგის ასე ღიად, საკუთარი პოზიცია არასდროს დაუფიქსირებია. მოსახლეობაც გაგებით შეხვდება იმ ფაქტს, თუ ხელისუფლება ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს გადაწყვეტს, მაგრამ ამისთვის საჭიროა დისკუსია და ინფორმაციის ხალხამდე სწორად მიტანა.
“მარნეულის ქართული და აზერბაიჯანული თემი ერთმანეთთან არ არის ძალიან გადაჯაჭვული. არ არის ურთიერთობის შერეული სისტემა. გარკვეულ ძალებს სურთ ვითარების არევა. აქამდე, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქტივისტები არ ჰყავდათ, ახლა კი, ეს აქტივისტები აგრესიის ენით საუბრობენ. მგონია, რომ აგრესია ხალხს არ გადაედება, მაგრამ ეს შიშის ფაქტორს ამძაფრებს. ჩვენ დღეს უკვე გვყავს ახალი თაობა, რომელიც საუბრობს ქართულად და მათ არ სურთ საკუთარი თავის მეზობელ ქვეყანასთან ასოცირება. ხალხი თვითონ მივა იმ აზრამდე, რომ ეს ძეგლი არის საბჭოთა წარსულის და არ უნდა იდგეს აქ. ამისთვის საჭიროა დიალოგი იმ მხარესთან, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება”, – მიაჩნია კამილა მამედოვას.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ქართულმა მარშმა”. მისი ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის თქმით, სასწრაფოდ უნდა შესრულდეს მეუფე გიორგის მოთხოვნა, რადგან ამ მოთხოვნის მთელი საქართველო უჭერს მხარს.
“დიახ, მეუფე გიორგი ჯამდელიანს დაუდგება მთელი საქართველო და მე გეუბნებით, უკანასკნელი სისხლის წვეთამდე დავიცავ მას, ფიზიკურად დავიცავ მას, მაგრამ მათ ჩვენი დასაცავი არაფერი სჭირს. უბრალოდ, ის მოთხოვნა, რაც იქაა დაყენებული, უნდა შესრულდეს”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის შესაძლო დემონტაჟთან დაკავშირებით ქვემო ქართლის მოსახლეობის ნაწილმა პროტესტი გამოთქვა. მათ მარნეულში საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ძეგლის აღების უფლებას არ მისცემენ. აზერბაიჯანელი აქტივისტების თქმით, თავის დროზე ნარიმანოვმა დიდი წვლილი შეიტანა 2 ერის დაახლოვების საქმეში და მისი ძეგლის აღება შეცდომა იქნება.
“მარნეულის მოსახლეობის 85% -ზე მეტი აზერბაიჯანელები ვართ და ჩვენი მოთხოვნა არის დარჩეს ეს ძეგლი. დიდი შეცდომა იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა. ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი ხალხის კუთვნილებაა, ხელისუფლება მოქალაქეებს შორის კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს, ასეთი რამ ჩვენ არ გვაწყობს, ეს ქვეყანას კარგს არ მოუტანს”, – აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.
მომხდარს “დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის” დამფუძნებელი ნიკოლოზ მჟავანაძეც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ადამიანი, რომელიც საქართველოს მტრებს დაუჭერს მხარს, არ არის ღირსი იყოს საქართველოს მოქალაქე.
“ნარიმან ნარიმანოვზე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები წაართვა, ახლა გვეუბნებიან, – დიდი წვლილი შეიტანა ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობასა და დაახლოებაშიო. აზერბაიჯანელ ერთან ჩვენ კარგი დამოკიდებულება გვაქვს, ჩვენ პრობლემა გვაქვს აზერბაიჯანის 1920 წლის ხელისუფლებასთან და დღევანდელთან. როგორ შეიძლება ასეთი ტონალობით ესაუბრებოდეთ ქართველ ხალხს? ბარემ მურვან ყრუს და ჯალალედინის ძეგლი დადგით. აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებს სააქართველოში ფრთები აქვს გაშლილი, მართავენ აქციებს და მათ გამოხტომებს აღარ აქვს დასასრული”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
მისივე თქმით, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი საქართველოში კომუნისტების მმართველობის დროს დაიდგა, მაგრამ შემდგომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება აპირებდა მის დემონტაჟს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ძეგლის დემონტაჟის საკითხი შეჩერდა.
გიორგი მესხი