რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში კვლავ გააქტიურდა სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თემა, სადაც გარანტორები იქნებიან, როგორც დასავლეთის ქვეყნები, ისე რუსეთის ფედერაცია. უკრაინაში განვითარებული მძიმე მოვლენების ფონზე, საქართველოს პატრიოტთა ერთიან ფრონტში გაერთიანებულმა 55-მა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, 10 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭოს ღია წერილით მიმართეს და მოუწოდებენ ქმედითი წვლილი შეიტანოთ საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საქმეში. გაროს მიმართ წერილში განხილულია უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება და ის ცრუ მოლოდინები, რაც გარკვეული ძალების მიერ საქართველოსა და უკრაინაში ნატოს წევრობასთან დაკავშირებით შეგნებულად იქმნებოდა.
ღია წერილზე ხელმომწერნი იზიარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ “მდგრადი უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად” და ვერ მიიღწევა მის წინააღმდეგ მოქმედებით. ასევე მოჰყავთ სხვა მსოფლიო დონის პოლიტიკოსების მოსაზრებები, მათ შორის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მოსაზრება, რომ “უკრაინა არ უნდა შევიდეს ნატოში” და რომ “თუ უკრაინას გადარჩენა და აყვავება სურს, იგი უნდა იყოს არა ერთი მხარის ავანპოსტი მეორის წინააღმდეგ, არამედ უნდა იტვირთოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქცია”.
როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ ქართველ “პატრიოტთა ერთიანი ფრონტის” ღია წერილია აღნიშნული, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხელს უწყობდა ისეთი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შექმნა-განვითარებას, რომლებიც ქმნიდნენ ნატო-ში გაწევრიანების ცრუ მოლოდინს და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ნატოსთან პარტნიორობა თავისთავად უსაფრთხოების გარანტიაა. ამ საკითხზე განსხვავებული აზრი კი, საქართველოში დღემდე ბულინგს ექვემდებარება.
“არ გვსურს, რომ საქართველო, უკრაინა, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა საჭადრაკო ფიგურების როლში აღმოჩნდნენ, რომლებიც ზესახელმწიფოთა ჭიდილში განადგურდებიან”, – აღნიშნულია წერილში.
როგორც Dalma News-ს საპარლამენტო პარტია “პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ განუცხადა, 2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით სოცილოგიური გამოკითხვა ჩაატარეს, რამაც ცხადყო, რომ ნატო-ს მიმართ ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვალა. გამოკითხვის ფარგლებში 1 მილიონ 200 ათასმა ადამიანმა შეავსო კითხვარი და 900 ათასზე მეტმა აუდიო ინტერვიუ ჩაწერა. გამოკითხულთა 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტს ემხრობა, 75,8% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს.
“მიგვაჩნია, რომ ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიები აქვს დაკარგული, უნდა ავარიდოთ მორიგი საფრთხე. სხვა პარტიები ხედავენ ამ საფრთხეს თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს ყველა ვხედავთ, რომ საფრთხე რეალურია. უკრაინამ ნატოსგან სრული იმედგაცრუება მიიღო. საქართველო ნატოს წევრი კიდევ ათეულობით წლები თუ ვერ გახდება, მაშინ ჩვენგან ასეთი დაჟინებული ლტოლვა ნატოსკენ გაუგებარია”, – განუცხადა Dalma News-ს გოჩა თევდორაძემ.
მეორე მხრივ გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ ნატო ნიშნავს უკეთეს თავდაცვისუნარიანობას, მეტ ტექნოლოგიას ქვეყანაში და პერსპექტივას ახალგაზრდებისთვის. მაგრამ, რეალობა სურვილებისგან განსხვავებულია. ნატო საქართველოსთვის მიუწვდომელია, თუნდაც ჩრდილოელი მეზობლის გამო, რომელიც მის საზღვრებთან ბუფერულ ზონებს მოითხოვს.
რაც შეეხება ქართული ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომლებიც პირველივე დღეებიდან ცდილობენ საქართველოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩათრევას, გოჩა თევდორაძე წინააღმდეგია ოპონენტებს მოღალატის იარლიყი ხელაღებით მიაკეროს, თუმცა აცხადებს, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული პარტიების ქმედება პროვოკაციაა და ადვილი შესაძლებელია ქვეყანა სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიონ.
მეორე მხრივ პატრიოტები უმოქმედობაში ადანაშაულებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებასაც, რომელიც არც მწვადს წვავს და არც შამფურს; არც იმას ამბობს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის მიუღებელია, ან პირიქით, არსებულ ვითარებაში სწორედ ნეიტრალიტეტია პრაგმატული გამოსავალი.
“დღეს ვხედავთ უკვე დანგრეულ ქალაქებს, დაღვრილ სისხლს, 2 მლნ-ზე მეტ დევნილს. თუ მაინც მოუწევდა უკრაინას ნეიტრალიტეტზე საუბარი, არ სჯობდა ეს მანამდე გაეკეთებინა? გარდა ამისა, “ქართული ოცნების” ლიდერებისგან ვხედავთ იმას, რომ ნაციონალების გარკვეულ ქმედებებს, ისევ სათავისოდ იყენებენ. მათ საქციელს აფასებენ ქვეყნის ღალატად და დანაშაულად, მაგრამ არ აკისრებენ პასუხისმგებლობას, დამნაშავეებს არ სჯიან. ეს ჩვეულებრივი პოპულიზმია. ამით “ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს”, – მიაჩნია თევდორაძეს.
მისივე თქმით, საქართველო დღეს რთულ გზაგასაყრზეა და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და გულახდილი პოლიტიკა. მათ შორის, როცა საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს, არაფერს ამბობს იმაზე, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, სანქციებს ვერ დააწესებს მრავალ მიზეზთა გამო. მათ შორის უმთავრესი ის არის, რომ ამის პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტი არ გააჩნია.
“რაც კი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი არსებობს ქვეყანაში, ფაქტობრივად ყველას საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის ან რუსეთის სახელმწიფო, ან რუსეთის მოქალაქე. შესაბამისად, საქართველოს პრემიერი როგორ დააწესებს სანქციებს, როცა პირიქით, აქეთ არის მოსალოდნელი სანქციების დაწესება. ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთისთვის სანქციების დაწესება”, – ამბობს გოჩა თევდორაძე.
უფლებადამცველი, პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე იმ პოლიტიკოსების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც საქართველოს ბლოკგარეშე საკითხის აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდნენ. 2016 წელს ამ მოთხოვნას “პატრიოტთა ალიანსიც” შეუერთდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებით, საქართველო არ უნდა იქცეს ზესახელმწიფოებს შორის დაპირისპირების პოლიგონად. სამხედრო მიუმხრომლობისა და ბლოკგარეშე სტატუსით შესაძლებელია რისკების შემცირება, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარეობს. საქართველო უნდა იყოს მყარი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
ლორთქიფანიძის თქმით, 2011 წლიდან მსგავსი სტატუსით სარგებლობს აზერბაიჯანიც, რაც არ ხმაურდება და დიდი განსჯისა და მედიაში მსჯელობის საგანი არ არის. აზერბაიჯანს შეუძლია ერთი მხრივ ნატოს წევრ თურქეთთან ჰქონდეს სამოკავშირეო-სტრატეგიული ურთიერთობები და იმავე დროს რუსეთთან გააფორმოს იმ ტიპის ხელშეკრულება, რომელიც მისი ეკონომიკისთვის “არის ჟანგბადი, რომ აღარაფერი ვთქვათ ყარაბაღის ომის ბაქოს სასარგებლოდ გადაწყვეტაზე”.
“რაც დღეს უკრაინაში ხდება, მანამდე ეს უნდა მომხდარიყო ყაზახეთში, კიდევ უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით. უკრაინა უნდა ყოფილიყო ამის დამაგვირგვინებელი ფაზა. ანუ ეს უნდა ყოფილიყო შეტევა ყველა მხრიდან იმ გეოპოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც გლობალური დასავლეთი სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიის თვალსაზრისით ახორციელებს აღმოსავლეთის მიმართულებით”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, საქართველომ ამ პროცესში ყველაზე რთული პერიოდი უკვე გამოიარა ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის წყალობით.
ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მოღალატეობრივი ეპითეტი არ არის საკმარისი იმ ქმედების ობიექტურად შესაფასებლად, რასაც დღეს “ენმ” და მასთან დაკავშირებული პარტიები ახორციელებენ. ოპოზიცია გაწბილებულია, რომ ვერ შეძლეს საქართველოში დესტაბილიზაციისა და რყევების გამოწვევა, რომ საქართველო არ გახდა მოვლენების ეპიცენტრი.
Dalma News-ის კითხვაზე, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში საქართველო, რამდენი დღის განმავლობაში შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ციფრებს თუ გადავხედავთ, ქვეყანას, არც თუ საიმედო მდგომარეობა აქვს. მისივე ინფორმაციით, 2008 წლამდე საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდ 100 მლნ ლარს შეადგენდა. ქვეყანას “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით” გათვალისწინებული უნიკალური შეიარაღება და სამხედრო ბაზები ჰქონდა. მომზადების ხარისხით ჯარი სრულ მზადყოფნაში იყო. ოფიციალური მონაცემებით საჯარისო შენაერთების რაოდენობა იყო 57 000. მას შემდეგ, სამხედრო კონტიგენტი 20 ათასით შემცირდა.
მისივე თქმით, ქვეყანას არ გააჩნია სამოქალაქო თავდაცვის შესახებ კანონი, ხოლო სამოქალაქო თავშესაფრები ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს გაუქმდა.
“თავდაცვისუნარიანობა ეფუძნება ორ უმთავრესს კომპონენტს – რეზერვს და სამოქალაქო თავდაცვას, რომ აღარაფერი ვთქვათ 447 სამოქალაქო თავშესაფარზე, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს გასხვისდა, ბევრი იჯარით გაიცა, ბევრის პრივატიზაცია მოხდა. ერთ-ერთი მათგანი, მთაწმინდის გვირაბი 2005 წელს საეჭვო რეპუტაციის ღამის კლუბს გადაეცა. 2005 წელს ეკონომიკის სამინისტრომ სტრატეგიული რეზერვების სამმართველო გააუქმა, რომელიც გულისხმობდა საომარ პირობებში ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების რელსებზე დარჩენას და სტრატეგიული მარაგების ამოქმედებას. სამაგიეროდ ვნახეთ წაგებული ომის თავდაცვის მინისტრის გამილიარდება”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
უფლებადამცველი ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ძარცვაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ 2008 წლის მოვლენების შეუფასებლობის შედეგია ის, რომ კეზერაშვილი, დღეს ოფიციალური მილიარდერია.
“2008 წლის მოვლენებზე სათანადო რეაგირება არ აქვს დღევანდელ მთავრობასაც, რაც არანაკლები დანაშაულია”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
გიორგი ქართველი