ფაშისტური გერმანიის მიერ წამოწყებულ დამპყრობლურ და გამანადგურებელ ომში, საბჭოთა კავშირის ლიდერის იოსებ სტალინის სამშობლო საქართველომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

ქართველები თითქმის ყველა ფრონტზე იბრძოდნენ და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ რაიხსტაგზე გამარჯვებული საბჭოთა დროშაც, ქართველმა აღმართა. ჩვენი ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია, თუმცა, უკვე დიდი ხანია ამ დღეს, ძველებური პომპეზურობით აღარ აღვნიშნავთ. უფრო მეტიც, კარგა ხანს მიდიოდა დავა იმასთან დაკავშირებით, რომ დავიწყებას მისცემოდა, ჯერ კიდევ ჩვენი ბებია-ბაბუების ცოცხალი ლეგენდები და მთელი მსოფლიოს წინაშე დამსახურება. ბევრისთვის ეს “სხვისი ომი” იყო და ასეთებს იმის გააზრებაც უჭირთ, რომ ამ ომს ჩვენი ერის ღირსეულმა ნაწილმა შესწირა, ჯერ კიდევ ნორჩი სიცოცხლე.

დიდი სამამულო ომის გამარჯვების 71-ე იუბილე თბილისში, ტრადიციულად ვაკის პარკში აღინიშნა. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ცეცხლი კვლავ გიზგიზებდა და მას საპატიო ყარაულიც ღირსეულად იცავდა. ჩვენი ვეტერანებიც, მაისის მზიან დღეს, კვლავ გამოეწყვნენ საბჭოთა ჯარისკაცების ფორმაში და მედლებდამშვენებული მკერდები კვლავ მზის სხივებს აარეკლინეს. ცდილობდნენ, ისევ ახალწვერულვაშ ამოწვერილ ბიჭებად წარმოედგინათ თავი. მედიდურად უსწორებდნენ მარადიულ ცეცხლს თვალს და თან, გამოუთქმელი ნაღველი უკრთოდათ თვალს მომდგარ ცრემლებს შორის.

ვაკის პარკში შეკრებილ ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა, მთავრობის წევრებმა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც მიულოცეს და მოხუცებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

uniInc.php

ვაკის პარკში მისულმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა ქედი მოიხარა ვეტერანების წინაშე და მეორე მსოფლიო ომს კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო ომი უწოდა, “რომელიც ათობით მილიონი ადამიანის გმირობის მაგალითს იძლევა, რომლის მსგავსი არავის ახსოვს,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად გახდა შესაძლებელი ფაშიზმის შეჩერება და სახელმწიფოს ვალია, მაქსიმალურად აჩვენოს და აგრძნობინოს მათ სათანადო მადლიერება. პრემიერ-მინისტრი ვეტერანებს 600 ლარის ოდენობით დახმარებას, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახებს — 300 ლარს დაჰპირდა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები საქართველოს თითებზე ჩამოსათვლელიღა დარჩა, სულ რაღაც 1 296 ადამიანი.

imageმრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში, 10 მაისს საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი დადგეს. ბაბუისთვის დედაქალაქში ბიუსტის დადგმის თხოვნით თბილისის მერიას, მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილმა, ბექა ქანთარიამ, მასთან ერთად ვეტერანთა მთელმა რიგმა ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც და რიგითმა მოქალაქეებმა მიმართეს.

როგორც Dalma News-ს თავად ბატონმა ბექამ განუცხადა, მელიტონ ქანთარიას ბიუსტის დადგმის შესახებ პირველი მოთხოვნა თბილისის მერიაში 2000 წლის 15 მარტს გაიგზავნა და მაშინ მრჩეველთა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ: კინორეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, არქიტექტორი ვახტანგ დავითაია, მხატვარი თემო გოცაძე და მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. თაბაშირში ჩამოსხმული ბიუსტის, რამდენიმე ესკიზიც შეიქმნა, მაგრამ საქმე შუა გზაში გაჩერდა. ქანთარიასთვის ძეგლის დადგმის საკითხი მეორედ 2006 წელს დაისვა. მაშინ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ, 30 მდე პროფესორის მიერ ხელმოწერილი წერილით მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

მესამედ კი 2015 წელს დაიწყეს თბილისის მერიისთვის მიმართვების გაგზავნა. მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა. მერიას მიმართა საინიციატივო ჯგუფმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მინისტრთა საბჭომ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ნუკრი ქანთარიამ, ასოციაცია “დიოსკურია-2005”, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირმა, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიამ, ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირმა, ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციამ და სხვა.

მოქანდაკე რომან შეროზიას (1913–1999) მიერ, ჯერ კიდევ XX საუკუნეში დამზადებული ესკიზებიდან ერთ-ერთი, ბრინჯაოში ჩამოსხმული ესკიზი შარშან, მოქანდაკე თეიმურაზ კიკნაველიძემ ჩამოიტანა თბილისში, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, ქანთარიას საფლავზე დადგეს. მისი საფლავი ჯვარის იმ სკოლის ეზოშია განთავსებული, სადაც საბჭოთა გმირი სწავლობდა და, რომელიც ახლა მისი სახელობისაა. თბილისშიც და მშობლიურ ჯვარში დადგმულ ბიუსტზე ქართველი გმირი ახალგაზრდა ასაკშია გამოსახული.

ჯვარში, სადაც მელიტონ ქანთარია დაიბადა, არის ლექანთარეს უბანი, ანუ მელიტონის საბიძაშვილო. ამ პატარა უბნიდან სამამულო ომში 14 ბიძაშვილი გაუწვევიათ, ამათგან სამშობლოში არ დაბრუნდა შვიდი: ევგენი, ვალიკო, ილია, ისააკი, ლევანი, პლატონი და ჯოქო ქანთარიები.

თავად მელიტონ ქანთარია 20 წლის ყმაწვილი იყო, როდესაც სამხედრო სამსახურიდან, 1940 წელს პირდაპირ ომში გაიწვიეს. ომის სრულმა ხუთმა წელმა მის მხრებზე გადაიარა, სამჯერ იყო დაჭრილი.

ომში უმძიმესი წლები გამოუვლია მის ძმა ალიოშასაც. ბრძოლისა და თავდადების უნარი მათ გენეტიკურადაც მოსდგამდათ. მათი მამა, ვარლამ ქანთარია პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ყოფილა. ჯილდოები მიუღია დამსახურებისთვის, “კავკასიის დაცვისა” და “ზურგში მამაცობისთვის”.

“მელიტონის ბებია, თურმე ღამეებს ათენებდა და თბილ წინდებს ქსოვდა, რომ გაეგზავნათ მებრძოლებისთვის, რომლებიც კავკასიას იცავდნენ, მელიტონის მამა უღელტეხილზე, რამდენჯერმე იყო ხარ-ურემით, რომ სურსათ-სანოვაგე მიეტანა მებრძოლებისთვის”, – გვიამბო ბატონმა ბექამ.

საბრძოლო გზა

kantaria_1000

მელიტონ ქანთარია პირველად კავკასიაში შეერკინა მტერს. მონაწილეობდა სმოლენსკის ოლქის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში, სადაც მძიმედ დაჭრილა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, ისევ ფრონტზე გაუშვეს. სახელოვანი გზა განვლო პოლონეთის ტერიტორიაზე, მონაწილეობდა მდინარეების ვისლასა და ოდერის, ნეისესა და შპრეეს გადალახვაში, დუბლინის, ლატვიის და ბელორუსიის განთავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში. იდრიცკის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის, 776-ე მსროლელი პოლკის მამაცი მზვერავი იყო.

გამარჯვების დროშა

25 წლისამ კი, 1945 წლის პირველ მაისს, რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რუს თანამებრძოლ მიხეილ ეგოროვთან ერთად აღმართა. როგორც ბატონმა ბექამ გვიამბო, რაიხსტაგზე დროშის აღმართვა 150-ე დივიზიას დაევალა და სულ 9 დროშა იყო დამზადებული, ვინიცობაა, ბრძოლების დროს, რომელიმე განადგურებულიყო.

photo_11763

ომის დასრულების შემდეგ ქანთარია ოჩამჩირეს რაიონში ცხოვრობდა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდში კი, 1993 წელს იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა და ოჯახით მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ორ თვეში, 26 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

დღეს

მამის ბიუსტის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად საბერძნეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდა, მისი ქალიშვილი, ციალა ქანთარია, რომელიც 20 წელზე მეტია საბერძნეთშია გახიზნული შვილებთან ერთად, როგორც აფხაზეთიდან დევნილი. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში 1993 წელს შვილი დაკარგა.

KantariaMeliton

“ორი წელია ცდილობს, ბინა მიიღოს, როგორც დევნილმა და შვილდაკარგულმა დედამ, და არა, როგორც ქანთარიას შვილმა, მაგრამ ლოდინი უსაშველოდ გრძელდება”, – გვითხრა ბატონმა ბექამ.

მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილი ბექა ქანთარია, შსს-ს აკადემიის პროფესორი და სამართალწარმოების დოქტორია. მელიტონს სამი ძმა და ორი და ჰყოლია. ბატონი ბექა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ყოფილა, როდესაც ბაბუის ძმა გარდაცვლილა, მაგრამ ამის მიუხედავად მასზე საკმარისად აქვს მოგონებები. ბექა ქანთარია აცხადებს:

ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან ჯვარში, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა. ის ძალიან კეთილი ადამიანი იყო. ოჯახის ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ეხმარებოდა ყველას საბჭოთა კავშირის მაშტაბით. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მისი თხოვნით, სიკვდილმისჯილი ადამიანისათვისაც კი შეუცვლიათ სასჯელი. ძალიან უბრალო ადამიანი იყო. სასტიკად არ უყვარდა მედლებით თავის მოწონება

მისთვის გაუგებარი და მიუღებელია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მეორე მსოფლიო ომში ქართველები “სხვის ომში” იბრძოდნენ.

“ამას ამბობენ ისინი, ვისაც ხელაღებით სურთ ღირებულებების გადაფასება. ფაშიზმი ყველას ემუქრებოდა. გავიხსენოთ კავკასიის ბრძოლები, ასევე სოხუმის და ზოგიერთი ქალაქის დაბომბვა, მტრის პირდაპირი სამიზნე საქართველოც იყო და კავკასიისთვის ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლას ნიშნავდა. ფაშიზმი ემუქრებოდა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირს, არამედ მთელს სამყაროს. მაშ, რატომ შეიქმნა მოკავშირე სახელმწიფოები, იმიტომ, რომ ერთიანი ძალით უნდა ებრძოლათ. ფაშიზმი დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგაც იყო მიმართული. სამწუხაროდ, ქართველებს ძალიან ხშირად გვიყვარს მოვლენების არაობიექტური გადაფასება, მაშინ რაღა ვთქვათ იმ ბიჭებზე, რომლებიც დღეს სხვადასხვა მისიით მიდიან და იღუპებიან? ორი წლის წინ, ჩემი ახლობელი გარდაიცვალა ავღანეთში. სხვას თავი რომ დავანებოთ, მაშინ ქართველები, ნებით თუ იძულებით, ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და ის მიაჩნდათ სამშობლოდ”, – აცხადებს ბექა ქანთარია.

მოგონებები ომზე და ახალი თაობა

სამწუხაროდ თანამედროვე ქართველმა ახალგაზრდებმა, არა მხოლოდ ცოტა რამ იციან მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ჩვენი ბებია – ბაბუების გმირობების შესახებ, არამედ არც იმ ეპოქის, შესანიშნავი ქართველი პოეტების შემოქმედებას იცნობენ. სასკოლო პროგრამაში, ვერც საბჭოთა პერიოდში და ვერც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ვერ მოხვდა იმ ეპოქის ახალგაზრდა პოეტის, მირზა გელოვანის შესანიშნავი ლექსი, რომელსაც დღეს სულ სხვა ჟღერადობა და სიღრმე აქვს.

“…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს

და საშინელი ბრძოლების ნისლში

მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან

აელვებული იდგა თბილისი.”

ეს ციტატა მირზა გელოვანს ეკუთვნის, რომელიც ომის ქარ-ცეცხლშიც იმ გაზაფხულზე ოცნებობდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქს ამშვენებდა. ფაშიზმზე გამარჯვების 71–ე წლისთავთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ქართველი პოეტიც გაიხსენეს ღონისძიებაზე – “ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში”. ეს ლექსი მირზა გელოვანმა 27 წლის ასაკში დაწერა და სამშობლოს მონატრებასთან ერთად, ნაადრევად ჩაიფერფლა მისი სიცოცხლე ბელორუსის მიწაზე.
ახალგაზრდა ქართველი პოეტი ბელორუსში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზეა დაკრძალული და მშობლიურ მიწაზე გადმოსვენებას ელის.​

მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა….

შორენა პაპაშვილი Dalma News-სთვის