30 წლის შემდეგ, საქართველოს სახელისუფლებო სადავეებთან მდგარი პოლიტიკური ლიდერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან, თანამედროვე პოლიტიკოსებს ბევრი რამის სწავლა და ახლებური დასკვნების გამოტანა არ აწყენდათ.
ქართველ ემიგრანტთა შთამომავალი სალომე ზურაბიშვილი, გაპრეზიდენტების პირველივე დღეებიდან ცდილობს, პოლიტიკური მოსაზრებების გამო პოლარიზებული საქართველოს გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილთან დაკავშირებულ მიღებაზე, რამდენიმე თვალშისაცემი შეცდომა დაუშვა და ამის გამო საზოგადოების მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, ამ დღის მთავარ მიღწევად, ქვეყნის პირველ პრეზიდენტ, აწ გარდაცვლილ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებთან და მათ მომხრეებთან შერიგებას მიიჩნევს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ მთავარი ყურადღება იმაზე გამახვილდა, რომ მას 30 წლის წინათ, რუსთაველის გამზირზე 21 დაღუპულის სახელის წაკითხვისას ეკა ბაჟანიშვილის გვარი შეეშალა, თამარ ჭოველიძე კი საერთოდ გამორჩა. ხოლო მისმა ადმინისტრაციამ, სათანადოდ ვერ უზრუნველყო დაღუპულთა ოჯახის წევრების სასახლეში მიწვევა. ეკა ბეჟანიშვილის დედა პრეზიდენტის მიღებაზე არ დაპატიჟეს. მომხდარს, პრეზიდენტმა, სამწუხარო ფაქტი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ხარვეზის გამო, “გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!”
“28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი – ზვიად გამსახურდიას მეთაურობით – დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამით შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის ღონისძიებას წინ უძღოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილისადმი მიძღვნილი წერილი, სადაც მან რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა. მათ შორის, საზოგადოებას პოლიტიკოსების პოლიტიკური წარსულის დავიწყებისკენ მოუწოდა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და მისი მომავალი გადაწყვიტა. 9 აპრილმა, 30 წლის წინათ, ახალ ეპოქას მისცა დასაბამი, – საერთო ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი.
როგორც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ წერილში აღნიშნავს, დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას ცივი გონება, მუხლჩაუხრელი შრომა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებოდა, რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და მას შემდეგ, “საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა:
“ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატო-ს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს”, – რამდენიმე სიტყვით ასე დაახასიათა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს უახლესი წარსული.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერის ამ წერილისთვის კრიტიკა არ დაიშურა ოპოზიციამ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდეს, ეპისტოლარულ ჟანრში თავის წარმოჩენის ნაცვლად, მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იზრუნოს.
“რევანშისტების პოლიტიკური სიმულაცია და ისტორიის დამახინჯება”, – ასეთი ეპითეტებით შეამკო ივანიშვილის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღია წერილი ოპოზიციამ. პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის აზრით, “ქართული ოცნების“ წევრებს არ აქვთ მორალური უფლება 9 აპრილზე ილაპარაკონ და ის საკუთარი პიარსვლისთვის გამოიყენონ”, – მიაჩნია გოცირიძეს.
ყოფილი პრემიერის წერილი მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც შეაფასა. მისი თქმით, წერილის მთავარი აზრი არის ის, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება იმ იდეალების გარშემო კონსოლიდაცია, როგორიც არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, წერილში, აქცენტები სწორად არის დასმული. ქართულ საზოგადოებას სჭირდება იმ იდეალების გარშემო გაერთიანება, როგორიც არის ქვეყნის თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება.
“ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწიფო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკასა და მავნებლობას შორის ზღვარს ავლებს.
“პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ანუ მხოლოდ ის, რაც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება, ხოლო ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას – უბრალოდ მავნებლობაა, რადგან არარეალური მიზნები ქმნიან ცრუ მოლოდინებს, მათი მიუღწევლობა კი შობს იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს და ძალიან სწრაფად იწვევს ეროვნული ენერგიის სრულ გამოფიტვას”, – ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ წერილში.
მკვეთრად პოლარიზებული საზოგადოების გაერთიანებისთვის პოლიტიკური წარსულის დავიწყებას კოჰაბიტაციის გაგრძელებად აფასებს პოლიტიკოსი სოსო შატბერაშვილი. როგორც მან Dalma News-თან საუბრისას განაცხადა, ნებაყოფლობით ამნეზიას ქართველი ხალხი არასდროს ეთანხმებოდა და არც ახლა დაეთანხმება. მისივე თქმით, შესაძლებელია პოლიტიკოსს საკუთარი წარსული არ გაახსენო, მაგრამ პოლიტიკური და სისხლის სამართლის დამნაშავისთვის მწვანე შუქი არასდროს უნდა ინთებოდეს. დანაშაული ხდება, მაგრამ დამნაშავეებს არ სჯიან. ამით კი, პირველ რიგში “ქართული ოცნების” იმიჯი ზარალდება, მისი რეიტინგი კატასტროფული სისწრაფით ეცემა.
“ძალიან ბევრი დამნაშავე ვიცით, რომლებიც დაუსჯელი დარჩნენ. მათ შორის, 2008 წლის სამხედრო დანაშაულისთვის. პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ყოფდნენ ადამიანებს. თუნდაც 1992 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მომწყობები არ არიან დღემდე დასჯილები. 2003 წელს იგივე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ეს ვინც მოახდინა, ის ძირითადი დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ძალიან ბევრი ადამიანი, საქართველოში კომპარტიის წევრი მხოლოდ იმისთვის ხდებოდა, რომ პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა ჰქონოდათ. თუ არაფერი დაუშავებია ადამიანს, და უბრალოდ ამა თუ იმ პარტიის წევრი იყო, იგი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, არ უნდა დაისაჯოს”, – აცხადებს სოსო შატბერაშვილი.
მისივე მოსაზრებით, “ქართული ოცნება” ინტელექტუალური ხალხის დეფიციტს განიცდის. მათ თავიანთ წიაღში ყოფილი და პორტირებული ნაცები შეიყვანეს, რომლების დანაშაულზეც დღესაც საუბრობენ. კერძოდ, მოსამართლეზე, რომლებმაც მოლაშვილი გაასამართლა და მოსამართლეებზე, რომლებმაც 200-მდე პოლიტიკური პატიმარი გაასამართლეს და 200-ჯერ გამოუტანეს უდანაშაულო ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, განაჩენი.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, თუ რა ფორმით დააბრუნოს “მრგვალი მაგიდისა” და “უზენაესი საბჭოს” წევრები სახელისუფლებო შტოებში. სულ მცირე, ამ ადამიანებს პარლამენტარის სტატუსი უნდა აღუდგეთ. 27 წლის წინ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების წევრებს, ხალხის, 90%-იანი ნდობით მიღებული მანდატები, ვადაზე ადრე, უკანონოდ შეუწყდათ. დღეს კი საჭიროა მათი თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებში ინტეგრირება. სოსო შატბერაშვილის მოსაზრებით, ეს შეარბილებს და მინიმუმამდე დაიყვანს საზოგადოების პოლარიზებას, ხოლო ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს.
ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის თქმით, ერთიანობას და ერთსულოვნებას არაფერი სჯობს, მაგრამ ეს გაერთიანება ერთაზრიანობისკენ მოწოდებად არ უნდა გავიგოთ. ერთსულოვნება – მთავარ პრინციპებზე შეთანხმებას ნიშნავს.
“არაერთგზის მოგვიწოდა კათოლიკოს პატრიარქმა შერიგებისკენ. საქართველო გამოქვაბულს დაემსგავსა, სადაც წესები არ მოქმედებს. საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დეპოლიტიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად დამთავრდა. ერთიანობა, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ერთაზრიანობა – ცუდი. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, არ უნდა წარმოვიდგინოთ ტომის ბელადად. ხელი არ შევუშალოთ ქვეყანას განვითარებაში”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.
როგორც ანალიტიკოსმა Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, ის ნაბიჯები, რომელსაც ერთიანობის მისაღწევად თავად ბიძინა ივანიშვილი დგამს, არც საკმარისია და არც ამ მოწოდების შესატყვისი. თავისთავად სწორია, რომ პოლიტიკური წარსულის შეხსენება და ადამიანების დამუნათება არასწორია.
“ჩვენ პატარა ერი ვართ და ნიჭიერების პოტენციალი შეზღუდული გვაქვს. თავის დროზე უარი ვთქვით საბჭოთა ნომენკლატურაზე. შემდეგ ამას მივამატეთ ზვიადისტები, რომელთა შორის იყო ძალიან ბევრი გონიერი და სპეტაკი ადამიანი, ამას მოჰყვა შევარდნაძის ჯგუფი. მიშისტები და ასე გავფანტეთ ეს პოტენციალი, რომელიც დღეს საზოგადოების ყველა სფეროში იგრძნობა, პოლიტიკით დაწყებული, სპორტით დამთავრებული. ივანიშვილმა კარგად უნდა გაიგოს, რომ ერთობის მიღწევა შეუძლებელია სასამართლო რეფორმის მიმართ მისი პოზიციის გამო. ივანიშვილის პათოსი მისაღებია, მაგრამ პოლიტიკური შინაარსი საკამათო”, – განუცხადა Dalma News-ს ანალიტიკოსმა.
რამდენიმე ნაწილად პოლარიზებული ადამიანების საერთო იდეის გარშემო გაერთიანება, მათივე სურვილით არის შესაძლებელი. მაგრამ, რამდენად რეალისტურია ასეთი ერთსულოვნება მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანებისთვის.
მმართველი პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი წუხს, რომ სწორედ “ოცნების” ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა და დღეს, ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, რომლებმაც წლების წინ, ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს კოლაფსი დამდგარიყო.
შორენა პაპაშვილი