საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩები და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უწევდნენ მონიტორინგს, ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისა და ამომრჩევლისგან მინიჭებული მანდატის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. დემოკრატიული სამყაროს მრავალმხრივი მოწოდებების მიუხედავად საქართველოში ვიწრო პარტიული ინტერესები კვლავ წინა პლანზეა, ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს ქვეყნის რევოლუციურ რეჟიმზე გადაყვანას.
“დროა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს” – ამ შინაარსის მოწოდებები გაისმა 9 მარტს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარმა მხარეებს მოუწოდეს ნამდვილი ევროპელებივით მოიქცნენ და არ ჩააგდონ დიალოგის შესაძლებლობა.
“ძალიან რთულია საქართველოს ხილვა ასეთ გრძელ და განგრძობად პოლიტიკურ კრიზისში, რადგან ეს დემოკრატიის კრიზისია”, – განაცხადა ლიეტუველმა ვროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა.
ამასობაში, საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. 43-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. უზრუნველყოფილი იყო ხმის მიცემის ფარულობა, თუმცა, უნებართვო ვიდეო და ფოტო გადაღებამ ხელი შეუწყო ამომრჩევლების უმეტესობის პოტენციურ დაშინებას. (ეუთო/ოდირის დამკვირვებლებისთვის არ არის ცნობილი იმ პირთა ვინაობა, ვინც ვიდეოჩაწერას ახორციელებდა).
როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, ქვეყანაში, უმეტესად დაცული იყო შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, პარტიებს შეეძლოთ, თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე წარემართათ საარჩევნო კამპანია. თუმცა, ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები პარტიების მომხრეთა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ. ხშირად ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.
არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ხარვეზებთან ერთად ეუთო ანგარიშში 30-მდე რეკომენდაციას იძლევა. მათ შორის, საუბარია სხვადასხვა პარტიის კოორდინატორების მიერ საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლების აღრიცხვაზე, გლდანის საარჩევნო უბანთან მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე, რასაც 6 ადამიანის დაპატიმრება მოჰყვა და სხვა.
საერთო ჯამში ეუთოს დასკვნაში არაფერია ნათქვამი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების საფუძვლებზე. ოპოზიცია კი, კვლავ ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ეუთო/ოდირის დასკვნას ოპოზიციის ლიდერები, ამჯერად, არ აღუფრთოვანებია. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანის აზრით, საქართველო სწორედ ეუთომ “დაღუპა”. ასე მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ეუთოს დასკვნას დანაშაულებრივი დოკუმენტი უწოდა და განაცხადა, რომ მისი დამწერის საქმიანობით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. კერძოდ, საქართველოში ყოფნისას, რომელ რესტორანში ქეიფობდნენ და “რამდენი ანგარიში წავიდა მათ სახელზე ოფშორებში”. უფრო მეტიც, ნათელაშვილის მოსაზრებით, საქართველო ეუთო/ოდირიმ “დაღუპა”.
“მათი კომისიები 30 წელია, დაკავებულნი არიან კორუფციით. აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, რასაც ადგენენ აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში. სამარცხვინოა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მმართველი პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეუთოს დასკვნამ ვერ გაამართლა ოპოზიციის მოლოდინები და ისინი დესტრუქციის რეჟიმში რჩებიან. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე, პოლიტიკური კრიზისის მონაწილეებს დიალოგისკენ პირადად მოუწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და მზადყოფნა გამოთქვა, საკუთარ თავზე აიღოს მედიატორის როლი, რაც პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ოპოზიციამ თავის სტილს არ უღალატა და ქუჩის აქციები განაგრძო.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნით, საბოლოოდ დაესვა წერტილი და დადასტურდა, საქართველოში 2020 წლის არჩევნები არჩევნები. მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცოტა რთული გასატანი გახდა, მაგრამ საზოგადოებამ საბოლოოდ ყველაფერი ნათლად დაინახა.
მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია ქართული საზოგადოების მიმართ საინფორმაციო ტერორში დაადანაშაულა, რასაც, მისივე თქმით, ახორციელებენ მათ მიერ კონტროლირებადი კერძო ტელეკომპანიების მეშვეობით. კერძოდ, საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მაკომპრომიტირებელი ფარული სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებაზე.
“სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, ინახავენ წლების განმავლობაში, რაღაც სხვადასხვა ჩანაწერს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ფაბრიკაციას, საკუთარი საზოგადოების მიმართ საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით. ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ”, – განაცხადა მდინარაძემ.
“სტრატეგიული ანალიზის ეროვნული ცენტრის” ექსპერტი გელა ვასაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთი საკმარის ძალისხმევას არ იჩენს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. მისივე თქმით, ეუთოს რეკომენდაციები საყურადღებოა, იქიდან გამომდინარე, რომ ის საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციაა, მაგრამ მათი შეფასებები არსებითად ვერ შეცვლის საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ადვილი შესაძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს და ამ მდგომარეობით მივიდეს ქვეყანა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდეც.
გელა ვასაძის შეფასებით, ხელისუფლებას ხელს არაფერი უშლის იმაში, რომ დრო გაწელოს. მის ხელშია ყველაფერი, ოპოზიციას კი, ძალიან მცირე რესურსი აქვს იმისთვის, რომ როგორმე იმოქმედოს ვითარებაზე. ვასაძის აზრით, დათმობაზე წასვლა ოპოზიციისთვის სახისა და პოლიტიკური წონის დაკარგვას ნიშნავს. თუმცა, მეორე მხრივ იზიარებს მოსაზრებას, რომ სწორედ ამ ელექტორატის ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. გელა ვასაძის აზრით, პარლამენტში შესვლაზე საუბარი დღეს უკვე გვიანია, მოლაპარაკებების მაგიდა აყირავებულია.
“კარგია დასავლეთს რომ ვაინტერესებთ და სერიოზულ ყურადღებას გვაქცევენ. ეუთოს დასკვნა ამ ყურადღების გამოჩენაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეს ოპოზიცია მყარად დგას თავის პოზიციაზე. ნიკა მელიას დაკავებით ამოყირავდა მოლაპარაკებების მაგიდა, ერთადერთი რესურსი დიალოგისთვის არის გარე ძალა. შიგნით დიალოგის რესურსი ჩვენ აღარ გაგვაჩნია“, – აცხადებს გელა ვასაძე.
Dalma News-ის კითხვაზე, ვის განიხილავს ასეთ გარე ძალად, ვასაძე აკონკრეტებს, რომ ეს არის ევროკავშირი და აშშ.
“რა თქმა უნდა რუსეთიც არის გარე ძალა, მაგრამ არ მგონია ის ჩაერიოს იმ დონეზე რომ გარდატეხა შეიტანოს ამ პოლიტიკურ პროცესებში”, – აცხადებს იგი.
გელა ვასაძის მოსაზრებით, ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვონ წითელი ხაზების წაშლა, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისა და ე.წ. პოლიტპატიმრების თემას შეეხება.
“ხელისუფლებასაც და ოპოზიციას, რომ აიძულონ წითელი ხაზების უკან გადაწევა, ამისთვის საკმაოდ დიდი რესურსი აქვთ ჩვენს დასავლეთელ პარტნიორებს. ვხედავთ, რომ, არც ერთი მხარე არ მიდის დათმობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის ძალისხმევა არ არის საკმარისი”, – განუცხადა გელა ვასაძემ Dalma News-ს.
ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის შეფასებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ე.წ. წითელი ხაზი გაავლო არა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების საკითხი არ განიხილება, არამედ ეუთომ და საქართველოს დასავლეთელმა პარტნიორებმა, რომლებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს.
ლადო ბოჟაძის თქმით, საქართველოს პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, სადაც ოპოზიცია თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და სადაც უნდა მიდიოდეს მსჯელობა იმაზე, გაყალბდა თუ არა 31 ოქტომბრის არჩევნები.
ანალიტიკოსის თქმით, შარლ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში მე-4 პუნქტი სწორედ პარლამენტის საგამოძიებო მექანიზმების გამოყენებას ეხება.
“კომისიის მუშაობას აზრი არ ექნება, თუ მასში არ ჩაერთვება ოპოზიცია. ვინც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ არაფერი ხელმოსაჭიდი მათ არ აქვთ. ოპოზიციას სჭირდება არა დიალოგი და საარჩევნო რეფორმა, არამედ დესტაბილიზაცია, ქაოსი, პიკეტირება, აქციები, კარვები და ა. შ. ეს არის მათთვის წითელი ხაზი”, – განუცხადა Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლაზე მეტად ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რისხვა აშინებთ და ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში ისხდნენ, კარავში სხედან.
“განა იმიტომ აღარ შევლენ პარლამენტში, რომ სახის დაკარგვის ეშინიათ? იმაზე უარესი დაემართებათ, ვიდრე ქუჩაში დგომაა. სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი სამი ტელევიზია ( „მთავარი არხი“ „ტვ,პირველი“, „ფორმულა“) მათ დისკრედიტაციას დაიწყებს, გაასწორებენ მიწასთან. ის რეიტინგიც კი უკვე წყალშია გადაყრილი, რაც ამ არჩევნებზე აჩვენეს, ფაქტობრივად მოატყუეს საკუთარი ამომრჩეველი”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ოპოზიციამ სააკაშვილის გავლენისგან თავის დაღწევის შანსი გაუშვა ხელიდან. შეეძლოთ, შარლ მიშელის მოწოდების შემდეგ, იმ საბაბით, რომ, – დასავლეთი გვთხოვს და უნდა შევიდეთო, – პარლამენტში შესულიყვნენ.
საბოლოო ჯამში, პოლარიზაცია, რომელიც თითქოს გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან წასვლით უნდა დასრულებულიყო, კიდევ უფრო ღრმავდება. სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები დიდი ხანია საზოგადოების ლანძღვას აღარ ერიდებიან, იმის გამო, რომ ხალხი ოპოზიციის დაძახებულზე ქუჩაში არ გადის.
შ. ქარჩავა