ძველი თბილისი მდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით. საქართველოს დედაქალაქის უძველეს უბნებში მრავლად ნახავთ, როგორც ქართულ მართლმადიდებლურ, ასევე სომხურ ეკლესიებს. თბილისი საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა მტრის გამანადგურებელ შემოსევებს. ყოველი ასეთი შემოსევის შემდეგ დედაქალაქის შემოგარენი მოსახლეობისგან იცლებოდა, დანაკარგის შევსებას ქართველი მეფეები ხელოვნურად ცდილობნდნენ და ქართველების გარდა, სხვა ეროვნების მოსახლეობას, ძირითადად სომხებს ოჯახებით ასახლებდნენ. უცხო მხარეში მოხვედრილი კაცი ცდილობდა გარემოს შეწყობოდა, ამისთვის შენდებოდა სომხური ეკლესიები თბილისსა და მის შემოგარენში. ალბათ ამიტომ, ქართველ და სომეხ სპეციალისტებს შორის დღემდე გრძელდება დავა, რომელი ისტორიული ძეგლი ვისი კულტურის კუთვნილებაა.
სანამ ისტორიკოსები და არქეოლოგები ამ საკითხებით არიან დაკავებულნი, ქართველი და სომეხი მეცენატები დროს უქმად არ კარგავენ და ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ თბილისის ძველ ძეგლებს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნონ. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მეიდანში სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) სახელობის სომხური ეკლესია 31 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევის ცერემონია თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის საპატივსაცემოდ გაიმართა.
თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის აღდგენა-რესტავრაცია სამ მილიონ ნახევარი დოლარი დაჯდა და კერძო შემომწირველებმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსეს. აღდგენითი სამუშაოები სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ეკლესიისთვის გაღებული განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილს, სომხური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მედალი გადასცა. ივანიშვილთან ერთად ჯილდოები გადასცეს ალბერტ ავდოლიანს, ანდრეი მკრტიჩიანს, სერგეი სარქისოვს, დანილ ხაჩატუროვსა და სარესტავრაციო სამუშაოების სხვა დონორებს.
“დღეს არის ძალიან სასიამოვნო და ღირსეული დღე. რესტავრაციის შემდგომ გაიხსნა სომხური ეკლესია, რომელიც შეიძლება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმობის ერთ-ერთი სიმბოლო იყოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ მომეცა ამ საქმეში მონაწილეობის საშუალება”, – განუცხადა Dalma News-ს ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ძალიან რთულია, მაგრამ მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები და სომხები ძმობისა და მეგობრობის საუკეთესო მაგალითებს იძლევიან.
“ამდენი საუკუნეა ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ. კამათი, რაც დღეს ორ ერს შორის გრძელდება, შეიძლება ითქვას, ძალიან სასიამოვნო და სიმბოლურია. ვკამათობთ, რომელი ისტორიული ძეგლი ვის ეკუთვნის. საერთოდ, ისტორიას თუ ვადევნებთ თვალს, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ძალიან რთულია. მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის აღდგენის ინიციატორი არის სომეხი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი. სწორედ მისი ინციატივით შეიქმნა ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების ფონდი, სადაც სომეხ ბიზნესმენებთან ერთად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გაერთიანდა. ეკლესიის გახსნის ცერემონიალზე რუბენ ვარდანიანმა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ კი ბიძინა ივანიშვილმა სომეხი ბიზნესმენი ქართველ ჟურნალისტებს გააცნო, როგორც ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და სასიამოვნო ადამიანი.
სასიამოვნო საგალობლების ფონზე მიმდინარე ულამაზესს საეკლესიო რიტუალს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხური სათვისტომოს წევრები და საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა კონფესიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
თბილისის სურბ გევორქის ეკლესია 2009 წლის ნოემბერში დაინგრა. ჩამოიშალა ეკლესიის გუმბათი, საკურთხეველი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კამარები, შენარჩუნდა მხოლოდ კამარის დასავლეთ ნაწილი და სამრეკლო. ჩატარებული საბურღი სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეკლესიის ქვეშ, ხუთი მეტრის სიღმრეში გრუნტი საკმაოდ დაზიანებული იყო, რამაც ეკლესიის ნგრევა გამოიწვია.
გადმოცემის თანახმად, ეკლესია 1356 წელს დაარსდა. მის საძირკველში აღმოჩენილია პატარა ნაგებობა, რომელიც შუა საუკუნეების საგანმანათლებლო კერა იყო და XV-XVII საუკუნეებში აქ სომხური ხელნაწერები იქმნებოდა. 1751 წელს ეკლესია სამი სახელოვანი თბილისელი სომხური გვარის: მუნტონიანების, ბასტამიანებისა და ბაშინჯაგოვების სახსრებით განახლდა. განახლებულ ტაძარში დაასვენეს სომხური სოფლიდან ჩამოტანილი წმინდა გიორგის ნაწილები და მას შემდეგ ეკლესიას სურბ გევორქის სახელი დაერქვა. ტაძარმა მორწმუნეთა შორის პოპულარობა მოიპოვა და თანდათან თბილისის სომხური თემის ერთგვარ ცენტრად იქცა.
საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში ხალხური ხელოვნების მუზეუმი იყო განთავსებული. 1980 წელს მუზეუმის დახურვის შემდეგ ყველა ექსპონატი სხვა შენობაში გადაიტანეს.
როგორც Dalma News-ს მწერალმა გივი შახნაზარმა განუცხადა, ქართულ-სომხური ურთიერთობები გუშინ, ან გუშინწინ არ დაწყებულა. ამ ურთიერთობებს ისტორიული ფესვები აქვს და ასევე უნდა შენარჩუნდეს.
“ძველად ამბობდნენ, რომ ჩვენ ტყუპის ცალები ვართ, ჩვენი დავა არის ის, რომელი დაიბადა პირველად და რომელი, რამოდენიმე წამის შემდეგ. ქართველებსა და სომხებს შორის მეგობრული ურთიერთობები ყოველთვის იყო და ჩვენი ხალხები ძნელბედობის ჟამს ერთმანეთის გარეშე არ იყვნენ. ქართველი მეფეების დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ერეკლე მეორის დროს სომეხი ახალგაზრდები ოჯახებით დაამკვიდრეს აქ. აღმოსავლეთიდან მტრის შემოტევისას, მეორე შემტევი ძალა დგებოდა ქართულ-სომხური ჯარით. ეს ურთიერთობები უპირველეს ყოვლისა, მოდის ჩვენი ქრისტიანობის გამო”, – განაცხადა გივი შახნაზარმა.
მისივე თქმთ, სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ეკლესიას ბევრი რამ გაუკეთდა. გამაგრდა საძირკველი, აღადგინეს საბჭოთა პერიოდში წაშლილი ფრესკები. “ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, როცა საერთო ძალისხმევით ხდება ქველმოქმედება,“ – ამბობს მწერალი.
შორენა პაპაშვილი