აზერბაიჯანელმა ეკონომისტებმა ნატიგ ჯაფარლიმ და აკრამ ჰასანოვმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში რესპუბლიკის საპენსიო და საგადასახადო პოლიტიკა, ასევე, პენსიების ბოლოდროინდელი მატების საკითხი განიხილეს.
– 2019 წელს, ინფლაციის შესაბამისად, პენსიების 5-10%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. მინიმალურ პენსიას თუ გავითვალისწინებთ, ეს 5-10 მანათია. როგორ შეაფასებთ ამას და რამდენად შეესაბამება ეს ინფლაცია და სასიცოცხლო მინიმუმს?
ნ.დ. – 2016 წლის ბოლოს აზერბაიჯანში მიიღეს კანონი – საბიუჯეტო ხელფასების და პენსიების ინდექსაციის შესახებ, არა ინფლაციური პროცესების, არამედ მოსახლების შემოსავლების ნომინალური ზრდის მიხედვით. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ 2016-2017 წლებში ჩვენთან ძალიან დიდი ორნიშნულიანი ინფლაცია იყო და იმისთვის, რომ ინდექსაცია დიდი არ ყოფილიყო და ბიუჯეტი დიდად არ დატვირთულიყო, მთავრობამ გადაწყვიტა ეს ინდიკატორი შედარებით მცირედ მზარდი ინდიკატორით შეეცვალა, როგორიც მოსახლეობის მინიმალური შემოსავალია. შარშან სწორედ ასეთი მექანიზმით განხორციელდა საბიუჯეტო პენსიების და ხელფასების ინდექსაცია, მაგრამ 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნები იყო და ამიტომ დაახლოებით 10%-ით გაიზარდა საბიუჯეტო გადახდები.
წელს, ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის ნომინალური შემოსავალი დაახლოებით 30%-ია. როგორც ჩანს, ინდექსაცია სწორედ ამ მაჩვენებლით მოხდება. იმავდროულად, 2018 წელს ოფიციალური ინფლაცია 3,5% იყო. ამიტომაც ინფლაცია ამ ზრდას “ჩაყლაპავს” და ზრდა ნულის ტოლი იქნება.
ჩემის აზრით, კარგი იქნება ინფლაციის ძველი მოდელის ინდექსაციის დაბრუნება და მოსახლეობის რეალური შემოსავლების გათვალისწინება. ამ ორი ინდიკატორით რომ ხდებოდეს ინდექსაცია, მაჩვენებელი უკვე 7% იქნება. ახლა კი, სამწუხაროდ, პენსიების და ხელფასების არანაირ მომატებას არ უნდა ველოდოთ.
ა.გ. – აზერბაიჯანის სამთავრობო წრეებში საარსებო მინიმუმს სერიოზულად არ აღიქვამენ. მაგალითად, ფინანსური ბაზრების მარეგულირებელი პალატა საკრედიტო ორგანიზაციებისგან მოითხოვს, რომ კრედიტები მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებზე გასცენ, რომელთა შემოსავალიც საარსებო მინიმუმს ორჯერ აღემატება. არსებითად, ეს მაჩვენებელი იმიტომ არსებობს, რომ პენსიების ზრდადობა ოფიციალური საარსებო მინიმუმის შესაბამისობაში წარმოადგინონ.
გასაგებია, რომ იმ პირობებში, როდესაც ოფიციალური მაჩვენებელი ძალიან განსხვავდება ფაქტობრივისგან, პენსიების ზრდა ვერ ეწევა ფასების ზრდას. სხვათა შორის, ჩვენთან ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელიც განსხვავდება ფაქტობრივისგან. როგორც ადვოკატი, ხშირად ვმონაწილეობ ბიზნესმენებს შორის სხვადასხვაგვარი ხელშეკრულებების გაფორმებაში. როდესაც ხელშეკრულებაში ფასების შემდგომი ზრდისთვის ობიექტურ კრიტერიუმებზეა საუბარი, მხარეები ვერ თანხმდებიან იმაზე, რომ კრიტერიუმად ინფლაციის ოფიციალური დონე მიანიშნონ. ამგვარად, ცხადია, პენსიების გაზრდა ფორმალურია და პენსიონერების რეალურ მოთხოვნილებებს არ შეესაბამება. განსაკუთრებთ, 2019 წელს, რომელიც დიდი ალბათობით, ძალიან რთული იქნება.
– საერთო ჯამში, როგორ აფასებთ აზერბაიჯანის საპენსიო პოლიტიკას?
ნ.დ. – ბოლო 12 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში ყველაზე მეტად საპენსიო პოლიტიკა იცვლებოდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რესპუბლიკაში საპენსიო პოლიტიკის მკაფიო ხედვა არ არსებობს. შარშან საპენსიო პოლიტიკის მესამე კოლოსალური ცვლილება დაიწყო, რომელიც ახალი წლიდან განხორციელდება. ეს სწორი არ არის. არ შეიძლება თამაშის წესების ასე ხშირი ცვლა. ხალხმა უნდა იცოდეს, რა პირობებით მოუწევს პენსიაზე გასვლა. ხშირად ცვალებადი წესები ამ სფეროში ქაოსს იწვევს.
უკვე დიდი ხანია ფურცელზე მიღებულია კერძო საპენსიო ფონდების შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საინვესტიციო ფონდებისთვის გადაბარებას, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. მაგალითად, რუსეთში, თურქეთში, საქართველოში რამდენიმე ასეთი საპენსიო ფონდი არსებობს. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება და ამ სფეროში არავითარი კონკურენცია არ არსებობს, სახელმწიფო ერთადერთი მოთამაშეა, ამიტომაც ხშირად ცვლის თამაშის წესებს ბიუჯეტის სასარგებლოდ და არა – პენსიონერების. მთელი ამ ცვლილებების ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაიტვირთოს ბიუჯეტი.
ა.გ. – აზერბაიჯანის საპენსიო პოლიტიკა ძირითადად რეგიონებზეა გათვლილი, ვიდრე ბაქოზე, სადაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს. ასეთი მიზერული პენსიით რეგიონებში, კიდევ შეიძლება გადარჩენა (ზუსტადაც გადარჩენა!), რადგან მათ საკუთარი, მცირედი აგრარული მეურნეობაც აქვთ. დედაქალაქში კი ეს შეუძლებელია, ამიტომაც პენსიონრები ოჯახის წევრების და ახლობლების იმედად არიან.
საერთოდ, საპენსიო სისტემა ჩვენთან ეროვნულ მენტალიტეტს უკავშირდება. ანუ, სახელმწიფომ იცის, რომ ჩვენ მჭიდრო ნათესაური კავშირები გვაქვს და რომ პენსიონერებზე ვიზრუნებთ. თუმცა, იდეაში პენსიონერი თავისი პენსიის ხარჯზე უნდა ცხოვრობს, მკურნალობდეს და თუნდაც ჩვენი ქვეყნის ფარგლებში ისვენებდეს. ჩვენი პენსიით დედაქალაქში ძალიან რთულია არსებობა.
– პირველ იანვარს, ახალი საგადასახადო წესები ამოქმედდა. რამდენად ეფექტიანია და როგორ იმოქმედებს ეს ეკონომიკაზე?
ნ.დ. – საგადასახადო კოდექსი უნდა შეცვლილიყო. ადრე იქ ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო. სხვათა შორის, საგადასახადო კოდექსი ძალიან ხშირად იცვლება. ზუსტად ორი წლის წინათ კოდექსში დაახლოებით 200 მუხლი შეიცვალა, ახლა – დაახლოებით 100. ბუნებრივია, საგადასახადო კოდექსის ასე ხშირად შეცვლა არ შეიძლება. ეს უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე, რადგან ამის შედეგად თამაშის წესები იცვლება.
ასეთი ხშირი ცვლილებები საგადასახადო პოლიტიკის არსს ამახინჯებს. ჩვენი საგადასახადო კოდექსი მოწყვეტილია რეალობას. მთავრობის სურვილი გასაგებია, მას სურს ქვეყნის ჩრდილოვანი პოლიტიკიდან გაყვანა, რათა ყველა პატიოსნად მუშაობდეს. იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ საგადასახადო კოდექსის ცვლილებები და მათი ცხოვრებაში განხორციელების პროცესი არ არის საკმარისი იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც მთავრობამ დაისახა. დავიწყოთ იქიდან, რომ საგადასახადო კოდექსი ძალიან რთულ ენაზეა დაწერილი და ბევრი გაუგებრობაა. არსებობს განმეორებითი მუხლები, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტაციით. ეს ბიზნეს-წრეების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან საგადასახადო კოდექსი ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგებ ენაზე ეწეროს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ მთავრობამ მცირე ბიზნესისთვის გარკვეულ დათმობაზე წასვლის შესახებ განაცხადა. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მცირე მეწარმეები იყვნენ და ეს დაახლოებით 400 ათასი ადამიანია, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც მათი მოქმედების სფერო მცირდება, მათ საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადონ. მანამდე ისინი გამარტივებული სისტემით იხდიდნენ.
მათ ანგარიშების ახალი სისტემით წარმოება მოუწევთ, რასაც დიდი დრო სჭირდება. მათ კი ამდენი დრო არ აქვთ. ახალი სისტემის მიხედვით, კოდექსში ძალიან არის გართულებული პროცედურები. ანუ, დღეისათვის დაახლოებით 400 ათასმა ადამიანმა არ იცის, როგორ იმუშაოს და როგორ აწარმოოს ანგარიშები. ამის პარალელურად, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ძალიან არის გაზრდილი ჯარიმები. ერთი მხრივ, ხალხს არ ესმის როგორ იმუშაოს, მეორე მხრივ – ჯარიმები იზრდება. დარწმუნებული ვარ, რომ მარტში, როდესაც ყველას პირველი კვარტლის ანგარიშების ჩაბარება მოუწევს, ქაოსი დაისადგურებს, რადგანაც არავის ეცოდინება ამის გაკეთება, ხოლო საგადასახადო უდიდეს ჯარიმებს გამოწერს. ამ ყველაფრის შედეგად გაიზრდება საშუალო და მცირე ბიზნესმენების უკმაყოფილება.
ა.გ. – საგადასახადო კოდექსის ცვლილებები ჩრდილოვანი ეკონომიკის და გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილია. ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუმცა, ამჟამინდელ ვითარებაში, აღნიშნული ცვლილებები ბიზნესზე საგადასახადო ტვირთის დამძიმებაა, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსავალი არ იყო. ბოლოს და ბოლოს, უნდა ვიქცეთ ისეთ სახელმწიფოდ, სადაც მთავრობა დამოკიდებულია გადასახადებზე და არა – ნავთობზე. ეს კი, პერსპექტივაში გააუმჯობესებს სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო მმართველობის ხარისხს.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ ყველა ამ რეფორმის შემდეგ, პენსიები და ხელფასები ცხოვრების ნორმალური დონეს უზრუნველყოფენ?
ნ.დ. – მოსახლეობისთვის სამყოფი საშუალო ხელფასის გაგება განზოგადოებულია, რადგანაც ყველას განსხვავებული მოთხოვნილება აქვს. არსებობს მსოფლიო გამოცდილება, სადაც ოთხსულიანი ოჯახისთვის სასიცოცხლო მინიმუმი ნორმალურ ინდიკატორებში გამოითვლება. მაგალითად, თურქეთში ეს არის 5000 ლირა (დაახლოებით 900 აშშ.დოლარი), რომლითაც ოჯახმა თავისი მინიმალური მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილოს. ჩვენთან მინიმალური ხელფასი და მინიმალური პენსია ორჯერ უფრო ნაკლებია, იმ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ინდიკატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღებული.
ა.გ. – აზერბაიჯანის რეფორმები ეპიზოდური და უსისტემო ხასიათისაა. აბსოლუტურად არ ახორციელებს მთავარ რეფორმებს – სამართლებრივს! სისტემური და მკაფიო კანონმდებლობის, დამოუკიდებელი და სწორი სასამართლო სისტემის გარეშე ყველა ნაბიჯი უშედეგო და არაფრის მომტანია. საბაზრო ეკონომიკა თამაშის წესებზე იგება, რომელთაგან მთავარია: 1) საკუთრების დაცვა; 2) ხელშეკრულებების შესრულება; 3) ჯანსაღი კონკურენცია. როგორ უნდა დაიჯეროს ბიზნესმენმა ამ წესების ხელშეუხებლობის, როცა ჩვენთან რიგითი მოქალაქეები უკანონობის მსხვერპლნი არიან.
თუ მოქალაქეს შეიძლება ბინა წაართვან, როგორ დაიჯერებს ბიზნესმენი, რომ მისი ბიზნესი ხელშეუხებელია? თუ მეზობლებს შორის ერთი გოჯა მიწისთვის არსებული საყოფაცხოვრებო დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მთავარი კრიტერიუმი ქრთამის ოდენობაა, როგორ უნდა ენდოს ბიზნესმენი სასამართლოს, რომ იგი მის უფლებებს უანგაროდ დაიცავს? ამ ყველაფრის გარეშე, შეუძლებელია ეკონომიკური ზრდაც. შესაბამისად, ცხოვრების დონეც დაეცემა.
ანარ ჰუსეინოვი