რუსეთში ქართული დიასპორა რეანიმირებულია. ის უკვე მზად არის იტვირთოს ლობისტური საქმიანობაც კი. დიასპორა, როგორც ახალი ინსტიტუტი, რომელიც რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის იქნება შესაძლებლობა, მათი ხმა გაიგონ რუსეთშიც და საქართველოშიც. დიასპორის ახალი ხელმძღვანელი, დავით ამბობს, რომ ძირეული ცვლილებების განხორციელება შეძლო. რა ძირითადი პრობლემები აქვს რუსეთში მოღვაწერ ქართველებს და როგორ უმკლავდებიან იმ უარყოფით დამოკიდებულებას, რაც ზოგიერთი ქართული პოლიტიკური ძალის მხრიდან ისმის მათი მისამართით, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Dalma News-ს ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე ესაუბრა.
– რა სირთულეები დაგხვდათ?
– როდესაც მე მოვედი დიასპორის ხელმძღვანელად ვნახე, რომ დიასპორა ისე არ ვითარდებოდა, როგორც ქართულ საქმეს წაადგებოდა. მე ვარ ფედერალური დიასპორის ხელმძღვანელი რუსეთში. რუსეთში ასევე არის ადგილობრივი და რეგიონული დიასპორული ორგანიზაციები. ამ 2,5 წლის განმავლობაში მოვახერხეთ გავცნობოდით სათვისტომოების ხელმძღვანელებს. ბევრ ქალაქში ჩავატარეთ მონიტორინგი, მე თვითონ მოვიარე რამდენიმე ათეული ქალაქი. შეხვედრები კიდევ მაქვს დაგეგმილი. ვეცნობი, რა პრობლემები აქვთ ჩვენს თანამემამულეებს, მათ საქმიანობას. ბოლო წელიწად ნახევარში მოვახერხეთ არა მარტო ერთმანეთის გაცნობა, არამედ მოსკოვში 4-ჯერ შევიკრიბეთ.
1,5 წლის განმავლობაში 4-ჯერ ჩამოვიდნენ მოსკოვში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელები. ქართული დიასპორის უკვე 2 ფორუმი ჩავატარეთ, რათა გადაგველახა ერთად ის სირთულეები, რაც გვაქვს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს. ძალიან რთული იყო გაერთიანების პროცესი და ერთმანეთის მიმართ ნდობის გაჩენა.
– რას გულისხმობთ ნდობაში?
– ნდობა, საერთოდ, ქართველებს შორის ძალიან რთულად მისაღწევი გახდა. სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების, სხვადასხვა ინტერესების მქონე საზოგადოება, რამდენიმე ნაწილად არის გახლეჩილი. რუსეთშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო, სათვისტომოებს შორის არ იყო ურთიერთნდობა. არ იყო ერთობა, დიდი გაერთიანება. ქართული დიასპორის ფორუმზე მივიღეთ რეზოლუცია სადაც გავწერეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვთ ქართველებს რუსეთში. ერთ-ერთი პირველი პრობლემაა პირდაპირი ავიამიმოსვლის არქონა. ამ მოთხოვნით მივმართეთ რუსეთის მთავრობას. რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველისთვის და არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველისთვის, არამედ სხვა ეთნიკური კუთვნილების საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ჩვეულებრივი კავშირი აქვთ საქართველოსთან და იქ ცხოვრობენ მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ცალმხრივი სავიზო რეჟიმი ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. მათ ურთულდებათ ცხოვრება იმის გამო, რომ არ არის პირდაპირი ავიამიმოსვლა და ეს ხდება პოლიტიკური უთანხმოების ინსტრუმენტი. ასევე, გვყავს 100 ათასამდე არალეგალი საქართველოში იმის გამო, რომ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები. დიასპორულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მივმართეთ რუსეთის მთავრობას, რომ დროა მოიხსნას სავიზო რეჟიმი. ბოლო პერიოდში 2-ჯერ მივმართე წერილობით რუსეთის პრეზიდენტს, რომ ლავროვისა და კობახიძის განცხადებების შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის პირველი ნაბიჯი გადადგას. ასევე მოუხსნას ქართველებს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში.
– რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის გახსნას, ეს არის სტიმული დიასპორისთვის?
– ჩემი მეორე წერილი სწორედ ლავროვის ამ განცხადებას მოჰყვა. მე როცა მოვედი დიასპორის ხელმძღვანელად, ვთქვი, რომ ლობირებას გავუწევდი ქართველების ინტერესებს რუსეთში, კანონის ფარგლებში და რუსულ-ქართული ურთიერთობების პოლიტიკურ განვითარებას. პოლიტიკური ჩიხი, რომელიც ამ 2 ქვეყნის ურთიერთობებში არის, 100 ათასობით ქართველი გამოვთქვამთ სურვილს, რომ ეს ჩიხური მდგომარეობა გამოსწორდეს.
– საქართველოს ხელისუფლების დამხასურება რამდენია ამ საქმეში?
– სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არანაირ მხარდაჭერას არ იჩენს არც ჩვენი პრობლემების და არც ჩვენი შეთავაზების მიმართ. მივესალმები, რომ ხელისუფლების ზოგიერთი თანამდებობის პირი ბედავს და ხმამაღლა საუბრობს, რომ რუსეთში არსებობს ქართული მილიონიანი დიასპორა, რომელიც 30 წელია დაუღალავად შრომობს და შეაქვს თავისი წვლილი საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაში, ზრდიან შვილებს ქართველებად, ქართული კულტურის საფუძველზე. არასდროს ჰქონიათ ქართველებს თავიანთი ცხოვრება მოწყვეტილი საქართველოსგან. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდით. აღარაფერს ვიტყვი პანდემიის პერიოდზე, თუ რა გასაჭირი ჰქონდათ აქ ქართულ დიასპორად. სწორედ მაშინ მოვედი მე დიასპორის ხელმძღვანელად.
– როგორც ვიცით რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, ასევე უჭირთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება. რა არის ამის მიზეზი, თქვენი აზრით?
– ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ძალიან ბევრი ქართველი გადის ჯერ ძალიან დამამცირებელ გამოცდებს. ნებისმიერი კონტინენტიდან ჩამოსული ადამიანი, რომელსაც არაფერი კავშირი არ ჰქონია საქართველოსთან და რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველი ერთი და იმავე პროცედურებს გადიან. ამ დამამცირებელი გამოცდების განვლის შემდეგაც, ძალიან ბევრ ქართველს უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, რომლის მამა-პაპაც საქართველოში ცხოვრობდა. დეკემბერში გასდის ვადა კანონს, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეობის შენარჩუნებას. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას.მადლობა, რომ ეს კანონი გაგრძელდა 2024 წლის დეკემბრამდე, მაგრამ ვინც კი შეიტანა, ბოლო ხანებში მოთხოვნა მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ყველას ეუბნებიან უარს და ართმევენ საქართველოს მოქალაქეობას. ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და იმავდროულად მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა. კანონით მათ ეკუთვნით ორმაგი მოქალაქეობა. გაეროს მონაცემებით, ქართველი ერი გადაშენების პირას მყოფ ერთა ხუთეულშია. მაშინ, როდესაც დემოგრაფიულ ვარდნას განვიცდით, ჩემი აზრით ეს არის ანტიქართული საქმე და არ შედის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში. საქართველოს იუსტიციას გააჩნია ასეთი პრაქტიკა – პიროვნების იდენტიფიცირება. ეს უნდა გახდეს ქართველებისთვის მოქალაქეობის უპირობო მინიჭების საფუძველი – მათი იდენტიფიცირება და არანაირი დამამცირებელი გამოცდები. ჩვენი მიზანია ახალგაზრდა თაობამ, რომლებიც რუსეთში იბადებიან და იზრდებიან, არ დაკარგონ კავშირი საქართველოსთან და ისინი, პირველ რიგში, ქართველებად გაიზარდონ.
– ძირითადად რა ასაკის ადამიანებს სურთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება?
– აბსოლუტურად სხვადასხვა ასაკისანი არიან. არიან ახალგაზრდები, სტუდენტები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. ისეთ ადამიანებს ეუბნებიან მოქალაქეობაზე უარს, რომ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ოჯახი გადავიდა საქართველოში საცხოვრებლად, ცოლს მისცეს მოქალაქეობა, ქმარს უკვე მესამე წელია უარს ეუბნებიან, რატომ? პარადოქსიც ეს არის, რომ ფორმულა ვერ ამოვიცანით. რა პრინციპით ამბობენ „კის“, ან „არას“. განუკითხავი ვითარებაა მაგ მხრივ. ეს არის ხელოვნური პროცესი, მესამე მხარის დაინტერესებაა. ეს არის გამიზნული პროცესი, რომ ქართველებს მასობრივად უთხრან უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.
– დიასპორაში ასევე არიან სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები, ეს დიასპორას ერთობის შენარჩუნებაში ხელს არ უშლის?
– ჩვენ განვიცადეთ დიდი რეანიმაცია. არ ვართ პოლიტიზებულები, ავკრძალეთ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით საუბარი ერთმანეთთან, მხოლოდ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ პრობლემებზე და ვეძებთ მათი მოგვარების გზებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოს რუსეთში ჰყავს სანიმუშო დიასპორა. შარშან, 12 მაისს, პირველად აღვნიშნეთ ქართული დიასპორის დღე რუსეთში. არც ერთ დიასპორას რუსეთში თავისი დღე არ აქვს. ამ აქტს ხელი მოაწერეს სხვა დიასპორების წარმომადგენლებმაც – ებრაელებმა, სომხებმა, ქურთებმა, აზერბაიჯანელებმა. ჩვენ მივედით ახლა იმ დონეზე, როდესაც უკვე, უკუკავშირი გვჭირდება. ჩვენი დიასპორული პლატფორმა მზად არის საქართველოს სახელმწიფოს გაუწიოს დახმარება და კანონის ფარგლებში მოვახდინოთ ქართული ინტერესების ლობირება. მაგრამ, სამწუხაროდ სახელმწიფოსგან ჯერჯერობით, ასეთი პოლიტიკური შეკვეთა არ გაგვაჩნია.
– რატომ არ იყენებს საქართველოს მთავრობა დღეს დიასპორის რესურს?
– 2 წლის წინ მეც არ ვისაუბრებდი ამ რესურსზე, რადგან ეს არ არსებობდა, მაგრამ დღეს ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. თამამად ვიტყვი, რომ საქართველოს ჰყავს რუსეთში ის ძალა, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს.
– თუმცა ხელისუფლების გარდა არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებულს ყველაფერს სალანძღავ სიტყვად იყენებენ. გრძნობთ მათ აგრესიას?
– საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას დიდი ტკივილით ვადევნებთ თვალს. ძალიან დიდი ტკივილია პოლარიზებული ქართული საზოგადოება. პირადი ამბიციები ხდება იმის მიზეზი, რომ საქართველო დღეს პოლიტიკურად გახლეჩილია. ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. სამწუხაროდ, საქართველოში სიტყვის თავისუფლება ხშირად გამოიხატება შეურაცხყოფაში. რუსეთში მცხოვრები ქართველები ხშირად ვხდებით გარკვეული პოლიტიკური ძალების თავდასხმის ობიექტი. თუნდაც ის, რომ 11-დან 13 დეკემბრამდე ჩავატარეთ მოსკოვში ქართული კულტურის დღეები, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები იყო; ჩავატარეთ კონფერენციები დიასპორის ცხოვრებაზე; ღონისძიება დაიხურა დიდი გალა-კონცერტით, რომელშიც 700-მდე ადამიანი და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ ზოგიერთმა ტელევიზიებმა და პოლიტიკურმა ძალებმა ცუდად გააშუქეს, – ოკუპანტებს უნდა უმღერონო, – დიდი ნეგატივი წამოვიდა სოციალური ქსელიდან. ამ პროვოკაციას არ ავყევით და არც ერთ მონაწილეს უკან არ დაუხევია, უფრო მეტი ქართველი ჩამოვიდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან. როცა გვინდა შევქმნათ ახალი დღის წესრიგი საქართველოს სასიკეთოდ, ეს არ მოსწონთ გარკვეულ ძალებს.
– საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის პერსპექტივას, როგორ განიხილავთ?
– პოლიტიკა ითვალისწინებს არა ემოციურ მიდგომებს, არამედ დიპლომატიას. რაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ, სხვა შემთხვევაში სხვა შედეგი გვექნებოდა. მესამე მხარეებს სამწუხაროდ ძალიან ბევრს ვუსმენთ და ამაზე დიდი დრო დავკარგეთ. უნდა გვესმოდეს რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში და აქედან გამომდინარე მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, რაც იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში. პოლიტიკაში ძალიან იოლია ინსტრუმენტების მოძებნა, თუ იქნება პოლიტიკური ნება. თუნდაც ჩვენ, დიასპორა მზად ვართ საქართველოს ინსტრუმენტად ვიქცეთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებაში. დიპლომატიური ხაზის განვითარება არის აუცილებელი.
ესაუბრა შორენა ქარჩავა