საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სომხები, ისევე, როგორც ძვ.წ-აღ-ის 9-რე საუკუნეში, ახლაც ჯავახკს უწოდებენ. იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება დღეს ეს რეგიონი, ან რატომ არის მომგებიანი სომხეთის და საქართველოსთვის სწორედ ამ მხარის განვითარება და საით მიექანება საქართველო-სომხეთის ურთიერთობები, Dalma News-ის კორესპონდენტი ფონდ “ჯავახქის” თავმჯდომარე ართუშ გრიგორიანს ესაუბრა, რომელიც ამჟამად სომხეთში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობს საქართველოს.
– რა შეიცვალა ჯავახეთში უკანასკნელი წლების განმავლობაში?
– ბოლო 7-8 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა: ადამიანები უკეთ იცნობენ საკუთარ უფლებებს. იციან რა შეიძლება და რა – არა. იქმნება სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ხელისუფლებასაც შედარებით უფრო სერიოზული დამოკიდებულება აქვს ადგილობრივი მოსახლეობისადმი, რადგანაც მათ დაამტკიცეს, რომ საქართველოს საყრდენს წარმოადგენენ. ისინი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ და არაფერს გააკეთებენ ქართული მხარის საზიანოდ.
– როგორი მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც ძირითადად სომხები ცხოვრობენ?
– ჯავახქის თითქმის ყველა სოფელი ერთმანეთს ჰგავს, როგორც ცხოვრების წესით, ისე დემოგრაფიული ვითარებით და ცხოვრებისეული პრობლემებით. მოსახლეობის ერთი ნაწილი დაკავებულია მეურნეობით, მეორე – სამუშაოდ სხვაგან მიდის. ყველაზე დიდი პრობლემა განუვითარებელი ინფრასტრუქტურაა. ძალიან რთულ ვითარებაშია ჯავახქის (სამცხე-ჯავახეთი – რედ.) სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. თუმცა, ახლა მთავარი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა.
– რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება?
– პირველ რიგში, ჯავახქი (სამცხე-ჯავახეთი – რედ.) ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს. დღეს იგი ბიზნესის თვალსაზრისით უინტერესოა. მაგალითად, შესაძლებელია რძის და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანის გახსნა, შემდეგ პროდუქციის სომხეთში და სხვა ქვეყნებში ექსპორტით გატანა. ამ რეგიონს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ სომხეთის და საქართველოს ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ ჯავახქი გავითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია.
– რა სარგებელს მიიღებს სომხეთი, ან საქართველო?
– რთული სათქმელია, ჯავახქის განვითარება ვის უფრო სჭირდება. სომხეთს ეს იმისათვის სჭირდება, რომ ჯავახქი მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ხოლო საქართველოსთვის – თურქეთზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობაა. სომხეთმა და საქართველომ ეს რეგიონი უნდა გამოიყენოს, როგორც ურთიერთქმედების ხიდი. სომხურმა მხარემ არავის უნდა მისცეს იმის უფლება, რომ ჯავახეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების იარაღად გამოიყენოს. პირიქით, ამ რეგიონმა ერთმანეთთან უნდა დაგვაკავშიროს. საქართველოს ხელისუფლებამაც არ უნდა აღიქვას ეს რეგიონი, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი, რადგანაც მისი დახმარებით შესაძლებელია სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება. საქართველო მოგებული დარჩება, თუ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯავახეთელმა სომხებმა მშობლიური სახლები არ მიატოვონ. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნები ურთიერთობების განვითარების სწორ გზას დაადგებიან.
– ამისთვის რა უნდა გაკეთდეს?
– არ მინდა ისეთი დრო დადგეს, როდესაც ყველაფრის გამოსწორება დაგვიანებული იქნება. საქმე იმაში კი არ არის, რომ არაფერი კეთდება. ბევრი რამ კეთდება, უბრალოდ არასაკმარისია. მაგალითად, სომხურენოვანი წიგნები, რომლებსაც ჯავახეთში სომხეთი აგზავნის – ცოტაა. რამდენიმე კულტურული ღონისძიების მოწყობაც – ძალიან ცოტაა. იქ საჭიროა კონკრეტული მოქმედებები. მაგალითად, სომხურ-ქართული ფონდის შექმნა, ქარხნის გახსნა, სადაც ადგილობრივებს დაასაქმებენ და ა.შ. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ჯავახეთი თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდება, ეს ინვესტორებისთვის მიმზიდველს გახდიდა. ასევე, საჭიროა სომხური დიასპორის შესაძლებლობების გამოყენება. დღემდე სომხები საქართველოში უფრო მეტ ინვესტიციას დებენ, ვიდრე ქართველები – სომხეთში. უნდა შეიქმნას პირობები იმისთვის, რომ ქართული კაპიტალი სომხეთში გაედინოს.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ შედარებით უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ საქართველო სომხების გენოციდს არ აღიარებს?
– საქართველო არ აღიარებს სომხების გენოციდს – ეს ზღაპარია, ეს შეუძლებელია. საქართველო ამ ნაბიჯს მხოლოდ თურქეთის შემდეგ გადადგამს, რადგანაც მასზე ძალიან არის დამოკიდებული. მაგალითად, თბილისში 24 აპრილს, გენოციდის მსხვერპლთა საპატივცემულოდ ლამპრის ანთება, როგორც ამას სხვა მრავალ ქვეყანაში აკეთებენ, სადაც სომხური სათვისტომო ცხოვრობს, საკმაოდ რთულია. ცხადია, სომხეთისთვის მტკივნეულია ის, რომ მისი უახლოესი მეზობელი გენოციდს არ აღიარებს, მაგრამ ამას თავისი, ობიექტური მიზეზები აქვს. საქართველოს პარლამენტში სომხების გენოციდის აღიარებაზე საუბარიც კი არ სურთ, ეს კატასტროფის ტოლფასია. თუმცა, ურთიერთობების განვითარებას ამან ხელი არ უნდა შეუშალოს, რადგანაც ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს.
ჩემის აზრით, სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის ის, რომ დღეს ხალხი ცუდად იცნობს ერთმანეთს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ მიმართულებით მხარეები ძალიან პასიურები არიან. მთელი “კულტურული” მოცულობა თბილისში, ქობულეთსა და ბათუმში სომხების დასვენებით შემოიფარგლება. ქართველები კი საერთოდაც, ძალიან იშვიათად ჩამოდიან სომხეთში, ძირითადად ცახკაძოს სტუმრობენ. უნდა შეიქმნას პირობები და ველი იმისთვის, რომ სომხები და ქართველები ერთმანეთთან შეხვედრას და ურთიერთობას არ გაექცნენ. უნდა ჩატარდეს სხვადასხვაგვარი ფორუმი, ქართულ-სომხური ღონისძიება და ა.შ.
– ჩვენ (ფონდი “ჯავახქი”- რედ.) რატომ არ ვაწყობთ ასეთ ღონისძიებებს?
– კარგი აზრია. ამ მიმართულებით უკვე ვფიქრობთ. თუმცა, ქართული ხელისუფლების საპასუხო ნდობას ჯერ ვერ მივაღწიეთ. ქართული მხარე ძალიან ფრთხილობს იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვაწყობთ. მაგრამ ჩვენ ერთი რამ გვსურს: ჯავახქი (სამცხე-ჯავახეთი – რედ.) საქართველოს შემადგენლობაში უნდა განვითარდეს, რათა ჯავახქიელები ამ ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ.
– რატომ არიან ჯავახელები საქართველოს არასრულფასოვანი მოქალაქეები?
– საქართველოში რამდენიმე ასეული სომეხი ცხოვრობს, სახელმწიფო მმართველობაში მათი რაოდენობა 0,5%-ს შეადგენს. ჯავახელებს და საქართველოს ხელისუფლებას შორის გარკვეული უნდობლობაა. სააკაშვილის დროს ამ უნდობლობამ თავის პიკს მიაღწია. ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ხელისუფლება შედარებით ლოიალურია, ცდილობენ ჯავახელების ინტეგრირებას, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება.
– ქართული ხელისუფლების უნდობლობა, რომელმა შეთავაზებებმა გამოიწვია?
– მაგალითად, ჯავახქში (სამცხე-ჯავახეთში – რედ.) სომხური ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამას რაღაც ქვეტექსტი აქვს და მიზნად ისახავს რეგიონის განცალკევებას. ეს ასე არ არის. ეს მთელს მსოფლიოში მიღებული ნორმაა. მაგალითად, იტალიის საზღვართან არის ქალაქი, რომლის მოსახლეობაც ძირითადად ეთნიკური გერმანელები არიან. როდესაც იქ იტალიელი პოლიტიკოსი ჩადის, გერმანულად საუბრობს, თანაც ისე, რომ ამას არავინ აიძულებს. ადამიანს უნდა ესმოდეს ის, თუ რისთვის სჭირდება ენის სწავლა. სხვათა შორის, სამცხე-ჯავახეთში არაერთხელ მოვითხოვეთ სომხურ-ქართული უნივერსიტეტის გახსნა, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა.
ესაუბრა ასმიკ ვანციანი
ფოტოები Dalma News-ს არმენუი გასპარიანმა მიაწოდა