სომხეთის მომავალი საარჩევნო კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ქალაქ ერევნის უხუცესთა საბჭოს მომავალი არჩევნებია. უდავოდ, ეს მოვლენა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ პოლიტიკური გავლენის საზომად იქცევა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროცესში მონაწილეობისთვის მხოლოდ პოლიტიკური პარტიები დაიშვებიან.
დღეისათვის, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაახლოებით ათმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე თვე-ნახევარი დარჩა, საინტერესოა, როგორია ძალთა გადანაწილება.
საზოგადოებრივი კლუბის „ხალხის ხმის“ ექსპერტის არმან ღუკასიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გუნდისთვის გამარჯვების უზრუნველყოფა აუცილებელია, რადგანაც სომხეთის მოსახლეობის 40%-ზე მეტი ერევანში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში დამარცხება შესაძლოა რესპუბლიკის დონეზე უფრო ფართო პოლიტიკური უკმაყოფილების საწინდარი იყოს. ამგვარად, დედაქალაქის არჩევნებში გამარჯვება 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სტრატეგიული საარჩევნო ინვესტიციაა.
„ამ ეტაპზე მთავარ პოლიტიკურ ფავორიტ-ძალად პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ შეიძლება მივიჩნიოთ, რომელსაც ერევნის მერობის კანდიდატი ტიგრან ავინიანი წარმოადგენს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ოპოზიციური ძალების მონაწილეობა და პარტიების „ნათელი სომხეთის“ და „რესპუბლიკის“ სტრატეგიული როლი, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი პარტიისთვის უმრავლესობის შესაქმნელად ხმების ნაკლებობის შემთხვევაში, შესაძლოა, „სადაზღვევო პოლიტიკის“ ელემენტები გახდნენ“, – განაცხადა გუკასიანმა.
ექსპერტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროდასავლურ პოლიტიკურ ფორმირებებზე, როგორიცაა პარტიები „ევროპული სომხეთი“ და „სუვერენული სომხეთი“, ასევე პარტია „სოციალური სამართლიანობის სახელით“, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც აშკარად რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების აქტიურ გაღრმავებას ემხრობა.
“როგორც უკვე აღინიშნა, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით, მომავალი არჩევნები დამატებით მნიშვნელობას იძენს. ამ არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციები და ამომრჩეველთა პრეფერენციები, სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ რუკას აყალიბებს. დღესვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება აქტიური და დაძაბული – ერევნის მაცხოვრებლები მოელიან და იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ერთგვარი „გადატვირთვა“ და ქალაქში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად კონსტრუქციული იდეები გაჟღერდება და საჭირო ზომები გატარდება“, – განაცხადა მან.
თუმცა, გუკასიანის თქმით, ძველი, ან ამჟამინდელი მთავრობისგან უბრალოდ განცალკევება არასაკმარისია. ერევნის მოსახლეობა პოლიტიკურ ძალებში ეძებს კონკრეტულ დღის წესრიგს და სამოქმედო გეგმას, რომელიც ორიენტირებული იქნება ერევანში გადაუდებელი პრობლემების მოგვარებაზე. სწორედ ასეთი დეტალური სამოქმედო გეგმის საშუალებით სურთ დედაქალაქის მაცხოვრებლებს იხილონ ეფექტური გადაწყვეტილებები ქალაქის დაგეგმარების, ეკონომიკის, სოციალურ სერვისებთან, გარემოსთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით․
“მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა პოლიტიკურმა ძალებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მოსახლეობის ზემოხსენებულ მოლოდინებს. ერევანში არსებული რეალური ვითარების სწორად აღქმა, კონკრეტული გადაწყვეტილებების შემოთავაზება, ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლის მზადყოფნა და შესაძლებლობა- ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც მომავალ არჩევნებში პოლიტიკური ძალების წარმატებას განსაზღვრავს“, – დასძინა მან.
პოლიტიკური ელიტის ხედვა რუსულ–სომხურ ურთიერთობებზე
არმან გუკასიანი სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული მოკავშირის მიმართ სომხეთის ხელისუფლების დამოკიდებულების კონტექსტში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების თემასაც შეეხო.
მან გაიხსენა, რომ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხეთში პოლიტიკური ლანდშაფტის მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია მოხდა, განსაკუთრებით ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც პაშინიანის გუნდმა რუსეთის ფედერაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისამართით მთელი რიგი მოთხოვნები ჩამოაყალიბა.
“ამ მოთხოვნებს შორის გამორჩეულია შემდეგი მოწოდებები: საზღვარზე სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში სომხეთის აქტიური მხარდაჭერა; სომხური საბრძოლო საგუშაგოების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე განლაგებაში დახმარება; ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განუსაზღვრელი განლაგებისა და იქ სომხური სამხედრო ტექნიკის უკონტროლო იმპორტის კონტექსტში, აზერბაიჯანზე ზეწოლის მოხდენის აუცილებლობა; , 44-დღიანი ომის შემდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და აღდგენაში დახმარების მოლოდინი და ა.შ.“, – ჩამოთვალა მან.
და მაინც, დამაინტრიგებელი წინააღმდეგობა არსებობს იმაში, თუ რას ელის ფაშინიანის გუნდი რუსეთისგან. ექსპერტს მიაჩნია, რომ სომხეთის ხელისუფლება წამოყენებული მოთხოვნების ფარგლებში, რუსეთის აქტიურ ინტერვენციას არ ელოდა. პირიქით, საკუთარი სტრატეგია შეიმუშავეს იმ ვარაუდით, რომ თუ მოსკოვი წამოყენებულ პუნქტებს აქტიურად ვერ განახორციელებს, ეს შესაძლებელს გახდის სამხრეთ კავკასიის რეგიონში კრემლის პოლიტიკით უკმაყოფილების გაძლიერებას. ამის პარალელურად, ცალსახად თუ ირიბად არასაპარლამენტო ანტირუსული მოძრაობების გააქტიურება დაუშვეს. მაგალითად, როგორიცაა “ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი”, რომელიც სისტემატურ ანტირუსულ ქმედებებს აწყობდა და რუსეთის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ და მიუღებელ ლოზუნგებს ავრცელებდა.
არმან ღუკასიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაშინიანის გუნდის ოფიციალური პოზიცია ამ ჯგუფთან დაკავშირებით გაურკვეველია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზიების მიუხედავად, ანტირუსული გამოსვლების ჩასახშობად, არაფერი გაკეთებულა.
„ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში სომხეთის პოლიტიკური ელიტა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, თავის რიტორიკაში, რუსეთის ქმედებებს ღიად აკრიტიკებენ. ეს გამოიხატება როგორც პირდაპირ განცხადებებში, ასევე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების უფრო დახვეწილ მექანიზმებში. განსაკუთრებით საინტერესოა სომეხი პოლიტიკოსების მიდგომა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ. ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა და „სამოქალაქო შეთანხმების“ სხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის დეპუტატებმა: ოვიკ აგაზარიანმა, გაგიკ მელქონიანმა, გევორგ პაპოიანმა და სხვებმა, ორგანიზაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვეს და მისი დატოვების შესაძლებლობას განიხილავდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა რუსეთი და “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია” არაერთხელ გააკრიტიკა და პროვოკაციული განცხადებებიც გააკეთა“, – განაცხადა ღუკასიანმა.
კიდევ ერთი ნარატივი – რუსეთს ადანაშაულებენ სომხეთის ოკუპაციის მცდელობაში და ყარაბაღში ახალი სამხედრო კონფლიქტის მუქარით, მის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებაში. რაც მთავარია, ეს რიტორიკა მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებებშიც ვრცელდება. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთი ზეწოლის ქვეშ იმყოფება და სხვადასხვა მუქარის გამოყენებით ცდილობენ მის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებას: „ამ თეზისებს ფაშინიანის განცხადებებიც ამყარებს, რომელიც ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ყოფნა სომხეთში არ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას. პირიქით, საფრთხეს უქმნის”, – აღნიშნა ექსპერტმა.
გარდა ამისა, ფაშინიანმა და სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა ასევე არაერთხელ გააკრიტიკეს რუსი სამშვიდობოების და ზოგადად რუსეთის ქმედებები, რაც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში დაძაბულობის განცდას ზრდის და საზოგადოებაში ანტირუსულ განწყობებს აძლიერებს.
„რაც შეეხება ცალკეულ ჯგუფებს, რომლებსაც ხელისუფლება და დასავლური წრეები კურირებენ, საკმაოდ დიდი არჩევანია. თითქმის ყველა პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაცია, სოციალურ-პოლიტიკური ძალა და საინფორმაციო რესურსი დღეს ანტირუსულ დღის წესრიგს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებისა და ამ ჯგუფების ზემოაღნიშნული დღის წესრიგი და რიტორიკა აქტიურად ემთხვევა ერთმანეთს“, – განაცხადა გუკასიანმა.
მისივე თქმით, ამგვარად, დღესდღეისობით სომეხი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია რეალურ ვითარებაზე და რუსეთის ძალისხმევისა და სომხეთისადმი მხარდაჭერის თემა ბევრ სფეროში ჩრდილში ექცევა, ან საერთოდ დაფარულია.
ლინა მაკარიანი