ძველი თბილისი მდიდარია ისტორიული ნაგებობებით, მაგრამ დარეჯან დედოფლის სასახლე და მისი აივანი, ძველი ქალაქის საერთო ხედის სილუეტის წამყვანი კომპონენტებია. ის ნარიყალას და მეტეხის კლდის წარბის განაშენიანების განუყოფელი ნაწილია. წლებთან ერთად ისტორიულ გალავანს პრობლემები ექმნება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი დანგრევის საშიშროების წინაშე დგას. საკმაოდ მოცულობითი სამუშაო, მოცულობით თანხებს საჭიროებს, რომლის ბიუჯეტიდან გამოყოფა, მრავალი წელია ვერ ხერხდება. სასახლეც მოთმინებით ელის თავის რიგს, თუმცა რიგითობის დარდი არ აქვს პრობლემას, რომელიც ისტორიულ ძეგლს შიგნიდან ანგრევს.
თბილისის არქიტექტორულ ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სასახლის აივანს, რომელიც მოხდენილად აგვირგვინებს ძველი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯს. ის ქალაქის ამ უბანს განსაკუთრებულ, არქიტექტურულ და ისტორიულ ღირებულებას ანიჭებს. სასახლის ეზოში დგას ეკლესია, სადაც ამჟამად სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს.
ისტორია…
სასახლე, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მეუღლის, დარეჯანი დედოფლის ბრძანებით, ავლაბრის ტერიტორიაზე 1776 წელს, ძველი ციხის ნანგრევებზე აშენდა. მას შემდეგ, რაც დარეჯან დედოფლი პეტერბურგში გადასახლდა, სასახლე მისი ეკლესიითურთ ეგზარქოსმა თეოფილაქტემ შეიძინა და სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები გახსნა. 1824 წელს ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე ეკურთხა და დააარსდა ამავე სახელობის მამათა მონასტერი.
1991 წლიდან აქ დაარსდა დედათა მონასტერი. მონაზვნების წყალობით სასახლეში მუდამ სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს. მონასტრის წინამძღვარია იღუმენია მარიამი. დედები ცხოვრობენ განსაზღვრული ტიპიკონის მიხედვით, მონასტერში კეთდება სხვადასხვა სამორჩილო საქმეები, ცხვება სეფისკვერი, კეთდება სანთლები და კელაპტრები, არის ქარგვის, ხალიჩის, თექის და სხვა ხელსაქმის სახელოსნოები.
მონასტრის ტერიტორიაზე მოქმედებს მოწყალების სახლი და მასთან არსებული მოწყალების დების სასწავლებელი. იგი რამდენიმე სახის სპეციფიკური დანიშნულების მქონე დაწესებულებაა. კერძოდ, აქ არის ჰოსპისი 4 საწოლზე – სადაც თავსდებიან IV კლინიკური ჯგუფის პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ პალიატიური (შემამსუბუქებელი) მკურნალობა და სპეციფიკური მოვლა; მოწყალების დებისთვის სასწავლო ბაზა; ასევე, ფუნქციონირებს უფასო ამბოლატორიული ტიპის მომსახურეობა, მიუსაფართათვის და უფასო სასადილო.
საბჭოთა პერიოდში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ეკლესიები, ფერისცვალების მონასტერიც არ ფუნქციონირებდა. XX საუკუნის 70-იან წლებში აქ 26 კომისრების რაიონული მუზეუმი განთავსდა. ერთი პერიოდი ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ. შემდეგ აქ ერთი მსახიობის თეატრი დაარსდა და 90-ან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა, (თუმცა ეს ცალკე ისტორიაა, რომელსაც Dalma News-ი თავის ერთგულ მკითხველს მოაგვიანებით შესთავაზებს).
თბილისის არქიტექტორულ ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სასახლის აივანს, რომელიც მოხდენილად აგვირგვინებს ძველი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯს. ის ქალაქის ამ უბანს განსაკუთრებულ, არქიტექტურულ და ისტორიულ ღირებულებას ანიჭებს. სასახლის ეზოში დგას ეკლესია, სადაც ამჟამად სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს.
სასახლის აივანს რესტავრაცია 2015 წელს, ფონდი “ქართუს” დახმარებით ჩაუტარდა. სრულად გამოიცვალა ძველი ხის აივანი, რომელიც ფაქტობრივად ჩამოვარდნაზე იყო. მაგრამ სასახლის გალავანი დაბზარულია და საძირკველი დღითიდღე ეცლება. 2013 წელს გალავნის ერთი ნაწილი ჩამოინგრა და მას შემდეგ აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა.
როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, ასეთი ძეგლების ერთგვაროვანი რეაბილიტაცია დაუშვებელია. მას სჭირდება ხანგრძლივი დაკვირვებები და ლაბორატორიული შესწავლა. მთლიანად კლდის გამაგრება გამორიცხულია, ეს სასახლეს იერსახეს დაუკარგავს. შესარჩევია მეთოდოლოგია, თუ როგორ დამაგრდეს იმ კლდის ნაწილები, რომლებიც წყლით გაჟღენთის შედეგად იშლება.
“საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართვა იმისთვის არის საჭირო, რომ უცხოელ სპეციალისტებს, ამ მიმართულებით გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. არ ვაკნინებ ჩვენს სპეციალისტებს, მაგრამ მათ ტექნიკური აღჭურვა და გამოცდილება უფრო დიდი აქვთ. ჩვენ გვჭირდება სწორი გადაწყვეტილებები და სწორი რეცეპტები”, – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
საუკუნეების წინ სასახლე მთელს ტერიტორიას მოიცავდა, თუმცა დღეს მხოლოდ მისი მცირე ნაწილია შემორჩენილი. სასახლის შიდა ინტერიერი ირანულ ყაიდაზე იყო მორთული. ის ქართველ დიდებულთა თავშეყრის ადგილი იყო.
სასახლის გალავნის რეაბილიტაციის პროექტი სამუშაო სტადიაშია. ამ საკითხზე Dalma News-ი არქიტექტორსა და რესტავრატორს, მერაბ ბოჭორიძეს ესაუბრა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. პროექტი არ გულისხმობს კლდიდან გამონადენი წყლის გამოშრობას, რადგან ეს არარეალურია. წყალი ამ ადგილის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ საჭიროა მისი რეგულირება. ის კედელში კი არ უნდა მიემართებოდეს, არამედ სანიაღვრე სისტემაში ჩაედინებოდეს, ისე, რომ კედელი არ დააზიანოს.
მეორე ეტაპი, გალავნის აქამდე დაზიანებული და გამოფიტული ნაწილის რესტავრაციას ითვალისწინებს. ნაგებობას დაკარგული აქვს მდგრადობა. საჭიროა კონსტრუქციის ცალკეული ელემენტების გამაგრება ინჟინრული ტექნოლოგიებით. ბოლო, მესამე ეტაპია სარესტავრაციო – აღდგენითი სამუშაოები, კერძოდ, ჩამოცვენილი ნაწილების აღდგენა, გამოფიტული ადგილების გამაგრება და ა.შ.
“გალავნის კედელი გამოფიტულია. ახლოს რომ მიხვიდეთ და დაუკვირდეთ აგურებს შორის თითები შეგეტევათ. ბევრ ადგილას მტვერივით გამოდის გალავნის ნაწილები. უნდა გამოსუფთავდეს და თავიდან ამოიქოლოს. ეს ერთ-ერთი კომპონენტია. უამრავი მსგავსი კომპონენტისგან შედგება პროექტი, რომელიც ახლა მუშავდება”, – გვითხრა მერაბ ბოჭორიძემ.
ძველი თბილისი და კერძოდ ავლაბარი ცნობილია “მტირალა კლდეებით”. რიგ შემთხვევებში ამ წყლებს სამკურნალო ფუნქცია აქვთ. ასეთივე “მტირალა კლდეებია” ბარათაშვილის ქუჩაზე, საიდანაც წელიწადის ყველა დროს ჩამოედინება წყალი. ამბობენ, რომ დარეჯან დედოფლის სასახლეში მოწყობილი იყო წყალსაცავი და კლდიდან გამონაჟონი წყლით მონასტერი მარაგდებოდა.
კლდეში წყლის რაოდენობა პერიოდულად კლებულობს, ან მატულობს. ამგვარად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დრო სასახლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და გალავნის საკმაოდ დიდი მასების ჩამოშლის საშიშროება არსებობს.
“2013 წელს, არავინ ელოდა, რომ ერთ საღამოს კედელი ჩამოიშლებოდა. კედელი ძალიან დიდი ხანია ავარიულია. რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა კარგია ადამიანისთვისაც და ნაგებობისთვისაც”, – აცხადებს მერაბ ბოჭორიძე.
სარეაბილიტაციაო სამუშაოების პროექტირება სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში დასრულდება. სამუშაოების დაფინანსებას კი მომავალი, 2019 წლის ბიუჯეტში იმედოვნებენ, საუბარია თითქმის ერთ მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსებაზე. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში რომ წარიმართოს, სამივე ეტაპის დასრულებას ერთი წელი არ ეყოფაო, – გვითხრა ძეგლის რესტავრატორმა. უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, კი სარესტავრაციო პროცესს ერთი წელზე გაცილებით მეტი დრო უნდა დაეთმოს.
ტექნიკურ სირთულეს ისიც ემატება, რომ სასახლის ეზოში მოქმედი მონასტერია, ამდენად სამშენებლო სამუშაოები მთელი მასშტაბით ვერ გაიშლება და ტერიტორია სამშენებლო პოლიგონად ვერ გადაიქცევა, რათა მონასტერს დისკომფორტი არ შეუქმნან.
სასახლის ხშირი სტუმრები არიან ტურისტები, თუმცა მონასტრის სიახლოვის გამო ეზოში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს. სასახლის კართან მისულ უცხოელ სტუმრებს გიდობას დედაოები უწევენ და ამით, ეს ადგილი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება.
ასეც მოხდა. 3 ივლისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ იწყება დარეჯან დედოფლის ერთ-ერთი სასახლის რესტავრაცია.
“პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საყრდენი კედელი, რომელსაც მიწისქვეშა წყლები აზიანებს, ფაქტობრივად ინგრევა. ასევე, აღდგება მეფე ერეკლე მეორის აბანო და გამაგრდება სასახლის ეზოში არსებული ეკლესია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რესავრაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. ეს ტერიტორია ტურისტული თვალსაზრისით მეტად მიმზიდველია”, – განაცხადა მერმა.
პროექტი 1.5 წლის განმავლობაში დასრულდება და თბილისის ბიუჯეტს 2 მლნ ლარი (დაახლოებით 715 000 აშშ. დოლარი) დაუჯდება. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას “თბილისის განვითარების ფონდი” და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განახორციელებენ.
ავტორი შორენა პაპაშვილი