Dalma News-ის რედაქცია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, სომხეთის შეიარაღებული ძალების და ომის ვეტერანთა კომიტეტის თავმჯდომარეს, “ოთხი კონტინენტის მზვერავს” და ადამიანს, რომელიც სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ცოცხალ ლეგენდას – პოლკოვნიკს პეტროს პეტროსიანს ესტუმრა. ამ ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 55 წელმა გრიფით “საიდუმლოდ” განვლო. იგი ომის პირველივე დღეებიდან საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა. მან განვლო გზა მოსკოვიდან ბერლინამდე, მონაწილეობდა უკრაინის, მოლდოვას, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში. სამჯერ დაიჭრა, მაგრამ გამოჯანმრთელებული ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე ბრუნდებოდა.
მოხალისედ წასვლა და სამხედრო ნათლობა
1941 წელს, როდესაც ომი დაიწყო, პეტროსიანმა ის-ის იყო მეათე კლასი დაამთავრა. იგი ლენინაკანში, დღევანდელ გიუმრიში ცხოვრობდა. ადგილობრივ ბიჭებთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა და წინა ხაზზე წასვლა გადაწყვიტა.
– რამდენი წლის ხარ, შვილო? – ჰკითხა სამხედრო კომისარმა, გენერალმა მარტიროსიანმა.
– ბატონო, გენერალო, მე 17 წლის ვარ, მაგრამ მალე 18 წლის გავხდები.
ცხადია, მაშინ პეტროსიანი უარით გაისტუმრეს. მაგრამ, როდესაც 19 დეკემბერს, 18 წლის გახდა, იგი კვლავ მივიდა სამხედრო კომისარიატში და თბილისის საარტილერიო სასწავლებელში გაგზავნეს. 6-7 თვიანი მომზადების შემდეგ მომავალი მზვერავი წინა ხაზზე გაუშვეს.
მისი საბრძოლო ნათლობა მოსკოვთან ახლოს შედგა. მონაწილეობდა კურსკთან ახლოს გამართულ მძიმე ბრძოლაში. იქ მართლაც საშინელება ტრიალებდა… ამგვარ ვითარებაში სამი თვის განმავლობაში იყო.
“გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველი ბრძოლა. ოცეულის მეთაური ვიყავი და მეგონა, რომ მეთაური ბრძანებების გაცემისას ფეხზე უნდა მდგარიყო. ვყვიროდი: „ორი ჭურვი, ტანკსაწინააღმდეგოები ტანკებს დაუმიზნეთ! სტალინისთვის, სამშობლოსთვის! ცეცხლი!”. ბატალიონის ხელმძღვანელმა, რომელიც ქვევით იწვა, დამიყვირა:
“ბიჭო, რას შვები, ჩქარა დაწექი!” მეც დავწექი და მეუბნება: “მომისმინე, თვალის დახამხამებაში მოგკლავენ, შესანიშნავი სამიზნე ხარ!” მივხვდი, რომ იგი მართალი იყო. ჩემთვის ის შემთხვევა საბრძოლო ნათლობა იყო. პირველად ვესროლე ტანკებს”, – იხსენებს პეტროს პეტროსიანი.
ასე გრძელდებოდა 3-4 თვის განმავლობაში სოფელ პროხოროვკთან, კურსკთან ახლოს. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. ასობით ტანკი გვიტევდა და ცდილობდნენ მოსკოვთან, რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ. საბჭოთა არმია შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებდა, რათა მტერი დედაქალაქთან არ მიეშვა. ამ ბრძოლებში პეტროსი დაიჭრა. თვენახევრის განმავლობაში იმკურნალა, რის შემდეგ, კვლავ ბრძოლის ველზე დაბრუნდა, ამჯერად, მესამე უკრაინულ არმიაში.
“კარგად მახსოვს ის რთული დღეები, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებდით. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უკან დავიხიეთ, არასოდეს გვიფიქრია, რომ წავაგებდით. ყოველთვის ვიცოდით, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით!” – იხსენებს ვეტერანი.
ომის დამთავრების და დიდებული გამარჯვების მნიშვნელობის შესახებ
ამის შემდეგ იყო უკრაინის, კიევის და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების მტრისგან განთავისუფლება. შემდეგ იყო მოლდოვას, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლება და საბოლოო გამარჯვება გერმანიაში.
იგი ბერლინამდე მივიდა. ეს ენით აუწერელი გრძნობა იყო. იმდენად შევისისხლხორცეთ ის მდგომარეობა,რომ ომის დამთავრება ჩვენთვის გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო, – იხსენებს პეტროსიანი. ვტიროდით, ერთმანეთს ვეხვეოდით, ვცეკვავდით… ვხვდებოდით, რომ უსაშინლეს ომს გადავურჩით და ცოცხლები დავრჩით.
“დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხმა გაიმარჯვა და ფაშისტური ჭირისგან იხსნა, არა მხოლოდ სსრკ, არამედ მთელი მსოფლიო. ჩვენ რომ არ გაგვემარჯვებინა, შესაძლოა სომხეთსაც აღარ ეარსება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყოთ, ვალდებულები ვართ ეს გვახსოვდეს. ძალიან ვწუხვარ, იმის გამო, რომ ახალგაზრდობამ დღეს ბევრი რამ არ იცის, დასავლეთში კი ისტორიის ფალსიფიცირებას ახდენენ. ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში დიდი სამამულო ომის შესახებ ხსოვნის შენარჩუნებისთვის ვმუშაობთ და სასტიკად ვებრძვით რენეგატებს, რომლებიც ჩვენს გამარჯვებას ამახინჯებენ. ბევრ დასავლურ სახელმწიფოში ვარ ნამყოფი, სადაც გამარჯვების არსის შეცვლა და აქცენტების საკუთარ თავზე გაკეთება სურთ, თითქოს მათ გაიმარჯვეს და არა – ჩვენ. მაგრამ უშედეგო იქნება მათი მცდელობა”.
მაიორ პოპოვის გადარჩენა და წითელი ვარსკვლავი
ეს მოხდა უკრაინაში. მიმდინარეობდა შეტევა. საარტილერიო შტაბის ხელმძღვანელმა, მაიორმა პოპოვმა პეტროსიანი, რომელიც მაშინ ბატალიონის მეთაური იყო, გამოიძახა და რუკაზე სოფელი ალექსანდროვი ისე აღნიშნა, როგორც განთავისუფლებული. როდესაც მოსაღამოვდა, პოპოვმა ალექსანდროვკამდე მისვლა, იქ ღამის გათევა და დილით გზის გაგრძელება ბრძანა. სოფლამდე მივიდნენ და პოზიციები შეარჩიეს. პეტროსიანმა თავისი კარავი-პლაში აიღო და ხის ძირში დასასვენებლად მოკალათდა. ამ დროს მასთან ორმა სამხედრომ მიირბინა:
– ლეიტენანტო, ალყაში ვართ!
– როგორ თუ ალყაში?!!!!!
აღმოჩნდა, მზვერავს არასწორი ინფორმაცია მიუტანია. ალექსანდროვკა გერმანელებს ეკავათ და მათ გზა სპეციალურად გაანთავისუფლეს. სოფელში შესულები კი ალყაში მოაქციეს.
“ჩემს ოფიცრებს ვუთხარი, რომ ბოლომდე, ბოლო წუთამდე უნდა გვებრძოლა. ჩვენ მხოლოდ ოთხი ნაღმმტყორცნი გვქონდა. დაიწყო სასტიკი სროლები, მე სახის არეში, პირთან დავიჭერი. დღემდე ვერ ვაღებ პირს ბოლომდე. ნამსხვრევები დღესაც შიგნით მაქვს. მთლიანად სისხლიანი ვიყავი, მაგრამ მეთაურობას მაინც განვაგრძობდი. ბრძოლა უთანასწორო იყო, მაგრამ, მაინც მედგრად ვიდექით და ვიბრძოდით… ორი მზვერავი წინასწარ გავგზავნე მომხდარის შესახებ ამბის მისატანად. ერთი დაჭრეს, მეორემ ბოლომდე მიაღწია. დივიზიის მეთაურმა ოპერატიულად გამოგზავნა მექანიზირებული ნაწილი მანქანებზე. მათ მოგვისწრეს და გაგვათავისუფლეს”.
როდესაც ყველაფერი დასრულდა პეტროსიანი დივიზიის მეთაურმა დაიბარა. ის სისხლში ამოსვრილი მივიდა, ქუდის გარეშე… მიესალმა და ვითარების შესახებ აცნობა.
– როგორ აღმოჩნდით გერმანელებით გარშემორტყმულ სოფელში? – ყვიროდა გაბრაზებული მეთაური.
გვერდით სახეწაშლილი მაიორი პოპოვი იდგა, რომელმაც სოფელში შესვლის ბრძანება გასცა. გამარჯვებულებს არ განსჯიან, – გაიფიქრა პეტროსიანმა და დანაშაული თავად დაიბრალა იმ არგუმენტით, რომ ადგილზე ორიენტირება შეეშალა. დივიზიის მეთაური პეტროსიანს ეჩხუბა და მკაცრი საყვედური უთხრა. შემდეგ დასძინა:
– იმის გამო, რომ ბოლომდე გმირულად იბრძოდით, წითელი ვარსკვლავის ორდენით გაჯილდოვებთ!
“ეს ჩემი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ორდენია. მე ის სისხლით მოვიპოვე”, – ამბობს პეტროს პეტროსიანი.
დილით, სამედიცინო პუნქტში პეტროსიანი პოპოვმა მოინახულა. ნახევარი ლიტრი არაყი და სალა მიუტანა. გაუთავებლად უხდიდა მადლობას და უთხრა, რომ ამიერიდან ისინი ძმები არიან და ნებისმიერ თხოვნას შეუსრულებს. პეტროსმა სთხოვა, ზურგში არ გაეშვათ. მაგრამ იმდენად დამძიმდა მისი მდგომარეობა, რომ ოპერაციის გასაკეთებლად ზურგში გაგზავნეს. როგორც კი გამოჯანმრთელდა, მაშინვე წინა ხაზზე დაბრუნდა.
ოთხი კონტინენტის მზვერავი
პეტროსიანი სკოლაში კომკავშირის მდივანი იყო, სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში ფიზკულტურას ასწავლიდა. ახალგაზრდობაში ის კარგი სპორტსმენი იყო. 1945 წელს ომის დამთავრების შემდეგ, მისი ნაწილი ბერლინიდან ბულგარეთის ქალაქ კაზანლაში გააგზავნეს, სადაც დაახლოებით ერთი წელი გაატარა. 1946 წელს, საბჭოთა კავშირის პირველმა მდივანმა, სტალინმა, ყველა მასწავლებლის სახლში დაბრუნების ბრძანება გასცა. მიუხედავად იმისა, რომ პეტროსიანი ახალგაზრდა, დაახლოებით 21 წლის იყო, დივიზიის მეთაურმა ჰკითხა: „აბა, პეტრო, გინდა სახლში დაბრუნება?“. პეტროსიანი დასთანხმდა – მას ყოველთვის სურდა სამთო ინჟინერია ესწავლა.
“1946 წლის მაისში უკვე სომხეთში ვიყავი და შევიტყვე, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში “საერთაშორისო ურთიერთობების” ახალი ფაკულტეტი გაიხსნა. ვიფიქრე, ძალიან საინტერესო იქნებოდა და დიპლომატობა მომინდა. გადავწყვიტე ჩამებარებინა. მესამე კურსზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში მუშაობა შემომთავაზეს. დავთანხმდი, მაგრამ ერთი პირობით, რომ სამსახური ხელს არ შემიშლიდა სწავლაში. უნივერსიტეტში დილის საათებში უცხო ენებს ვსწავლობდით და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცხადია, შემოთავაზებამდე მათ კარგად იცოდნენ, ვინ ვიყავი, ამიტომ ჩემს პირობას დასთანხმდნენ”.
1951 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პეტროსიანი სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილებაში გადავიდა. 1959 წელს, იგი დაზვერვის განყოფილებაში გადაიყვანეს. ასე დაიწყო მზვერავის ცხოვრება. ამ სისტემაში დაახლოებით 50 წელი იმსახურა. წლების განმავლობაში სომხეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი იყო. იმოგზაურა მთელ რიგ სახელმწიფოში.
“ოთხი კონტინენტის მზვერავს მიწოდებენ, იგულისხმება ამერიკა, ევროპა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და აფრიკა. ის წლები აღვწერე ჩემს წიგნში – “მზვერავის ცხოვრების ფურცლებიდან“. წიგნში ვყვები ყველაფერზე, რისი მოყოლაც შეიძლება, მათ შორის ბევრ ოპერაციაში ჩემი მონაწილეობის შესახებ. წიგნის წინასიტყვაობა ჩემს კარგ მეგობრებს – მზვერავების ლეგენდარულ ოჯახს ვარდანიანებს ეკუთვნით. გიორგი ვარდანიანი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო”.
ხსოვნის, ვეტერანების და ტკივილის შესახებ…
დღეს კომიტეტი, რომელსაც პეტროს პეტროსიანი ხელმძღვანელობს ახალგაზრდებს შორის სამხედრო-პატრიოტულ სამუშაოებს ატარებს. ვეტერანები ხშირად ხვდებიან ახალგაზრდებს სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამხედრო სასწავლებლებში, ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფარგლებში.
შარშან ორგანიზაციის დაარსების 60 წლისთავი აღინიშნა. საერთაშორისო კონფერენციებზე დიდი სამამულო ომის თემაზე ვეტერანები აქტიურად მონაწილეობდნენ. პეტროსიანი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ასტანაში გამართული საერთაშორისო ფორუმიდან: “ერთობით მოპოვებული დიდებული გამარჯვება: ვაჟკაცური ფრონტი, ძლიერი ზურგი”.
სამწუხაროდ, ვეტერანთა რიგები თანდათანობით მცირდება. ამ მომენტისთვის სომხეთში დაახლოებით 700 ვეტერანია, მათგან 70%-ს დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაადგილება. ეს იმ 300 ათასის ნაწილია, რომლებიც ომიდან დაბრუნდნენ.
“სამწუხაროდ, ყოველთვიურად ჩვენგან მინიმუმ 10-12 ვეტერანი მიდის. ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა ვეტერანი 92 წლისაა, არიან 100 წელს მიღწეულებიც. ალბათ, 5-8 წელიწადში ჩვენგან აღარავინ დარჩება. ამიტომ როდესაც ჩვენი ქვეყნის ხელძღვანელობას ვხვდები, ყოველთვის ვამბობ: ვეტერანებისთვის რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და გინდათ, ახლა გააკეთეთ. მერე გვიან იქნება”.
გმირი სომხების და დიდ გამარჯვებაში მათი წვლილის შესახებ
სამამულო ომში დაახლოებით 600 ათასი სომეხი მონაწილეობდა, აქედან 400 ათასი სომხეთიდან, ხოლო 200 ათასი სხვა სოციალისტური რესპუბლიკიდან. ომში მოკავშირეების არმიის შემადგენლობაში ასევე დაახლოებით 100 ათასი სომეხიც იყო.
ცნობილია 5 სომეხი მარშალი: ბაგრამიანი, ხუდიაკოვი, ბაბაჯანიანი, ისაკოვი, აგანოვი და ასზე მეტი გენერალი, რომლებიც დიდებული მხედართმთავრები იყვნენ. ჩვენ 115 გმირი გვყავს! ამ გამარჯვებაში სომეხ ხალხს დიდი წვლილი მიუძღვის.
“უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენმა ხალხმა ასეთი აქტიური მონაწილეობა მიიღო და გამარჯვების საქმეს თავიანთი ორი ლეპტა შეჰმატეს. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამას ამბობენ რუსებიც, უკრაინელებიც, ბელორუსებიც და სხვებიც. ჩვენი თანამემამულეები წინ მიიწევდნენ, თავიანთ მეგობრებს საკუთარი სხეულით ეფარებოდნენ და გაუგონარ გმირობებს სჩადიოდნენ. ჩვენი გმირების საპატივცემულოდ ძეგლები და ობელისკები ბევრ ქვეყანაში დგას, სადაც უბრალო ხალხს სომეხი სამხედროები ახსოვთ და პატივს სცემენ”.
ესაუბრა ცოვინარ კოსტანიანი
P.S. ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო. ინტერვიუს ჩაწერის დროს არ მტოვებდა აზრი იმის შესახებ, რომ მე აქ მშვიდად ამ ადამიანის წყალობით ვზივარ. მართლაც უდიდესი პატივია – ესაუბრო ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს და უმაღლესი იდეალების დაცვას მიუძღვნა. ენით აღუწერელი მოკრძალება და მღელვარება გეუფლება, როდესაც პეტროს პეტროსიანის პიროვნებას, გმირობას და ცხოვრების განვლილ გზას უფიქრდები. ამ ადამიანს 94 წლის ასაკშიც კი, არ დაუკარგავს მტკიცე ხასიათი და კეთილი სული, რომელსაც არასოდეს უღალატია თავისი იდეალებისთვის და რწმენისთვის. მას და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები გამარჯვების საკურთხეველზე მიიტანეს, ვეუბნებით: გვახსოვხართ, გემადლიერებით და იმედებს არ გაგიცრუებთ!
უახლოეს მომავალში Dalma News პეტროს პეტროსიანის სადაზვერვო ცხოვრების შესახებაც მოგითხრობთ. თვალი ადევნეთ საიტის ახალ ამბებს.