პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 მაისამდე გადადო. მელია პატიმრობაში რჩება. პარლამენტი კი, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების წყალობით უკვე ოპოზიციის ნაწილიც იმყოფება, ამნისტიაზე მუშაობს. ამნისტია “გავრილოვის ღამის” ყველა მონაწილის შეწყალებას ითვალისწინებს, მათ შორის, აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის მსჯავრდებული პოლიციელებისაც.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, გავრილოვის საქართველოში მოწვევის გამო, ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია დაარბია, დაშავდნენ ადამიანები. ნიკა მელია, როგორც პარლამენტის შტურმის მთავარი ინიციატორი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. “ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირე ოპოზიციური პარტიები მელიას პოლიტპატიმრად აცხადებენ და პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვარიანტს სთავაზობენ.
ოპოზიციის დოკუმენტის თანახმად, მძიმე დანაშაულის მუხლებს ამნისტია არასდროს უნდა შეეხოს, ამნისტიისთვის საჭირო უნდა გახდეს დაზარალებულთა თანხმობა. თავად მსჯავრდებული მელია ოპოზიციას მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, თუ ის მხოლოდ 20 ივნისის აქციის მონაწილეებს არ შეეხება. მელიას არ სურს “აქციის დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მიეცეთ შანსი, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას”.
“ცხადია, “ქართული ოცნება” ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე. დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებას”, – აცხადებს პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია.
არადა, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება.
შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსს იზიარებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, “ევროპული საქართველოს” სიით პარლამენტში შესული დეპუტატი, შალვა შავგულიძეც. მისი აზრით, 20 ივნისი უნდა ეპატიოს დემონსტრანტებსაც და პოლიციასაც. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის გაწვევის წინააღმდეგია “ლელოც”. პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერების თქმით, ეს შეთანხმების ნაწილია, რის საფუძველზეც ხალხის მიერ არჩეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა “შატალოდან” პარლამენტში გადაინაცვლეს.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია ციხიდან გამოსვლა, თუმცა, ციხის კარებიდან „ვერ გამოეტია”. ხელისუფლება მელიას ჰპირდება, რომ მაინც შეიწყალებენ, უნდა ეს მას, თუ არა. ხოლო, მელიას შეუძლია მიიღოს, ან მიიღოს ეს კანონი. მისგან განსხვებით არჩევანის თავისუფლება არ აქვს პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რადგან თუ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, ეს მათი მხრიდან იმ შეთანხმების დარღვევა იქნება, რასაც თავადვე მოაწერეს ხელი.
“მელიას, ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია. ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ხოლო მას შეუძლია შემოვიდეს და შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში”, – განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის შეფასებით, მას მერე, რაც გაფორმდა შარლ მიშელის დოკუმენტი და ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, ძალიან დასუსტდა რადიკალური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები და ახლა, ნიკა მელიას გამოყენებით ცდილობენ რადიკალიზმის გაძლიერებას პოლიტიკურ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ “ენმ”-ს გარდა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შევიდა პარლამენტში და პოლიტიკურ პროცესებს პარლამენტში უნდა გადაენაცვლა. დღის წესრიგში კვლავ მელიას საკითხი დგას და არა ის მტკივნეული თემები, რომლებიც ქვეყანას აწუხებს.
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და მისი “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ცდილობენ ქვეყანა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აცხოვრონ. ოპოზიცია კვლავ ვერ ახერხებს “ენმ”-ს გავლენისგან გათავისუფლებას. ხოლო ნიკა მელიას ამოცანაა, მინიმუმ 15 მაისამდე ციხეში იჯდეს, წამებულის მანტიაშემოსხმული და მისი საკითხი დღის წესრიგიდან არ ჩამოვიდეს.
ოპოზიციამ 15 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსა, მანამდე კი, რეგიონებში გასვლას გეგმავდნენ. რეგიონებში ჩასვლის ნაცვლად ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა.
როგორც Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ განუცხადა, შარლ მიშელის დოკუმენტმა გააჩინა შანსი, რომ ოპოზიცია ჩახსნოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და მის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ამ პარტიის ერთადერთ იარაღად რადიკალიზმი რჩება. მელიას ციხეში ყოფნაც “ენმ”-ს აწყობს. მაგრამ ვის აწყობს ამნისტია? ალბათ, ისევ მელიას თანამებრძოლებს, რომლებსაც აქვთ შანსი 20 ივნისის მოვლენების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.
„თუ ვინმე არის 20 ივნისის დაზარალებულების წინაშე დამნაშავე, პირველ რიგში ნიკა მელია, იმიტომ, რომ მისი მოწოდების შემდეგ დაიწყო ის პროცესები, რაც 2019 წლის 20 ივნისის ღამით მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ იხილა. დარწმუნებული ვარ შარლ მიშელის დოკუმენტი ზედმიწევნით შესრულდება ყველა პირობის და ვადების დაცვით. მელიამ, როგორც პოლიტპატიმრის აღიარება ვერ მოიპოვა ევროპისგან. ამნისტიაზე საერთოდ არ იყოს საუბარია დანიელსონის დოკუმენტში და ამის გამო არ მოაწერა ოპოზიციამ იმ დოკუმენტს ხელი. დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, – “პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეზე”. არავითარ პოლიტპატიმრებზე და პოლიტიკურ სასამართლოზე იქ საუბარი არ არის. დოკუმენტში წერია, რომ ამნისტია შეეხება ყველა მხარეს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა”, – განმარტავს ლადო ბოჟაძე.
მისივე თქმით, ამნისტიის გავრცელება ადამიანზე ნიშნავს, რომ ის არის სავარაუდო დამნაშავე და ამ შემთხვევაში შეიწყალა არა პრეზიდენტმა, არამედ კანონმა და მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა. ნიკა მელია თბილისის მერობისთვის ბრძოლად აპირებს და ბუნებრივია არ სურს წამოაძახონ, რომ ამნისტიის წყალობით არის გარეთ.
“შტურმი პარლამენტზე, არის ნიკა მელიას პასუხისმგებლობა. არც მორალურად, არც სამართლებრივად და პოლიტიკურად ის არ არის მართალი, არც მაკო გომურთან, არც სხვა დაზარალებულებთან და არც პოლიციელებთან. მისი არჩევანია ციხეში იჯდეს და უარი თქვას ამნისტიაზე და სასამართლოს მიანდოს მისი სიმართლის დამტკიცება”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.
ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, „ენმ“ ცდილობს საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს თავზე ქვეყანას, ზოგჯერ გამოსდის, ზოგჯერ ვერ. სამწუხაროა, რომ ამაში მას საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელს უწყობენ, როდესაც ოპოზიციის კაპრიზებს ზედმეტად ითვალისწინებენ, იმისათვის, რომ ახალი თავის ტკივილი არ ჰქონდეთ.
მისივე თქმით, „ენმ“ არ აუქმებს 15 მაისის აქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ჯერჯერობით მიდის ისე, როგორც აქამდე მიდიოდა. ხელისუფლების უკან დახევის პოლიტიკა, რომელიც ევროპელებს მოსწონთ და კონსტრუქციულობას უწოდებენ, დასაფიქრებელია, რამდენად მოსწონს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. ანჯაფარიძის აზრით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნებას“ საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელის.
“სახელმწიფომ არ უნდა იაროს მელიას ჭკუაზე! რაც არის ჩაწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაში, ის უნდა შესრულდეს. როგორც კრიმინალს შეეხოს ამნისტია, მორჩა და გათავდა! ნიკა მელიას რა უნდა, ეს არ არის გადამწყვეტი და ვგონებ, “ქართულმა ოცნებამაც” უნდა გააცნობიეროს ეს. ისე კი არ უნდა იმოქმედოს, როგორც მელიას და მის მხარდამჭერებს უნდათ, არამედ ისე, როგორც სჭირდება სახელმწიფოს”, – განუცხადა Dalma News-ს ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მელიას მოქმედებები უნისონშია სააკაშვილის განცხადებებთან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მელიას ციხეში ჩაჯდომა, თავიდანვე, სააკაშვილის სცენარის ნაწილი იყო, რომლის შემსრულებელი აღმოჩნდა მელია.
ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ქარიზმა, რაც მელიამ თითქოს მისი დაკავებისას შეიძინა, როდესაც პარტიის ოფისიდან სპეცოპერაციით აიყვანეს და წამებული გმირის მანტია მოისხა, ეს მანტია მას აღარ აქვს და ერთი რიგითი მარიონეტია სააკაშვილის ხელში. ხოლო, თუ ხელისუფლება მელიას პირობებს დააიგნორებს და ციხიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებით, ამნისტიის საფუძველზე გამოუშვებენ მელია, როგორც პოლიტიკოსი განულდება.
ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ამნისტია სათაგურში მოთავსებული სატყუარა არ იყოს, რის შემდეგაც “ოცნების” პოლიტიკური ოპონენტების დევნა გაგრძელდება. ასეთი ეჭვები უკვე გამოთქვა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, სხვა ქვეყნების ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც პოლიტიკურად და მორალურად სერიოზული კომპრომისების შემცველი ამნისტიები მიუღიათ. ბოკერიას აზრით, ხელისუფლებასთან მსგავსი შეთანხმება ახალი ეტაპის დასაწყისი უნდა გახდეს ქვეყნის ცხოვრებაში.
შორენა პაპაშვილი