2018 წლის ზაფხულში, სევანი “აყვავილდა”: სომხური მთების გარემოცვაში არსებული ცისფერი ლამაზმანი, მოულოდნელად გამწვანდა. ცხადია, ასეც ლამაზია, თუმცა ეკოლოგებმა განგაშის ზარი შემოკრეს, რადგან სევანი სომხეთის სტრატეგიული რესურსი, ქვეყნისთვის მტკნარი წყლის ერთადერთი გარანტირებული წყარო და ყველაზე დიდი ტბაა კავკასიაში. აბსოლუტურად სამართლიანია იმის მტკიცება, რომ, თუ სევანს დავკარგავთ, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება სომეხი ერისთვის.
შარშან, ბუნების დაცვის სამინისტრომ სევანის ტბაში აზოტისა და ფოსფორის დონე შეამოწმა და მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა განაცხადა, რომ მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, თუმცა ზოგიერთი ფაქტორი შეჯამების პროცესშია. წყალმცენარეების ზრდა დაფიქსირდა არა მხოლოდ სევანში, არამედ სხვა წყალსაცავებშიც. ეს ფაქტორი ნალექის რაოდენობის შემცირებით, ტემპერატურის ზრდით, ჭუჭყიანი წყლის მომატებით და ა.შ აიხსნება. ამასთანავე, ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, რადგანაც არა მხოლოდ სევანი “აყვავილდა”, არამედ ადგილ-ადგილ – შავი ზღვაც. რადგანაც ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ის პირველი ზაფხული იყო და სომხეთი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას, ასევე სინგაპურად გადაქცევას, უმოკლეს ვადებში აპირებდა, სევანის ტბასთან დაკავშირებული ეიფორია სწრაფად გაიფანტა.
ერთი წლის შემდეგ, 2019 წელს, ეკოლოგებმა ისევ განგაში ატეხეს – სევანი ისევ გამწვანდა. ამჯერად მასშტაბები ბევრად უფრო კოლოსალური იყო და ამას ერთთვიანი სხვაობით თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები მოწმობდა. სომხურ სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ერთ დროს ცისფერი ტბის ფოტოები, რომელიც ახლა წყალმცენარეებით არის დაფარული და ცუდ სურნელს აფრქვევს. ასევე ვრცელდება დაღუპული ცხოველების ფოტოებიც. ამბობენ, ტბიდან წყლის დალევის შემდეგ, ცხოველები გასივდნენ და დაიხოცნენ. მსგავსი რამ დაემართათ თოლიებსაც.
სინამდვილეში რა ემართება სომხეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ რესურსს და მართლა არ აქცევს ხელისუფლება ყურადღებას იმ ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბებს, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ? სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეგზოტიკური შეფერილობა სევანმა წყალმცენარე ანაბენის (лат. Anabaena) წყალობით შეიძინა.
“ამ ტიპის წყალმცენარეები ტბა სევანში ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 40-იანი წლებში აღმოაჩინეს, ხოლო პირველი ყვავილობა 1964 წელს დაფიქსირდა, რაც მომდევნო წლებში სხვადასხვა დროს მეორდებოდა. ფართომასშტაბიანი ყვავილობა 2018 წელს დაფიქსირდა. ექსპერტების აზრით, ბალზამური წყალმცენარეების ზრდას, რამდენიმე ფაქტორი უწყობდა ხელს. ესენია: სევანის ტბის მიმდებარედ ათობით დასახლებული პუნქტიდან, ასევე სევანის სანაპირო ზოლში მოქმედი სასტუმროების და გასართობი საშუალებებიდან ჩამდინარე წყლები; სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა; ტბაში ფოსფორის და აზოტის მოხვედრა; მაღალი ტემპერატურა და კლიმატის ცვლილება; დაბინძურებული გარემო და ა.შ.”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთანავე, აღნიშნულია, რომ ვითარების მოსაგვარებლად სამინისტრომ უკვე გადადგა და მომავალშიც გადადგამს მთელ რიგ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ყურადღებისა და დაფინანსების მოსაზიდად.
მაგრამ, სანამ უწყებაში პროგრამები იწერება და კანონში ცვლილებები შეაქვთ, მუშავდება სამოქმედო გეგმა, ვითარება კვლავაც არახელსაყრელია. სანაპირო სოფლების მოსახლეობას ტბაზე პირუტყვის გამოყვანის ეშინია, რადგან სოფელ კარჩახბიურში ორი ძროხა უკვე დაიღუპა, ვეტერინარებმა თხუთმეტ ცხოველში საკვების გადამამუშავებელი პრობლემები დააფიქსირეს და უცნობია, ეს ცხოველები გადარჩებიან თუ არა. სოფელ ართანიშში, სევანის წყლის დალევის შემდეგ 7 ძროხა მოკვდა, ხოლო ცოვინარში -9. შარშან, სევანის ყვავილობისას, სოფლების მოსახლეობამ თითქმის ამდენივე მსხვილფეხა საქონელი დაკარგა.
შესაბამისი ინსტანციები ჯერჯერობით არ ჩქარობენ განცხადებების გაკეთებას იმასთან დაკავშირებით თუ, რამ გამოიწვია შინაური ცხოველების დახოცვა და ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობას, მით უფრო საბანაო სეზონის დადგომას თუ გავითვალისწინებთ. წყალმცენარეების უფრო ახლოს გაცნობა ეჭვებს, პრაქტიკულად სრულად ფანტავს:
“ანაბენა ციანობაქტერიების კლასიდან არის, ეს არის ლურიჯ-მწვანე შეფერილობის წყალმცენარე, რომელიც პლანქტონური სახეობების შემადგენლობაში შედის. ის ცნობილია თავისი აზოტფიქსირებადი შესაძლებლობით, ქმნის სიმბიოტურ ურთიერთობას გარკვეულ მცენარეებთან, რომლებიც აწარმოებენ ნეიროტოქსინებს, რაც ზიანს აყენებს ადგილობრივ ველურ ბუნებას, ასევე სოფლის მეურნეობას და შინაურ ცხოველებს”.
ამასთანავე, სომხეთის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ავეტისიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ძროხების დახოცვა სულაც არ უკავშირდება სევანის ტბას:
“ინციდენტი ტყეში, სოფელ კარჩახბიურთან ახლოს მოხდა. იქ არის დაჭაობებული ადგილები, სადაც ალფალფა იზრდება. ექსპერტებმა იციან, რომ ამ მცენარებს ძროხებში შებერილობის გამოწვევა შეუძლიათ, რაც თავის მხრივ ცხოველის სიკვდილს გამოიწვევს. წინასწარი მონაცემებით, მიზეზი სწორედ ალფალფაა”, – წერს ავეტისიანი თავის ფეისბუქგვერდზე.
ვითარება სასწრაფოდ გამოსასწორებელია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ მტკნარი წყლის მარაგთან დაკავშირებულ საფრთხეს, არამედ რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. როგორც ცნობილია, 8 ივლისის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს შორის ავიაკავშირი დროებით შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტების ნაწილმა, რომელიც დასვენებას მეზობელ ქვეყანაშ გეგმავდა, შესაძლოა, ისრები სომხეთისკენ გადასწიონ. უფრო მეტიც, ანალიტიკურ სააგენტო “ტურსტატის” ინფორმაციით, სევანის ტბა დსთ-ს ქვეყნების 2019 წლის ზაფხულის 5 საუკეთესო კურორტებს შორის მოხვდა.
სომხეთში დასვენების დადებით მხარეებს შორის დასახელდა, ასევე, ისეთ ფაქტორი, როგორიცაა უვიზო რეჟიმი, ადგილობრივ მოსახლეობას შორის რუსული ენის ცოდნა, იაფი დასვენება, გემრიელი საჭმელი და ხილის სიუხვე. საინტერესოა, რამდენად შეძლებს სომხეთი ასეთი მაღალი ტურისტული მიმზიდველობის შენარჩუნებას ბოლოდრიუნდელი ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე?
ლინა მაკარიანი
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი