ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ქართული ვიზის მიღების პროცედურა უკეთესობისაკენ შეიცვალა და მაქსიმუმ ათ სამუშაო დღეს მოიცავს. არსებობს სურვილი, რომ ეს ვადა კიდევ უფრო შემცირდეს, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტის მოზიდვას. ამის შესახებ გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში იუე ბინმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთი მზად არის გაამარტივოს სავიზო რეჟიმი.
“ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 100 მილიონი ჩინელი ტურისტი მოგზაურობს. მათი ნაწილი თქვენს ქვეყანაშიც რომ ჩამოვიდეს, ეს ქართული ეკონომიკისათვის სერიოზული ინვესტიცია იქნება. ჩინეთი მზად გამარტივდეს სავიზო რეჟიმი. თუ საქართველო დაინტერესდება ამ სავიზო რეჟიმის გამარტივებით, მაშინ შესაძლებელია ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყება”,- დასძინა დიპლომატმა.
იუე ბინის თქმით, 2015 წლის ივლისის მონაცემებით, ჩინეთმა საქართველოში 217,9 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახორციელა, რის წყალობითაც ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია. ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 420,9 მილიონ დოლარს შეადგენს. “ჩინეთმა 984 000 ბოთლი ქართული ღვინის იმპორტირება მოახდინა. შესაბამისად, ის საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის მეოთხე იმპორტიორი გახდა”, – ამბობს ელჩი.
ჩინელი დიპლომატის აზრით, ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სტაბილურად ვითარდება და მუდმივად იზრდება პოლიტიკური დონე. ეს ყველაფერი ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზეც აისახება.
“ჩინეთი და საქართველო “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” ნაყოფს უკვე იმკიან. „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ შექმნის ინიციატივა სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის სტრატეგიას, ქვეყანა ევრაზიის ლოგისტიკურ ცენტრად და დამაკავშირებელ სტრანსპორტად აქციოს. ამიტომაც ქართული მხარე ამ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს”, – დასძინა იუე ბინმა.
მისივე თმით, მხარეებმა “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” განვითარებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. ჩინეთსა და საქართველოს შორის ყველა დონის კონტაქტია გააქტიურებული და ეს ქვეყნები ერთმანეთს ყოველდღიურად უახლოვდებიან.
“მიმდინარე წელს საქართველოს ორივე ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირი ჩინეთში იმყოფებონენ. ჩინეთის კომუნისტური პარტიის, სახალხო წარმომადგენლობის ჩინური კონგრესის, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტანტო საბჭოს, ასევე შესაბამისი სამინისტროებისა და ადგილობრივი მთავრობების დელეგაცია ასევე იმყოფებოდა საქართველოში”, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ მხარეები ოქტომბერში, თბილისში “აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმს” ერთობლივად ჩაატარებენ.