ჩინური მხარე ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნით დაინტერესდა და მის ტერიტორიაზე ჩინეთის საავტომობილო ქარხნის წარმომადგენლობის გახსნის სურვილი გამოთქვეს. ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს, ჩინეთის იმპორტ -ექსპორტის პირველი საავტომობილო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე გაო ფანგი ესაუბრა.
როგორც დავით საგანელიძე აცხადებს, პროექტის განხორციელების შემთხევაში ქუთაისის ავტოქარხანაში ავტომობილებსა და მათთვის საჭირო დეტალებს დაამზადებენ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ბაზრისთვის იქნება იმპორტირებული.
დავით საგანელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჩინური მხარე საქართველოს და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონის ბაზარს სწავლობს და საქართველოში ინვესტიციების ჩადების დიდი სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის დასასრულს, გაო ფანგმა დავით საგანელიძეს საჩუქრად ჩინური ავტომობილის პატარა მოდელი გადასცა.
მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” საპარლამენტო ლიდერმა დავით საგანელიძემ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციებთან, რამდენიმე შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ბიზნეს პროექტი განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და 9-11 სექტემბერის დაოსის აზიის ეკონომიკური ფორუმის საკითხები, დავით საგანელიძემ ჩინეთის დალიანის პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჰან ქიანგისთან შეხვედრისას განიხილა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, დალიანის პროვინციასთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, დალიანსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას შორის დამეგობრების მემორანდუმს გააფორმებენ. დოკუმენტს ხელი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოეწერება.
დალიანის პროვინციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ელმავალ და ვაგონმშენებელ ქარხნებს შორის თანამშრომლობის საკითხითაც დაინტერესდა.
ფან ქიანგიმ დალიანის პროვინციაში ქართული კულტურული დღეების გამართვის სურვილიც გამოთქვა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიესალმა და ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებას დაჰპირდა.