თბილისის, რუსთაველის თეატრის დიდი სცენა პირველად დაეთმო მსჯავრდებულ ქალებს, რომლებმაც სპექტაკლი “ჩემი მძევალი ანგელოზები“ წარმოადგინეს. სპექტაკლისთვის შერჩეულ მსჯავრდებულებს თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ოთხი თვის განმავლობაში ამზადებდა, რეჟისორთან და დრამატურგთან ერთად პატიმრებთან ფსიქოლოგიც მუშაობდა. შეხვედრებზე ბევრი აქტუალური საკითხი გამოიკვეთა, რომელთა გათვალისწინებითაც დაიწერა პიესა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სპექტაკლი 5 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გათამაშდა. მსჯავრდებულ ქალბატონებთან ერთად წარმოდგენაში პროფესიონალი მსახიობი გიორგი ზანგურიც მონაწილეობდა. მან განასახიერა დამნაშავე, რომელიც ბანკის ძარცვის მიზნით მძევლებს აიყვანს და მოკვლით ემუქრება. თითეულის ცხოვრებისეული ეპიზოდების მოსმენის შემდეგ, მამაკაცი სრულიად იცვლება და ქალბატონებს თავადაც უზიარებს საკუთარ პრობლემებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მძევლებს ათავისუფლებს. სპექტაკლი ძალზეც ემოციური გამოვიდა. მსჯავრდებულებს, რომლებსაც წლების განმავლობაში არ დაუტოვებიათ დაწესებულება, საშუალება მიეცათ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ეთამაშათ. მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ამ ამბავს სკანდალური გაგრძელება უკვე რეალურ ცხოვრებაში მოჰყვა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელიც ღონისძიებას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა, მსჯავრდებულებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პატიმართა შეწყალების უფლება ითოხვა. მან სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს საჩუქრად ხატი გადასცა, დააჯილდოვა სპექტაკლის მონაწილეებიც, ხოლო პრემიერმინისტრს საკუთარი გულის ჯვარი უსახსოვრა.
“პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები” – განაცხადა ილია II-მ და გადაწყვეტილების მიღება პრემიერმინისტრისგან ითხოვა. ირაკლი ღარიბაშვილს პატრიარქის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით იმ მომენტში კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, კახი კახიშვილი აღფრთოვანდა და განაცხადა, რომ პატრიარქის სურვილის განხილვა ღირს.
როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული და 73-ე მუხლის თანახმად ამის უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ილია II-ს ინიციატივის დასაკმაყოფილებლად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.
“როდესაც პატრიარქი გამოთქვამს სურვილს, მომეცით საშუალება შეწყალება გავიღოო, ამ ინიციატივის განხილვა საჭიროა. მეორე თემაა, როგორ შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლების მინიჭება. მაგალითად საქართველოს პრეზიდენტზე პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ უფლება აქვს შეიწყალოს. არის მეორე ფორმაც, დაკანონდეს შუამდგომლობა პრეზიდენტის სახელზე თავად პატრიაქრის ხელმოწერით, რომელიმე მსჯავრდებულის შეწყალებაზე,“- აცხადებს კახიშვილი.
მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიურად მიიჩნევს და თხოვნით მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტს ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყონ.
“უწმინდესი და უნეტარესი ილია II ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურისა და რამდენიმე მინისტრის მსგავსად პატრიარქის ინიციატივა მმართველი გუნდის სხვა დეპუტატებმაც აიტაცეს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ პატიმართა შეწყალების საკითხში პატრიარქის როლის გაზრდაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იმსჯელონ და ხშირად გაითვალისწინონ საპატრიარქოს რეკომენდაციები. განსახვავებულ პოზიციაზე აღმოჩნდა მმართელი კოალიცია „ქართული ოცნების“ „რესპუბლიკური“ ნაწილი და ოპოზიციის მსგავსად, საპატრიაქროს მხრიდან თეოკრატული მმართველობის დამყარების მცდელობაზე დაიწყეს საუბარი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამას პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ და ამბობენ, რომ ეკლესიის ჩართვა პოლიტიკაში საზიანოა, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ეკლესიის ავტორიტეტისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარე, “რესპუბლიკელმა“ დავით უსუფაშვილმა მომხდარს მცირე გაუგებრობა უწოდა: “არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონოდეს. არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი. შეწყალება სასიამოვნო უფლება არ არის. შესაძლოა, აქ უფრო ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთვის გადაცემაზე, ან გაყოფაზე”.
მისივე თქმით, ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, სულიერი მოძღვარის ექსკლუზიური უფლებაა. მაგრამ მეორეა დამნაშავის სასჯელისგან გათავისუფლება – შეწყალება, რომელიც მძიმე ტვირთია.
პატიმრების შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭებას ეწინააღმდეგება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, “რესპუბლიკელი“ პაატა ზაქარეიშვილიც და აცხადებს, რომ ყოველ პოლიტიკურ მოქმედებას სახელმწიფოში ახორციელებს ხალხის მიერ არჩეული ორგანო, ან არჩეული ორგანოს მიერ დანიშნული ადამიანი, ან ინსტიტუტი.
“საპატრიარქო, პატრიარქი, ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ დანერგილი, სახარებაზე დაფუძნებულია და კონსტიტუციასთან არავითარი პირდაპირი კონტაქტი არ გააჩნია“, – განაცხადა მან.
პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭებას ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევად აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში მსგავსი ცვლილების შეტანით დაირღვევა სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისგან დამოუკიდებლობის კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპი.
“ჩვენ ვართ საერო სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა, ალბათ, ხორცს ვერ შეისხამდა“, – მიაჩნია წულუკიანს.
პატრიარქის ინიცატივას უკმაყოფილება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც და მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპერატიულად დაგეგმეს საპროტესტო აქცია – “გადადექი, წადი მონასტერში“. მოგვიანებით აქცია გააუქმეს, მიზეზად საზოგადოების ერთი ჯგუფის მხრიდან მუქარის შემცველი წერილები და შესაძლო საფრთხეები დაასახელეს.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია აცხადებს, პრობლემა არის არა ეკლესიაში, არამედ ხელისუფლებაში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს საერო, ლიბერალურ კონსტიტუციაზე დაფუძნებული სახლემწიფო და პოლიტიკური სპეკულაციებს აჰყვნენ.
ლიბერალურ სახელმწიფოში არავინ ზღუდავს ეკლესიას, ის ჰარმონიულად თანაარსებობს სახელმწიფოში სხვა ჯგუფებთან ერთად. მას აქვს მკაფიოდ განკუთვნილი ადგილი და ის ვერ ერევა სამართლებრივ პროცესებში“, – განაცხადა ხოშტარიამ.
სანამ ილია მეორის ერთი შეხედვით უწყინარი სურვილი პოლიტიკურ სკანდალში გადაიზრდებოდა, საპატრიარქოს მხრიდან განმარტებები გაკეთდა. კერძოდ, რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე გათამაშებული მსჯავრდებულების სპექტაკლის გამო, მეტად ემოციური გარემო შეიქმნა და პატრიარქის სიტყვებიც მისი განწყობის გამოძახილი, მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი იყო და არა ამ წინადადების საკანონდებლო დონეზე განხილვის მოთხოვნა.
ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას“ მმართველ კოალიაციაში “რესპუბლიკელების“ სხვა პოლიტიკური ძალით ჩანაცვლება სურს და ამას საბაბად გამოიყენებენო. სკანდალს წერტილი ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ დაუსვა და საკითხი დახურულად გამოაცხადა:
“უკვე მერამდენედ ვნახეთ, თუ რა სირთულეები შეიძლება შეუქმნას ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი პოლიტიკოსების მიერ, ქვეყნის და სახელმწიფოს მოწყობის ფუნდამენტური კანონების ბოლომდე გაუაზრებლობამ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
შეწყალების სახელმწიფო კომისიაში საპატრიარქოს უკვე ჰყავს წარმომადგენელი და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმაც ამ სივრცეში შეუძლიათ. ამდენად კონსტიტუციის შეცვლის, ან დამატებითი კომისიის შექმნის საჭიროებაც არ უნდა არსებობდეს. ამ ეტაპზე პრობლემა ამოწურულია. არც პრეზიდენტს ეტყობა თავის ექსკლუზიური უფლების ვინმესთან გაზიარება სურდეს. ამ ამბავმა ერთი ძველი საბავშო თამაში “ჩემი ოქრო ჩემთან!“ განახსენა… და მაინც ვის ხელში უნდა იყოს ეს “ოქრო?“
როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, თავისუფლებააღკვეთილ პირთა და ზოგადად, მსჯავრდებულთა შეწყალება დაახლოებით იგივე უფლებაა, რაც კანონების მიღება და მერე მათ საფუძველზე ადამიანების დასჯა, ამდენად ის სასულიერო პირისთვის შეუფერებელია.
მისივე თქმით, თავისუფლებააღკვეთილ პირთა შეწყალების უფლება აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციაა. ეს არის ინსტრუმენტი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. სასამართლო მეტწილად სამართლის ჩარჩოებში მოქცეული სახელისუფლებო ორგანოა. ის უძლურია იმოქმედოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. პრეზიდენტს კი, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს შეუძლია მიიღოს სამართლისგან თავისუფალი გამოწვევების ადეკვატური გადაწყვეტილება. ამ ფუნქციის ეკლესიისთვის გადაცემა კი რელიგიურის საეროში შეჭრას ნიშნავს.
შორენა პაპაშვილი