საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები კვლავ საფრთხის წინაშეა. მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” კატეგორიულად მიუღებელია სრულად პროპორციული სისტემა, რის დაპირებაც თავად “ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მისცა დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს. ოპოზიცია კი, მაჟორიტარული სისტემის გაცამტვერებას ლამობს, რადგან შიშობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარების წყალობით “ქართული ოცნება” კვლავ შეძლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას.
სავარძლებისთვის ბრძოლა საქართველოში ასე ღია და შეუნიღბავი, როგორიც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა. აქამდე პარტიები, ამომრჩევლის გულის მოგებას სხვადასხვა რეალური, თუ არარეალური დაპირებებით მაინც ცდილობდნენ, ახლა კი ყველაფერი ხელისგულზე დევს – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავის განაყოფ “ევროპულ საქართველოსთან” ერთად კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ლამობს, დანარჩენი “წვრილ-წვრილი” პარტიები კი, ნამცეცებზეც თანახმანი არიან. მიზანი ერთია – ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამხობა დემოკრატიის საფარქვეშ.
საარჩევნო სისტემისთვის ჭიდილში არ მონაწილეობს პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსი”, რომელიც საქართველოს მოსახლეობის, არც თუ უმნიშვნელო ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს. “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილი შეფასებით, სახეზეა პრიმიტიული კომპოზიცია, სადაც მარჯვნივ და მარცხნივ კომედიანტები არიან, ორივე მხარემ ერთად კი, ქვეყნის მართვა საცირკო სანახაობას დაამსგავსა.
“ამ კომედიანტებისთვის პოლიტიკური პროცესი და თვითონ პოლიტიკა იგივეა, რაც კაუჩუკის წითელი ცხვირი, რომელიც ბავშვებს ამხიარულებს. ამ კომედიანტებისთვის მაყურებელი და მაყურებლის აზრი ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, მაყურებელმა იცის, როგორ მოიქცეს. ეტყობა, ამ კომედიანტებს დაავიწყდათ, რომ საქართველოს ძალზედ გონიერი და გემოვნებიანი მაყურებელი ჰყავს”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
ირმა ინაშვილი ტრაგიკომედიად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესებს აფასებს. პროკურატურამ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების თბილისის მერი გიგი უგულავა კვლავ ციხეში დააბრუნა. მას მერობის პერიოდში ჩადენილი მორიგი დანაშაული გაუხსენეს და “თბილისის განვითარების ფონდიდან” 50 მილიონი ლარის გაფლანგვა შეახსენეს. ოპოზიციამ, არც აცია, არც აცხელა და უგულავას პოლიტპატიმარი უწოდა. ხმა დასავლელ პარტნიორებსაც მიაწვდინეს და “ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმში ჩააყენეს.
აშშ-ს საელჩოში, უგულავას დაპატიმრებით იმედგაცრუებულნი დარჩნენ და ეჭვი გამოთქვეს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგი რისკის წინაშე აღმოჩნდება. საელჩომ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც მხარეებს მოუწოდა დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი.
“დიალოგის წარმატებით გასაგრძელებლად საჭიროა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო”, – აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
ამის შემდეგ, თბილისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა (Chris Socha) ეწვია, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ ჯიმ რიშის გზავნილი, გადასცა, რომ “სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“.
ამასობაში ციხე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების სხვა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ექსპრემიერმა და შს ექსმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დატოვა. თავისუფლებაზე გამოსული ექსპრემიერის პირველი სიტყვები იყო ხელისუფლების მიმართ მუქარა, რომ ერთ წელიწადში მას დაამხობს. მერაბიშვილმა ივანიშვილს მოუწოდა მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება ოპოზიციას. მმართველი პარტიის ლიდერები კი, ოპოზიციას კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან ელიან, თან ახსენებენ, – დრო თებერვლის ბოლოს იწურებაო. აშკარად დავიწყნიათ კომედიანტებს ხალხის არსებობა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ხელისუფლებას პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 115/35-ზე გადანაწილებას და ბარიერის გაუქმებას სთავაზობს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ “ენმ” და “ევროპული საქართველო” დიალოგზე უარს ამბობენ, პარლამენტში არსებულ დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს – მმართველ გუნდს, “პატრიოტთა ალიანსს”, ფრაქცია “დამოუკიდებელ დეპუტატებს” და უფრაქციო დეპუტატებს – აქვთ რესურსი, საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელონ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ჩიხურ ვითარებას ვერ ხედავს და უცხოელი დიპლომატების აქტიურობის იმედი აქვს.
“ვხედავთ, რომ ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ კრის სოჩას, ვხედავთ, რომ ბოლო დღეებში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ინტენსიურად დადის პარლამენტში, ჩნდება საარჩევნო სისტემის ახალ-ახალი ვარიანტები, მათ შორის ჟორჟოლიანის 115/35-ზე. ეს ყოველივე ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, რომ ვთქვა, – მაგიდა არ დარჩება აყირავებული. თებერვლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე დღეა”, – აცხადებს გია აბაშიძე.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან კარი მარტამდე იქნება ღია. ეს კარი, არც ოპოზიციას დაუხურავს უგულავას დაპატიმრების გამო. ანუ ბოლომდე არ გაიჯახუნეს კარი. ანალიტიკოსის აზრით, პოლიტიკური მოთამაშეები უნდა მივიდნენ კომპრომისულ ვარიანტამდე, რათა დასრულდეს დღეს არსებული “ტელედაძაბულობა”, ოპოზიციის გაუგებარი და ხულიგნური ქმედებები, იქნება ეს პარლამენტში ქიმიური ხსნარების მოსხმა, შენობის დაბოქლომება თუ სხვა.
“ოპოზიციას თუ სურს ამომრჩევლისგან ათასობით და ათიათასობით ხმის მიღება, კონსტრუქციულ კალაპოტში უნდა დაბრუნდნენ. წინააღდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად გამარგინალდებიან. ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ სააკაშვილი არის მძიმე პოლიტიკური ტვირთი, რომ მისგან ადეკვატური აღარაფერი მოდის გარდა დესტრუქციისა და რევოლუციური სცენარის, ურჩობისა და ჩამოგდებისა. დღეს, პარტიული მუშაობის ნაცვლად ტელეეთერებიდან გვესმის ღრიალი და იფრქვევა ემოციები. საჭიროა პარტიული მუშაობა, როგორც მხარდამჭერებთან, ასევე ამომრჩეველთან”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკური მოლაპარაკებების შემაფერხებელ ფაქტორად განიხილავს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, მხარეებს შორის შეთნხმებას პირი არ უჩანს. მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის იმედი აქვს, რომ მოახერხებენ ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას.
Dalma News-ის კითხვაზე, მოახერხა თუ არა ხელისუფლებამ დაერწმუნებინა საერთაშორისო პარტნიორები, რომ უგულავას დაკავებას არ ჰქონდა პოლიტიკური საფუძველი, ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ არჩევნები იმ სისტემით ჩატარდა, რომელიც არ იქნება ფართო საზოგადოების კონსენსუსის შედეგი, როგორც ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვთხოვენ, ეს კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას და არჩევნების მოახლოების კვალობაზე არავინ იცის რა მოხდება.
ექსპერტის მოსაზრებით, საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ საკმარისი ბერკეტი, როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე ზემოქმედებისთვის. ხოლო, კითხვას, არის თუ არა უგულავა პოლიტპატიმარი, მას შემდეგ გაეცემა პასუხი, რაც ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი კომისია გაეცნობა გიგი უგულავას საქმეს. ევროპარლამენტარების იმედი აქვთ მმართველ პარტიაშიც. “ოცნების” ლიდერების თქმით, უგულავამ მართლაც მოიპარა 48 მილიონი, გამოძიების მსვლელობისას პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა და ამას აღნიშნული კომისიაც დაადასტურებს.
როგორც Dalma News-თან საუბრისას ექსპერტები ამბობენ, საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია საქართველოს უკარნახოს, თუ როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეს, ეს თავად ქვეყნის გადასაწყვეტია. რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ ისეთი საარჩევნო სისტემა მიიღოს, რაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ დაუტოვებს იმის განცდას, რომ სისტემა უსამართლოა. მაგრამ მეორე საკითხია, რა უფრო მეტად აინტერესებს საქართველოს მოსახლეობას, საარჩევნო სისტემა, თუ პროგრამები? იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარტიების საპარლამენტო მანდატებისთვის ჭიდილი საერთოდ არ შეესატყვისება ქვეყნის რეალურ სოციალურ მდგომარეობას. ეს NDI-სა და IRI-ის ბოლო გამოკითხვებმაც დაადასტურა, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი მოსახლეობის პრიორიტეტულ თემებს შორის, პირველ ათეულშიც კი ვერ მოხვდა.
“საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის და გრძნობს, რომ საარჩევნო სისტემაზე დავა, ეს არის პოლიტიკური პარტიების ინტერესი და არა საზოგადოებაზე ზრუნვის გამოხატულება. ადამიანებისთვის მთავარია ის, რომ მათ წინაშე არსებული საჭირბოროტო პრობლემები მოგვარდეს. მოსახლეობის პრიორიტეტებია: სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა უსაფრთხოება. რიგითი ამომრჩევლისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ამას სახელმწიფო მაჟორიტარული სისტემით უზრუნველყოფს, შერეულით და პროპორციულით. ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, თუ, რატომ არ მიდის ხალხი ოპოზიციის მიტინგზე, არის ის, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა არ არის მათთვის პრიორიტეტული. რატომღაც ეს არ ესმით იქითა ბანაკში”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე მოსაზრებით, პოლიტიკური ბალაგანი დასრულდება პლებისციტის შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსები ხალხს შეეკითხებიან, რა ტიპის საარჩევნო სისტემა სურთ? არსებობს იმის მაღალი ალბათობაც, რომ სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანოს ქვეყანა.
შორენა პაპაშვილი
P.S. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 76 დეპუტატის ხელმოწერით უახლოეს პერიოდში უნდა შევიდეს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მოესწროს. “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე კი, ოპოზიციას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს და გონივრულ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს.