ძველი თბილისის ერთ ძველ თბილისურ ეზოში, ზაფხულის ერთ საღამოს, ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და ებრაული მუსიკა, ერთიან ჰარმონიაში გაერთიანდა. 8 ივლისს, ჯავახიშვილის ქუჩის #37 – ში, საქართველოს დედაქალაქში მცხოვრები ეთნოსების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
წვიმა, ბოლო დროს თბილისის ხშირი სტუმარია და გაავდრების მოლოდინში საღამო ფერად-ფერადი ქოლგებით მორთული გამოვიდა. ერთ მომენტში წამოწინწკლა კიდეც, ცამ გაიელვა, მაგრამ სომეხმა მოცეკვავეებმა იხტიბარი არ გაიტეხეს და წვიმას “ქოჩარი” შეაგებეს.
როგორც მოცეკვავეებმა განგვიმარტეს ცეკვა “ქოჩარი” – ერთობას ნიშნავს. ეს ცეკვა ძველი სომხეთის ერთ-ერთ დედაქალაქ კარინში, ამჟამინდელ ერზრუმი დაიბადა. ეს ქალაქი დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ხელიხელ ჩაკიდებულმა მოცკვავეებმა მინი წარმოდგენა გამართეს, ამასობაში თბილისის ცას გაავდრების სურვილმა გადაუარა.
საღამო ქართულმა ინსტრუმენტულმა ჯგუფმა “ბარაკამ” და მომღერალმა ეკა მამალაძემ გახსნეს. საკონცერტო ნომრებს შორის, ისმოდა დიდი კვლევის შედეგად აღმოჩენილი XIX საუკუნის ჩანაწერები. საღამოს წამყვანი ქეთევან ბაიაშვილი, ეზოში შეკრებილებს თბილისის შესახებ საინტერესო ისტორიებს უამბობდა. ასე მაგალითად, თბილისში უცხოვრია საზის ცნობილ დამკვრელს, ვინმე ყარა-ლუკა ბერიძეს, რომელიც დაუმარცხებელი ყოფილა ძველი თბილისის ქარვასლებში გამართულ მუსიკალურ შეჯიბრებებში. ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრია “ტუჩდაუდებელი სიმღერა”. ის თბილისში და ზოგადად იმ ეპოქის აღმოსავლეთში გავრცელებული იმპროვიზაციული სიმღერის ტიპია, რომლის დროსაც მომღერალს ისეთი სიტყვებით უნდა შეედგინა ტექსტი, რომ ტუჩი ტუჩს არ შეხებოდა. ძველი თბილისი ცნობილი იყო არა მხოლოდ ჭიდაობითა და ყეენობით, არამედ ასეთი კონკურსებითაც, რომელშიც ყარა-ლუკას ცხრაჯერ გაუმარჯვია. ზედმეტსახელი “ყარა” მისთვის ძალიან შავი და ხშირი წარბების გამო შეურქმევიათ.
თბილისის ქარვასლებში ჩამოსულ ვაჭრებს თან ახლდათ მუსიკოსები. ისინი აუცილებლად ჩერდებოდნენ თბილისის რომელიმე ქარვასლაში და ამ კონკურსში მონაწილეობდნენ.
“ასეთ, კონკურსებში ხელის გულივით ჩანდა თბილისის მოსახლეობა. იქ არ იყო გარჩევა, ვინ საიდან იყო ჩამოსული, ვინ სად ცხოვრობდა. იქ ყველა ერთი იყო და ყველა მონდომებით ემზადებოდა ამ კონკურსისთვის”, – განაცხადა ქეთევან ბაიაშვილმა.
ასეთი საინტერესო ისტორიის შემდეგ თბილისური ეზოს მაცხოვრებლების წინაშე ებრაულ სახლთან არსებული ვოკალური სტუდია “შირის” წევრები წარდგნენ. სტუდიის ხელმძღვანელია თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ვილი გრიგორიანი. ებრაელმა ახალგაზრდებმა ცნობილი ივრითული სიმღერების პოპური შეასრულეს და მაყურებლებიც აიყოლიეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მულტიეთნიკური ღონისძიებების ჩატარება. სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, ქურთებმა, ებრაელებმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ თბილისის მულტიკულტურული გარემოს განვითარებაში. აღვადგინოთ ასეთი ტრადიციები”,- განაცხადა Dalma News-თან საუბრისას ანა ბადალიანმა.
მისი აზრით, ის რომ სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ძირძველი მოსახლეობა ნელ-ნელა ტოვებს საქართველოს, ეს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიური მდგომარეობით არის განპირობებული. მათ მსგავსად ბევრი ქართველი იმყოფება ემიგრაციაში. თბილისური ეზოს ტრადიციის თანდათან დაკარგვას ხელს უწყობს ახალი მშენებლობებიც.
“ნელ-ნელა ქალაქი კარგავს ძველ იერ-სახეს. საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა მეტად უნდა იაქტიურონ, მოხდეს კულტურათა შერწყმა და ამის შედეგად აღდგეს თბილისური ეზოს ძირძველი ტრადიცია”, – განაცხადა მომღერალმა.
აზერბაიჯანელი მომღერალი თინა მეითოვა თბილისელია, ცხოვრობს ორთაჭალაში და ამბობს, რომ მრავალი მიწვევის მიუხედავად, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლაზე არ ფიქრობს. მიაჩნია, რომ საქართველოს სიმდიდრე და სიძლიერე სწორედ მის მრავალეთნიკურობაშია.
“დღევანდელმა საღამომ სასწაული მოახდინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს სიძლიერე. გასტროლებზე ყოფნისას ხშირად მეკითხებიან, – საქართველო ღარიბი ქვეყანაა და რატომ არ გააგრძელებ პროფესიულ კარიერად აზერბაიჯანში ან თურქეთშიო? მე ვპასუხობ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა, იმიტომ, რომ ის არის მრავალეროვნული. დღევანდელმა საღამომ ეს დაამტკიცა. დღეს ყველამ ჩვენი შესაძლებლობები გამოვამჟღავნეთ და ამით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი მუსიკის შექმნა”, – აცხადებს მომღერალი.
თინა მეითოვა აზერბაიჯანული ეროვნული სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია. ეროვნების მიუხედავად თავს საქართველოს შვილს უწოდებს და ამბობს, რომ იმ სიყვარულს, რასაც აქ პოულობს, სხვაგან ვერსად იპოვის. უცხო ქვეყანაში გასტროლებზე ყოველთვის საქართველოს სახელით და სახელმწიფო დროშით გამოდის.
“როდესაც აცრემლებულ მაყურებელს ვხედავდი, რამდენჯერმე თავი ცუდად ვიგრძენი და კინაღამ ავტირდი. მაგრამ ეს იყო სიხარულის ცრემლები”, – გვითხრა თინამ.
აზერბაიჯანელი მომღერლის გამოსვლას, კონცერტის წამყვანმა კიდევ ერთი საინტერესო ისტორია წარუმძღვარა წინ. თურმე, საკრავები თარი და საზი, ძველ თბილისში მეტად პოპულარული ყოფილა. ცნობილია, რომ XIX საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანი კარგად უკრავდა თარზე. ეს საკრავი იმდენად პოპულარული ყოფილა, რომ თბილისში ხელოსნებს პატარა საკრავების დამზადება დაუწყიათ, რათა ბავშვებსაც ესწავლათ ინსტრუმენტზე დაკვრა.
აზიური მუსიკის დიდი მოყვარული ყოფილა ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი ილია ჭავჭავაძე. განსაკუთრებით კი “აქლემური” ჰყვარებია. როდესაც ქარავნის მსვლელობისას რომელიმე აქლემი დაიღლებოდა და წამოწვებოდა, მის წამოსაყენებლად მოქარავნეები “აქლემურს” უკრავდნენ.
“ეს მუსიკა საქართველოს ბედს მაგონებს, დაჩოქილია, მაგრამ მჯერა, რომ აუცილებლად წამოდგება”, – ამბობდა ილია.
პროექტი “თბილისური ეზო” “არტარეას” ორგანიზებულია, რომლის ფარგლებშიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ულამაზეს ეზოებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ღონისძიებები იმართება.
როგორც Dalma News საღამოს ორგანიზატორმა, კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ განუცხადა, ჯავახიშვილის ქუჩის #37 მდებარე თბილისური ეზო მისთვისაც აღმოჩენა იყო და დარწმუნებულია, რომ ამ საღამოს შემდეგ ეზო სხვაგვარად განაგრძობს ცხოვრებას. ის ენერგია, რომელიც მუსიკოსებისგან მიიღეს, არსად გაქრება.
მისი შეფასებით, ეს, უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თბილისში განხორციელებულა. საღამოს ორგანიზატორები შეეცადნენ ის მუსიკა დაებრუნებინათ თბილისურ ეზოში, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ აქტიურად ჟღერდა ამ ქალაქში და იყო ბოჰემური. კონცერტში ვერ მოხერხდა ქურთი დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობა, თუმცა მიხეილ მდინარაძე იმედოვნებს, რომ მსგავსი ღონისძიება, გაცილებით ფართო მასშტაბებით კიდევ არაერთხელ გაიმართება თბილისში, სადაც, ასევე წარმოდგენილნი იქნებიან ბერძნები, პოლონელები, უკრაინელები და სხვა, მრავალი ეთნოსის წარმომადგენლები, რომლებიც ოდითგანვე ცხოვრობდნენ თბილისში.
“ეს არის, კონსერვირებული, მივიწყებული, გამქრალი თბილისის შუქჩრდილების გაცოცხლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი მომაკვდავი ქალაქისთვის. აღმოჩნდა, რომ ბეტონის კუბებში ჩაფლული, გამქრალი ქალაქი თავისი მაცხოვრებლებით კვლავ შესაძლოა გახდეს იმ საოცარი ენერგეტიკის მატარებელი, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა. ამ ყველაფერს ქმნიდა მულტიკულტურალიზმი, ყველაზე დიდი ბრილიანტი, რომელიც თბილისს ადგას გვირგვინად”,- აცხადებს მიხეილ მდინარაძე.
მისივე თქმით, თანდათან გართულდა თბილისში ეთნიკური უმცირესობების შემოქმედებითი ჯგუფების მოძებნა, რაც შემაშფოთებელია.
“მუსიკა, რომელსაც სხვადასხვა ეთნოსები ქმნიდნენ, თბილისური მუსიკა ხდებოდა. ქართული აშუღები ყველგან იცნობიან და განირჩევიან აზერბაიჯანელი და სპარსი აშუღებისგან. შესაბამისად ძალიან მტკივა, რომ ეს ადამიანები ცოტანი დარჩნენ. ეს პირველ რიგში თბილისელების პასუხისმგებლობის საკითხია”, – გვითხრა კომპოზიტორმა.
საღამოს ფინალი იყო ყველაზე ამაღელვებელი, როდესაც კონცერტში მონაწილე ყველა ეთნოსის წარმომადგენელმა ერთად დაუკრა. მუსიკოსებმა რეპეტიციის გარეშე, მაყურებლის წინაშე, სპონტანურად შექმნეს ერთობლივი, მრავალეთნიკური მუსიკა. სომეხი, აზერბაიჯანელი, ებრაელი და ქართველი მომღერლები ერთმანეთის გვერდიგვერდ, მონაცვლეობით მღეროდნენ მშობლიურ სიმღერებს, მაყურებელი კი ცრემლებს ვერ იკავებდნენ.
ასეთი იყო “თბილისური ეზოს” მორიგი თბილისური საღამო, რომელზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.
შორენა პაპაშვილი
ფოტო – CARC