მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების პრემიების გაზრდა – შემცირების საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, მმართველ პოლიტიკურ წრეებში პერიოდულად გაისმის “ქამრების შემოჭერის” მოწოდებები. საპარლამენტო უმრავლედობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა სიტყვა საქმედ აქცია და საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, თუმცა კოლეგა დეპუტატებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო. უფრო მეტიც, ოპოზიციასთან ერთად მმართველი გუნდის წევრების გულისწყრომაც დაიმსახურა.
ქუცნაშვილს სურს, რომ მაღალი რანგის საჯარო მოხელეები 2016 წლის პირველ იანვრამდე მხოლოდ ხელფასით დაკმაყოფილდნენ და უარი თქვან პრემიებზე. მისი აზრით, ინიციატივა საჯარო მოხელეთა მიმართ, საზოგადოებაში არსებულ გაღიზიანებს გააქარწყლებს და ამავდროულად “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან 4,5-მილიონი ლარის დაზოგვა იქნება შესაძლებელი. დეპუტატის ინიციატივა გასულ კვირას საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებში განიხილეს, სადაც მას მხარი დაუჭირეს. ინციატივის მოღების შემთხვევაში ცვლილება 747 მაღალი რანგის თანამდებობის პირს შეეხება, კერძოდ კი მათ ვისი ხელფასიც 2000 ლარს აჭარბებს.
ქუცნაშვილის პოზიციას არ იზიარებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და აცხადებს, რომ საჯარო სამსახურში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ
საკანონმდებლო ინციატივის განხილვისას ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. ისიც თქვეს, რომ სამართლებრივ – ტექნიკური თვალსაზრისით კანონპროექტი არ არის გამართული და წინააღმდეგობაში მოდის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმებთან. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თამჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეთა ხელფასების საკითხზე მთავრობა საჯარო სისტემის რეფორმირებას გეგმავს და ეს საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო.
“პირადად მაქვს ურთიერთობა ხალხთან. მათი მხრიდან ერთ-ერთი მთავარი გაბრაზება, არის ის, რომ ეს ცუდი, მახინჯი მემკვიდრეობა დროულად არ შევცვალეთ. როგორც ჩანს, ხალხთან ურთიერთობა ნაკლებად გაქვთ”, – უპასუხა კახიანს ქუცნაშვილმა.
დეპუტატი ქუცნაშვილის ინიციატივას ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ქუცნაშვილი კრძალავს იმას, რასაც მინისტრები და თანამდებობის პირები ისედაც არ იღებენ, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ თავის დროზე მაღალი პრემიერის შემოღებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის პოლიტიკური ფასიც გადაიხადეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხათუნა გოგორიშვილის შეფასებით, კანონპროექტით, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილმა წარმოადგინა, არაფერი დაიზოგება. მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიიღო დადგენილება და შემოიღეს წესი პრემიების შესახებ, ამის შემდეგ ნამდვილად აღარ იღებენ პრემიებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხა არ იხარჯება. იმაზე მეტი თანხა იხარჯება, რაც იხარჯებოდა. უბრალოდ ამ თანხას ხან ქვია დანამატი, ხან ჯილდო და ასე შემდეგ”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა და დასძინა, რომ მათი პარტია თანამდებობის პირებისთვის ყველანაირი დანამატის აკრძალვას მოითხოვენ.
ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდანაც. ნაწილი აცხადებს, რომ ეს მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” დაპირება იყო. ხალხს არ მოსწონდა, როცა ამას “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს შეცდომა არ უნდა გაიმეოროს.
ნაწილი კი შიშობს, პრემიების შეზღუდვით საჯარო მოხელეებმა ალტერნატიული გზის ძიება არ დაიწყონ და კორუფციამ ისევ არ მოიკიდოს ფეხი სახელმწიფო უწყებებში. ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის აზრით, ეს საფრთხილო თემაა. “კარგია, როცა ვსაუბრობთ, რომ უნდა შევზღუდოთ, მაგრამ ეს სახელმწიფოსთვის უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს. არ ვარ მომხრე, რომ ზოგს ჰქონდეს მხოლოდ 200 ლარი და ზოგს – 5000, მაგრამ, როდესაც თანამდებობაზეა პირი და ხელი მიუწვდება ფინანსებზე და ჩვენ ამ ლეგალურ საშუალებას შევუზღუდავთ, არ მოხდეს ისე, რომ ამან გამოიწვიოს კორუფციის გაძლიერება”.
ზაქარია ქუცნაშვილის ინციატივას ინტერნეტმომხმარებელმაც შეაწია ორიოდ სიტყვა. მათი უემეტესობის შეფასებით, ეს ყველაზე კარგი წინადადებაა მათ შორის, რაც კი ბოლო პერიოდში მოუსმენიათ: “ბევრი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა და მიმაჩნია, რომ ეს ღირსების საკითხია. როცა ადამიანები შიმშილობენ, მოხელეს არც მორალური, არც კაცური და არც ადამიანური უფლება არ აქვს პრემია აიღოს…”
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მოხელემ, კეთილსინდისიერი მუშაობით პრემია თუ კი დაიმსახურა, უნდა მიიღოს. არიან უფრო რადიკალურად განწყობილებიც: “ბანდიტები, რომელნიც ყვლეფენ სახელმწიფოს და ხალხის ფულს, აი ვინ მოიყვანეს ხელისუფლებაში ოცნებისტებმა. ახლა სახელის შეცვლა უნდათ დანამატი, ან ჯილდოო…ამით რა იცვლება? სამარცხვინოები ხართ, მაგრამ არ გრცხვენიათ, რადგან შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი…”
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” IDFI დაინტერესდა, რამდენად აისახა 2015 წლის პირველ კვარტალში სამინისტროების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებაზე ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. ირკვევა რომ ხშირ შემთხვევაში 2015 წლის პირველ კვარტალში თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ათეული, ზოგ შემთხვევაში კი ასეული ათასობით გაზრდილია.
IDFI -ში მიაჩნიათ, რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავაც საჭიროებს მნიშვნელოვან დარეგულირებას და მთავრობის დადგენილებით რეგულაციები, მხოლოდ საჯარო სამსახურში არსებულ პრემიებზე დაწესდა, რამაც განაპირობა მთელ რიგ დაწესებულებებში პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია.