ამბობენ ნამდვილ ქალს არაფრისგან შეუძლია შექმნას სალათი, ქუდი და სკანდალი. ნამდვილი ბაქოელები კი არაფრისგან სკანდალსა და სანახაობებს ქმნიან, თუმცა ამ შემთხვევაში “არაფერში” იგულისხმება აზერბაიჯანის დედაქალაქში გახსნილი ყავის ცნობილი ქსელი Starbucks-ი.

ბაქოში Starbucks-ის გახსნას დიდ ხანს, რამოდენიმე წელს ელოდნენ. დროდადრო ქალაქში ჭორები ვრცელდებოდა, რომ მალე გაიხსნებოდა ყავის ეს სანატრელი ქსელი, მაგრამ ამაოდ. ყავის ადგილობრივი მოყვარულები აცხადებდნენ, რომ ამ ქალაქში ვერსად მიირთმევდი ნორმალურ ყავას და საზღვარგარეთული მოგზაურობიდან ჩამოჰქონდათ ცნობილი მწვანე ლოგოტიპიანი ჭიქები, ამით კი დაცინვის ობიექტები ხდებოდნენ. ამგვარ ვითარებას ყველა იმდენად შეეჩვია, რომ ეს საკითხი ქალაქურ ლეგენდად და ვირტუალურ ქაოსად იქცა (ისე, უბრალოდ, რომ სპორტული ფორმა არ დაეკარგათ), მაგრამ უცაბედად…

ეს “უცაბედად” სექტემბრის დასაწყისში დადგა. როგორც დიდი ხნის მოლოდინისას ჩვეულებრივ ხდება-ხოლმე, მოქალაქეებს თავდაპირველად არ სჯეროდათ და მორიგი დეზინფორმაცია ეგონათ. მაგრამ ყავის სახლი მაინც გაიხსნა. Starbucks-მა ადგილი ბაქოს ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში, Port Baku Mall-ის სავაჭრო ცენტრში დაიმკვიდრა. სხვათაშორის ეს ადგილი კიდევ ერთ მიზეზად იქცა, რომ ამ დაწესებულების მიმართ უკმაყოფილება გაღვივებულიყო. Port Baku Mall-ი ძალიან პრესტიჟული, გლამურული და ძვირი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მაინც შორს არის სამარშრუტო ტაქსების გაჩერებებისა და ხალხმრავალი ადგილებისაგან. მოქალაქემ ადგილობრივი Starbucks -ის ქაღალდის ჭიქაში ჩასხმული ყავის მირთვემა რომ მოისურვოს, სპეციალურად უნდა წავიდეს, თანაც დიდხანს იაროს.

ამას რომ თავი დავანებოთ, ახალი ამბების სხვადასხვა საიტებზე მოთხრობილი იყო ყავის სახლის სადღესასწაულო და ბომონდური გახსნის შესახებ. ბაქოს Starbucks-ი საზოგადოებაში, კერძოდ კი სოციალურ ქსელში სერიოზული განხილვის თემად იქცა. საზოგადოების მცირე ნაწილი ბავშვურად ხარობდა მსოფლიოში ცნობილი ყავის სახლის ქსელის საკუთარ სამშობლოში ხილვით, იღებდა სელფის ქაღალდის ჭიქებით ხელში და სოციალურ ქსელში ავრცელებდა. საზოგადოების დიდი ნაწილი კი ირონიითა და სარკაზმით ეხმაურებოდა ამ ახალ ამბავს. ბევრმა ისიც კი გაიხსენა, როდესაც საბჭოთა კავშირში პირველი MacDonald’s-ი გაიხსნა. წერდნენ, რომ Starbucks-ი სულაც არ არის ის მდიდრული რესტორანი, სადაც საღამოს კაბებით ივლი და მშვიდ გარემოში დაისვენებ. ზოგიერთმა საერთოდ განაცხადა, რომ სხვაგან ბევრად უკეთესი ყავა მზადდება, ვიდრე მაგ თქვენს უსახურ სასადილოში… მოკლედ, სოციალურ ქსელში ბევრ სხვა კომენტარსაც წააწყდებოდა კაცი.

5

აზერბაიჯანში ერთ-ერთ უძველეს და პოპულარულ ფორუმზე Disput.az-ი შესაბამისი თემაც გაიხსნა, სადაც ასეთი კომენტარები დაიწერა:

“მხოლოდ მშიერი ადამიანი გადაიღებს ფოტოს ერთჯერადი ჭიქებით ხელში და ბედნიერი სახით, ვითომ შემთხვევით მოხვდა ყავა კადრში და სწორედ ასეთი მოკლეჭკუიანები “დაალაიქებენ” ასეთ ფოტოებს“;

“რათქმაუნდა, მესმის, რომ სტარბაქსში კარგ ყავას ამზადებენ, თავად მოგზაურობისას გზად არაერთხელ გამისინჯავს ის, მაგრამ აღსაფრთოვანებელი აქ არაფერია. უბრალო ყავის სახლია, თანაც იმაზე ძვირად იყიდება ყავა, ვიდრე სხვა ადგილებში“;

“ეჰ, ხალხო… რა ცოტა გჭირდებათ ბედნიერებისთვის…” და ასე შემდეგ.

მორალი რა არის?! – მორალი არ არის! არის მხოლოდ მიზეზი იმისა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ საიდან აქვს ხალხს ამდენი ენერგია და თავისუფალი დრო, რომ სოციალურ ქსელში საათობით იკამათონ და წერონ უმნიშვნელო თემებზე. საოცარია, რამდენად დიდია ადამიანებში დღესასწაულისა და ტრაგიზმის სურვილი, რომ ისეთი საკითხი, როგორიცაა ბაქოში ყავის სახლის გახსნა, მათთვის მიზეზად იქცეს. თუმცა, ეს კითხვები ძალიან შორს წაგვიყვანს და თანაც ისინი ძალიან რიტორიკულია. თუმცა ეს საკითხი შედარებით უკეთესია, ვიდრე პოლიტიკისა და მორალის…

P.S.: მე და ჩემი მეგობარი Starbucks-ის მეზობელი ყავის სახლის აივანზე ვისხედით. არა იმიტომ, რომ მედიდურები ვართ, არამედ იმიტომ, რომ იქ ადგილები არ იყო (და კიდევ დიდხანს არ იქნება). როდესაც შეკვეთის ასაღებად ჩავედით, მეგობარი მეუბნება:

– Starbucks-იდან ვირთა გამოძვრა და კანალიზაციის მილში მიიმალა.

– თათებში ეჭირა რამე? მაგალითად ჭიქა წარწერით „ვირთხა“?

– არა, ჭიქა არ დამინახავს. იქნებ დავწერო ამის შესახებ ფეისბუქში? ვიხალისებთ.

– თავი დაანებე, უშენოდაც კარგად ხალისობენ, ზედმეტადაც კი.

– ეს რა ცხოვრებაა, ამ ქალაქში ვირთხებიც კი გლამურულები არიან.

– ვირთხაც კი იყო უკვე Starbucks-ში ჩვენ კი – არა.

– არაუშავს. ყველა მოხვდება იქ.

-ამინ.