საქართველოსა და აშშ-ში ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდა არჩევნები. ორივე შემთხვევაში არის უკმაყოფილო მხარე. ქართული ოპოზიცია ქუჩის პროტესტს ირჩევს, ამერიკის პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატი კი ბრძოლის სამართლებრივ გზას. მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, სამხრეთ კავკასიაში კი… ომის კვალი ჯერ ისევ ცხელია. ქართველი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის არეალად იქცა და საქართველოში ამერიკელი სამხედროების განლაგებას ითხოვენ. სწორედ ამ ვითარებაში თბილისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ესტუმრა. Dalma News-ი ექსპერტ გელა ვასაძისა და მკვლევარ არჩილ სიხარულიძის მოსაზრებებს გიზიარებთ.
– რატომ არის მნიშვნელოვანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობა?
არჩილ სიხარულიძე: ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და ნათელი გახდა, რომ იმ პირობებში, როცა თურქეთი თავისი კერძო ინტერესებს აღარ მალავს და რუსეთმაც პოზიციები გაიმყარა, საქართველოს დახმარება ამ დიდი სახელმწიფოების ინტერესების დაბალანსებაში ევროკავშირსა და ევროპარლამენტს კი არა, ამერიკას შეუძლია. ამიტომ ჩვენ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კავშირები არა მხოლოდ ამერიკის ინტერესების, არამედ ჩვენი ინტერესების დასაცავად.
გელა ვასაძე: აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ს ამ რეგიონში გარკვეული ინტერესები აქვს და იმის თქმა, რომ ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს ის, თუ რა ხდება აქ, დიდი შეცდომა იქნებოდა. მეორე მხრივ, ეს ჩვენთვის არის შანსი ცივილიზებულ სამყაროში, რადგან ისეთი მხარდაჭერა, რაც აშშ-სგან გვაქვს, სხვა ქვეყნებიდან არ მიგვიღია.
– როგორ შეაფასებთ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს და თბილისის მილოცვას? ხომ არ იჩქარა თბილისმა ბაიდენისთვის პრეზიდენტობის მილოცვა, როცა ჯერ კიდევ არ არის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადებული და პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი – ტრამპი შედეგებს ასაჩივრებს?
არჩილ სიხარულიძე: ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა გადაწყვიტა დინებას გაჰყოლოდა, როცა ნახეს, რომ ჯო ბაიდენის დიდმა მხარდამჭერებმა ევროპაში მას მიულოცეს, ქართული მხარეც გაჰყვა ამ დინებას. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო პოლიტიკურად გააზრებული იქნებოდა დალოდებოდნენ სასამართლო გადაწყვეტილებას. აშშ-ს უმაღლეს წარმომადგენლობას ჯერ არ მიულოცავთ „ქართულ ოცნებისთვის“ გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს, სადაც „ოცნებამ“ გარანტირებულად მიიღო უმრავლესობა. ურჩევნიათ ბოლომდე დაელოდონ. ეს სწორი დიპლომატიური სვლა არის. საქართველოს ძირითადი პოლიტიკური და აკადემიური ელიტა იყო და რჩება დემოკრატების დიდ მეხოტბედ. ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ინტეგრაციული პროცესები აფერხებდა ამერიკის სიდიადეს, შესაბამისად ის დაკავებული იყო ამ ყველაფრის გადახედვით, რაც არ მოსწონს ქართულ ლიბერალურ ელიტას, მათ იმედი აქვთ, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ იქნება, ის ბოლოს და ბოლოს შეტენის საქართველოს ნატო-ში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაცია სწორედ რესპუბლიკური პარტიის წევრის, ჯორჯ ბუში უმცროსის პოლიტიკა იყო და არა დემოკრატების.
გელა ვასაძე: ყველამ მიულოცა ჯო ბაიდენს და არ მგონია საქართველოს ეჩქარა. როგორ ჩატარდა არჩევნები აშშ-ში მე ვერ შევაფასებ. ჩვენ ჩვენს არჩევნებს უნდა მივხედოთ. მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ნებისმიერ დავას ამერიკაში სამართლებრივი გზით მოაგვარებენ, იმიტომ, რომ აქვთ სასამართო სისტემა.
– როგორ აფასებთ ექსპერტების მიმართვას ვაშინგტონისადმი, აშშ-ს ჯარის საქართველოში მუდმივად განთავსებასთან დაკავშირებით?
არჩილ სიხარულიძე: ამ ხალხმა თავი ქართველი ერის წარმომადგენლად გამოცხადა და მიაჩნიათ, რომ ასეთი ღია წერილების წერა მისაღებია და მაგრამ ხშირად, ცდებიან. მიმართვას ხელს აწერენ სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში დღეს ყველაზე დიდი კაპიტალი აქვთ და შეუძლიათ საკუთარი ინტერესები დაიცვან. ეს არის ყველაზე მდიდარი ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში, კარგი კავშირები აქვთ დასავლეთში და ამას საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებენ.
– ბატონო გელა, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ ექსპერტებს შორის, ვინც მიმართვას ხელს აწერს…
გელა ვასაძე: ამერიკული ჯარის საქართველოში განთავსების სურვილი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უნდა მოდიოდეს. მარტო სამოქალაქო საზოგადოება ვერაფერს იზამს. აქ საუბარია არ არის მხოლოდ უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე, არამედ ინვესტიციებზე. ვინ ჩადებს ფულს არასტაბილურ ქვეყანაში? მარტო ჩვენი თხოვნით ბაზები არ განთავსდება, როცა ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არ არის საქართველოსთვის პრიორიტეტული… რა თქმა უნდა, შტატები ვერაფერს იზამს.
– იმ ვითარებაში, როცა ყარაბაღში სტატუს–კვო იცვლება, საქართველომ ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება მოითხოვოს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით?
არჩილ სიხარულიძე: ყარაბაღის მაგალითმა გვიჩვენა, რომ ამ რეგიონში მთავარი ძალა არის რუსეთის ფედერაცია. შემდეგ მოდის უკვე თურქეთი, როგორც ცალკე ძალა და არა, როგორც ნატოს წევრი. ეს ორი ძალა ფაქტობრივად მართავს ამ რეგიონს მთლიანად. არავითარი ზეგავლენა დასავლეთს ამ რეგიონზე, არ გააჩნია. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი საქართველოში ნატოს ბაზების გახსნას არ დაუშვებს, ასეთი წერილების წერა არის უაზრობა, ეს ადამიანები უბრალოდ თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ. ამერიკული ბაზების მოთხოვნა არარეალისტურია, უმჯობესია ქართული სამხედრო რეზერვისა და ქვეყნის შეიარაღების გაძლიერებისთვის ფინანსური მხარდაჭერა გვეთხოვა. საქართველოს ესაჭიროება მოქმედი ძლიერი ჯარი, რომელიც შეძლებს ამ რეგიონში მშვიდობის დაცვას. 2008 წლიდან დღემდე, ჩვენი ჯარის მოდერნიზების პროცესი მიდის.
– ამერიკას შეუძლია მინიმუმამდე შეამციროს საქართველოსთვის ომის საფრთხე?
არჩილ სიხარულიძე: 2008 წელს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის გლობალურ პოლიტიკაში დაბრუნდა, როგორც დიდი სამხედრო ძალა. მან არა თუ საქართველო დაამარცხა ომში, აშშ-ს აჩვენა, – რაც არ უნდა კარგად გაწვრთნა ჯარი, აქ მაინც დაგამარცხებო! ღმერთმა დაგვიფაროს და რეგიონულ ომში საქართველო შემთხვევით აღმოჩნდეს გარეული… მზად უნდა იყოს ქართული ჯარი თავის დასაცავად. ამერიკას წესით ასეთი ინტერესი უნდა ჰქონდეს.
გელა ვასაძე: იმ შემთხვევაში თუ არ გვექნება აშშ-სთან სრულფასოვანი თანამშრომლობა, ჩვენ გავხდებით რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების ზონა. ეს ჩვენთვის ძალიან ნეგატიური სცენარია იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი და თურქეთი ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი სტრატეგიული მიზნებისთვის, ანუ ვინ აკონტროლებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენს, რომელიც ძალიან აინტერესებს რუსეთს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ არ გვეყოლება სერიოზული სტრატეგიული პარტნიორი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ბაქოში, თუ რამე გაუჭირდათ ანკარაში დარეკავენ, ერევნიდან მოსკოვში რეკავენ, სად ვრეკავთ ჩვენ?
– თქვენის აზრით, თბილისი სად რეკავს დღეს?
– დღეს ჩვენ არსად არ ვრეკავთ, დღეს ჩვენ დაგვირეკეს ვაშინგტონიდან და გვითხრეს, – მზად ვართ ყველანაირად დაგიცვათო, მაგრამ ინიციატივა ჩვენი ხელისუფლებიდან უნდა მოდიოდეს.
– რას უკავშირებთ აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს?
არჩილ სიხარულიძე: ორ რამეს. პირველი – აშშ-ში მკაფიო გახდა, რომ შავ ზღვაზე დღეს, მისი ერთადერთი ერთგული მოკავშირე არის საქართველო. თურქეთი აღარ არის აშშ-ს მოკავშირე, ის იმდენად ნატო-ს ინტერესების გამტარებელი არ არის, რამდენადაც საკუთარის. მეორე – ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ქართული პოლიტიკური ოპოზიციის მისამართით, რომ ამ ფონზე საქართველოში რევოლუციებისა და გადატრიალებების მცდელობა მიუღებელია.
გელა ვასაძე: ერთადერთი, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, არის ის, რომ ვიზიტი არანაირი შედეგით არ დამთავრდა. არც ერთი ახალი ინიციატივა არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის რადარზე დაკარგულები ვართ. საჭიროა ყოველდღიური და აქტიური მუშაობა აშშ-ს ადმინისტრაციასთან. არ ვაწუხებთ დასავლეთის ქვეყნებს დიდად, სხვადასხვა მიზეზების გამო, შედეგიც შესაბამისია.
– 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ შეიცვლება ამერიკის დამოკიდებულება საქართველოსადმი?
არჩილ სიხარულიძე: არა, სულ რომ გააყალბონ აქ არჩევნები, მაინც. ჩვენ ეს გამოვიარეთ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას სდებდნენ ბრალს იმაში, რომ ისინი, არა იმდენად საქართველოს მოკავშირეები იყვნენ, რამდენადაც სააკაშვილის. სწორედ ამ პოლიტიკის საპირისპიროდ მოვიდა ბარაკ ობამა, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკა საქართველოს მოკავშირეა და არა რეჟიმის. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკა არის სტაბილური და მოწესრიგებული საქართველოს მოკავშირე. რადგან აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ეს არჩევნები რაიმე განსაკუთრებული არ იყო, ამერიკაში მშვიდად არიან. ერთადერთი, რაც ახლა მათ აინტერესებს, – პროცესები დასრულდეს და საქართველო დაუბრუნდეს კონსტიტუციის ჩარჩოებს. ყველამ გაიზიარა ის, რომ საქართველოში საბაზისო დემოკრატიული ღირებულებები არსებობს.
გელა ვასაძე: შეიცვლება ზოგადად დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დემოკრატები უფრო აქტიურები იქნებიან საგარეო პოლიტიკაში. ტრამპის ადმინისტრაცია უფრო შიდა პრობლემებზე იყო ორიენტირებული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბაიდენი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, არის აქ ნამყოფი, იცის რა ხდება რეგიონში. ბაიდენი იყო ის ადამიანი, რომელმაც აგვისტოს ომის გამო პირველმა დაუჭირა მხარი რუსეთის კრიტიკას. აქედან გამომდინარე დიდი იმედი მაქვს, მეტი ყურადღება დაეთმობა საქართველოს და ზოგადად რეგიონს.
– აშშ–ის საელჩო უნდა ერეოდეს საქართველოს საშინაო საქმეებში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს?
არჩილ სიხარულიძე: ეს ჩემთვის დაუშვებელია. აშშ არის ჩვენი მოკავშირე და არა ჩვენი ახალი პატრონი. მართალია, პატარა ერი ვართ და აშშ და ევროკავშირი ცოტ-ცოტა ჩაერევიან ჩვენს საქმეებში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველო განუყოფლად არის ჩართული პოსტსაბჭოთა სივრცეში და მას ვერ ამოჰგლეჯ და ვერ გადაიტან ევროპაში.
გელა ვასაძე: პომპეომ საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა, ანუ დაიტოვეს შესაძლებლობა, რომ თუ პროცესები არასწორი მიმართულებით განვითარდა, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად ცნონ. მაგრამ, მეორე მხრივ, ოპოზიციას მოუწოდებენ პარლამენტში განაგრძოს ბრძოლა. პომპეომ აქ დატოვა თავისი მოადგილე იმისთვის, რომ უფრო ღრმად გაეცნოს საქართველოში არსებულ პრობლემებს. ახალი ადმინისტრაციისთვის მომზადდება ძალიან სერიოზული დასკვნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს გვიქმნის გარკვეულ ოპტიმიზმს.
– ამერიკას სჭირდება თუ არა სტაბილური საქართველო?
გელა ვასაძე: აშშ-ს აბსოლუტურად არ აწყობს აქ არასტაბილურობა. ერთადერთი გზა სტაბილურობისთვის არის დემოკრატია და სამართლიანი არჩევნები, ამის გარეშე საქართველო ვერ იქნება აშშ-ს პარტნიორი. სერიოზული ყურადღება იყო გამახვილებული სასამართლოს რეფორმაზე. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გამოინახოს კომპრომისი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაიზიარებს ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს.
ხელისუფლება, რომელიც მარტო იქნება პარლამენტში, მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს ჩვეულებრივ ვითარებაშიც ძალიან ცუდი და სახიფათო იქნებოდა, მაგრამ დღეს, როცა წინ ძალიან მძიმე ზამთარია, გვაქვს საშინელი პანდემია, გველის საშინელი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ხელისუფლებას ძალიანაც არ აწყობს.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი