ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, აზერბაიჯანის ბანკები გრძელვადიანი გეგმების დასახვას ვერ ბედავდნენ. მანათის დევალვაციამ და მთელი რიგი საკრედიტო დაწესებულებების გაკოტრებამ ბაზრის ყველა მონაწილეს ნიადაგი გამოაცალა. თუმცა, ყველას გასაკვირად, საბანკო სფერო მალე აღორძინდა და დადებითი დინამიკაც აჩვენა. კერძოდ, 2019 წლის ბოლოს დეპოზიტების მოცულობა მინიმუმ 7%-ით გაიზარდა. თუმცა, საბანკო კრიზისის საბოლოოდ დასრულებაზე საუბარი ნაადრევია, – განაცხადა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას იურიდიული ფირმა “ანტიკოლეკტორის” ხელმძღვანელმა, წიგნ “აზერბაიჯანის საბანკო უფლებების” ავტორმა აკრამ ჰასანოვმა.
“რეგულატორის მონაცემებით, აზერბაიჯანის ფიზიკური პირების საბანკო შენატანებმა 2019 წლის პირველი დეკემბრისთვის 8 682 მილიარდი მანათი შეადგინა (აქედან 8 მილიარდ 170 მილიონი მანათი – რეზიდენტების ანაბარია, ხოლო 511 მილიონ მანათზე მეტი – არარეზიდენტების – ავტ.), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 609 მილიონი მანათით მეტია. ცხადია, კრიზისის წინარე პერიოდის, ანუ მანათის დევალვაციამდე არსებული მაჩვენებლების მიღწევაზე საუბარი ჯერ ძალზედ ნაადრევია”, – განაცხადა აკრამ ჰასანოვმა.
ექსპერტის აზრით, ანაბრების ზრდა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანულმა ბანკებმა კომერციული საფინანსო დაწესებულებებისადმი მოსახლეობაში დაკარგული ნდობა აღადგინეს.
“მოსახლეობა თავის ანაბარს, პირველ რიგში, სახელმწიფოს ანდობს. ბოლო ოთხი წელია აზერბაიჯანში ფიზიკური პირების ანაბრების სრული დაზღვევითი სისტემა არსებობს. ამის ანალოგი, არასოდეს ყოფილა. ხალხს უკვე, აღარ ეშინია იმის, რომ 2015 წლის მოვლენების განმეორების შემთხვევაში, საკუთარ კაპიტალს დაკარგავს. გარდა ამისა, ბოლო სამი წელი ეროვნული ვალუტა სტაბილურ კურსს ინარჩუნებს – 1 აშშ.დოლარი 1-70 მანათი ღირს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანული რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი თავისი ძველი სტრატეგიით მუშაობას განაგრძობს, რომლის მიხედვითაც მანათი შიდა და გარე ბაზრების ეკონომიკურ ინდიკატორებზე არ რეაგირებს. მაგრამ რიგით მოქალაქეებს სულაც არ აინტერესებთ, რატომ იკავებს რეგულატორი კურსს ადმინისტრაციული გზით და როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე. მოქალაქეებისთვის ყველაზე მთავარია სტაბილურობა და ამის გაგება შეიძლება”, – ამბობს ექსპერტი.
თუმცა, ექსპერტებს და მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს კარგად ესმის, რომ მოცემულ შემთხვევაში სტაბილურობა აზერბაიჯანის ეროვნული ბანკისთვის კარგის მომასწავებელი არ არის. “აზერბაიჯანული ეკონომიკა, ისევე როგორც მანათი, ერთ დონეზე სტაბილურად ნარჩუნდება. ჩვენ ძალიან ნელა და სუსტად მივიწევთ წინ. ბიზნესმენები და ბანკირებიც კი, არასაკმარისად აბანდებენ ეკონომიკაში, რაც ბიზნესის სფეროს მოემსახურებოდა. ერთი მხრივ, ბიზნესი არ რისკავს ფულის გრძელვადიან პროექტებში დაბანდებას, თუმცა გამოსავალი არც “ბალიშებში ფულის” შენახვაა. ანუ, ბიზნესის ფული ეკონომიკის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ, მხოლოდ ბანკებში ტრიალებს. თავის მხრივ, საფინანსო დაწესებულებები ბიზნესის დაკრედიტებით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი, ისინი მხოლოდ სამომხმარებლო კრედიტების გაცემით შემოიფარგლებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება თავის უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფოს მეთაურმა საბანკო სისტემა რამდენჯერმე გააკრიტიკა. კერძოდ, პრეზიდენტი უკმაყოფილოა ბანკების მუშაობით, ეკონომიკის რეალური სექტორის, მათ შორის, არანავთობის სექტორის დაკრედიტების საკითხში”,- დასძინა ჰასანოვმა.
ამასთანავე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საფინანსო ბაზრებზე ზედამხედველობის პალატისთვის მაკონტროლირებელი ფუნქციების გადაცემის პროცესი, რასაც პრეზიდენტის 28 ნოემბრის განკარგულება ითვალისწინებდა, დასრულდა. აკრამ ჰასანოვის აზრით, ორი სტრუქტურის შერწყმა რადიკალურად დადებით ცვლილებებს არ გამოიწვევს მანამ, სანამ ცენტრალურ ბანკში საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება.
“2016 წელს, ცენტრალური ბანკის ფუნქციები პალატას მთელი რიგი შეცდომების გამო გადაეცა, რამაც საბანკო ბაზარი სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანა. საუბარი მხოლოდ ეროვნული ვალუტის დევალვაციას არ შეეხება. ცენტრალური ბანკი თავის ფუნქციებს არასაკმარისად ასრულებდა. კერძოდ, საბანკო სისტემას ცუდად აკონტროლებდა, რამაც პრობლემური კრედიტების ზრდა გამოიწვია. იდეაში, პალატას ბაზარზე წესრიგი უნდა დაემყარებინა, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი პირიქით გამოვიდა. როგორც აღმოჩნდა, სტრუქტურაში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება არ შეეძლოთ. ამიტომ პალატიდან კვლავ ცენტრალურ ბანკზე, როგორც შედარებით უფრო პროფესიონალურ და გამოცდილების მქონე სტრუქტურაზე, ფუნქციების გადატანას ბანკები დადებითად შეხვდნენ. 2020 წლის აპრილში ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწურება, შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ რეგულატორს სათავეში ახალი ადამიანი ჩაუდგება. ასე თუ მოხდა, მაშინ საბანკო სექტორში ხარისხიანი ცვლილებები მოხდება”,- დასძინა ექსპერტმა.
2019 წელს, საბანკო სისტემაში ყველაზე მოსალოდნელი და მასშტაბური რეფორმა პრეზიდენტის 28 თებერვლის განკარგულების – “აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ფიზიკური პირების პრობლემური კრედიტების საკითხის მოგვარების დამატებითი ზომების” მიღება იყო. რეფორმამ არა მხოლოდ მოქალაქეები ვალებისგან გაათავისუფლა, არამედ ფინანსური სექტორი უმოქმედო ანაბრებისგან გაწმინდა, რამაც ბაზრის გამოცოცხლება გამოიწვია.
განკარგულების თანახმად, დევალვაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული ძირითადი საკრედიტო დავალიანებები მანათის კურსით დაიფარა. საუბარია 42 ათასი ადამიანის დავალიანებაზე, რომლებიც პროცენტების ჩამოწერის შემდეგ დარჩენილი 205 მილიონი მანათის ძირი თანხა სრულად დაიფარა. გარდა ამისა, 123,1 ათასი მოვალის 242,3 მილიონი მანათის რესტრუქტურიზაცია მოხდა. განკარგულების ფარგლებშია, ზერბაიჯანის მოქალაქეებს 644,5 მილიონი მანათის კომპენსაცია გადაეცათ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ვადაგადაცილებული სესხების წილი საბანკო სექტორის მთლიან სასესხო პორტფელში, 2018 წლის ბოლოსთან შედარებით, 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, პრობლემური კრედიტები კვლავ ფინანსური სტაბილურობის სისუსტედ რჩება.
ლეილა ალიზადე