რამდენიმე დღის წინათ, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ანტივირუსული სისტემის პირველი ეროვნული ბეტავერსიის შექმნაზე, რომელსაც 2019 წლის მეორე ნახევარში წარადგენენ. როგორც აზერბაიჯანის დაცვის საგანგებო სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებთან ბრძოლის ცენტრში განაცხადეს, საუბარია უზრუნველყოფის მრავალფუნქციურ პროგრამაზე (Multifunctional Analysis Program – MAP), რომელიც მონაცემთა არსებულ ბაზაში საშიშ პროგრამებს ეძებს.
შეიძლება ამას IT სფეროში ერთგვარი მიღწევა ეწოდოს? ამ საკითხზე Dalma News-ის კორესპონდენტი აზერბაიჯანელ ექსპერტებს გაესაუბრა.
პროექტების მართვის აზერბაიჯანული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფარიდ კიაზიმოვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ორგანიზაციების მიერ ლოკალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ნებისმიერი ინიციატივა მისასალმებელია, მით უფრო, თუ ეს ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს ეხება. „ცნობილია, რომ სწორედ ამ მიმართულებით იწყება მსოფლიოში ეროვნულ სისტემებზე გადასვლა, რადგან ეს საშუალებას იძლევა აღიკვეთოს ინფორმაციის გაჟონვა, განსაკუთრებით თუ ეს სახელმწიფო ორგანიზაციებს ეხება. მაგალითად, აშშ-ში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არ იყენებენ იმ ანტივირუსებს და ინფორმაციული უსაფრთხოების სხვა ზომებს, რომლებიც შექმნილია ტექნოლოგიური ჯაშუშობის სფეროში იმიჯშელახული ქვეყნების კომპანიების მიერ. ჩრდილოეთ ამერიკაში Huawei-სთან დაკავშირებული ცოტა ხნის წინანდელი სკანდალი ამის დასტურია“,- განაცხადა მან.
რესპოდენტის აზრით, აზერბაიჯანის დაცვის საგანგებო სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტოს მიერ ეროვნული ანტივირუსის შექმნა, ინფორმაციის გაჟონვის თვალსაზრისით შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებას გახდის შესაძლებელს. რადგანაც ელექტრონულ მოწყობილობებზე ანტივირუსული პროგრამების არსებობა მათ შემქმნელებს ფაქტობრივად ნებისმიერ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ვფიქრობ, МАР -ის შექმნის შემდეგ იგი ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში დაინერგება და მას კერძო მომხმარებლებსაც შესთავაზებენ.
რაც შეეხება აზერბაიჯანის მიღწევებს IT-სფეროში, ფარიდ კიაზიმოვს მიაჩნია, რომ 2019 წლის შედარებით მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულება ქვეყნის ინოვაციური განვითარების სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფის შესახებ.
“ეს დოკუმენტი აბსოლუტურად ახალ დონეზე ავალდებულებს სხვადასხვა ორგანიზაციებს განავითარონ ინოვაციური წარმოება. თუ ადრე, ორგანიზაციებს და სასწავლო დაწესებულებს “ინოვაციის სფეროში წარმატების მიღწევის” შესახებ, მხოლოდ ანგარიშის წარდგენა შეეძლოთ, ახლა ისინი ვალდებულები არიან რეალური და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ინოვაციური წარმოების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ შესაბამისი ანგარიშები უნდა წარადგინონ. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა სხვადასხვა სფეროში წარმატებული “სტარტაპების” რაოდენობას გაზრდის”, – დასძინა მან.
აზერბაიჯანი დაინტერესებულია მაღალტექნოლოგიური პროდუქციის, კეძოდ, პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის ზრდაში. საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში არსებობს შიდა IT კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი სირთულის პრობლემის გადაწყვეტა.
“როგორც ფარიდ კიაზიმოვი ამბობს, ამ მიზნით ASAN Xidmet-ის (მოქალაქეების და სოციალური ინოვაციების მომსახურების სახელმწიფო სააგენტო – რედ.) ინიციატივით შეიქმნა ინოვაციის ექსპორტის კონსორციუმი, რომლის მიზანია, აზერბაიჯანული, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გატანა. რადგან ზოგიერთი ქვეყნის ბაზარი მაღალკონკურენტულია, ძირითადი აქცენტი გაკეთდება მესამე სამყაროს – აზიის და აფრიკის ქვეყნებზე”, – მიაჩნია ექსპერტს.
“მინდა აღვნიშნო აზერბაიჯანელი სტარტაპების უცხოურ ბაზარზე თანდათანობითი გასვლა. Keepface და Buglance წარმატებით ვითარდებიან, თუმცა, როგორც კომპანიები ОАЭ-დან, სადაც ისინი განვითარების გარკვეულ ეტაპზე იურიდიულად არიან გაფორმებულები. ვიმედოვნებ, საგადასახადო შეღავათები და ხელისუფლების მიერ ინოვაციური წარმოებისთვის მხარდასაჭერი მოქმედებები, სტარტაპებს აზერბაიჯანში ისეთ პირობებს შეუქმნიან, რომ არა მხოლოდ ეროვნული პროექტები იქნება გამოსადეგი, არამედ მეზობელი ქვეყნების ჯგუფები არჩევანს ბაქოს სასარგებლოდ გააკეთებენ”, – დასძინა კიაზიმოვმა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ინტერნეტფორუმის პრეზიდენტი ოსმან გიუნდუზი აზერბაიჯანული წარმოების ანტივირუსის მიმართ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, თუმცა მიაჩნია, რომ დასახული ამოცანა რეალურია.
“დიახ, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციები არსებობდა, მათ არ უნდა გამოეყენებინათ ზოგიერთი პროგრამა, მაგალითად, კასპერის ლაბორატორიის ანტივირუსი. სამამულო ანტივირუსის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ძალიან რთულია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ კონკურენციას და სულ უფრო რთულ პირობებს. საფრთხეები სულ უფრო მეტია, ამიტომ ვფიქრობ, უკეთესია გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობის დამყარება, რათა შეიქმნას საკუთარი პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს აზერბაიჯანის ინტერესებს და უსაფრთხოების მოთხოვნებს. ასეთი მიდგომა სწორი იქნება. რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის რესურსებს, მაშინ ანტივირუსული პროგრამის შექმნა, შესაძლებელია. მაგრამ მე მაინც კადრების ნაკლებობას აღვნიშნავდი”, – განაცხადა ოსმან გიუნდუზმა Dalma News-თან საუბრისას.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დონეს, ისინი ახლა დაახლოებით ერთ დონეზეა, – ამბობს ექსპერტი. “აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს საკუთარი კონკრეტული პრობლემები აქვთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ IT ინდუსტრია უბრალოდ დიდია. სადღაც ჩამოვრჩებით, სადღაც წინ ვართ. მაგრამ ზოგადად, რაც შეეხება აზერბაიჯანს, მიმაჩნია, რომ მას აქვს პოტენციალი ბაზარზე გასასვლელად. სახელმწიფო ამ სექტორს სერიოზულად უჭერს მხარს”, – განაცხადა მან.
ზოგიერთი აზერბაიჯანელი სტარტაპები საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ. თუმცა, იურიდიულ რეგისტრაციას, როგორც საბოლოო ეტაპს, ისინი საზღვარგარეთ იღებენ. ეს კი, ოსმან გიუნდუზის თქმით, პრობლემაა.
“ციფრულიზაცია და საერთოდ, ამ სფეროს ტრანსფორმაცია ჩვენთან სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საკანონმდებლო რეფორმა. ეს პრობლემაა, თუმცა არსებობს წინსვლაც. ჩნდება საჭირო კანონები და ბრძანებები, ჩნდება ახალი სტრუქტურები, მაგალითად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ადრე მთავარ როლს გადასახადების სამინისტრო და საბაჟო კომიტეტი თამაშობდნენ. გასაგებია, რომ ისინი მოსაკრებლით არიან დაინტერესებულები, მაგრამ სტარტაპებს მხარდაჭერა სჭირდებათ და უკვე არსებობს ახალი სტრუქტურა – ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსთან არსებული ინოვაციების სააგენტო. ასე, რომ სამუშაო დაჩქარდება. ამ ეტაპზე კი სირთულეები მართლაც არსებობს“, – დასძინა ექსპერტმა.
მამედ მამეზადე