საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, Dalma News-ი აქვეყნებს პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუს, რომელიც ჩაწერილია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე.
ხანგრძლივი დისკუსიის და კონსულტაციების შემდგომ, ოპოზიციურმა პარტია “ახალმა მემარჯვენეებმა” გადაწყვიტეს საპარლამენტო არჩევნებში წარმდგარიყვნენ წინასაარჩევნო ბლოკის სახლით, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ოპერის ქართველი მომღერალის პოლიტიკურ პარტია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ერთად. რა საერთო შეხების წერილები მონახეს “მემარჯვენეებმა” პაატა ბურჭულაძისა და “ნაცმოძრაობის” ყოფილი წევრის გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ამის შესახებ Dalma News-ს “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ესაუბრა.
– როგორი იყო თქვენი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო პლატფორმა და რა ძირითად აქცენტებს სვამდით?
– თქვენ იცით, რომ “ახალი მემარჯვენეები” ამ საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის კონფიგურაციით გამოვედით, პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” და გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველოსთვის” ერთად და ბუნებრივია პროგრამაც ერთიანი და შეჯერებული გვქონდა. მას შემდეგ, რაც შევთანხმდით ბლოკის შექმნაზე, საკმაოდ დრო დავუთმეთ ხედვების შეჯერებას, თუმცა, დიამეტრალურად განსხვავებული ხედვები არ გვქონია. ბევრი დრო კი დაგვჭირდა, მაგრამ ძირითადად იმისთვის, რომ კარგად, გასაგებად და ზუსტად ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი შეთავაზებები მოსახლეობისთვის.
ჩვენი პროგრამის ქვაკუთხედი ეკონომიკის განვითარება და დასაქმებაა. ბლოკში საკმაოდ ძლიერი, ეკონომისტთა გუნდი გვყავს. საუბარი გვაქვს სოფლის მეურნეობის საკითხებზე და სხვა ყველა იმ საკითხზე, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ სფეროს ებმის. ასევე, ძლიერ იურისტთა ჯგუფმა იმუშავა იმაზე, თუ რას გავაკეთებდით მომავალ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში სამართლებრივ ნაწილში.
მოგეხსენებათ, პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა და ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული ინიციატივა კანონზე გადის, აქედან გამომდინარე, იურისტთა საქმიანობა განსაკუთრებულია. ამას მოსდევს შემდგომ: განათლება, ჯანდაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები, ინსტიტუციონალური განვითარება და ქვეყნის ადმინისტრაციულ- ტერიტორიული მოწყობა. ჩვენი პროგრამა სრულყოფილია და ყველა სფეროს მოიცავს. ხოლო ძირითადი ღერძი არის ეკონომიკა და ეკონომიკიდან დანახული, სამართლებრივად უზრუნველყოფილი ყველა სფერო…
– ეროვნული უმცირესობები და მათი პრობლემები თუ იყო ასახული თქვენს პროგრამაში?
– პროგრამაში საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს მიმართ გვაქვს ჩვენეული მიდგომები. მათ შორის, ომის ვეტერანებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, ქალთა უფლებებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით.
პროგრამის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები. პროგრამის ამ ნაწილის შექმნაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი ბლოკის წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობებიდან, მათ შორის, მარნეულის, გარდაბნის, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და თვით თბილისის წარმომადგენლები. ამ ფორმით შეიქმნა წესდების ეს ნაწილი, სადაც საუბარია მათ უფრო ეფექტიან, სწრაფ ჰარმონიზაციაზე, ჩართულობაზე, ინტეგრაციაზე. ასევე, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე. მხოლოდ მოკლე ფრაზებით ფონს ვერ გავალთ, განსაკუთარებით რეგიონებში. ამ მიმართულებით კონკრეტული შეთავაზებები და ამოცანები თუ არ დავსახეთ. ჩვენ პროგრამაში უფრო ზოგად მიზნებსა და მიღწევაზე გვქონდა აქცენტები გაკეთებული, ზოგადი ამოცანების შესრულებაზე, მაგრამ იმავდროულად ჩამოყალიბებული გვაქვს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, ჩვენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თანამოქალაქეების მეტი ჰარმონიზაცია მოხდეს, როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში, რათა კითხვები არ ჩნდებოდეს მათი გაუცხოების, თუ უკმაყოფილების გამო. ეთნიკური უმცირესობები სხვადასხვა დონეზე უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებებში და ზოგადად ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ამას მარტო კანონმდებლობა ვერ უშველის, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება.
– “ახალი მემარჯვენეები” მრავალწლიანი ისტორიის მქონე პარტია ხართ. რა იყო ძირითადი პოლიტიკური შეხების წერტილები, რამაც გადაგაწყვეტინათ “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიასთან ერთ ბლოკში გაერთიანება?
– 2012 წლიდან, ქვეყანაში ძალიან სახიფათო პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნა, მას შემდეგ, რაც ძველი ხელისუფლება წავიდა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს ქვეყნის რეალური მმართველია, ძალიან სახიფათო გზავნილი გაუშვა საზოგადოებაში, რომ “შუა უნდა გაიკრიფოს”, ანუ უნდა შეიქმნა ორი პოლიტიკური პოლუსი. ბუნებრივია “შუის გაკრეფაში” ივანიშვილი გულისხმობდა სხვა პარტიების გაკრეფას, რომ უნდა შეიქმნას ორი პოლიტიკური პოლუსი, ერთ მხარეს “ქართული ოცნება”, მეორე მხარეს “ნაციონალური მოძრაობა”.
ასეთი პოლიტიკური მოცემულობა მიიღეს ამ არჩევნებით, რაც პოლიტიკური პრიმიტივიზმის გამოხატულებაა. მთელი მსოფლიო დღეს, მრავალპარტიული დემოკრატიით ცხოვრობს და მაქსიმალურად ეთმობა ყურადღება პარტიათა განვითარებას. საქართველოში პარტიები მრავლად არიან. მართალია ბევრი მათგანი არ არიან ინსტიტუციონალურად და ორგანიზაციულად განვითარებული, მაგრამ ერთი ადამიანის სურვილით არ უნდა შემცირდნენ. ამ მცდელობას წინააღმდეგობა თავიდანვე გავუწიეთ.
არჩევნების წინ, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ მივიღებდით არჩევნებში მონაწილეობას, მხოლოდ ბლოკის სახით და ორი ძირითადი მიზეზით, პირველი – ქვეყანაში დამკვიდრებულ ორ პოლუსიან პოლიტიკურ ლანდშაფტს ძალისხმევათა კონსოლიდაცია და გაერთიანება სჭირდება, გათითოკაცებული პარტიები ვერ დაძლევენ ორპოლუსიან პოლიტიკას, ამიტომ საჭირო იყო ძალისხმევის გაერთიანება. ეს იყო ჩვენ მიერ დანახული მოცემულობა და აუცილებლობა. მეორე არის ფუნდამენტი, თუ რაზე უნდა აშენდეს ბლოკი, რომელშიც ჩვენ საპარლამენტო არჩევნებისთვის გავერთიანდებოდით. ფუნდამენტში ვგულისხმობ ასევე ორ რამეს, იდეოლოგიას, ღირებულებებსა და ფასეულობებს, ხოლო მეორე – საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ამ ფუნდამენტური საკითხის ერთობის შემთხვევაში შესაძლებლად დავინახეთ შეცვლილიყო შექმნილი პოლიტიკური გარემო და დანგრეულიყო ეს ორპოლუსიანი პოლიტიკა. ჩვენ გსურდა ახალი სული შთაგვებერა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა.
– მაინც რა იყო ის ძირითადი ფაქტორი, რამაც გადაგაწყვეტინათ ბურჭულაძესთან ერთ ბლოკში ყოფნა, საგარეო ვექტორი?
– აქ არის აბსოლუტური თანხვედრა. ერთი ნაწილი გითხარით, რომ საჭირო იყო რესურსების და ძალების კონსოლიდაცია და მეორე, იყო ორპუნქტიანი წმინდა ფასეულობები. ერთი ეს არის იდეოლოგია, ანუ მემარჯვენეობა და მეორე – ანალოგიური წონადობისა და ანალოგიური მნიშვნელობის საგარეო პოლიტიკური ვექტორი. მემარჯვენეებს ყოველთვის მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივა არის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ნატო და ევროკავშირი არ არის მარტო ტანკი და ავტომატი, ეს არის კონკრეტული ღირებულებები და ფასეულობები, პროგრესზე ორიენტირებული ქვეყნის განვითარება, საკუთარი იდენტობისა და ტრადიციების ძალიან კარგად შეხამებითა და გათვალისწინებით.
ყველა ის მახინჯი ფორმა და რაღაც პასქვილური რიტორიკა, რომ დასავლეთი ებრძვის ჩვენს ტრადიციებს, არის ვაშა პატრიოტიზმისა და დილეტანტიზმის დემონსტრირება. მონარქისტული სახელმწიფოებიც არსებობენ ევროპაში, რომლებიც არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები. რატომ ჰგონია ვიღაცას, რომ ესპანეთი უფრო ნაკლებად არის ორიენტირებული საკუთარ ფასეულობებზე და ტრადიციებზე, ან სკანდინავიის ქვეყნები, სადაც ასევე მონარქისტული სახელმწიფოებია, აღარაფერს ვამბობ ძველი ტრადიციების მქონე სახელმწიფოებზე. ტერიტორიის 20% წართმეულ პირობებში, საქართველოს ორი გზა აქვს, ან რუსეთთან უნდა მივიდეს და უთხრას: – შენ გემონებიო… და ბევრი რამ დათმოს, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ან უნდა მოძებნოს ძლიერი ერთობა, რომელიც რუსეთის საპირწონე იქნება და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად პარტნიორთან ერთად იბრძოლოს.
მსოფლიოში მესამე გზა არ არსებობს. საგარეო პოლიტიკაში არის ორი პოლუსი, დასავლური მიმართულება, სადაც აშკარა ლიდერია აშშ და მისი სტრუქტურები და მეორე – რუსეთი და მასთან დაკავშირებული სახელმწიფოები, ევრაზიული კავშირის სახით. რუსეთის და რუსების ბიოლოგიური ზიზღი არ მაქვს, მაგრამ როცა რაღაცას ირჩევ, უნდა აირჩიო შენ რა გინდა და ვინ უფრო უკეთესს გთავაზობს.
– თქვენი აზრით, ამომრჩეველს რა უნდა?
– სიმშვიდე, დაცულობა, ეკონომიკური და სოციალური უზრუნველყოფა. უნდა კარგი განათლება და დაცულობა. უნდა ცხოვრების კარგი დონე. ახლა შევადაროთ სად ჯობია, დაწყებული უსაფრთხოებით, გაგრძელებული სოციალური გარანტიებით, განათლებით, გნებავთ ეკონომიკური პირობებითა და ცხოვრების დონით. მემგონი ასარჩევიც ბევრი არაფერია. ამომრჩევლის ნება უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, თუ რა გეზი უნდა დაიჭიროს ქართულმა სახელმწიფომ.
– მიიღებენ საქართველოს ნატო-ში თქვენი აზრით?
– საუბარი იმაზე, რომ დიდი ხანია ვაკაკუნებთ ნატოს კარზე და არ გვიღებენო, არასერიოზულია. დამსახურება უნდა ისეთ ერთობაში შესვლას, რომელსაც თავისი დალაგებული კანონები აქვს. კანონმდებლობის ჰარმონიზაციას თავი რომ დავანებოთ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ კანონმდებლობით მაინც ავიდეთ იმ დონეზე, რასაც ჰქვია ერთობა, თანამეგობრობა იმ ქვეყნებისა, სადაც არის მაღალი დემოკრატია და მაღალი სტანდარტები.
– უბლოკო სტატუსი…
– რას ნიშნავს ბლოკი? ეს არის თანამოაზრეების, პარტნიორების, მეგობრების, კეთილმოსურნეთა კონსოლიდირებული ძალისხმევა. ანუ ვინც შენნაირად ფიქრობს, მასთან ერთად გაქვს ბლოკი. შეიძლება ვისაუბროთ საარჩევნო ბლოკზეც, ადამიანებს შორის და სახელმწიფოთა შორის ერთობაზეც.
შოთა რუსთაველი პირდაპირ ამბობდა:
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია
ბლოკი, არის მოყვრის და თანამოაზრის მოძებნა. რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველოა, არ ეძებო მოყვარე და უბლოკო დაირქვა, საერთოდ გაუგებარია. მარტო ვერ გაართმევს ქვეყანა ამ სირთულეებს თავს.
– როგორ გესახებათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები?
– რუსეთთან ურთიერთობა ბლოკშიც და ინდივიდუალურადაც მესახება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების კეთილმეზობლური დამოკიდებულება. მე რუსეთში მტერს არ ვხედავ, მაგრამ მან უნდა იცოდეს, სად არის მისი საზღვარი და სად მისი პარტნიორი საქართველოს საზღვარი, რომ საქართველო თავის არჩევანში არის დამოუკიდებელი, ისევე, როგორც რუსეთი. ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები?- კი ბატონო. პოლიტიკური, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები? – კი ბატონო. ოღონდ არა სახელმწიფოებრიობის ხარჯზე.
– რით უნდა დაიწყოს საქართველომ ეს ურთიერთობა?
– საქართველომ უნდა დაიწყოს რუსეთთან არა ერთი ერთზე ლაპარაკით, არამედ მას ძლიერი ზურგი უნდა ჰქონდეს, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო თვალსაზრისით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე საუბარი არ შეიძლება არაფერზე, მათ შორის დიპლომატიაზე.
– ბურჭულაძის პარტიაში მიმდინარე პროცესებმა ჩრდილი ხომ არ მიაყენა თქვენი ბლოკის პერსპექტივებს არჩევნებში?
– ნაწილობრივ ეს ვითარება ბუნებრივი იყო, ნაწილობრივ – გარედან ინსპირირებული. არ არის სასიამოვნო, რაც ბურჭულაძის გარშემო ხდება, ამით გარკვეული ზიანი მიადგა ჩვენს პოლიტიკურ ერთობას. სანამ პარტიები დამოუკიდებლად ვემზადებოდით არჩევნებისთვის, ყველას გვქონდა ავტონომიური გეგმა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს ერთ ბლოკში ყოფნა, ყველას გვიწევდა ქამრების შემოჭერა. ელემენტარულად, ცალკე აღებულ პარტიას შეიძლება ჰყავდეს თავისი 73 მაჟორიტარი. როდესაც პარტნიორებთან ერთად უწევს გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია ერთ პარტიას 73 მაჟორიტარი ვეღარ ეყოლებოდა, შესაბამისად, ვერც 73 შტაბს დააკომპლექტებს ერთი პარტია, ვერც პარტიული სია დაიწერება ერთი პარტიისთვის, აქედან გამომდინარე, ვიღაც სიაში მეხუთე უნდა ყოფილიყო და აღმოჩნდა მეთხუთმეტე, ვიღაც დარჩა ნაწყენი. არის გარეშე პრობლემებიც, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო სტრუქტურები.
ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა 4 წლის განმავლობაში მშვენივრად დაალაგეს ურთიერთობა. ერთს მთავარი ოპოზიციური ძალა ჰქვია, მეორეს ხელისუფლება. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობს, რომ ბურჭულაძის პარტია ბიძინა ივანიშვილის პროექტია, ივანიშვილი ამბობს, რომ ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტიაო. მოხდა ისიც, რომ პარტიაში შემოგზავნეს ხალხი, მერე ამ ხალხის გაყვანა დაიწყო, ვითომ იშლება ბურჭულაძის პარტია. “ნაციონალები” და ივანიშვილი მაინც ნუ ლაპარაკობენ დაშლაზე. ივანიშვილს მთელი კოალიცია ოთხ წელიწადში შემოადნა ხელში, პრეზიდენტით დაწყებული, პარტნიორებით დამთავრებული. “ნაციონალურ მოძრაობაზე” აღარაფერს ვამბობ. მარტივ მამრავლებად იშლებიან. 5 კაცია დარჩენილი და ისინიც ერთმანეთს აგინებენ დილიდან საღამომდე.
– ამ არჩევნებით საფრთხე ექმნება საქართველოში მრავალპარტიულობას?
2016 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში აღარ უნდა ყოფილიყო დომინანტი 2 პარტია. ჩვენი მიზანი იყო, გვეიძულებინა ისინი სხვა პარტიებთან ერთად შეექმნათ ქართული პოლიტიკა და არა საკუთარ ნება-სურვილზე და ხუშტურებზე. ისე, როგორც ცხოვრობს მთელი მსოფლიო, მრავალპარტიული დემოკრატიით და არა ერთპიროვნული მმართველობით. საქართველო ბოლო 25 წელიწადი ცხოვრობს ერთი კაცის ჭკუით, თუ აქვს იმასაც ჭკუა. 11 წელი შევარდნაძის, 9 წელი სააკაშვილის და 4 წელი ივანიშვილის ჭკუით. არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომლის ჭკუა საკმარისი იყოს ქვეყნის მართვისთვის. ამ საქმეს მეტი ჭკუა სჭირდება.
არსებობს მჯობნის მჯობნი. ის რაც ერთ პარტიას შეუძლია, ორ და სამს კიდევ უკეთესად გამოუვა. თუ სამსაც არ შეუძლია, მაშინ ხელისუფლებამ სხვა პარტიებთან უნდა ითანამშრომლოს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენს წილს შევიტანდით ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. არ შეიძლება ამ მენტალობით ცხოვრების გაგრძელება, რომ ჩემიანი ყველას სჯობს.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი