ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ “უცხოური გავლენის აგენტების” სამართლებრივ სივრცეში მოქცევა და მათი დაფინანსების გაკონტროლება მოინდომა, ვაშინგტონმა გადაწყვიტა “ქართული ოცნებისთვის” ჭკუა ესწავლებინა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ 21 მარტს, საქართველოში ადამიანის უფლებების 2022 წლის მდგომარეობის შესახებ სკანდალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობასა და სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, ხოლო, ანგარიშს, ფეხდაფეხ მოაყოლა ქართველი მოსამართლეების სანქცირება.
ანგარიშის შემდეგ, აშშ-მ საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.როგორც სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს გაუუქმდათ მოქმედი ვიზები.
“აშშ განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას”, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სანქცირებული ქართველი მოსამართლეები ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში და ამასთან დაკავშირებით მათ სანდო ინფორმაცია აქვთ, რომლებიც სხვადასხვა ღია წყაროებით შეგროვდა.
“გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ეს პირები ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, რაც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ პროცესს და აზიანებს ხალხის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას.
ეს ამბავი მმართველ გუნდში მწვავედ განიცადეს და აშშ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისიც კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოს სახელმწიფოდ არ აღიქვამს და იმიტომ ერევა მის საშინაო საქმეებში. მისივე თქმით, ვაშინგტონს ქართული სასამართლოს დაქვემდებარება სურს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს წერილით მიმართა, სადაც სრულიად გაუგებარსა და მიუღებელს უწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც, მისივე თქმით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გასაჯაროვდა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ამერიკული მხარე წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
“სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ ილია დარჩიაშვილის წერილში.
წერილში დარჩიაშვილი ამერიკულ მხარეს აწვდის ინფორმაციას იმაზე, თუ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებისგან “ქართულ ოცნებას” როგორი სასამართლო სისტემა ერგო მემკვიდრეობით და მას შემდეგ რამდენი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.
მინისტრის თქმით, 2012 წლის მდგომარეობით რეალობა იყო უმძიმესი: სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული, 99%-ს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს. უსამართლო და რეპრესიული სასამართლო სისტემის პირობებში 25 ათასს მიაღწია პატიმრების რაოდენობამ ციხეებში, სადაც დანერგილი იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა. შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
დარჩიაშვილი ამერიკულ მხარეს აწვდის ინფორმაციას იმაზე, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ციხეებში პატიმრების რაოდენობა – 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 10-ჯერ შემცირდა. 3-ჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, 2-ჯერ შემცირდა გირაოს და 5-ჯერ ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი და სხვა.
“წინა ხელისუფლების და მისი სასამართლო სისტემის პირობებში ქართველი ხალხი საქართველოში სამართალს ვერ პოულობდა და იძულებული იყო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა. 2004-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების 5416 საჩივარი შევიდა. შედარებისთვის, 2013-2022 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1132-ს შეადგენდა. 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია”, – წერს ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ წერილში.
საგარეო საქმეთა მინისტრი იქვე დასძენს, რომ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები – მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ.
შეგახსენებთ, რომ ეს ის მოსამართლეები არიან, რომელთა სასამართლო სისტემაში დატოვებამ წლების წინ “ქართულ ოცნებაში” ვნებათაღელვა გამოიწია და დეპუტატების ნაწილმა პროტესტის ნიშნად პარტიაც კი დატოვა. თუმცა, მაშინ გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ამ “სამარცხვინო მოსამართლეების” ქართულ სასამართლო სისტემაში შენარჩუნების მითითება სწორედ დასავლეთიდან მოდიოდა. ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2019 წელს ირაკლი კობახიძის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემა 2012 წლამდე იყო უვარგისი, მაგრამ “ოცნებამ” შეცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და “ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს”.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ აშშ-ს მიერ 4 მოსამართლის სანქცირება გზავნილია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის იმ თვალსაზრისით, რომ ეს 4 მოსამართლე „რეალურად ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია”; რომ დღეს, საქართველოში სასამართლო სისტემას აკონტროლებს „კლანი ლევან მურუსიძის მეთაურობით“, რომელიც „ქართული ოცნების“ დაკვეთებს ასრულებს.
“სანქციების საკითხის მომწიფება აჩვენებს იმას, რომ დასავლეთმა „ქართულ ოცნებასთან „კომუნიკაციის ყველანაირი გზა ამოწურა“, – აცხადებს “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძემ ბევრი სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყველაზე გახმაურებულ საქმეებზე. უკვე „ქართული ოცნების“ პირობებში მურუსიძემ კარიერა გააგრძელა და მოსამართლედ გაურკვეველი ვადით დაინიშნა.
მიხეილ ჩინჩალაძე გახმაურებულ საქმეებში არ არის ჩართული, თუმცა ოპოზიციამ ის არაერთხელ დაადანაშაულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით კონკრეტულ საქმეებზე მოსამართლეებზე ზეწოლაში, მათ შორის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე.
ვალერიან ცერცვაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, iTechnic-სა და iPlus-ს შორის მიმდინარე პროცესებში სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. გაირკვა, რომ iTechnic ცერცვაძის ახლობლებმა დააარსეს, ვის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
ირაკლი შენგელია ნეპოტიზმში ადანაშაულებენ, კერძოდ, მისი დანიშვნის შემდე, მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა სასამართლო სისტემაში დაიწყეს მუშაობა. ასევე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას. თავად სანქცირებული მოსამართლე ლევან შენგელია აშშ-ის დემოკრატიულ ღირებულებებს იწუნებს და ამბობს, რომ არც მას და არც მის ოჯახს არ აქვს სურვილი ჩავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც “დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია ბავშვისათვის სქესის შეცვლა”.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ის მოსამართლეები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის დროიდან შეინარჩუნა, მარტო დასავლეთის მითითებით არ იყო გამოწვეული, მაშინ “ოცნებამ” სიტუაციური მიდგომა ამჯობინა. “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მოულოდნელად ჩაუვარდა ხელში ხელისუფლება, საკუთარ თავზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ხელის ერთი მოსმით შეეცვალა მოსამართლეთა ის კორპუსი, რომელიც 90%-ით თუ მეტი არა, იყო გასვრილი სხვადასხვა საქმეებში ნაციონალების დროს.
ანჯაფარიძის თქმით, წლებთან ერთად “ოცნების” ხელისუფლება და სააკაშვილის სასამართლო კორპუსი ერთმანეთს შეეწყვნენ. ლევან მურუსიძემ სასამართლო სისტემაში რაღაც-რაღაცები დაალაგა. ეს სიტუაცია კი, როგორც ჩანს არ მოეწონათ დასავლეთში.
“ამაში წვლილი მიუძღვით აქაურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორებს, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს, რომლებმაც დაარწმუნეს დასავლეთი, რომ ამჟამინდელი მოსამართლეთა კორპუსი არის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ამიტომ მათ საჭიროდ ჩათვალეს სასამართლო სისტემაში მათი ნდობით აღჭურვილი პირები შეიყვანონ. კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ს საელჩო ითხოვდა მათთვის სასურველი ადამიანების დანიშვნას სასამართლოში. ვიმედოვნებ, მტკიცებულებებს წარმოადგენენ”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ამ ვითარებიდან საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა? – ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება, სახეზეა რეპუტაციული ზიანი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილება გამოცხადდა ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის წინ. 7-8 მარტის აქციების შემდეგ, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ არიან გამარჯვებულები და პოლიტიკური ინიციატივა მათ მხარესაა.
“სანქციების თემა ოპოზიციას ეხმარება იმაში, რომ ხელისუფლების დელეგიტიმაციისთვის რევოლუციური პროცესები განავითარონ. არ გამოვრიცხავ, რომ სანქციების სია გაფართოვდეს, თუ აშშ დაინახავს რომ საქართველოს ხელისუფლება არ აიძულებს ამ მოსამართლეებს დაწერონ განცხადება და დატოვონ სასამართლო სისტემა. ეს „ქართული ოცნებისგან“ ნაკლებად მოსალოდნელია იმ განცხადებების საფუძველზე, რაც ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა, თუმცა კრიტიკულ მომენტებში მაინც უკან იხევენ”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, “აგენტების შესახებ კანონპროექტის” შემდგომი პროცესების ლოგიკური გაგრძელება ვიხილეთ – აშშ-მ დაასანქცირა მოსამართლეები.
გიორგი ქართველი