„უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო თბილისში ვნებათაღელვა არ წყდება. ამ ხნის განმავლობაში პარლამენტში კანონპროექტის უკვე მეორე მოსმენა გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ დესტრუქციას მიმართავს და კანონპროექტის არსებით განხილვაში არ შედის.

ორ კვირაზე მეტია თბილისის ცენტრალური გამზირი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის დაორგანიზებულ საპროტესტო აქციებს მასპინძლობს, რომლებიც ყოველ ჯერზე ცდება მშვიდობიან ფორმას და მანიფესტანტების მხრიდან სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლაში გადადის. აქციის მონაწილეთა ძირითად ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგნენ, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები.

29 აპრილს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქცია გამართა, რისთვისაც მოქალაქეების ქვეყნის რეგიონების ჩამოყვანა უზრუნველყვეს. წინა დღით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დამონტაჟდა სცენა, რომლის დაკავების მცდელობა ჰქონდათ არასამთავრობოების საპროტესტო აქციის მონაწილეებს. 28 აპრილს მათი აქცია ტრადიციულად პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე მანიფესტანტი დააკავეს.

29 აპრილს, „ქართული ოცნების“ აქციის პარალელურად, რომელსაც საყოველთაო-სახალხო შეკრება ეწოდა, „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეები ვაკის პარკში შეიკრიბნენ. „ოცნების“ მხარდამჭერი მოსახლეობის აქცია თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე გადაიჭიმა. ხალხის რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავი იყო, სხვადასხვა გამოთვლებით ხელისუფლების კონტრაქციაში 200 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

მიტინგზე ერთმანეთის მონაცვლეობით გამოდიოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახალხო ტრიბუნიდან მოუწოდა ევროკავშირს, ქართული საზოგადოების მიმართ გამოხატოს სათანადო პატივისცემა, აღადგინოს სამართლიანობა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები წელსვე გახსნას. იმავდროულად კობახიძემ მოუწოდა ყველას, იზრუნონ ქართველ ხალხზე და არა ქვეყნის არევის მოსურნე „ენჯეოების“ მიერ შავი ფულის დამალვაზე.

მიტინგზე სიტყვით გამოვიდა აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. მან თავის გამოსვლა კვლავ ქრისტიანული ტრადიციების მიმართ ერთგულებაზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს პროგრესზე, განვითარებაზე, განახლებაზე უარის თქმას, თუმცა იქვე დასძინა, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის.
„ ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, არ ვემსახურებით არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი

ტრიბუნა ბოლოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა. მან ხალხს მმართველი პარტიის უახლოესი 6 წლის გეგმა გააცნო და პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება.

„ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდო ელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს, „ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და, არც საკუთარი ხალხი, რადგან მას სინამდვილეში საკუთრად არ მიიჩნევს“.

ივანიშვილის თქმით, დღეს რადიკალური ოპოზიცია იმ ენერგიას და ფინანსებს, რომელიც შემოდგომისთვის სახელმწიფო გადატრიალებისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ქუჩაში ნაადრევად ანიავებს.

ივანიშვილმა თავის გამოსვლაში რამდენიმე ძირითადი აქცენტი დასვა, მათ შორის ის, რომ საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დანიშნულმა ძალამ, როგორც ეს, მისივე თქმით, 2004-2012 წლებში იყო, როცა ქვეყანას გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა.

ბიძინა ივანიშვილი

“უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იმავე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ. რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა ქართული სასამართლოს მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ დასავლეთი დღემდე ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ე.წ. ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, რომელსაც ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის გულწრფელი პროტესტი მოჰყვა, ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციებს დაფინანსების გამჭვირვალობას, რომელთა შემოსავლის 20% არის უცხოეთიდან. კანონი არ ეხება მეცნიერებს, სტუდენტებს, ემიგრანტებს, სპორტულ ფედერაციებს, ინდ.მეწარმეებს, კომერციულ-იურიდიულ პირებსა და არც ერთ ფიზიკურ პირს.

ირაკლი გოგავა

საერთო სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის ვრცელს გამოსვლას ანალიტიკოსთა შეფასებები მოჰყვა. როგორც პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აღნიშნავს, დღემდე ეჭვობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მეტროპოლიას ემსახურებოდა, თუმცა 29 აპრილის აქციაზე მისი გამოსვლის შედეგად დარწმუნდა, რომ მას ქართული საქმე აქვს ჩაფიქრებული.

“დიდ პოლიტიკაში მთავარია გადაწყვეტილებებისთვის მართებული დროის შერჩევა და საკითხების მაშინ გადაწყვეტა, როდესაც ის მომწიფდა და გლობალური ვითარება ხელსაყრელია, რათა ქვეყანა, ხალხი და საკუთარი თავიც გაუმართლებელი რისკის ქვეშ არ დააყენოს”, – აცხადებს გოგავა.

მისი შეფასებით, 29 აპრილის აქციაზე ივანიშვილმა “ქართული სუვერენული პროექტის” დაწყება გამოაცხადა, აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ ახალ ეკონომიკურ პროექტს, მერიტოკრატიას, განათლების სისტემის სიღრმისეულ რეფორმას, კულტურის სფეროს ქართულ სივრცეში დაბრუნებას, ჯანდაცვის სისტემის და ფარმაცევტიკის მკაცრ კონტროლს და რეფორმას, სახელმწიფო უწყებების აგენტურისგან წმენდას და ბევრ სხვა ნაბიჯს.

„მან მეტროპოლიას დაუმორჩილებლობა უკვე ოფიციალურად გამოუცხადა. კონტრშეტევა მოსალოდნელია, მაგრამ ერთობით ფონს გავალთ. როგორც ეროვნულმა გმირმა მერაბ კოსტავამ თქვა, – თუ დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწყვეტთ, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაცო“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

რამაზ საყვარელიძე

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ 29 აპრილის აქციაზე “ქართული ოცნების” მთავარი გზავნილი იყო “ღირსებით ევროპისკენ”. მისი აზრით, „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელიც დიდს არაფერს წარმოადგენს, ასრულებს წითელი ნაჭრის ფუნქციას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციასა აუფრიალა „ოცნებამ“. ეს კანონპროექტი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ოპოზიციამ სახელმწიფო გადატრიალებისთვის გამიზნული ფინანსური რესურსები და მთელი თავისი ენერგია შემოდგომის არჩევნებამდე, ქუჩის აქციებზე დახარჯოს.

„როცა პოლიტიკური პარტია გამოდის ქუჩაში, მისი პოლიტიკური ამოცანაა ძალის ჩვენება. ეს საპასუხო ძალა აჩვენა „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს ოპოზიციას. ამ კანონის უკან გაწვევა უკვე აღარ არის მოსალოდნელი, თუმცა რაც შეეხება იმას, რას მოიგებს ამ კანონის გარშემო ატეხილი ამბით ოპოზიცია, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული“, – განუცხადა Dalma News-ს საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის აზრით, 29 აპრილის მრავალათასიანი აქციით „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა ძალის დემონსტრირება ოპოზიციისთვის, დასავლეთისა და საკუთარი ამომრჩევლისთვის. უცხოური აუდიტორიისთვის ეს აქცია იყო გაფრთხილება, რომ თუ საქართველოში აპირებენ სახელმწიფო გადატრიალებას, ეს არ იქნება მარტივი, რადგან მმართველ ძალას ქვეყანაში მხარდაჭერა აქვს.

„ოპოზიცია ამოდის იქიდან, რომ ევროპა იმუქრება კარის დაკეტვით, თუ ამ კანონს მიიღებთო, ასეთივე მუქარები ისმოდა მაშინ, როცა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. დრო გავიდა და აღმოაჩინეს საფრანგეთმა და გერმანიამ, რომ ევროპისკენ მიმავალი ტრანზიტი გაივლიდა საქართველოზე და სრულიად არაორაზროვნად დაიწყო გერმანიამ ლაპარაკი იმაზე, რომ ევროპა თბილისამდე უნდა გაგრძელდეს. ამის მერე მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ამავე ლოგიკით, სავარაუდოა, რომ 2030 წლისთვის თვითონ ევროპაც უფრო მეტად ჩაიხედავს თავის გეგმებში და შანსი იქნება იმისა, რომ ევროპამ, უკვე თავისი ინტერესის გამო კარი გაუღოს საქართველოს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, საქართველომ რაც არ უნდა ეხვეწოს, თუ ევროპას არ სურს, კარს არ გააღებს, ასე ეხვეწებოდა საქართველო ევროპას მე-17 საუკუნიდან მოყოლებული მფარველობას, მაგრამ სულხან-საბა ორბელიანის საფრანგეთში მივლინებამ მაშინ შედეგი არ გამოიღო, რადგან არ არსებობდა ევროპის პოლიტიკური ინტერესი საქართველოს მიმართ. დღეს კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და საქართველო სჭირდება ევროკავშირს.

გიორგი ქართველი