თანამედროვე არქიტექტურულ ტემპს თბილისი ბოლო წლებია აქტიურად უწყობს ფეხს. მრავალსართულიანი შენობები, თუ მინის ცათამბეჯენები კატასტროფული სისწრაფით შთანთქავენ არა მარტო უძველესი ქალაქის ხედებს, არამედ თვალსა და ხელს შუა ქრება მწვანე საფარი. ერთმანეთის მიყოლებით იჩეხება მრავალწლოვანი ხეები. ზოგს გამიზნულად აცლიან ქერქს, რომ ხე გახმეს და მათი მოჭრის თვალსაჩინო და მყარი საფუძველი არსებობდეს. ზოგს სათანადო მოვლა-პატრონობა აკლია, ზოგმაც ამოწურა თავისი რესურსი და დაავადების კერად იქცა, რომელიც ახლო მდებარე ახალგაზრდა, ჯანმრთელ ხეებს მოედო და ათასობით ძირი ხის მოჭრა გახდა საჭირო.

ერთი შეხედვით, თითქოს დედაქალაქის მერია ცდილობს თბილისელების გულის მოგებას და მილიონი ხის დარგვის აქციას პერიოდულად მიმართავს, მაგრამ აქ მეორე პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, ვინ უპატრონებს ნორჩ ნერგებს, რომლებიც გამოფიტულ ნიადაგს ვერ ეგუებიან და ერთმანეთის მიყოლებით ხმებიან. თუმცა ეს კიდევ სხვა პრობლემაა.

ამჯერად იმ ქალაქის შესახებ გიამბობთ, რომელიც დიდი ხანია აქტიურ სამშენებლო არეალად იქცა. სადაც შენობების არქიტექტურული ღირებულება, მშენებლობის სწრაფმა ტემპმა და პრაქტიკულობამ ჩაანაცვლა, სადაც ნებისმიერ უცხოელ ინვესტორს შეუძლია, ქართველი პოეტების სათაყვანებელ რუსთაველის გამზირსაც კი ჩამოაჭრას ტერიტორია, რათა ის თავისი სასტუმროს კლიენტებისთვის საავტომობილო პანდუსის მოსაწყობად გამოყენოს.

ამის შემხედვარეს უნებლიედ გაგახენდება პოეტის სიტყვები:

რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ დღევანელი თბილისის ნახვით ლადო ასათიანი მხიარული ნამდვილად აღარ დარჩებოდა. ქალაქი, სადაც რუსთაველზე გასეირნება აღარ არის განსაკუთრებული რიტუალი, ქალაქი, სადაც ადამიანებზე მეტად ერთმანეთს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები დაუახლოვდნენ და მეზობლებს სულ თავისუფლად შეუძლიათ მეორე კორპუსის ფანჯარაშიც კი შეიჭვრიტონ. ქალაქი, სადაც უსახური, შემინული ცათამბჯენები, რომლებიც ამ გლობალური დათბობისა და სითბური გაზების ეპოქაში კიდევ უფრო მეტ სითბოს გამოყოფენ, გაუსაძლისს ხდიან ყოფიერებას, არა მგონია პოეტების მუზად იქცეს.

233023645მორიგი 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას, ანუ მორიგი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, სადაც 2 000 მუდმივი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, ამ დღეებში კიდევ, რამდენიმე ძირი უნიკალური, მრავალწლოვანი ნაძვების სიცოცხლე შეეწირა. ყაზბეგის გამზირის #22-ში ხეების ჭრის ფაქტი მოქალაქეებმა ვანდალურ აქტად შეაფასეს და რომ იტყვიან განგაშის ზარი შემოჰკრეს. ხეების მოჭრის ფაქტს სოციალურ ქსელშიც მოჰყვა გამოხმაურებები. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, ინტერნეტ სივრცეში, ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს სტატუსები.

მათ შორის, ჯანმრთელი ხეების მოჭრა ვანდალიზმად შეაფასა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე და თანამოქალაქეებს მათი მოჭრის ნაცვლად, ხეების დარგვის და ზრუნვისკენ მოუწოდა. მისი აზრით, თბილისში მწვანე საფარის განადგურების გამო, მნიშვნელოვნად იმატა ბავშვებში სხვადასხვა სახის დაავადებებმა:

«ხეების მოჭრა არის ვანდალიზმი და მეც, როგორც ამ ქალაქში და ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი, ვგმობ ამ ვანდალიზმს. მოვუწოდებ ყველას, არ მოჭრათ ხე! დავრგოთ ხეები და ვიზრუნოთ ჩვენ სახლზე, რომელსაც საქართველო ჰქვია! ჩვენი ფონდის – “ნატვრის ხის”, მთავარი მიზანია ბავშვების გადარჩენა. ვერ ავუდივართ მომართვებს მშობლებისგან, დაავადებებმა მნიშვნელოვნად იმატა! ვიზრუნოთ მომავალზე! ნუ გავინადგურებთ საკუთარ თავს და მომავალს!» – წერს ხელოვანი თავის facebook-ის გვერდზე.

margპირველი ლედი მაკა ჩიჩუა ხშირად მონაწილეობს “მწვანე აქციებში” და ყოველთვის უსვამს ხაზს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების საჭიროებას. მისი ერთ-ერთი მოწოდებაა:

 

არ გავაბეტონოთ სიმწვანე და შევეცადოთ, მაქსიმალურად მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ იმ სიმწვანეს, რაც გვაქვს საქართველოში

ყაზბეგის გამზირზე მომხდარმა ფაქტმა მისი პროტესტიც დაიმსახურა და სოციალურ ქსელში განათავსა სტატუსი, სადაც წერს, რომ პროცესი ასე თუ გაგრძელდა, დედაქალაქი მალე ჟანგბადის გარეშე დარჩება.

«გონს ხართ !? ნუთუ ვერ ხვდება ვერავინ, რომ მალე მართლა უჟანგბადოდ დავრჩებით ჩვენც და ჩვენი შვილებიც!!!!!!? მე კი ვცხოვრობ ტყეში, მაგრამ ეს შველის საქმეს? მართლა ყველა ხომ არ უნდა გაიქცეს ქალაქიდან !? ცოტაა ისეთი ტერიტორიები, სადაც კორპუსის ასაშენებლად ხის მოჭრა არ არის საჭირო !? არც ერთ ქვეყანაში ასე არ ექცევიან გამწვანებას !!! პირიქით, ყველგან განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიფაქიზით პატრონობენ მწვანე საფარს! იცით რამდენი დრო სჭირდება ნერგის ხედ გადაქცევას ????» – წერს მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საკითხით თავად თბილისის მერის დავით ნარმანია დაკავდა. მანამდე, დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე თავის მართლება მოუხდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილს, რომელმაც ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ გამოთქვა ეჭვი, რომ ყაზბეგის გამზირზე საღი ხეები მოჭრეს.

მისივე თქმით, მოჭრის ნებართვა კომპანია “ფორესტკომპანის” დასკვნის საფუძველზე გაიცა, რომელშიც წერია, რომ ხეები დაავადებული, გამხმარი და ზეხმელია. სამშენებლო კომპანია “ორბმა” შენობის ასაშენებლად ტერიტორიაზე არსებული 68 ხის მოჭრა მოითხოვა. მერიის ეკოლოგიურმა სამსახურმა, კანონის შესაბამისად, ითხოვა მოეტანათ დასკვნა ორგანიზაციიდან, რომელიც უფლებამოსილია, გასცეს დასკვნა ხეების სახეობების გაჩეხვაზე. მოიტანეს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ 68 ხიდან 45 დაავადებულია. მაშინ სულხანიშვილის სამსახურმა მხოლოდ დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა

«ორი ვერსიაა – ერთი ის, რომ მოიჭრა ის ხეები, რომელზეც ნებართვა არ ყოფილა და დასკვნის მიხედვით საღი იყო, ან მეორე – თავად დასკვნას აქვს პრობლემა. ვესაუბრეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც დასკვნა გასცეს და გვითხრეს, რომ საკუთარ სიმართლეს დაადასტურებენ», – განუცხადა სულხანიშვილმა ჟურნალისტებს.

მაგრამ სანამ კომპანია, რომელსაც მერიის დავალებით მოსაჭრელი ხეების მდგომარეობა უნდა შეესწავლა, საზოგადოების წინაშე თავს იმართლებდა, დავით ნარმანიამ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ვითარებაში გასარკვევად მასალები ქვეყნის მთავარ პროკურატურას გადასცა, ხეების მოჭრაზე კი 10 დღიანი მორატორიუმი გამოაცხადა.

როგორც დავით ნარმანია აცხადებს, ამ ათი დღის განმავლობაში, დედაქალაქის მთავრობა, ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა, თუ პირთან ერთად, კიდევ ერთხელ გადახედავს ქალაქის გამწვანებასა და ხეების ფორმირებასთან დაკავშირებულ წესებს.

მერის შეფასებით, ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ გადახედვას და დახვეწას საჭიროებს, მაგრამ, იმავდროულად, მიღებული რეგულაციები ქალაქის შემდგომ განვითარებას ხელს არ უნდა უშლიდეს.

davit_narmania_4251თბილისის მერმა მოქალაქეებს ისიც შეახსენა, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, რაც ურბანიზაციის შეუქცევად პროცესს გულისხმობს და ქალაქმა ისეთი რეგულაცია უნდა მიიღოს, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას შექმნის.

«ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მწვანე საფარი, მეორე მხრივ – ვიზრუნოთ ახალი პროექტების განხორციელებასა და ადამიანების დასაქმებაზე. მართალია, გარკვეული პერიოდის წინ, კანონში ცვლილებები შევიტანეთ და გავამკაცრეთ წესები, თუმცა, მზად ვართ, რეგულაციები კიდევ უფრო გავამკაცროთ», — განაცხადა დავით ნარმანიამ.

ხეების ჭრაზე გაცემული ნებართვების გამო, ბოლო დღეებში თბილისის მერია ბევრი საზოგადოებრივი თუ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგნად იქცა. ზოგი მათგანი კი გონივრულ გამოსავალს სთავაზობს.

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი”, მერიას მშენებლობებზე ნებართვის გაცემის წესის შეცვლას ურჩევს. კერძოდ, მშენებლობის ნებართვა გაიცეს იმ ტერიტორიებზე, სადაც არ არის საღი მწვანე ნარგავები, ან მშენებლობის დროს, ინვესტორი მათ მაქსიმალურად შეინარჩუნებს.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე თემო კალანდაძე განმარტავს, “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” კანონის თანახმად, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია, თუ გაცემულია მშენებლობის ნებართვა და მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები აფერხებს მშენებლობას.

ეს ნიშნავს, რომ ჯერ პროექტი მუშავდება, მას შეათანხმებენ და გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ხოლო ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური იძულებული ხდება, ან თავს მიიჩნევს ვალდებულად, იმ ხე-ნარგავების მოჭრის ნებართვა გასცეს, რომელიც მოიცვა პროექტმა და ხელს უშლის მშენებლობას.

მისივე თქმით, ასეთი სამართლებრივი უწესრიგობის შედეგია 17 აგვისტოს, ალ. ყაზბეგის გამზირის N22-ში განხორციელებული ვანდალური აქტი.

“რამდენჯერმე მივმართეთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს არაერთი საკანონმდებლო ინიციატივით. ერთ-ერთი საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, ჩვენ ვთავაზობთ, მშენებლობის ინიციატორმა, შენობის პროექტის შედგენამდე, პირველ რიგში მიმართოს მუნიციპალიტეტის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს, რათა წინასწარ განისაზღვროს საპროექტო ტერიტორიაზე საღი ხე-ნარგავების არსებობა, დაავადებულის და ხმელის ჭრის შესაძლებლობა და დამკვეთმა წინასწარ მიიღოს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ხე-ნარგავების მომავალში ჭრის ნებართვის გაცემაზე. შესაბამისად, არქიტექტურული პროექტი დამუშავდება ტერიტორიაზე არსებული საღი მწვანე ნარგავების გათვალისწინებით – მათი მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით, პროექტი შეთანხმდება და მშენებლობის ნებართვა გაიცემა ნარგავებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე», – აცხადებს თემო კალანდაძე.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიაში წესად იქცა – მუნიციპალიტეტის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური თავს მიიჩნევს ვალდებულად, რომ მოერგოს პროექტს და გასცეს იმ ხე-ნარგავების ჭრის უპირობო ნებართვა, რომლებიც ხელს უშლიან უცხოელ თუ ადგილობრივ ინვესტორებს მშენებლობაში.

ასეა თუ ისე, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, ყაზბეგის გამზირი N22-ში ხეების ჭრის პროცესი შეაჩერა, ხოლო საქმის მასალები შესასწავლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნეს. ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნებულიყო 18 ძირი საღი კვიპაროსი, ხოლო 5 ძირი ხე, აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაერგოთ, ისე, რომ ხე-მცენარეების სასიცოცხლო ფუნქცია არ დარღვეულიყო.

maxresdefaultსაქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების, სატყეო ფაკულტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი მიიჩნევს, რომ პროექტის გარეშე ხის არც დარგვა და არც მოჭრა არ შეიძლება. მშენებლობის პროექტი აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ეკოლოგებთან. ყაზბეგის გამზირზე ნაძვების გაჩეხვასთან დაკავშირებით, საზოგადოება საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ და ხეების ბედი მსჯელობის შემდეგ გადაეწყვიტათ.

მისი აზრით, მართალია ორი ხის გამო, მშენებლობის გაჩერება არ იქნებოდა გონივრული, მაგრამ ხის ერთი ადგილიდან მეორეზე გადარგვაც არის შესაძლებელი, რაც მსგავს შემთხვევებში, პირველ რიგში უნდა სცადონ.

«სადაც ყველაზე დიდი სიმწვანეა, ყველას იქ უნდათ ხოლმე სახლის ჩადგმა. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ნაკლები სიმწვანე გაანადგურონ. ასე თუ გაგრძელდა, ქალაქში მალე ჟანგბადი აღარ იქნება», – მიაჩნია პროფესორს.

ცხადია, საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა ვითარდებოდეს და მსჯელობის შემდეგ უნდა წყდებოდეს, თუ რა იქნება ქალაქისთვის უკეთესი. არავის სურს თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩეს, მაგრამ აქვე ავიწყდებათ, რომ დღესდღეისობით ბეტონის ნაგებობზე მეტად ფასეული მწვანე ოქროა, რომელიც ზრუნვას და მოვლას საჭიროებს. იქნებ იმაზე დაფიქრდნენ მთავრობები, რომ დღეს თუ ბეტონი შთანთქავს სიმწვანეს, ხვალ ადამიანისთვისაც აღარ დარჩება იქ ადგილი.

შორენა ქარჩავა