საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.1%-ით გაიზარდა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები. ხოლო, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში მშპ–ის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა. რით არის განპირობებული ერთ სექტორში ზრდის, ხოლო მეორეში კლების ტენდენცია და როგორი იქნება ლარის კურსი წლის ბოლოს, ამ საკითხზე Dalma News–ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში – ნიკა შენგელია ესაუბრა.
– საქსტატის შეფასება, რომ წინა წელთან შედარებით მშპ-ს 5%-იანი ზრდა არის, რეალისტურია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ იმ დარგებშია ზრდა (თუ იზრდება ეკონომიკა), რომლებიც ჩამოთვალეს: საფინანსო სექტორი და საბანკო სექტორი – 2 მლრდ ლარზე მეტი აქვთ მოგება. ზრდა არის სადაზღვევო და სამშენებლო სექტორებში. სამშენებლო სექტორში ზრდა გამოწვეულია რეგიონში საომარი ვითარებით. რამდენმა ჩამოსულმა შეიძინა ბინა, რომლებიც გაერიდნენ ომს? იყო მონაცემები, რომ დაახლოებით 24 000-მდე ბინაა შეძენილი. ეს ყველაფერი არის დროებითი.
რაც შეეხება მთავარს, სადაც უნდა გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, რეალურ ეკონომიკას რასაც ვეძახით, სწორედ იქ გვაქვს ჩავარდნა. როცა ეს ყველაფერი დასრულდება, სამშენებლო სფეროშიც შენელდება ვითარება და ფინანსურ სექტორშიც. ფინანსურ სექტორს მომსახურების ძალიან მაღალი პროცენტები აქვს დაწესებული და მაღალი შემოსავალიც შესდით. თანხები შემოდის უცხოეთიდან – ემიგრანტებს თავი რომ დავანებოთ, შემოსული ადამიანების ანგარიშებზე გადმორიცხული ფულით. გამომდინარე აქედან, გასაკვირი არ არის, რომ მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით ასეთი მონაცემები გვაქვს, მაგრამ ეს რიგითი მოქალაქის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან არავითარ კავშირში არ არის. მათი შემოსავლები არ იზრდება. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს ხელფასები ბიუჯეტიდან ეზრდებათ. არ იზრდება ადგილობრივი პროდუქციის მოსავლიანობა. მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ მხოლოდ შემოსულთა ხარჯზე. ამიტომ ვაჭრობაშიც იქნებოდა ზრდა.
– სოფლის მეურნეობისთვის არც თუ სახარბიელო წელი იყო სტიქიების გამო. თუმცა, ამის გარეშეც საქართველოში ვერ ხერხდება აგრარული სექტორის ფეხზე დაყენება. რა არის ამის მიზეზი?
– სოფლის მეურნეობის სექტორში იმპორტი ყოველთვის სჭარბობდა ექსპორტს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, მოსავალი იყო თუ არ იყო, საქართველო მაინც იმპორტზეა დამოკიდებული. მოსავალი რომც ყოფილიყო, ფასები მაინც მაღალი იქნებოდა, იმიტომ, რომ ყველაფერზე გაზრდილია ფასები, მით უმეტეს, საწვავზე. ყოველი ხვნისა და მოსავლის აღების პერიოდებში საწვავზე ფასები მაღალია. ამას ხელისუფლება უნდა აანალიზებდეს და უფრო სწორი პროგრამებისა და პროექტებით ხდებოდეს დამატებითი მოსავლიანობის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით ახალი არაფერი კეთდება. 4 წლის წინ, გადამამუშავებელ მრეწველობაში რაღაც საწარმოები თუ შეიქმნა, ზოგი გაჩერებულია, ზოგიც საკუთარ თავსაც ვერ ინახავს. აქაც საქმე გვაქვს იგივე პრობლემასთან – ფულად საკრედიტო პოლიტიკას პლუს ეკონომიკური პოლიტიკის არქონა. წლებია არ გაგვაჩნია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმა. ქვეყნის ეკონომიკა ოკეანეში უკომპასო გემივით მიედინება, ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ. ასე ვცხოვრობთ 30 წელიწადია, ამიტომ საჭიროა დაიწყოს ძირეული ცვლილებები ფულად საკრედიტო პოლიტიკით. ინფლაცია მაღალი არ იქნება, მაგრამ ფასები მაღალია. მაშინ, როდესაც საქართველოში შეიძლება საპროცენტო განაკვეთი იყოს 3-4%-ი, 10%-ზე დატოვეს. ბიზნესი სესხს ვერ იღებს და რომელ გაიაფებაზე უნდა ვიფიქროთ. ჯერ ისედაც გადასახადები აქვს მეწარმეს, მერე ამ ფულის გადასახადი – 15%. მოგებაც ხომ უნდა დაიტოვოს. მდგომარეობა ასე არ გამოსწორდება. აქ საჭიროა თავიდან ბოლომდე ძირეული ცვლილება. სამწუხაროდ არაფერი იცვლება ამ კუთხით.
– სამშენებლო სექტორი აქტიურად მუშაობს, მაგრამ აქაც არ გვაქვს ადგილობრივი მრეწველობა, ესეც დამატებითი ფაქტორია ბინების ფასის ზრდასთან დაკავშირებით?
– დიახ, ყველაფერი შემოდის. საქართველოში არ იწარმოება მოსაპირკეთებელი მასალა – “კაფელ-მეტლახი”. 80% იმპორტია. შესაბამისად, სამშენებლო სექტორი რომ იზრდება, იზრდება ბიუჯეტის შემოსავალიც. ბინის ფასსაც აძვირებს და კომპანიებსაც აქვთ დადებული მაღალი მარჟა. კვადრატული მეტრი თბილისში 1000 აშშ. დოლარად აღარსად იყიდება, მაშინ, როდესაც კვადრატული მეტრის აშენება 400 აშშ დოლარამდე ჯდება. 100%-ზე მეტი მარჟა აქვთ დადებული. მაგრამ რადგან მყიდველი არსებობს, ეს ფასებიც იარსებებს. უკრაინის ომის დაწყებამდე 400-600 აშშ დოლარის ფარგლებში იყო შავი კარკასის ფასი. ომის დაწყებიდან 3 თვეში დაიწყო ფასებმა მატება.
– ლარის კურსმა დაიწყო ისევ ვარდნა და რით არის ეს გამოწვეული?
– ჩვენი პროგნოზით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით ნოემბრის ბოლოსთვის 2,75 – 2.78 შუალედში იქნება. საქართველოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა გამოწვეული იყო იმით, რომ გაზრდილი იყო ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები. ახლა ვხედავთ, რომ ეს შემოდინებები განახევრდა. 500 მილიონამდე შემოდიოდა თვეში ტრანსაქციებით, ახლა უკვე 280 მლნ-მდე არის შემცირებული. შესაბამისად, ლარის კურსიც ნელ-ნელა დაიწყებს გაუფასურებას. არ მგონია, ლარის კურსზე ტურისტების შემოსვლა ახდენდეს დიდ გავლენას. ვინც ჩამოვიდა და გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილები, ისინი უკვე დაფუძნდნენ აქ, შეიძინეს ბინები, გახსნეს ბიზნესები და იკლო გადმორიცხვებმაც. თუ მოხდება ისე, რომ კიდევ მობილიზაცია გამოცხადდება რუსეთში და დაიწყებენ მოქალაქეები შემოსვლას, ისევ გაიზრდება გადმორიცხვები.
– როგორი უნდა იყოს ლარის რეალური კურსი?
– 2.80 არის ოქროს შუალედი. ტურისტებისთვის კარგია გაუფასურებული ლარი. ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა ძალიან ძვირი უჯდებათ. ფასები მატულობს საკვებზე, ხოლო კურსი არის გამყარებული, შესაბამისად, ტურისტებს დოლარებში უჯდებოდათ ძალიან ძვირი.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი