2015 წელი საქართველოსთვის ტრაგიკული და პრობლემებით დატვირთული გამოდგა, თუმცა იყო წარმატებებიც. თბილისელებს განვლილი წელი უპირველესად 13-14 ივნისის ტრაგედიით დაამახსოვრდებათ, როდესაც მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, წყალმა დატბორა და დაანგრია საცხოვრებელი სახლები, განადგურდა თბილისის ზოოპარკი და ადამიანურ მსხვერლთან ერთად დედაქალაქს უდიდესი მატერიალური ზარალი მიადგა.
ამას დაერთო ეროვნული ვალუტა – ლარის დევალვაცია, ეს არც 2016 წლისთვის იქნება უცხო. მთავრობა მოსახლეობას პენისებისა და ხელფასების ზრდას ჰპირდება.
2015 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა და მოქალაქეების ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე თანხმობა მიიღო. დაიწყო მუშაობა საქართველოსთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე – საქართველო აქტიურად ჩაერთო “აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო პროექტში და აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ხიდი ხდება.
ფესტივალების ტრადიციას საქართველომ 2015 წელსაც უერთგულა. მაისში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც მსოფლიოს 49 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა სპორტის 9 სახეობაში: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ცურვა, მძლეოსნობა, ველოსპორტი, ძიუდო, ტანვარჯიში, ჩობგურთი. ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს, სიმბოლურად, ათენში აენთო, შემდეგ ბათუმში ჩამოიტანეს და მთელს საქართველოში 67 მუნიციპალური ცენტრი მოიარა. ესტაფეტაში 700-მა მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა. მსგავსი მნიშვნელობისა და მასშტაბის ღონისძიება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაშიც კი პირველად გაიმართა.
ფესტივალების მოყვარულმა საზოგადოებამ 2015 წლის მიწურულს თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიყარა თავი, რომელიც წლეულს ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა და ქალთა უფლებებსა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას მიეძღვნა. კინოფესტივალმა წელს 60-მდე უცხოელ სტუმარსა და 40-მდე ქვეყნის 120-მდე ფილმს უმასპინძლა. დედაქალაქის კინოთეატრებში მსოფლიო კინოშედევრების ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. კინოფესტივალის საპატიო ჯილდო – პრომეთე მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, წელს ქართველ და სომეხ რეჟისორებს ლანა ღოღობერიძესა და ჰარუთიუნ ხაჩატრიანს გადასცეს.
2015 წლის დასასრულს კი თანამდებობა დატოვა ქვეყნის ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა, მანამდე საზოგადოებას მისი მთავრობის სამწლიანი მოღვაწეობის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ანგარიში წარუდგინა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილად გამოემშვიდობნენ, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს…
საზოგადოებაში კი დარჩა პასუხგაუცემელი კითხვა: რატომ გადადგა ღარიბაშვილი? ზოგისთვის ეს მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებაში“ რესპუბლიკური პარტიის მზარდი გავლენის შედეგია; ზოგი კოალიციაში პატრონყმური წყობის შედეგებზე საუბრობს, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ამ სამთავრობო ცვლილებას დადებითად აფასებენ და მას კოალიციის წინსაარჩევნო სტრატეგიად მიიჩნევენ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა პრეცედენტი, ანუ დაირღვა 90-იანი წლებისგან დამკვირდებული მანკიერი ტრადიცია, როდესაც პოლიტიკოსები უმაღლეს თანამდებობას სისხლის ფასად ებღაუჭებოდნენ.
“2012 წლიდან ქვეყანამ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო, მმართველებს თანამდებობიდან წასვლა არ უჭირთ, თუკი აცნობიერებენ, რომ მათ დაწყებულ საქმეს სხვა უფრო ეფექტიანად განაგრძობს. ორი წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა წარმატებებს მიაღწია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა, ამასობაში არჩევნები მოახლოვდა. როგორც სპორტში, ისე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, გარკვეულ ეტაპზე ცვლილება აუცილებელია, რომ ხალხმა ახალი იდეები დაინახოს. ნებისმიერ ჩვენგანს უნდა, ქვეყანაში თავაწეულმა იაროს. ადამიანები ხშირად მაშინ იღებენ კარიერულ პაუზას, როდესაც თავს წარმატებულად მიიჩნევენ”, – განუცხადა გაზეთ “კვირის პალიტრას” დავით უსუფაშვილმა.
პრემიერის თანამდებობაზე ღარიბაშვილის მოღვაწეობას წარმატებულს უწოდებს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ღარიბაშვილმა ქვეყანაში მმართველობის ჰუმანური სტილი დაამკვირდა და ღიად, თუ ფარულად სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია.
მისი აზრით, გახურებული კოჰაბიტაციის პირობებში, რომლის სულისჩამდგმელიც რესპუბლიკური პარტია იყო, ღარიბაშვილი მაღალი რანგის ერთადერთი თანამდებობის პირი იყო, რომელიც ღიად, მძაფრად და მკაფიოდ საუბრობდა “ნაცმოძაობაზე”, როგორც ბოროტებაზე და იმაზე, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. პარალელურად, რესპუბლიკური პარტია ამტკიცებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის უმთავრესი ამოცანააო.
ირმა ინაშვილის შეფასებით, ღარიბაშვილი იყო წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრიც იმისდა მიუხედავად, რომელი პრობლემა ვერ გადაჭრა და რას ვერ აღუდგა წინ. “ყველაზე მთავარი ისაა, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა დაამკვიდრა მმართველობის ჰუმანური სისტემა. არა-წამებას! არა-წართმევას! არა-ადამიანთა უმიზნოდ კვლას! საგარეო პოლიტიკის კუთხით, ღარიბაშვილის პრემიერობისას ქვეყანამ მიაღწია ვიზალიბერალიზაციას, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის,“ – აცხადებს ინაშვილი, თუმცა იქვე ღარიბაშვილის წარუმატებლობებზეც საუბრობს: ვერ დაიცვა საყდრისი, წინ ვერ აღუდგა საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას, ვერ აღსდგა სამართლიანობა ადამიანთა 90%-ისთვის… უბიოგრაფიო, არადამსახურებული ადამიანები გაჩდნენ სხვადასხვა სამინისტროებში და ა.შ.
ირმა ინაშვილი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლას რესპუბლიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ შიდა რევოლუციას უკავშირებს. მისი აზრით, ეს პარტია ცდილობს საბოლოოდ ჩაიგდონ ხელში ქვეყნის ხელისუფლების ყველა სადავე, ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევენ, თუ ბიძინა ივანიშვილს დაარწმუნებენ, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერების გარეშე, კოალიცია დაიშლება, რომ ისინი არიან კოალიციის ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი, ყველაზე კრისტალურები და, თუ კოალიციაში რესპუბლიკური პარტია არ იქნება, ის დასავლეთის თვალში დაკარგავს დასავლური ღირებულებების მხარდამჭერის იმიჯს.
Dalma News-სთან საუბრისას ყოფილმა ომბუდსმენმა, პოლიტიკოსმა ნანა დევდარიანმა ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ღირსეული ნაბიჯი უწოდა და დასძინა, რომ ამის მიზეზი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, თუ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა.
“ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ვაკეთებდი პროგნოზს, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მთავრობა გადახალისდებოდა და პრემიერი შეიცვლებოდა. იმიტომ კი არა, რომ ღარიბაშვილი ცუდი პრემიერი იყო, უბრალოდ ეს არის ყველაზე ადვილი ცვლილება, რომელიც შეიძლება ამომრჩეველს დაანახო. რატომ არ გააკეთა ღარიბაშვოლმა ეს ლარის დევლვაციის პირობებში? ვინმეს სჯერა საქართველოში, რომ ლარის კურსი ან ხადურზე, ან ღარიბაშვილზეა დამოკიდებული? ლარის უკან არ დგას რეალური ეკონომიკა, ჩვენ მიბმული ვართ დოლარზე და ვინაიდან მოსახლეობა ძირითადად უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით საზრდოობს, ლარი მთლიანად დამოკიდებულია უცხოურ გზავნილებზე რუსეთიდან და ევროპიდან. ამიტომ აქ საკადრო ცვლილებებზე არ არის საუბარია, აქ სისტემური მიდგომებია შესაცვლელი”, – მიაჩნია ნანა დევდარიანს.
მისივე შეფასებით, განვლილი სამი წელი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ ყულაბაში საკმაოდ პოზიტიურია და ამ ხნის განმავლობაში მან სერიოზული გამოცდილებაც დააგროვა, ამდენად სრულებით მოსალოდნელია, 2016 წლის არჩევნებში ღარიბაშვილი “ქართული ოცნების“ პირველ ნომრად ვიხილოთ. რაც შეეხება, მართავს თუ არა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად, ნანა დევდარიანს სრულებით არ უკვრის, მას რჩევას თუ ეკითხებიან, რადგან “ივანიშვილს დღეს განუზომლად დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე ყველა პოლიტიკოსს ერთად და მას ისევე ეკითხებიან ჭკუას, როგორც კისინჯერს აშშ-ში, რომელიც ათეული წლებია აღარ არის სახელმწიფო მდივანი“.
“ღარიბაშვილი ოცნების პირველი ნომერი თუ გახდება, ამას ხალხი პოზიტიურად მიიღებს და ეს იქნება სიგნალი, რომ მომავალი პარლამენტი აღარ იქნება რესპუბლიკური. მას პოლიტიკური კარიერა კიდევ წინ აქვს და მადლობა ღმერთს, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად არ იქცევა დღეს პრემიერის გადადგომა, მის აქტივში უკვე არის მინისტრის პორტფელიც და პრემიერის თანამდებობაც”, – აცხადებს ნანა დევდარიანი.
როგორი იყო 2015 წელი?
2012 წელს კოალიცია “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას მოსახლეობამ მაღალი მოლოდინები დაუკავშირა წართმეული ქონების დაბრუნების, სამართლიანობის აღდგენისა, თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ექსპერტების შეფასებით, 2015 წელი საქართველოსთვის ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით მძიმე იყო. ლარის გაუფასურების ფონზე კიდევ უფრო შემცირდა რიგითი მოქალაქის შემოსავალი და დამძიმდა პენსიონერის მდგომარეობა. მაგრამ იმავდროულად, სახელმწიფომ დიდწილად აიღო თავის თავზე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ოპერაციების დაფინანსება. საქართველოს სოციალური ბუნტები არ ახასიათებს, აქ სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე მეტად ღირსებას და სამართლიანობას უწევს ანგარიშს. მეორე საკითხია ეს დადებითი თვისებაა, თუ მინუსი?
“სოციალური ბუნტები ისტორიულად ყველაზე საშიში და სისხლიანი ბუნტებია. ეს ისტორიულად ასეა. ვერ გეტყვით, რომ ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ 1991-92 წლებში სახელმწიფო გადატრიალების ძალიან ცუდი მაგალითი გვაქვს, ძირითადად მაინც ვახერხებთ სისხლიან სცენარში არ გადავიდეთ. ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ ხდება სოციალური მოტივებით,“ – განუცხადა Dalma News-ს ნანა დევდარიანმა.
მისივე შეფასებით, დადებითია ისიც, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველო გათავისუფლდა ისტერიული განწყობისგან, რასაც მუდმივად ნერგავდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება. “უკრაინისგან განსხვავებით ჩვენს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთის მხრიდან გამწვავება არ მოჰყოლია. ეს პირველ რიგში აბაშიძე-კარასინის ძალიან ჰარმონიული მუშაობის შედეგია. მაგრამ აბაშიძე ავტონომიური ფიგურა არ არის, ის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელია, ამდენად ეს პოზიტივი ღარიბაშვილს ეთვლება,“ – აცხადებს ყოფილი ომბუდსმენი.
ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, ნანა დევდარიანის აზრით, ამ საკითხში ზეიმი ძალიან ნაადრევია, რადგან ამით სარგებელს პირველ რიგში ნახავენ ის ადამიანები, რომლებიც მანამდეც უპრობლემოდ დადიოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში. მისი აზრით, მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა.
“ვიზალიბერალიზაცია ითვალისწინებს იმას, რომ ევროპაში ვერც ისწავლით და ვერც იმუშავებთ, თქვენ შეგიძლიათ იქ ჩახვიდეთ და დახარჯოთ ფული და უკან დაბრუნდეთ, მაშინ, როდესაც რუსეთის შემთხვევაში პირიქით გვაქვს ვითარება. ბევრი ქართველი იქიდან ინახავს ოჯახს, იქ აქვთ ბიზნესი, ამდენად რუსეთთან სავიზო რეჟიმის შერბილება პოზიტივია და ამას ხალხი კმაყოფილი შეხვდა. ესეც ღარიბაშვილს მიეთვლება,“ – მიაჩნია ნანა დევდარიანს.
ქვეყანას წინ საპარლამენტო არჩევნები ელის. 2016 წელი მმართველი კოალიცია “ქართული ოცნებისთვის“ გარდამტეხი იქნება. ნანა დევდარიანის აზრით, საგანგაშო არაფერია იმაში, თუ “ოცნებას“ მომავალ პარლამენტში აღარ ექნება გადამწყვეტი უმრავლესობა. ქართულ პოლიტიკურ ველზე სხვა მოთამაშეებიც არიან, მათ შორის ნინო ბურნჯანაძის (პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. რედ.) პოლიტიკური პარტი და პატრიოტთა ალიანსი, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 11 და 8 პროცენტით გადალახეს ბარიერი.
“მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული თუ იქნება, ამით ამომრჩეველი მეტ სარგებელს ნახავს. კონკურენცია მათღალი იქნება და დეპუტატები მეტად იფიქრებენ, რა გააკეთონ ამომრჩევლისთვის”, – მიაჩნია დევდარიანს.
შეინარჩუნებს თუ არა კოალიცია ერთიანობას? როგორ პოლიტიკურ სტრატეგიას შეიმუშავებს ოცნება და პოლიტიკურ სარბიელზე გამოსულ პარტიებს შორის, როგორ გადანაწილდება ამომრჩევლის ნდობა? – ამას დრო გვიჩვენებს. ერთი რამ ცხადია, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, როგორი აღმასრულებელი ხელისუფლება ეყოლება ქვეყანას.
შორენა პაპაშვილი