საქართველო ევროპის სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს შორის საუკეთესოდ დასახელდა. ნორვეგიაში, ოსლოში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე – “m&i Summer 2023”, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 180 კომპანიას შორის გაიმარჯვა. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველო მსოფლიოს საქმიანი ტურიზმის რუკაზე მყარად იმკვიდრებს თავს, რაც გულისხმობს, დიდი ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების მოზიდვას.
საინტერესოა, რამდენად მიმზიდველია საქართველო რიგითი მოქალაქეებისთვის, მოგზაურობის მოყვარულთათვის, ან უბრალოდ დასვენების მსურველთათვის. რამდენად პოპულარულია საქართველო ევროპელი ტურისტებისთვის და რა არის ამ მიმართულებით კიდევ გასაკეთებელი. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Dalma News-ს ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში – გიორგი ცუცქირიძე და ნიკა შენგელია ესაუბრნენ.
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში ბოლო პერიოდის ტენდენცია, რომ უფრო მეტად ევროპელი ტურისტები შემოდიან, არის იმის მანიშნებელი, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა შედარებით უკეთესია, ვიდრე წინა წლებში იყო. ტრადიციულად ჩვენთან ტურისტები შემოდიოდნენ საბჭოთა სივრციდან, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლის მოსახლეობა საქართველოს ასე თუ ისე იცნობდა, როცა ერთიან სივრცეში ვიყავით. ევროპელი ტურისტები უფრო პრეტენზიულები არიან. ევროპელ ტურისტს ისტორიულად დიდი არჩევანი აქვს, როგორც აზიის ქვეყნებში, ისე წყნარი ოკეანის ტურისტული მარშრუტების მხრივ. ცხოვრების დონე ევროკავშირის ქვეყნებში არის მაღალი და შესაბამისად ეს განაპირობებს მათი დასვენების ხარჯებსაც. ევროპელი ტურისტები უფრო მომთხოვნები არიან და მიჩვეულნი არიან მომსახურების მაღალ ხარისხს. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც ევროპელი ტურისტები საქართველოში მიღებული მომსახურებით უკმაყოფილონი იყვნენ. თუმცა ქვეყანა ვითარდება, მასთან ერთად ვითარდება მომსახურების ხარისხი. საქართველოს 4-სეზონიანი სივრცე აქვს და 4-ვე სეზონზე შეუძლია ტურისტების მიღება. აქედან გამომდინარე, პირველი ფაქტორი ეს არის, რაც მათ იზიდავს საქართველოში. მეორე ფაქტორია საქართველოს როლი. მართალია, ბოლო პერიოდში იყო ცალკეული გაუგებრობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მაგრამ საქართველო ხშირად ხვდება „ევრონიუსის“ რადარებზე. რამდენიმე სარეკლამო კლიპიც გავიდა საქართველოზე, რომ ეს არის ქრისტიანული ქვეყანა, თავისი ისტორიითა და ტრადიციით. საქართველოს ძალიან ბევრი მიმართულებით შეუძლია ტურიზმის განვითარება. ჩვენ ახლა გვჭირდება უფრო მეტი რეკლამა. ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს. ინვესტიციებიც სჭირდება ტურიზმს.
ნიკა შეგელია: დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში ცხოვრება ძალიან გაძვირდა, რა თქმა უნდა, ტურისტისთვისაც გაძვირებულია სასტუმრო და კვების საფასური. თუ დავაკვირდებით, რეგიონში თურქეთი გაცილებით გამართულ ინფრასტრუქტურას და უკეთეს ფასებს სთავაზობს ტურისტებს . რა თქმა უნდა, ევროპელი ტურისტი იქ გადაინაცვლებს, სადაც უფრო იაფია მისთვის დასვენება. საქართველოში დარჩება ისევ ადგილობრივი ტურიზმი და რუსეთიდან შემოსული ხალხი. არ მგონია გაზრდილი ფასების გამო, ტურისტისთვის აღმაფრთოვანებელი იყოს ჩვენთან დასვენება. ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა ინფრასტრუქტურის მიმართულებით რაიმე პროექტებს ახორციელებდეს.
– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროს განსავითარებლად, უცხოურ ინვესტიციაზე მეტად, ადგილობრივი რესურსი გამოვიყენოთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა იგრძნოს ადგილობრივმა მოსახლეობამ?
გიორგი ცუცქირიძე: პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტი არის სწორედაც საოჯახო ტურიზმის განვითარება, რომელიც ძალიან კარგი მიმართულებაა. ტურიზმი მარტო მაღალი კლასის სასტუმროები არ არის. არიან ოჯახები, რომლებიც ჩამოდიან და სურთ ოჯახური გარემო. მეორე მხრივ, ეს ავითარებს სოფლის მეურნეობასაც. საქართველოში შემოსული ტურისტი დღეს, ძირითადად იმპორტულ საქონელს მოიხმარს. ფაქტობრივად უცხოური ვალუტა, რაც შემოდის, ისევ გარეთ გადის. ეს სერიოზული პრობლემაა. საოჯახო ტურიზმი მაგით არის კარგი, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეუწყოს ხელი.
ნიკა შენგელია: იმისთვის, რომ ევროპელი ტურისტი მოვიზიდოთ, უნდა შევთავაზოთ მაღალი კლასის სასტუმროები. კომფორტი და ჯანსაღი პროდუქცია. ტურიზმი მაშინ არის მომგებიან, თუ ტურისტს სთავაზობ ადგილობრივ პროდუქციას. თუნდაც სასტუმროები, სადაც შედიან და ისვენებენ, ქართული წარმოების მასალებით უნდა იყოს მოპირკეთებული. ჩვენ ასეთი მასალები, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ავეჯი იქნება თუ მოსაპირკეთებელი მასალა, ყველაფერი იმპორტირებულია. ამიტომ, თანხა, რომელიც ტურისტებიდან შემოდის, იმპორტით ისევ გადის და სხვა ქვეყნის ეკონომიკას ამდიდრებს. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ ქვეყანაში აღორძინდეს ადგილობრივი პროდუქციის გამოშვება. იმპორტი მაქსიმალურად ჩანაცვლდეს, განვითარდეს გადამამუშავებელი მრეწველობა, ჯერ ერთი ხალხი დასაქმდება. წლებია ეს მდგომარეობა გვაქვს და არაფერი იცვლება. 3-4 წლის უკან ტურისტისთვის აქ მომსახურება იაფი იყო, ახლა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებიდან შემოდიან.
– პოსტსაბჭოთა ქვეყნები ახსენეთ, რომლებიც გაცილებით კარგად იცნობენ საქართველოს საკურორტო პოტენციალს, მათ შორის, სამკურნალო კურორტებს. რა იცის ამ თვალსაზრისით საქართველოს შესახებ ევროპის მოქალაქემ?
გიორგი ცუცქირიძე: სხვათა შორის, ეს მიმართულება საქართველოს ძალიან პერსპექტიული აქვს. რასაც ტურიზმის ეროვნული სააგენტო აკეთებს – საერთაშორისო ტურიზმის გამოფენებში მონაწილეობის თვალსაზრისით, სასურველია კიდევ მეტი გაკეთდეს. ტურიზმის სადაც განვითარდა, მაინც ინვესტიციების ხარჯზე განვითარდა, სასურველია კიდევ უფრო მეტი რეკლამა და მეტი შეთავაზება ინვესტორებისთვის. რეალურად პოტენციალი გვაქვს, ამიტომ მომავალში ეკონომიკა, როცა გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. არის საკითხები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს და იმას კერძო ინვესტორი ვერ გააკეთებს.
ნიკა შენგელია: მეზობელი ქვეყნებიდან ძირითადად შემოდიან საშუალო ფენის წარმომადგენლები, ისინი მიჩვეულნი არიან აქაურ მომსახურებას და ფასებს. ტურისტი საქართველოში ყოველთვის იქნება, მაგრამ შეძლებული ევროპელი ტურისტი კი არა, შეძლებული რუსი აღარ ჩამოდის საქართველოში. ამიტომ ჩვენი ტურისტული სეგმენტი წელსაც მოემსახურება რუსეთიდან შემოსულ საშუალო ფენას.
– რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებაში ქართველი ემიგრანტების ჩართულობა და სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანებთან კოორდინაცია?
გიორგი ცუცქირიძე: ემიგრანტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია შეუძლიათ ადგილზე. სასურველია, რომ ემიგრანტების ჩართულობა ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი იყოს. ემიგრანტებს იქ ოჯახები აქვთ, ნაცნობები ჰყავთ. ტურიზმი არის ინფორმაციის გადაცემა, მიწოდება. ბევრი ჩვენი ემიგრანტია საბერძნეთში. ეს ქვეყანა თვითონ არის ერთ-ერთი ტურისტული მექა, მაგრამ იქაც შეიძლება საქართველოს კურორტების პოპულარიზაცია.
– რეგიონში დაძაბული ვითარება რამდენად არის ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოში ევროპელი ტურისტების მოსაზიდად?
გიორგი ცუცქირიძე: მთავარი თემა მაინც არის ტრასები, ინფრასტრუქტურა, სწრაფი გადაადგილება. ასეთი ფუფუნება, რომ ტურისტმა 3 დღე ზღვაზე დაისვენოს და 3 დღე მთაში, ბევრ ქვეყანას არ აქვს. გვაქვს ძალიან საინტერესო მიმართულებაც – კულტურული ტურიზმი. ჩვენი ისტორიული წარსულის ტურიზმში ჩართვა, ძალიან კარგი პროექტი იქნება. მაგრამ ამისთვის საჭიროა გზები.
ნიკა შენგელია: რუსეთიდან თბილისში ვინც ჩამოდის, ძირითადად ჩამოდიან თავიანთ ნაცნობებთან, ან ისინი, ვინც აქ ბინები იყიდეს. 10 000-ზე მეტი ბინა გაიყიდა ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე. ეს ხალხი აქ მუშაობს, ვინც ბინა იყიდა, ისინი აქ ცხოვრობენ უკვე.
– რუსეთიდან შემოსული ტურისტების შენარჩუნებაზე თუ უნდა იზრუნოს საქართველომ?
გიორგი ცუცქირიძე: ტურისტების სეგრეგაციას ვერ გააკეთებ, საიდანაც ჩამოდიან ხელი უნდა შეუწყო და რომ ტურისტული ნაკადები გაიზარდოს. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ნაკადები რომ გააქტიურებულია, ამაში არაფერი ცუდი არ არის. რუსულ ტურისტებზე ნადირობს თურქეთი, ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი? ვისაც არ დაურღვევია “ოკუპაციის შესახებ კანონი”, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს აქ?
ესაუბრა შორენა ქარჩავა