საჯილდაო ქვად ქცეული “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი”, რომლის მიღებაც საქართველოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციით დაევალა, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის “ოქროს გასაღებად” იქცა. მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტის მოსამზადებლად მოკლე გზა აირჩია და ის უკრაინულიდან თარგმნა. შედეგად, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ ისიც ისევე დაიწუნა, როგორც ცოტა ხნის წინ, მისი უკრაინული ანალოგი. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. 12 ივნისს გამოქვეყნებულ დასკვნაში ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის” გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატაროს სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი რეკომენდაციაა იმ 12 პუნქტს შორის, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ეს თემა საქართველოს შიდა პოლიტიკის საჯილდაო ქვად იქცა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კანონი კონკრეტულად ერთი ადამიანის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. მათივე მტკიცებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველია. ხელისუფლებაში კი, ამბობენ, რომ კანონს ყველა ის მდიდარი ადამიანი უნდა დაექვემდებაროს, რომელიც საკუთარ ფინანსებს პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად გამოიყენებს. ასეთები კი, “ოცნების” ლიდერების აზრით, სწორედ ოპოზიციაში არიან კეზერაშვილების, ადეიშვილების, ოქრიაშვილებისა და სხვათა სახით.
„ოცნების” ლიდერებს, არც ვენეციის კომისიის დასკვნა მოეწონათ. მათი აზრით, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება თავად ევროკომისიის მოსაზრებებს ამ საკითხზე. მმართველი გუნდი კანონის მიღებას მაინც აპირებს, თუმცა საბოლოო არჩევანს ევროკომისიას უტოვებენ, კერძოდ, თუ ისინი კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი რეკომენდაციებიდან დეოლიგარქიზაციის პუნქტს ამოიღებენ, “ოცნება” კანონს გააუქმებს.
ოპოზიციაში კი, ვენეციის კომისიის ასეთი დასკვნის შემდეგ, კანონის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას საბოტაჟში ადანაშაულებენ. მათი აზრით, მიღების შემთხვევაში კანონი, შესაძლოა, ოპოზიციურად განწყობილი იმ ბიზნესმენების წინააღმდეგ გამოიყენოს ხელისუფლებამ, რომლებსაც გაუჩნდებათ სურვილი, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ფინანსურად დაეხმარონ.
როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ ოლიგარქების დამანგრეველ გავლენასთან საბრძოლველად პერსონალური მიდგომა აირჩია და მიუხედავად იმისა, რომ კანონის გადამუშავებულ ვარიანტში სადამსჯელო ზომებისა და შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, შესაძლო პოლიტიკური მიზნებით კანონის ბოროტად გამოყენება საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკომისიის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიასა და ვენეციის კომისიას ურჩევს ერთმანეთში შეთანხმდნენ, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და კანონი ძალაში 2024 წლის მარტიდან შევა. საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონში ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი – პერსონალიზებულ მიდგომაზე. ირაკლი კობახიძის აზრით კი, თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალურ მიდგომას.
„დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია მეორეს. კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ეს ნიშნავს, რომ არიან ოლიგარქები და ეს ოლიგარქები აღარ უნდა იყვნენ ოლიგარქები. ამიტომ, გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა. ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას”, – აცხადებს კობახიძე.
მისი აზრით, წინააღმდეგობრივი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია ის, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის გაწერილი რეკომენდაციების 12 პუნქტი 11-მდე დაიყვანოს და დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ამოიღონ.
“მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისთვის, ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადას პირველ მარტამდე. ევროკომისია თუ გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში, თებერვალში გაუქმდება ჩვენ მიერ მიღებული კანონი, მაგრამ ევროკომისია თუ არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის ამოქმედება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თემას საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 შესასრულებელ რეკომენდაციას შორის მეხუთეა და მასზე 27 წევრი ქვეყანაა შეთანხმებული. ისინი საქართველოსგან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხის მოგვარებას ელოდებიან, “სისტემური მიდგომით”. მისივე შეფასებით, დეოლიგარქიზაცია, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ბევრი ქვეყნის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პრობლემაა.
“ჩვენ ველით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ სხვადასხვა რამეს, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, არჩევნების დაფინანსებას, ეხება მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების რეფორმასა და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ერთიანი გარემოს შექმნაა საჭირო, რათა მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რატომ ჩქარობს “ქართული ოცნება” წინააღმდეგობრივი კანონის მიღებას?
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ვენეციის კომისია შეცდომაშია შეყვანილი. დიდი ალბათობით, ისინი ეყრდნობიან ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან, მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან კომუნიკაციით მიღებულ ინფორმაციას. მათ დაარწმუნეს ევროპელი პოლიტიკოსები, რომ თუ საქართველო “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს” არსებული სახით მიიღებს, ანუ უკრაინული კანონის თარგმანს, ეს იქნება 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, კანონში მკაფიოდ იყო გაწერილი ის კრიტერიუმები, რაც ადამიანს ხდიდა ოლიგარქად და შესაბამისად მის მიმართ უნდა ყოფილიყო მიღებული კონკრეტული ზომები, რომ მისი ეს ოლიგარქიული გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე, სოციალურ პროცესებზე შეეზღუდა. ვენეციის კომისიის მიერ მოწერილ პასუხში კი წერია, რომ აღიქვეს ეს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიების ერთ-ერთი საშუალება. პრაქტიკულად გაიმეორეს იგივე, რასაც ამბობდა ოპოზიცია.
“აქ ჩნდება კითხვა, თუ შენ ვერ განსაზღვრე ის, თუ ვინ არის ოლიგარქი, როგორ უნდა აღმოფხვრა ამ ადამიანების ზეგავლენა მედიაზე და პოლიტიკაზე. “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი” არის ის, რომ ქვეყანაში თუ კი არსებობენ ოლიგარქები, ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ მათ ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური ბერკეტების პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე გავლენისთვის გამოყენება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პასუხში არის ჩადებული პოლიტიკური პროცესები”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პრობლემა იმაშია, რომ ქვეყნებში, სადაც “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი” აქვთ, ის ქვეყნები ითვლებიან წინ წასულ დემოკრატიებად, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ასეთებად არ ითვლებიან. ისინი არიან გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები და როგორც ჩანს ევროსაბჭოში, ევროკომისიაში, ვენეციის კომისიაში თვლიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონზე პერსონიფიცირებული მიდგომა დააზიანებს დემოკრატიას, ანუ პოლიტიკური პროცესიდან გამოთიშავს ოპოზიციის ცნობად ფიგურებს.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ცოტა არ იყოს, იჩქარა, როდესაც უკრაინული კანონი აიღო, თარგმნა და დაეყრდნო ურსულა ფონ დერ ლაიენის ოდესღაც ნათქვამ ერთ-ერთ დადებით შეფასებას ამ კანონზე. მაგრამ ურსულა ფონ დერ ლაიენი ხომ ვერ განსაზღვრავს ევროპულ პოლიტიკას? ის არის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც გამოთქვა სუბიექტური აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის აზრს იზიარებენ ევროკავშირის ინსტიტუტები, მით უმეტეს საქართველოსთან დაკავშირებით“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
აღსანიშნავი ისიც, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი ვენეციის კომისიაში დაიწუნეს და უკან გაიწვიეს. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, გაუგებარია ამ საკითხში „ქართული ოცნების“ აჩქარება, მაშინ, როცა შეეძლოთ მეტი მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონოდათ ევროკავშირის სტრუქტურებთან, მოესმინათ მათი მოსაზრებები და მერე მიეღოთ კანონი. ახლა უკვე კანონი საქართველოს პარლამენტს 2 მოსმენით აქვს მიღებული და უცნობია, ევროპაში ჩაგვითვლიან თუ არა ამ საშინაო დავალებას შესრულებულად.
„ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, იქნება თუ არა მიღწეული შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და ევროკომისიას შორის. თუ ამ პუნქტს არ ამოიღებენ 12 პუნქტიანი რეკომენდაციიდან. რთული იქნება იმის პროგნოზირება, რა მოხდება. თუ წინა პლანზე გეოპოლიტიკური მოსაზრებები არ წამოვიდა, შესაძლოა, იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ერთ-ერთი ხელჩასაჭიდი საფუძველი სწორედ ეს კანონი ექნებათ“, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
არსებობს ქართული ანდაზა, – გრძელი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო. მაშინ, როდესაც “ოცნების” ლიდერები ყოველ ჯერზე აცხადებენ, რომ დემოკრატიის ხარისხით უკრაინა საქართველოს ბევრად ჩარმოჩება, გაუგებარია, რატომ დასჭირდათ საშინაო დავალების უკრაინისგან გადმოწერა…
შორენა პაპაშვილი