პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს, კლინიკა “ვივამედიში” გადაიყვანეს. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე კლინიკა, რომელიც მრავალი წელია პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაყვანილ პატიმრებს ემსახურება, ექსპრეზიდენტის დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა – უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, გაზარდეს ბადრაგების რაოდენობა, კლინიკის იმ სართულზე, სადაც, სავარაუდოდ, სააკაშვილის პალატაა განთავსებული, ფანჯრებს გისოსები იცავს. კლინიკას უკვე აქვს ერთი უსიამოვნო გამოცდილება, როდესაც პატიმარი შენობის ფანჯრიდან გადახტა, ამიტომ, როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და სააკაშვილი გისოსებით დაცულ პალატაში განათავსეს.
სააკაშვილის ოჯახი და მისი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრობის” ლიდერები ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას მოითხოვენ. სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ხელისუფლებას ულტიმატუმიც კი წაუყენა. თავად ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან “ვივამედში” გადაყვანას, რამდენიმე პირობით დათანხმდა. კერძოდ, მისი ოჯახის წევრებს, პირად ექიმ ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული ექსპერტიზის წევრებს ცენტრ “ემპათიადან” მსჯავრდებულთან მუდმივი დაშვება ჰქონდეთ. ასევე, სამუშაო საათებში მასთან შეუშვან ადვოკატები და პარლამენტის წევრები; ყოველ გამოკვლევაზე, დიაგნოსტიკაზე, დანიშნულების დადგენასა და მკურნალობაზე საქმის კურსში იყვნენ ცენტრ “ემპათიისა” და სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები.
“ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა “ვივამედში” გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, სამედიცინო მომსახურებისთვის და მკურნალობისთვის”, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, სააკაშვილის მიერ დასახელებული პირობები არ არის ულტიმატუმი. მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა იყოს საფრთხის ქვეშ.
“მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყეულია იმის გამო, რომ თავი დამნაშავედ არ მიაჩნია…არც ერთი ექიმი არც ინტერესდება, თუ რა სახის მკურნალობას სთავაზობენ და ვერც იმას ახასიათებენ, ამ მკურნალობის ხარისხი საკმარისია თუ არა. ვერც იმ შედეგებს ახასიათებენ, მკურნალობაზე უარის თქმამ, რა შეიძლება მოიტანოს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა არ იყო ხელისუფლების მხრიდან დათმობა ოპოზიციისთვის, არამედ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის აუცილებლობით გასატარებელი ღონისძიება.
“ჩვენ ვნახეთ იმ ღამით, როდესაც სააკაშვილი გადაჰყავდათ კლინიკაში, რუსთავის ციხიდან სხვა პატიმარიც გადაიყვანეს “ვივამედში”. ეს არის სასჯელაღსრულების გამართული სისტემა, როდესაც პატიმარს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება და მას ეხმარებიან. ასევე არის სააკაშვილის შემთხვევაშიც. არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილს ბადრაგის ერთი მანქანა წაჰყვება თუ ექვსი, ეს არის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზომა”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მისივე თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ “ენმ”-სა და მის სატელიტებს დღის წესრიგში აქვთ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირება და საქართველოში ე.წ მეორე ფრონტის გახსნა. “სხვა რამ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის მათ არ აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს პარტია დრომოჭმული და აბსოლუტურად არ შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებს”.
გია აბაშიძის თქმით, 2012 წლიდან რადიკალური რეფორმები განხორციელდა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში. დღევანდელი საქართველოს ციხეები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ეს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა.
“თუ როგორ ეპყრობიან სააკაშვილს ქართულ ციხეში, ამ კითხვას თავად სტრასბურგის სასამართლომ გასცა პასუხი აპრილის დასაწყისში, როდესაც მათ არ შეაფასეს ციხეში სააკაშვილის მიმართ მოპყრობა არაჰუმანურად. პატიმრის უფლება საქართველოში დღეს დაცულია ისე, როგორც ეს არის ევროპაში მიღებული სტანდარტი”, – ამბობს გია აბაშიძე.
ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციისა და სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნა, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უცხო ქვეყნის კლინიკაში გადაიყვანონ, არის პატიმრობის კოდექსის არცოდნა. რაც შეეხება თავდებას, დროებითი თავდებობა ხდება მსჯავრდებულზე სოციალური აუცილებლობიდან გამომდინარე, როგორიც არის პანაშვიდი, გასვენება და სხვა. ამიტომ ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილის უცხო ქვეყნის კლინიკაში გადაყვანას “პატიმრობის კოდექსი” უზრუნვეყოფს.
საზოგადოებამ ასევე იხილა სააკაშვილის ოჯახის მხრიდან ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმი. ამ თვალსაზრისით გია აბაშიძე გაგებით ეკიდება პატიმრის დედის პოზიციას და ამბობს, რომ როგორც პატიმრის დედა, გიული ალასანია ყოველთვის იქნება ტენდენციური. მაგრამ არსებობს კანონი და ნორმატიული აქტები.
ანალიტიკოსის თქმით, ასევე, ყურადსაღებია საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს ექიმთა იმ კონსილიუმმა, რომელიც საზოგადოების ნდობას იმსახურებს.
“რაც იმაზე მინიშნებაა, რომ ლომჯარიას ე.წ კონსილიუმი არ იმსახურებს საზოგადოების ნდობას და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკურად არაანგაჟირებულმა ექიმებმა უნდა შეაფასონ”, – ამბობს აბაშიძე.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” მონახულების უფლება მისცეს მის დედა, გიული ალასანიას და სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს.
“არ ვიცი ვისთან მივიდა ნიკოლოზ ყიფშიძე, მაგრამ ფაქტია, რომ ნებართვა ორივეს გვაქვს”, – განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, რომ საქართველოში პოლონეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზეც მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონეთის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წაიყვანონ.
“მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ შანტაჟის ენით საუბარი ხელისუფლებასთან ოპოზიციას არ გაუვა. სააკაშვილის კლინიკაში გადაყვა იყო იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებისთვის ყველა საინტერესო კითხვას გაეცეს პასუხი და არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და მას ვინმე აწამებს ციხეში ისევე, როგორც ის აწამებდა ადამიანებს.
“ყველა საუბრობს მის ავადმყოფობაზე, მაგრამ არავინ საუბრობს მის დიაგნოზზე, ანალიზების პასუხებზე და ა.შ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო რომ იყოს, ამ დიაგნოზებს ნაციონალები მთელს მსოფლიოს აჩვენებდნენ. სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს არა იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა, არამედ იმიტომ, რომ ექიმებმაც დაადასტურონ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.
მისივე თქმით, სააკაშვილი თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში, ის დამოუკიდებლად გადაადგილდება.
“საკვებს არ იღებსო, აღმოჩნდება, რომ იღებს. მედიკამენტებს არ იღებსო და აღმოჩნდება, რომ იღებს. ხელისუფლების წარმომადგენლები, პირიქით, ეხვეწებიან, რომ მიიღოს საკვები“, – ამბობს ბოჟაძე.
მისივე თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მისი პარტიის პოლიტიკური ინტერესია, რომ ამ გზით პატიმრობიდან იხსნან. სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება ნიშნავს “ენმ”-ს ახალი რევოლუციისთვის მზადებას. არც პოლიტიკური პოლარიზაცია დასრულდება სააკაშვილის ციხიდან გაშვებით, რადგან “პოლარიზაციის წყარო თავად არის”.
Dalma News-ის კითხვაზე, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა მოახდენს თუ არა სასამართლო პროცესზე გავლენას, ლადო ბოჟაძე განმარტავს, რომ სასჯელის გადავადება, ან საერთოდ გაუქმება, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ხდება, კერძოდ, სასამართლო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, თუ რა ტიპის დაავადება აქვს პატიმარს.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციალური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში უკვე მეორედ გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე. როგორც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე განმარტავს, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის პრეცედენტი საქართველოში არ არსებობს, არც კანონმდებლობა იძლევა ამის შესაძლებლობას.
“ყოველთვის ვიმოქმედებთ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად… ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, ე.წ. “პიჯაკების საქმე”. სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
შ. ქარჩავა