“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასული ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც არჩევნების შედეგები არ აღიარა, მეათე მოწვევის პარლამენტში მიღებული საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარი განაცხადა და ბოიკოტის რეჟიმი შეინარჩუნა. ალიანსის ეს გადაწყვეტილება ანალიტიკოსთა ნაწილმა წაგებულ ნაბიჯად შეაფასა, რაც უარყოფითად აისახებოდა პარტიის რეიტინგზე.

6-თვიანი საპარლამენტო კრიზისის პერიოდში, როდესაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პარტიები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ და მმართველი პარტიისგან ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ, “პატრიოტთა ალიანსი” დანარჩენი ოპოზიციისგან განცალკევდა. საყოველთაოდ ცნობილია მათი შეურიგებელი ოპონირება “ენმ”-სთან, ამ წინააღმდეგობის დაძლევა, ვერც არჩევნების შედეგების მიმართ საერთო პროტესტით გახდა შესაძლებელი. საბოლოოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასული ყველა ოპოზიციური პარტია დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი, გარეთ დარჩენილი “პატრიოტთა ალიანსი” კი ახალ პოლიტიკურ ცენტრს ქმნის.

“პატრიოტთა ალიანსმა” თითქმის წელიწადნახევრიანი ტაიმ-აუტი დაასრულა და 20 იანვარს საზოგადოებას ახალი პოლიტიკური გაერთიანება – საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის შექმნის შესახებ აცნობა. ერთიანი ფრონტი ამ ეტაპზე 40-მდე პოლიტიკური პარტიასა და საზოგადოებრივი ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადებას და სახელმწიფოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას უჭერენ მხარს.

საქართველოს “პატრიოტთა ერთიანი ფრონტის” პირველი აქცია

“ვითხოვთ, – განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა საქართველო გამოცხადდეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ! საქართველო არის ნეიტრალური ქვეყანა! საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია კეთილმეზობლური ურთიერთობების აგებაზე ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან! ​ქვეყნის ერთიანობა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია!”, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

საქართველოს პატრიოტთა ერთიან ფრონტში ერთიანდებიან: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, “ქრისტიან-დემოკრატები”, “დემოკრატთა ალიანსი”, “მემარცხენე ალიანსი”, “ეროვნული ერთიანობის პარტია”, “მონარქისტული პარტია”, “ნეიტრალური საქართველო”, “სოციალური სამართლიანობისთვის”, “საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია”, “სამეფო გვირგვინი”, “ქართული მარში”;

ასევე, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრები, გენერალიტეტი, ვეტერანთა ლეგიონი, “ვეტერან სამხედრო ექიმთა კავშირი”, “საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია”, “ჟურნალისტები სამართლიანობისათვის!”;

ახალგაზრდული მოძრაობები: ახალგაზრდა პატრიოტები, ახალგაზრდა ლიდერთა ერთობა, “ახალი თაობა პოლიტიკაში”.

არასამთავრობო ორგანიზაციები: “საქართველოს განათლების ლიგა”, პროფესორთა ლიგა, მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ალიანსი, დევნილთა სამოქალაქო ორგანიზაცია, ეროვნულ უმცირესობათა მოძრაობა, “ოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია”, “მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად”, “მთის განვითარების კავშირი”, მოძრაობა „დიპლომატები მშვიდობისათვის“, “სახალხო დიპლომატია”, “მოძრაობა სამართლიანობისთვის”, ​ანტიმონოპოლური კავშირი, ექიმთა და ფსიქოლოგთა კავშირი, მწერალთა და პოეტთა კავშირი „დიაოხი“, მხატვარ-მოქანდაკეთა გაერთიანება, შემოქმედთა უფლებების დაცვის კავშირი, ქართული კულტურის ცენტრი, სპორტსმენთა ლიგა, საქართველოს პარაკარატეს ეროვნული ფედერაცია, კიოკუშინ კარატეს ფედერაცია.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა გამოაქვეყნეს დეკლარაცია და მოსახლეობას ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.

როგორც საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის დეკლარაციაშია აღნიშნული, პოლიტიკური ძალადობის, არჩევნების გაყალბებისა და ფარული გარიგებების გზით, საქართველოში ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანობა, რამაც ოპონენტებს მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი დაუტოვა.

“ერთი მხრივ, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” და მეორე მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებული პარტიები არაფრად აგდებენ კანონს და პოლიტიკური პროცესი იაფფასიან თეატრალიზებულ სანახაობად გადააქციეს, რასაც თან ახლავს ფარული გარიგებები, ამერიკელი და ევროპელი ლობისტებისა და პოლიტიკოსების თანამონაწილეობით. ყოველივე ეს არა მხოლოდ შეურაცხყოფს ქართველ ხალხს, არამედ ქვეყანას უსპობს განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას”, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

დეკლარაციის ხელმომწერნი იზიარებენ შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 10-წლიანმა და “ქართული ოცნების” 9-წლიანი მმართველობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა არაერთი თაობის ცნობიერებაზე. ახალგაზრდებში მიზანმიმართულად ამკვიდრებენ რწმენისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, სამშობლოსადმი გულგრილობას, ქართული ტრადიციებისა და ზნეობისადმი უპატივცემულობას. ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური განუკითხაობა, მწვავე ეკონომიკური კრიზისი და დიდი სოციალური უთანასწორობა. მოსახლეობის 60% მეტი უკიდურეს სიღარიბეშია და მომავლის პერსპექტივა დაკარგა.

როგორც “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში აღარ მიმდინარეობს ხალხისთვის საჭირბოროტო თემებზე მსჯელობა და კამათი. პოლიტიკური პროცესები პინგ-პონგის თამაშს დაემსგავსა.

ირმა ინაშვილი

“რა თქვა “ქართულმა ოცნებამ”, რა უპასუხა “ნაციონალურმა მოძრაობამ”?. როგორ არის სააკაშვილი და სხვა. ამასობაში ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი პრაქტიკულად მოკვდა. სწორედ ამ პოლიტიკური სპექტაკლების დამთავრების მიზნით ვიკრიბებით. ჩვენი მიზანია, ყველა ის მოძრაობა და პარტია, რომელიც, არც “ოცნების” და არც “ენმ”-ს მხარეს არ დგას, ჩვენთან გაერთიანდეს”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

მისივე თქმით, მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში დროულია მიდიოდეს მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომ ის გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო და არ გრძელდებოდეს ნატოსკენ მარადიული ლტოლვა, სადაც არ გვიღებენ.

როგორც ცნობილია, “პატრიოტთა ალიანსი” წლების განმავლობაში საუბრობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე. ამასთან დაკავშირებით, ავსტრიელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავედ 80-გვერდიანი დოკუმენტი – “ქართული ნეიტრალიტეტის მოდელი”. ალიანსის ლიდერების თქმით, მათი პარტიის მიერ, 2020 წელს მოსახლეობის მასშტაბური გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 65%-ზე მეტი ნეიტრალიტეტის პლატფორმას უჭერს მხარს.

“ჩვენ დიდი ისტორიის მქონე პარტია ვართ. იმ გზას დავადგებით, რა გზითაც მივდიოდით, როცა სააკაშვილის დროს შევქმენით წინააღმდეგობის მოძრაობა. ორივე მხარე გვანადგურებს. როცა ვთქვით, რომ არჩევნები გაყალბდა, არ შევედით პარლამენტში. პოლიტიკოსის სიტყვას უნდა ჰქონდეს წონა. სახელმწიფოს მართვა თამაში არ არის, არც ოპოზიციური პარტიის ლიდერობაა თამაში”, – მიაჩნია ირმა ინაშვილს.

ერთიანი ფრონტის წევრი, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი, სოსო შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 20 იანვარი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ახალი ეროვნული მოძრაობის დასაწყისი.

“პირადი ცხოვრება მეორე პლანზე უნდა გადავიტანოთ და მთავარ დევიზად გავიხადოთ ჩვენი ერის სამსახური, ჩვენი სამშობლოს გადარჩენა”, – აცხადებს შატბერაშვილი.

არჩილ სიხარულიძე

ანალიტიკოსი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობისგან დისტანცირებითა და ბოიკოტის შენარჩუნებით “პატრიოტთა ალიანსმა” ვერაფერი მოიგო. ბოიკოტი წარუმატებელი და უსარგებლო აღმოჩნდა, “პატრიოტთა ალიანსს” დეპუტატები არ ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში და 1,5 წლის განმავლობაში, პარტიის ლიდერების მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტივობა არ ყოფილა, პარტიამ დაკარგა თავისი პლატფორმა. ამასობაში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა – “კონსერვატორული პარტია”, რომელიც რუსეთთან კომპრომისული შეთანხმების მომხრეა და რომელიც, სწორედ “პატრიოტთა ალიანსს” გაუწევს კონკურენციას და მისი ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს წაიყვანს.

არჩილ სიხარულიძის თქმით, პატრიოტებს სულ მცირე 2 წელი მაინც დასჭირდებათ, რომ პოლიტიკურ რეიტინგებში ძველ ნიშნულს დაუბრუნდნენ.

“პოლიტიკოსისთვის დრო, თუ ის არ არის გამოყენებული ახალი სტრატეგიის მომზადებისთვის, უარყოფითად მოქმედებს. საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს “კონსერვატორული პარტია” ერთიანი ფრონტის მიმართ, რამდენად იქნება მზად “პატრიოტთა ალიანსთან” თანამშრომლობისთვის. ჩემის აზრით, მათ შორის შეთანხმება ვერ შედგება, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და შესაძლოა ერთმანეთს ხმები წაართვან. “კონსერვატორული პარტია” ახალი ძალაა, ახალი სისხლია განსხვავებით პატრიოტებისგან”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

Dalma News-ის კითხვაზე, არსებული საგარეო და საშინაო გამოწვევების პირობებში, რამდენად რეალისტურია საქართველოსთვის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე საუბარი, არჩილ სიხარულიძემ აღნიშნა, რომ თუ ოდესმე შესაძლებელი იყო ამის მიღწევა, ახლა არის საამისო ვითარება.

“დასავლეთის ქმედების ფონზე, ისე მომძლავრდა რუსეთი, რომ “პატრიოტთა ალიანსს” აქვს ყველა წყარო და რესურსი, რომ განაცხადოს, – ნეიტრალიტეტი ყველაზე სწორი და გამართლებულია, რადგან დასავლეთი არ არის მზად დაიცვას საქართველო აგრესიის შემთხვევაშიო. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 45-50%, არც პრონატოელია და არც პრორუსული განწყობის, მათ უბრალოდ ქვეყანაში სურთ წესრიგი. თუ დაინახავენ, რომ ნატო არ არის მზად დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ინტერესები, მაშინ ამ ხალხს თავისუფლად შეუძლია ალტერნატივაზე ფიქრი. ნეიტრალიტეტი თუ, ასევე ნიშნავს აშშ-სთან თანამშრომლობას, რატომაც არა”, – ამბობს სიხარულიძე.

მწვავედ პოლარიზებულ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დიდი ხანია რეალური “მესამე ძალა” ვერ გამოიკვეთა. რამდენად ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება პატრიოტების ერთიან ფრონტი, დრო გვიჩვენებს.

დავით თარხან-მიურავი

“დგება პერიოდი, როცა პოლიტიკური ლოგიკა გვკარნახობს, რომ აუცილებელია დიდი ერთობა, არის პერიოდი, როცა პარტიები ცალ-ცალკე უნდა მოქმედებდნენ”, – აცხადებს პატრიოტების ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მიურავი.

შ.ქარჩავა