ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში, 16 წლის შემდეგ, კვლავ ჩამოვიდა და საქართველოს მოსახლეობას 3 ძირითადი გზავნილი ჩამოუტანა. ალბათ, ბორელს საქართველოში ეს ბოლო ვიზიტი განსაკუთრებულად დაამახსოვრდება, რადგან მას მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან საყვედურების მოსმენა მოუხდა.
ჟურნალისტებისთვის გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირი საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა, როდესაც ერთი წლის წინ ქვეყანას არ მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. პრემიერის ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით, საქართველოს მოსახლეობაში იზრდება სკეპტიციზმი ევროკავშირის მიმართ. ამაზე ბორელმა უპასუხა, რომ საქართველოს მიცემული აქვს საშინაო დავალება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის სახით. დავალების სათანადოდ არშესრულების გამო კი, როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, სტუდენტმა პროფესორს არ უნდა უსაყვედუროს. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სტუდენტისა და პროფესორის რანგში განხილვას ღარიბაშვილის მწვავე პასუხი მოჰყვა. მან ბორელს განუმარტა, რომ ქართველები ყველაზე მეტად უსამართლობას არ ეგუებიან და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს, საქართველოს მიმართ სამართლიანი იყოს.
“მე ასე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა განმარტა, სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე. ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი ავანსად, ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია და ჩვენ ვერ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორელთან ერთობლივ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საქართველოს, წლის ბოლოს, უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ერთადერთი სწორი ისტორიული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება, ქართველი ხალხისთვის ევროპიდან ჩამოტანილ 3-ძირითად გზავნილს. ჯოზეფ ბორელის თქმით, პირველი არის ის, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს და ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ევროკავშირი მათ მიატოვებს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აღფრთოვანებულია იმით, რაც თბილისის ქუჩებში ნახა – ევროკავშირის ბევრი დროშა, იმაზე მეტი, ვიდრე ბრიუსელის ქუჩებში ფრიალებს.
“ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს, იმაზე მეტი, ვიდრე ბრიუსელში. ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს ამ პროცესში, იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება ჰქონდეს ოპოზიციას. პოლიტიკური დაძაბულობა უნდა შემცირდეს, რომ ეს პოლიტიკური შანსი არ იყოს დაკარგული. შემდეგი ნაბიჯები იქნება დამოკიდებული დამსახურებაზე”, – განაცხადა ბორელმა.
მან კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს 12 რეკომენდაცია და დასძინა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული, ხოლო 9 – პროცესშია. ბორელი შეეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტი საკითხსაც, მისი შეფასებით, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და ქვეყანაში პოლარიზაციას გაზრდის.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა უპასუხოდ არც საქართველოს მთავრობის მეთაურს დაუტოვებია. ღარიბაშვილმა ბორელს განუმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშენებს სამართლებრივ და ძლიერი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოს, სადაც ქვეყნის კონსტიტუციას პატივს სცემენ. პრეზიდენტი, პრემიერი და მთავრობა ამის მაგალითი უნდა იყოს.
“პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, მისი იმპიჩმენტი არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჯოზეფ ბორელის მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთ – უკრაინის ომს. მისი თქმით, ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან რუსეთის იზოლაციის მიმართულებით. მან წუხილი გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე.
როგორც ბორელმა განაცხადა, საქართველომ ასოცირების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულებები. ევროპას სჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, ამიტომ აქცენტი კეთდება საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე და შესაბამისად, მათ დაფინანსებაზეც.
მესამე გზავნილია საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, თუმცა, ბორელმა იქვე დასძინა, – საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თანხვედრაშიო. მან ევროკავშირის მხრიდან მიღებული დახმარებებიც შეგვახსენა, მაგრამ ვერც საქართველოს დამსახურებებს აუარა გვერდი, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მსოფლიო მისიებში მონაწილეობის საკითხში.
„საქართველო დღეს, არ არის, არც ნატოს და, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამიტომ ის მოქმედებს საკუთარი სუვერენული ინტერესების დაცვით. რეზოლუციებსა და განცხადებებს, რომლებსაც არ ვუერთდებით, სწორედ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს და რისკებს ვზომავთ. ჩვენ 500-ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში”, – უპასუხა საქართველოს პრემიერმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. გაეცნო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში განმარტეს, ბორელს თავისი ამჟამინდელი უფლებამოსილებები საშუალებას აძლევს განიხილოს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი.
ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით მოსაზრებები ოპოზიციის ლიდერებმაც გამოთქვეს. პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის – გიგი წერეთლის აზრით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს კიდევ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო შეძლებს პროგრესს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართულებით.
მან ღარიბაშვილი გააკრიტიკა ბორელთან გაკეთებული განცხადებების გამო. გიგი წერეთლის აზრით, მაშინ, როცა რამდენიმე თვეში უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, კონფრონტაციული ატმოსფეროს შექმნა, კიდევ უფრო აზიანებს პროცესს და არარეალურს ხდის სასურველი შედეგის მიღწევას.
“ბრიუსელში გადაწყვეტილებას. არც შანტაჟით მიიღებენ და არც მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესით. ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა ბორელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავარი რეკომენდაციების შესრულებაა და საერთაშორისო პრინციპების ერთგულება, და ეს საქმით უნდა დამტკიცდეს და არა უბრალოდ ხმამაღალი განცხადებებით”, – წერს გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში.
განსხვავებულია ექსპერტების შეფასებებიც. ერთი ნაწილის აზრით, ევროკავშირის პროფესორია, საქართველო კი – სტუდენტი, მეორე ნაწილისთვის კი, ისევე მიუღებელია ბრიუსელთან ცალ ფეხზე დგომა, როგორც საბჭოთა ეპოქაში მოსკოვიდან მიღებული დირექტივების შესრულება. “ქართული ოცნების” მთავრობაში კი, იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს, ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, მეორე მხრივ, საქართველო დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
“რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ბორელის საქართველოში ვიზიტმა დაარწმუნა იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ევროკავშირში არანაირი პრეტენზია არ აქვთ. მისი აზრით, საერთო ევროპული ფასეულობების მიმართ ისეთი სწრაფვა, როგორიც საქართველოშია, იშვიათია სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპის სახელმწიფოებშიც კი, ამიტომ აქ, პრეტენზია არ არსებობს. მაგრამ არის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს ხალხის ამ დაკვეთას ხელისუფლება.
„არ არის საჭიროა ევროპულ მხარესთან კამათი და პრეტენზიების წაყენება, რომ უსამართლო იყო ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როცა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი და საქართველოს არა. როგორც თავად ბორელმა აღნიშნა, არ შეიძლება მოწაფე თავის მასწავლებელს ედავებოდეს. ყოველ შემთხვევაში ევროპული ტრადიცია და კულტურა ასეა, რომ მასწავლებელი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ არის მოწაფე მომზადებული“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისივე აზრით, რუსეთთან ფრენების აღდგენა დამაზიანებელია საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხში და არ შეესაბამება ევროკავშირის საერთო სტრატეგიას რუსეთის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ იზიარებს იმ პრინციპებსა და შეხედულებებს, რომლებიც ევროკავშირს გააჩნია.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, უფროს-უმცროსის დამოკიდებულება მიუღებელია ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ არის ცარიელი სიტყვები, შესაბამისად, სოციალურ ქსელებში რეაქციაც ადეკვატური იყო, მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი ღარიბაშვილის განცხადებას იწონებდა.
“თუმცა ჩვენს საზოგადოებაში არის კიდევ ერთი ნაწილი, „ცალ ფეხზე მდგომები“ (ევროკავშირი თუ გვეტყვის, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა დავდგეთო), ეს ჩვენი საზოგადოების დაახლოებით ის სეგმენტია, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო ახალი პატრონის წინაშე უნდა იდგეს ცალ ფეხზე, მორჩილად შეასრულოს ყველაფერი, რასაც უბრძანებენ. ანუ, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე მოსაზრებით, პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს და იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას, რომ საქართველო არ უნდა იმართებოდეს არც ვაშინგტონიდან და არც ბრიუსელიდან. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამკვიდრებს სუვერენული, დემოკრატიის მქონე ქვეყნის ლიდერის პოლიტიკურ კულტურასა და იმიჯს, შესაბამისად არ გაჰკვირვებია მისი შეპასუხება ბორელის განცხადებაზე.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბორელის განცხადებები პირდაპირ იყოს გადმოწერილი იმ ანგარიშებიდან, რასაც დასავლეთში გზავნიან რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და რა ინფორმაციაც ჩააქვს თავად ოპოზიციას”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
შორენა პაპაშვილი