საქართველო უკვე მესამე წელია მასპინძლობს ქართული დიასპორის ფორუმს “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის”. წელს ფორუმი თბილისში, 27-28 მაისს გაიმართა, შეხვედრები 4 თემატური ჯგუფი მიხედვით გადანაწილდა: განათლება; ეკონომიკა და ბიზნესი; კულტურა; დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია.
ფორუმში მონაწილეობისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში მოღვაწე ქართველების ჩამოვიდნენ, მათ შორის, ქართველი ემიგრანტების შთამომავლები, რომლებმაც სულ ახლახანს ისწავლეს ქართული ენა და ქართულ ფესვებთან დაბრუნება სურთ. ემიგრანტები მტკივნეულად განიცდიან საქართველოს მოქალაქეობის არქონას. ამ საკითხზე თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მაგველაშვილმა ისაუბრა და პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, დროულად მიიღონ კანონი, რომელიც წარმოშობით ქართველებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უფრო ლიბერალურს გახდის.
ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გიოგრი მარგველაშვილმა, დიასპორებში ქართული ენის როლზე გაამახვილა ყურადღება და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან იმ პროექტების მხარდაჭერას დაჰპირდა, რომლებიც დიასპორებს მშობლიური ენის შენარჩუნებაში დაეხმარებიან.
პრეზიდენტის თქმით, ფონდი უკვე დაეხმარა უცხოეთში მოქმედ რამდენიმე საკვირაო სკოლას და მზად არის ეს მომავალშიც განაგრძოს. “ენა, როგორც იდენტობის მთავარი ღერძი დიასპორებში უნდა შენარჩუნდეს”, – აცხადებს მარგველაშვილი.
დიასპორის ფორუმის გახსნაზე ასევე, სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მაგრამ თავად დიასპორების წარმომადგენლებისთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა დღის წესრიგში არ შედიოდა. ამის გამო, Dalma News-სთან პირად საუბარში ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა გულისტკივილი.
მესამე წელია, ფორუმში აქტიურად მონაწილეობს რუსეთში საქართველოს ფედერალური დიასპორის ხელმძღვანელი გიორგი წურწუმია, მაგრამ უკმაყოფილოა, რომ დღემდე, დიასპორების წევრებთან შეხვედრისა და მათი პრობლემებისა თუ მიღწევების მოსმენის სურვილი, ხელისუფლების მაღალი რანგის პირებს არ გამოუთქვამთ.
“ფორუმები ეწყობა. ლაპარაკი მიდის ეკონომიკაზე, კულტურაზე, განათლებაზე, მაგრამ ჩვენ სიტყვას არავინ გვაძლევს. გახსნიან ფორუმს, გამოვა პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პატრიარქი და ყველა თავის სიტყვას ამბობენ. მაგრამ ჩვენ სად ვართ? ეს ხომ დიასპორის ფორუმია? პირველ სხდომაზე, რომელსაც პრესა და ტელევიზია ესწრება, 10-5 წუთიანი გამოსვლა რომ დაგვითმონ, გამოვიდეთ მივმართოთ ხალხს, წარმატებებსა და პრობლემებზე ვისაუბროთ, არ აინტერესებთ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ? კაციშვილი ჩვენ არ გვისმენს”, – განაცხადა გიორგი წურწუმიამ Dalma News-თან საუბრისას და დასძინა, რომ ფორუმის არსებობის განმავლობაში ის პირველად ჩაწერა ქართველმა ჟურნალისტმა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყველაზე დიდი დიასპორა ჰყავს, მაგრამ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა, ქართულ დიასპორას დაჩაგრულ პოზიციაში აყენებს. არადა, ეს ადამიანები მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. რუსეთში ქართველი ემიგრანტების უკვე ახალი თაობა გაიზარდა და საკუთარი ძალებით ცდილობენ არ გაწყვიტონ კავშირი საკუთარ ფესვებთან, შეინარჩუნონ ქართული ოჯახური ტრადიციები, შექმნან ქართული ოჯახები.
გიორგი წურწუმია აფხაზეთიდან დევნილია. მიაჩნია, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა აზარალებს ქართულ დიასპორას. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ რუსულ მედიასთან და საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას საქართველოსა და ქართველების შესახებ.
როგორც Dalma News-ს გიორგი წურწუმიამ განუცხადა, სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ საქართველოში იმატა რუსეთიდან ტურისტებმა, რომ ემიგრანტების შვილები სწავლობენ ქართულ ენას და რომ, რუსეთის მოსახლეობა საქართველოს სტუმართმოყვარე ქვეყნად იცნობს.
“ერთ მილიონზე მეტი ქართველი ვცხოვრობთ რუსეთში. ერთ-ერთი დიდი დიასპორა ვართ, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში ერთ მილიარდ აშშ დოლარს ვგზავნით და ხელს ვუწყობთ ტურიზმის განვითარებას. რუსეთიდან საქართველოში წლების წინ, 500 ათასი ტურისტი თუ ჩადიოდა, დღეს ეს რიცხვი ორ მილიონამდე გაიზარდა. ეს ჩვენი მუშაობის შედეგი და ჩვენი დამსახურებაა. არც ერთი ქართული არხის წარმომადგენლობა, არც ერთი ქართული გამოცემა არ არსებობს რუსეთში. ჩვენგან მხოლოდ ფული აინტერესებთ. არც ერთ ფორუმზე არ შეგვხვედრიან ხელისუფლების მაღალი რანგის პირები, მხოლოდ მინისტრების მოადგილეების დონეზე მიდის საუბრები. ჩვენ რა გვაწუხებს, რა მიზნები გვაქვს, ხელისუფლება არ ინტერესდება”, – აცხადებს გიორგი წურწუმია.
მისივე შეფასებით, დიასპორა არის სახელმწიფოს ინტერესის გამტარებელი, რაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული სომხეთისა და ისრაელის ხელისუფლებებს და ძლიერი დიასპორებიც ჰყავთ. წურწუმია გულისტკივილით აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ რამდენჯერმე გამოსცა ბიულეტენი დიასპორაზე და არც ერთ მათგანში, ერთი სიტყვითაც კი არ არის მოხსენიებული რუსეთის ქართული დიასპორა.
გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ქართულენოვანი რადიოს დამაარსებელი ელიკო წიკლაური, მტკივნეულად განიცდის საქართველოში სოფლების დაცლის პრობლემას. განსაკუთრებით კი აჭარის მთიანი რეგიონების სოფლების ბედის გამო წუხს. იგი მოუწოდებს ქართველ ემიგრანტებს, შეძლებისდაგვარად ეცადონ, არ გაწყვიტონ კავშირი სოფელთან, რომელიც, რამდენიმე წელიწადში უცხო ქვეყნების მოქალაქეების ხელში აღმოჩნდება და ოდესმე სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის აქ ერთი გოჯი სამეურნეო მიწა აღარ დარჩება.
“ყველა ჩვენგანის მოვალეობაა მივხედოთ სოფელს, ამას ვამბობდი 10 წლის წინაც და ვიმეორებ ახლაც. სამოთხის მსგავსი ქვეყანა რომ გვაქვს და გვიხარია, ამას ჩვენი მეზობლებიც ხედავენ. ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეთ და მივხედოთ იქაურობას, თორემ მერე არ მოგვიხდეს ამ მიწისთვის ბრძოლა”, – განაცხადა ელიკო წიკლაურმა რეპლიკის სახით ერთ-ერთ თემატურ შეხვედრაზე, სადაც დისკუსიის მონაწილეები კონკურსის – “წარმატებული ქალები დიასპორაში” დადებით მხარეებსა და ხარვეზებს განიხილავდნენ.
როგორც აღმოჩნდა კონკურსის მიმართ სხვადასხვა ქვეყნების დიასპორებს პრეტენზიები აქვთ. კერძოდ, რა კრიტერიუმებით ირჩევენ გამარჯვებულებს და აქვთ თუ არა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ქალს მასში მონაწილეობის საშუალება. პრეტენზია მამაკაცებმაც გამოთქვეს, რომ, რატომღაც კონკურსის მიღმა რჩებიან.
უკმაყოფილება არც სომხეთის ქართული დიასპორის წევრებს დაუმალავთ.
როგორც Dalma News-ს ქართული სათვისტომოს – “ივერიის” ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სპანდერაშვილმა განუცხადა, სომხეთი, როგორც საქართველოს მეზობელი ქვეყანა, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, რის გამოც იქაური ქართველები თავს დაჩაგრულად გრძნობენ.
მისივე თქმით, სომხეთის ქართული დიასპორა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ქართულ-სომხურ ურთიერთობებში ყველა გამოწვევას სათანადოდ პასუხობს.
“საზღვარგარეთის ქვეყნებს, რომლებსაც საქართველოსთან საერთო საზღვარი არ აქვთ, ცხადია, ბევრი საკითხი, რაც მეზობელთან გექნება გასაყოფი, მათ რა თქმა უნდა არ აქვთ. სომხები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ საქართველოში და უარყოფითი გამოძახილები, თუნდაც ეკლესიების საკითხები, ან ის, რომ კულტურული მემკვიდრეობა ვერ გაგვიყვია, ამ საკითხებთან დაკავშირებით სათვისტომო ყოველთვის სათანადო პასუხს იძლევა და აგვარებს ამ პრობლემებს. რაც შეეხება სათვისტომოს როლს, სომხეთში ქართული სიტყვა დღეს სომხეთში, სწორედ ქართული სათვისტომოს დამსახურებითა და საკვირაო სკოლის მეშვეობით ისმის”, – აცხადებს ნინოსპანდერაშვილი.
ქართული სათვისტომო სომხეთში 20 წელზე მეტია არსებობს. იგი 1997 წელს აკადემიკოსმა თინათინ ასათიანმა დააარსა. სომხეთის ხელისუფლებამ მათ უმცირესობათა ცენტრში, ოთახი გამოუყო, სადაც ქართველი თუ შერეული ოჯახების ბავშვები ქართულ ენას და კულტურას ეუფლებიან. ქართველი ქალები თავს არ ზოგავენ და სურთ, მათი შრომა უბრალოდ დაფასდეს.
“უბრალოდ იცოდნენ საქართველოში, რომ სომხეთშიც არიან ქართველები. ჩვენ არ ვართ მეათე ხარისხოვნები იმის გამო, რომ ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში არ ვცხოვრობთ. ჩვენთან ხელფასები ძალიან დაბალია, სამსახურის შოვნა ძნელი, ამის მიუხედავად, ვახერხებთ, რომ რამდენიმე საათი გამოვყოთ დიასპორაში სამუშაოდ. წარმატებული ქალების პროექტში ჩვენი სწორედაც რომ ჩვენი დიასპორა ჩართული უნდა ყოფილიყო რომელიმე წელს მაინც”, – აცხადებენ დიასპორის წევრები.
თურქეთში მცხოვრებმა ორჰამ ბერიძემ, ქართული ენის სწავლა საკვირაო სკოლის წყალობით დაიწყო და ეამაყება, რომ ქართველებთან სასაუბროდ შუამავალი არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი თურქული ადათ-წესებით ცხოვრობს, თავს ქართველად მიიჩნევს და ამბობს, რომ საქართველოს საზღვრები სტამბულიდან, მისი სახლიდან იწყება. ორჰამ ბერიძემ სტამბოლში, “შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი” დააფუძნა, რომელიც ქართველებსა და თურქებს შორის კულტურულ-მეცნიერული ურთიერთობების გაღრმავებაზე ზრუნავს. იგი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობას სთხოვს, რომ თურქეთში მცხოვრებმა, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ისწავლოს ქართული.
“ქართველობა ჩვენი ქოლგაა”, – ამბობს იგი.
ორდღიანი დიასპორა მცხეთაში, ეთნოგრაფიული კულინარიის ფესტივალით დასრულდა. რამდენად იქნება დიასპორა საქართველოს გამაერთიანებელი ძალა ძნელი საკითხია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ოჯახების სარჩენად ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რიცხვი არ კლებულობს.
შ. ქარჩავა