ქართველი პოეტის თამარ გაბროშვილის ლექსების კრებული სომხურ ენაზე ითარგმნა და ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, 500 ეგზემპლარად გამოსცა. თარგმანის ავტორი მაყვალა გეურქოვაა. წიგნის წარდგინებაზე სომხეთიდან თბილისს საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია: გამომცემლობა “ჰაიაქსანის” ხელმძღვანელი ვაჰაგ სარქისიანი, პოეტი შანთ მკრტჩიანი, მთარგმნელი არუთინ ჰოვნათანი, ლიტერატურის კრიტიკოსი არმენ ავანესიანი, პოეტი და მთარგმნელი ნინო სპანდერაშვილი, თარჯიმანი დიანა ტერ-ბაღდასაროვა და თავად ლექსების მთარგმნელი მაყვალა გეურქოვა.

როგორ მოხვდა ქართველი პოეტის ლექსები ერევანში და რატომ გადაწყდა მისი სომხურად თარგმნა, ამის შესახებ Dalma News პოეტ თამარ გაბროშვილს ესაუბრა. მანამდე გეტყვით იმასაც, რომ წიგნს საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა კრიტიკოსმა არუთინ ჰოვნათანიმ, სადაც თარგმანის ღირებულებას მაღალი შეფასება მისცა.

– გვიამბეთ თქვენს შესახებ, რა ასაკში დაიწყეთ ლექსების წერა?

– დავიბადე გორის რაიონის სოფელ ფხვენისში, მედიცინის მუშაკების ოჯახში, სკოლაც იქ დავამთავრე. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე, დავამთავრე მეორადი ფაკულტეტი და გავხდი პროფესიონალი მხატვარი. ბავშვობიდან მიყვარს ხატვა. წერა სკოლის ასაკში დავიწყე. 1983 წელს, ჩემი პირველი ლექსები ხელნაწერის სახით, პოეტ მორის ფოცხიშვილს წავაკითხე. დიდი პატივს ვცემდი მის შემოქმედებას და ძალიან მაინტერესებდა მისი შეფასება. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ დამიბარა, შემაქო და გზა დამილოცა გაზეთ “სახალხო განათლებაში” დაბეჭდილი ლამაზი წერილით. იმ დღიდან თამამად განვაგრძე მუშაობა. ამჟამად გამოცემული მაქვს ლექსების 5 კრებული, აქედან ერთი სომხურ ენაზე.

vIhDUj2x19IUucQrCywAVRBt8a

13 წლის განმავლობაში ჩემი მშობლიური სოფელის სკოლაში ქიმიისა და ხატვის მასწავლებლად ვმუშაობდი. მერე, თბილისში მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში ინჟნინერ- ქიმიკოსად. გავიარე სოციალური თერაპიის კურსი. თბილისში, ძმები უბილავების ქუჩაზე არსებობს სოციალური თერაპიის სახლი, სადაც სტამბაც იყო და ჩემი ბოლო, 460 გვერდიანი კრებული “ქრიზთას ანთოლითები” იქ დავბეჭდე. ჩემივე ნახატებით გავაფორმე. კრებულში მცირე ზომის, ფილოსოფიური ლექსებია თავმოყრილი.

– პოეტი გყავთ წინაპრებში?

– დიდი პაპა, დედის მხრიდან, გრიგოლ გლურჯიძე წერდა ლექსებს. სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული და დაახლოებით XIX – XX საუკუნეების მიჯნაზე სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. შემდეგ გორის რაიონში, მშობლიურ სოფელ ბერშუეთში გახსნა პირველი სკოლა, რომელიც დღესაც მისი სახელობისაა. პაპა რუსულ ენას ასწავლიდა. ძალიან მეამაყება, ასეთი პაპა რომ მყავდა.

ჟურნალ “ამერ-იმერში” გაგზავნილი მაქვს მასალა, სადაც ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ ვგავართ მე და პაპა ერთმანეთს ხედვებში, თემების განზოგადებაში.

– გახსოვთ პაპა?

– მე ვერ მოვესწარი, დედაჩემსაც ბუნდოვნად ახსოვს. გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან დიდი პიროვნება ყოფილა. პაპა ასევე ძალიან კარგად გალობდა, იყო მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი. ეს ნიჭი ჩემს შვილებს გამოყვათ. სამივემ მუსიკალური განათლება მიიღო, ძალიან კარგად მღერიან და უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე.

– ცოტა უჩვეულოა, პროფესიით ქიმიკოსი, ხატავთ, წერთ ლექსებს, ამ სფეროებს შორის საერთო შეხების წერტილებს როგორ პოულობთ?

– მიმაჩნია, რომ რაც მეტ სფეროში ხარ ჩახედული ადამიანი, მეტად ღრმად აზროვნებ. სამყარო მათემატიკური სიზუსტით არის აგებული და ამ სიღრმეებისწვდომაში მიღებული ცოდნა მეხმარება. ჩემი მშობლები მედიცინის მუშაკები იყვნენ. დედა სოფლის ექთანი იყო. სახლში მოწყობილი გვქონდა სამედიცინო პუნქტი, დედას ვეხმარებოდი და ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი ადამიანებს. მამა ვეტერინარი იყო და 12 სოფელი ებარა. ჩემი მშობლების წყალობით სამყაროში უფრო ღრმად ვიხედებოდი და ეს მეხმარებოდა მომავალ მწერალს.

– ალბათ, მარტო ადამიანებთან და ბუნებასთან ურთიერთობა არ არის საკმარისი, ლექსის წერას განსაკუთრებული ნიჭიც უნდა?

– ალბათ. ჯერ ვფიქრობდი ნახატებით გადმომეცა ჩემი განცდები. მერე ვიფიქრე, რომ ნახატში არ ეტეოდა ის, რისი თქმაც მინდოდა და დავიწყე წერა. მერე ვიფიქრე, რომ ლექსიც არ კმაროდა და გადავედი პროზის წერაზე. კიდევ აღმოვაჩინე რაღაც, რაც პროზაშიც არ ეტევა და ზღაპრების წერა დავიწყე.

– როგორ იბადება ლექსი?

– ჩემთვის ამოსავალი წერტილია სილამაზე და მშვენიერება დავინახო ყველაფერში, ბუნების ნებისმიერ მოვლენაში, ადამიანების ქცევაში. ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი და მიყვარდა წაკითხულიდან მოკლე ჩანაწერის გაკეთება. გამომეყო ლამაზი და ძირითადი ხაზები. შემდეგ მეც ვცდილობდი ძირითადი სათქმელი დამეწერა და მკითხველი არ დამეღალა ზედმეტი სიტყვებით. ხშირად მიფიქრია, რატომ დაწერა ავტორმა ამდენი, მოკლედ დაეწერა უფრო მეტად ვისიამოვნებდით – მეთქი. ვცდილობ ლაკონურად გადმოვცე ჩემი სათქმელი.

– რა თემა ჭარბობს თქვენს შემოქმედებაში?

– ალბათ, უფრო სიყვარული, რადგან მასზეა ყველაფერი აგებული. სიყვარული სამშობლოსაც იტევს.

– რომელი პოეტის თუ პოეზიის გავლენას გრძნობდით საკუთარ შემოქმედებაზე?

– ზოგადად მიბაძვა არ მიყვარს. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამპარალელებს უფრო აღმოსავლურ, კერძოდ იაპონურ პოეზიასთან ვპოულობ, რომელიც არის ლაკონური და მშვენიერების გამომხატველი. უფრო ჩემეულია.

– როგორ გადაწყდა თქვენი ლექსების სომხურ ენაზე თარგმნა?

– 2010 წელს ჩემი შვილი, ბარბარე ასანიძე, ერევანში ღია ახალგაზრდულ დელფიურ თამაშებში, მონაწილეობდა. გადავწყვიტე თან ჩემი წიგნები წამეღო და ქართული სათვისტომოსთვის მიმეწოდებინა. პოეტ გივი შაჰნაზარს ვთხოვე დავეკვალიანებინე, ვისთვის გადამეცა წიგნები. როცა ჩავედი, სათვისტომოს წარმომადგენელს ვთხოვე წიგნები მაყვალა გეოქროვასთვის გადაეცა. მეორე დღეს თვითონ ქალბატონმა მაყვალამ დამირეკა სასტუმროში და ჩემი პოეზიის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა. შემდგომ საკუთარი სურვილით თარგმნა ჩემი ლექსები. მისი ხელმძღვანელობით ერევანში გამოდის ქართული სათვისტომოს გაზეთი “ივერია”, საკვირაო სკოლაში ქართულისმასწავლებელია, პარალელურად ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობას ეწევა. ნათარგმნი აქვს ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია”, ნოდარ დუმბაძის ნოველები, ჯანსუღ ჩარკვიანის და სხვათა ნაწარმოებები. “ქართული ხალხური ზღაპრები”, “ქართული ლიტერატურისა და პოეზიის ანთოლოგიები” სომხურიდან ქართულადაც თარგმნის.

9zl6Tb3dikJtrNRwVoGwfwH8qa– წიგნის წარდგინებაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვიდა სომხეთიდან…

– წიგნი თარგმნიდან 7 წლის თავზე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით გამოიცა. კრებულს სომხურად “ქრიზთა”, ქართულად კი, “ქრიზთას ანთოლითები” ჰქვია. ქრიზთა – ჩემი ფსევდონიმია, ანთოლითები – გაქვავებულ ყვავილებს ნიშნავს. ლექსები ცოცხლდებიან ადამიანების თვალებში, როდესაც ისინი მათ კითხულობენ და უყვარდებათ.

ვაჰაკ სარქისიანმა, მორის ფოცხიშვილის ლექსების სომხური თარგმანი ჩამომიტანა საჩუქრად. მესიამოვნა. მორის ფოცხიშვილმა დამილოცა გზა სამწერლო ასპარეზზე და წლების შემდეგ მისი წიგნი მაჩუქეს.

სომხეთის დელეგაციის წევრებს თბილისის საკრებულომ, საქართველოს მწერალთა კავშირმა, საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიამ საპატიო სიგელები და საჩუქრები მოუმზადა. ასევე, პოეტ შანთ მკრტიჩიანს ვაჩუქეთ ჟურნალი “ანეულის” ის ნომერი, სადაც ქართულად ნათარგმნი მისი ლექსები დაიბეჭდა. მისი ლექსები ბწკარედებად მაყვალა გეორქოვამ მომაწოდა და თარგმანი მე დავასრულე. ასევე, იმყოფებოდა პოეტი ნინო სპანდერაშვილი, რომელიც სომხეთშია გათხოვილი და ერევნის საკვირაო სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. ცდილობს აქტიურად ადევნოს თვალი საქართველოში მიმდინარე სამწერლობო მოღვაწეობას. საღამო მუსიკალურად ჩემმა შვილებმა გააფორმეს, მომღერალმა ნაზი სარჯველაძემ კი, კლასიკად ქცეული სიმღერა – “ოვ სირუნ, სირუნით” დააგვირგვინა.

– ცოტა ზღაპრებზეც გვიამბეთ, რაზეა თქვენი ზღაპრები?

– ვცდილობ ბავშვებს სამყარო ზღაპრებით გავაცნო. მაგალითად “ქორწილი ქილაში” – ვისაც დიასახლისობა არ გამოუცდია, ვერც კი წარმოიდგენს, როგორ შეიძლება წნილის ჩადების პროცესი ზღაპრად აქციო. ზღაპრებში – “ჩურჩხელის ხე”, “ობობა” და სხვა საფიქრალს ვუტოვებ ბავშვებს. თუნდაც ობობა, რამდენ კარგ საქმეს აკეთებს. ერთად რომ შევკრიბე ჩემი ზღაპრები სამი ტომი გამოვიდა, პირველი ტომისთვის ნახატები სამხატვრო სკოლის ბავშვებს დავახატინე, მეორე ტომისთვის მათ პედაგოგებს – თეონა და გურამ ღლონტებს, ხოლო მესამე – ტომი ალექსანდრე ციხელაშვილმა გააფორმა. ზღაპრები, რომლებიც ბავშვებმა გააფორმეს, ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამოვიდა. მინდოდა წიგნში, ზღაპრებიდან მიღებული მათი განწყობა და ფანტაზია წარმოჩენილიყო. ზღაპრების პოპულარიზაციაზე აქამდე აქტიურად არ მიფიქრია. უკვე გამზადებულია გამოსაცემად სამივე ტომი, მაგრამ კულტურის სამინისტროში თანხების უქონლობის გამო გამოცემაზე უარი მითხრეს. დარწმუნებული ვარ, როცა ეს წიგნები გამოიცემა, ბავშვები გაიხარებენ.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი