საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, წელს ყურძნის მოსავალი სულ მცირე 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ დანელიამ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
აღნიშნულ შეხვედრაზე დანელიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. მას ინფორმაციით, სახელმწიფო 1 კგ “რქაწითელსა” და “კახურ მწვანეზე” 35 თეთრის, 1 კგ საფერავზე კი – 15 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. დანელიას განმარტებით, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა.
მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის სესხები კვლავ გაიცემა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასს არეგულირებს ბაზარი, სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას და არ ერევა ფასების რეგულაციებში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მიუხედავად რუსეთისა და უკრაინას ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებისა, სწორი მარკეტინგული პოლიტიკის შედეგად, მთელ რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება.
შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ რთველი 2015-ის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება, რომელიც თელავში განთავსდება.
გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.