თითოელ ჩვენთაგანს, პირადი შეხება თუ არ გვქონია, გვსმენია მაინც სპორტზე “ბრძოლა წესების გარეშე”. სინამდვილეში ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ამ ნაკლებად პოპულარული სპორტის შესახებ. თუმცა ბოლო დროს იგი მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში იკიდებს ფეხს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ სპორტის სახელწოდება – “ბრძოლა წესების გარეშე” – არაკორექტულია. სინამდვილეში მას უნდა ერქვას ММА (Mixed Martial Arts, ანუ შერეული საბრძოლო ხელოვნება). მეორე გავრცელებული შეცდომა ის არის, რომ სპორტის ამ სახეობაზე საუბრისას ხალხს ექმნება წარმოდგენა, რომ რინგზე დიდტანიანი ბოდიბილდერები დგანან და მოწინააღმდეგეს ყველგან და მთელი ძალით ურტყამენ. ხოლო, როდესაც საუბარი ქალბატონებს შეეხებათ, მაშინ წარმოსახვა უსაზღვროა.
“იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ არავითარი ჯაჭვები და არავითარი ჩხუბი. ორთაბრძოლაში საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებს”, – ამბობს ММА-ს უძლიერესი სომეხი წარმომადგენელი კარინე (პრინცესა)გევორქიანი.
სპორტი მთელი მისი ცხოვრებაა. ეს არის მისი შემოსავლის წყარო, პროფესია და ფიზიკური აუცილებლობა.
– კარინე, ყოველთვის მიჭირდა იმის გაგება, როგორ მიდიოდნენ გოგონები ისეთ სპორტში, როგორიცაა კრივი, შტანგა, ბრძოლა და ა.შ. ასეთი მომღიმარე და ლამაზი გოგონა, ყვავილებისა და ბიჭების ნაცვლად შტანგაზე და კრივის ხელთათმანებზე ფიქრობდი? გვიამბე, როგორ მიხვედი ММА-ში?
– ჩემი არჩევანი მოსალოდნელიც იყო. ჩვენს ოჯახში თითქმის ყველა სპორტის “მძიმე” სახეობას მისდევს. დედა ძიუდოისტი და მოცურვეა, ბაბუა – მოკრივე, დაც ძალოსანია. ჩემთვის მათი მაგალითი გადამდები აღმოჩნდა. ბავშვობაში სამბოსა და ძიუდოში ვვარჯიშობდი, შემდეგ კრივში. საკმაოდ კარგ შედეგებსაც მივაღწიე. ვმონაწილეობდი ევროპისა და საერთაშორისო დონის ჩემპიონატებში, სადაც რამდენიმე ჯილდო მოვიპოვე. მაგრამ საკუთარი თავი “ბრძოლა წესების გარეშე”-ში ვიპოვე. აქ თავს კომფორტულას ვგრძნობ. ММА-ში შემიძლია ვიყო მოკრივე, მებრძოლი, კარატისტი და შემიძლია შესწავილი ყველა უნარის ერთ სახეობაში გამოყენება. ეს ბევრად უფრო საინტერესოა.
ქალებისთვის შესაფერისი სპორტის ბევრი სახეობა არსებობს, მაგრამ ММА, ჩემის აზრით, ყველაზე ქალურია. რინგზე გამოდიხარ იმდენად არა მოგებისთვის, რამდენადაც საკუთარი თავისთვის. ლოგიკა ასეთია: თუ არ სცემ, შემ გცემენ.
– როგორც ქუჩის ჩხუბში?
– არავითარ შემთხვევაში. ჩვენ სპორტსმენები ვართ, ქუჩური ჩხუბის წესები აქ არ მოქმედებს. ვიყენებთ ტაქტიკასა და ტექნიკურ უნარებს. გარდა ამისა, თავად ბრძოლის ფსიქოლოგიაც განსხვავებულია. ММА-ში საკმაოდ მკაცრი წესები და შეზღუდვები მოქმედებს. აკრძალულია კბენა, დარტყმა საკვერცხეებში, კისერში, კეფაზე, ხერხემალში, თვალში, ყურში, პირში, ნესტოებსა და სხვა დაუცველ ადგილებზე.
საერთოდ, ყოველთვის შეგნებულად ვარიდებ თავს ქუჩურ ჩხუბს. არასდროს ვპასუხობ ასეთ გამოწვევებს. საჭიროა შედეგებზე წინასწარ ფიქრი, რისკფაქტორების შეფასება და ნებისმიერი ვითარებისადმი გაწონასწორებული მიდგომა. არ მინდა ქუჩის ხულიგნების დონეზე დაშვება. მე სპორტსმენი ვარ, ხულიგანი კი არა. ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც საკუთარ ფიზიკურ ძალას კარგად გრძნობს, არასოდეს აწევს ხელს თავისზე სუსტზე, თუნდაც ის ამას იმსახურებდეს. რაც შეეხება ММА-ში მისვლას, ეს ჩემმა დამ გადამაწყვეტინა.
ბოლო დროს სპორტის კიდევ ერთი ეგზოტიკური სახეობით დავკავდი. ეს არის მას-რესლინგი. ცოტა ხნის წინათ, ერევანში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა და მესამე ადგილზე გავედი.
– მას-რესლინგი? პირველად მესმის. მოგვიყევი სპორტის ამ სახეობის შესახებ.
– ეს არის სპორტის სახეობა, როდესაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ სხდებიან, ფეხებით ფიცარს ეჭიდებიან და ჯოხის თავ-ბოლოში კიდებენ ორივე ხელს. რომელიც მოახერხებს ჯოხს თავის მხარეს გადაქაჩავს, გამარჯვებულიც ის იქნება. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე კარგად არც ვიცი სპორტის ამ სახეობის დეტალები. რაც ვიცი, ის არის, რომ ძალიან დიდ ძალას უნდა ფლობდე. ორგანიზატორებმა თავად მიმიწვიეს მონაწილეობის მისაღებად. მიაჩნიათ, რომ ამის ძალა მაქვს. ასპარეზობა მომეწონა და მესამე ადგილიც დავიკავე – სასიამოვნო იყო. კიდევ თუ მიმიწვევენ, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. თავად მას-რესლინგის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ინტერნეტშია განთავსებული.
ვიკიპედია ამბობს, რომ ეს არის იაკუტიის სპორტის ეროვნული სახეობა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ აღიარა და 2003 წელს რუსეთის სპორტის რეესტრმა დაამტკიცა.
– შენს ძირითად საქმეს რომ დავუბრუნდეთ, რამდენი ხანია ММА-ით ხარ დაკავებული, რას მიაღწიე, რა გეგმები გაქვს?
– უკვე ერთი წელია, რაც მთლიანად ММА-ით დავკავდი. გამოვდივარ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში. უკვე ორ პროფესიულ ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა. ერთი ერევანში ჩატარდა და ირანელ სპორტსმენთან მომიწია ბრძოლა; მეორე – რუსეთის იაროსლავში ჩატარებულ ჩემპიონატზე უკრაინელ სპორტსმენს შევხვდი. ორივე შეხვედრა ჩემი გამარჯვებით დასრულდა. უკრაინელი მეტოქე 50 წამში დავამარცხე.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამჟამად ვემზადები ბრძოლებისთვის, რომელიც 2016 წლის იანვარშია დაგეგმილი. დეტალები წინასწარ არ ვიცი. ამ ყველაფერს მოაგვარებს ჩემი მწრთვნელი და პრომოუტერი, Petrosyan Dojo MMQ Fight Club-ის, რომლის სახელითაც გამოვდივარ, დამფუძვნებელი აშოტ პეტროსიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, მაგრამ შეჯიბრებებთან დაკავშირებით არჩევანს საბოლოოდ ის აკეთებს. კლუბი დიდ მხარდაჭერას მიწევს, როგორც მატერიალურად, ისე ფსიქოლოგიურად. ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ თითქმის უკვე ოჯახი ვართ – ერთი მიმართულებით ვიყურებით და ერთად ვიზრდებით. თითოეული ჩემი წარმატება კლუბის წარმატებაა და პირიქით.
– რომელი ჩემპიონატია შედარებით უფრო პრესტიჟული, თავად რომელ ჩემპიონატზე მოხვედრაზე ოცნებობ? შენი გეგმა- მაქსიმუმი?
აპრიორია საერთაშორისო შეჯიბრებაზე მოხვედრა. თუმცა ეს შესაძლებელია კლუბური შეჯიბრებების შედეგად მიღებული გარკვეული რეიტინგული სტატუსის მიღების შემთხვევაში. ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც შერეული წესების ბრძოლებს ატარებს, არის ამერიკული UFC (Ultimate Fighting Championship). ММА-ის ნებისმიერი პროფესიონალი ოცნებობს სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ჩემპიონატებში მოხვედრას.
დღემდე ММА-ს სომხური ფედერაციის სახელით ვმონაწილეობდი, თუმცა 2016 წლისათვის რუსეთის ჩემპიონატებშიც ვაპირებ მონაწილეობას.
თავმდაბლურად არ ჟღერს, მაგრამ დღესდღეისობით საერთაშორისო დონეზე ММА-ის სომხეთის სახელით მოასპარეზე ერთადერთი წარმომადგენელი ვარ. ერთადერთი ვარ, რომელსაც მსგავსი შეჯიბრებების გამოცდილება და წარმატება მაქვს. ჩემს გარდა არიან სპორტსმენი ქალებიც, რამოდენიმეს თავად ვავარჯიშებ, მაგრამ სერიოზული დონისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
რინგზე გასასვლელად საკმარისი არ არის ძლიერი ფიზიკური მომზადება, საჭიროა გარკვეული პიროვნული თვისებებიც. ამ თვალსაზრისით, გოგონები ჯერ მზად არ არიან. თავდაპირველად საჭიროა საკუთარ თავზე გამარჯვება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: თუ ვარჯიშების დროს სპორტსმენი იწყებს საკუთარი ფიზიკური ძალების გაცნობიერებას, ამას უკვე ფსიქოლოგიური კომფორტი – თავში დარწმუნებულობა და უშიშარობაც მოჰყვება. ამ ყველაფრის მისაღწევად კი ბევრი ვარჯიშია საჭირო.э
– “ბრძოლა წესების გარეშე”-ს შესახებ ერთ-ერთი დამკვიდრებული მითი არის, ის, რომ ეს შოუ უფროა, ვიდრე ნამვილი სპორტი. სამოყვარულო სპორტში სპორტსმენები იცავენ დროშისა და ქვეყნის ღირსებას. ხოლო პროფესიონალურ სპორტში ერთადერთი მოტივაცია ფულია. პროფესიონალური სპორტის შესახებ არსებულ ასეთ წარმოდგენას როგორ შეაფასებ?
რა თქმა უნდა, მატერიალური ფაქტორი ძალზედ ძლიერია. არ უარვყოფ, რომ ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ეს ქალებს შორის ჩემპიონატს ეხება, სადაც ფსონები უფრო მაღალია, ხოლო სპორცმენები ცოტაა. პირადად მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ММА უფრო შოუა, ვიდრე სუფთა სპორტი. განა შეჯიბრებაზე გამოსვლისას ჩემი სამშობლოს სპორტულ ღირსებას არ ვიცავ?
პირადად მე რაც შემეხება, სამოყვარულო სეგმენტში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ პროფესიულ სპორტში იმიტომ გადავედი, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისა და ძალების გამოცდა მაინტერესებდა. მაშინ ფულზე არ მიფიქრია. მაგრამ რინგზე გასვლის შემდეგ ყველაფერი გამომივიდა, ფულიც საკმაოდ სოლიდური მივიღე. ამიტომაც, ცხადია, მიღებული გამოცდილების პარალელურად ჰონორარის გაზრდის მოტივაციაც გაჩნდა (იცინის). ასეა თუ ისე, ყველა ვსწავლობთ და ვმუშაობთ საკუთარ თავზე იმიტომ, რომ ფული გამოვიმუშაოთ. ამის არ მრცხვენია, ეს ნორმალურია. მეც მუხლჩაუხრელად, დღედაღამე ვმუშაობდი, რომ სპეციალობა მიმეღო და საკუთარი თავის უზრუნველყოფა შემძლებოდა. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ფული პატიოსანი შრომითა და სისხლის ფასად მაქვს მოპოვებული.
ჩემთვის სპორტი მხოლოდ ცხოვრები წესი არ არის. ეს ჩემი ნარკოტიკია. ფიზიკურად ცუდად ვგრძნობ თავს ვარჯიშისა და დატვირთვის გარეშე. ასე, რომ მაქვს თუ არა ფული, მის გარეშე მაინც არ შემიძლია.
– კონკრეტულად რით განსხვავდება პროფესიონალი სპორტსმენი მოყვარულისგან?
პირველ რიგში, გამოსვლების რაოდენობით. მოყვარული სპორტსმენებისგან განსხვავებით, პროფესიონალები შეჯიბრებებში თითქმის ყოველდღე მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საქმე იმაში კი არ არის, რომ მიწვევები არ აქვთ, არამედ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებაში. პროფესიონალი ერთი ბრძოლისთვის მთელ თვეს ემზადება. საჭიროა მოწინააღმდეგისა და მისი ბძოლების შესწავლა. გარდა ამისა, თუ ჯანმრთელობის პრობლემა არსებობს, მის აღმოფხვრასაც დიდი დრო სჭირდება.
ერთი სიტყვით, პროფესიული სპორტი – სამუშაოა. მატერიალური თვალსაზრისით ვიტყვი, რომ წლიური შემოსავლის უზრუნველსაყოფად საკმარისია 4 წარმატებული ბრძოლა.
– სპორტზე საუბრისას თვალები გიბრწყინავს. როგორც სჩანს, მართლაც ამით ცხოვრობ?
– სამყაროში არ არსებობს გრძნობა, რომელსაც რინგზე გამარჯვების შედეგად მიღებულ ეიფორიასა და ტრიუმფს შევადარებდი. თავდაპირველად, დაახლოებით 15 წუთიანი მწუხარებაა, შემდეგ იწყება საკუთარი თავით მკაყოფილება. ეს წუთები ყველა მსხვერპლის ფასად ღირს. დახარჯული ძალები, გაუთავებელი ვარჯიშები, პირადი ცხოვრებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის მოკლებული დრო – ეს ყველაფერი ანაზღაურებადია.
საკუთარ თავსა და საკუთარ შიშზე გამარჯვება – აი რას მაძლევს უპირველესად რინგი. ეს ძალიან მომწონს და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. თუ საკუთარ თავს ვერ აჯობე, ვერც მოწინააღმდეგეს დაამარცხებ.
ყოველთვის მხოლოდ ერთის მეშინია – ვერ გავუმკლავდე საკუთარ ემოციებს. რინგზე სხვადასხვაგვარი მოწინააღმდეგეები გამოდიან. თუ ვერ დაამარცხე, ე.ი. საკუთარ თავს ვერ აჯობე და საკუთარი ფსიქოლოგია ვერ დასძლიე.
– საკმაოდ ამბიციური და საკუთარ თავზე შეყვარებული ხარ. ეს სერიოზული სპორტსმენების დამახასიათებელი თვისებაა. დამარცხებას როგორ უმკლავდები? რინგზე გამოსული მოწინააღმდეგე ხომ შეიძლება შენი მეგობარი, ან ახლობელი იყოს. ახერხებ აბსტრაქტულობას და იმას, რომ რინგიდან ნეგატიური ემოციები რეალურ ცხოვრებაშიც არ გადაიტანო?
– გულწრფელად გითხრათ, ამ საკითხში საკმაოდ რთული ადამიანი ვარ. დიდხანს ვუნდები წარუმატებლობებთან შეგუებას და შედარებით წარმატებულ კოლეგებთან მეგობრული ურთერთობა ძალიან მიჭირს. ეს შური არ არის, არც აგრესია. უბრალოდ, საკუთარი თავისადმი უკმაყოფილება იმდენად დიდია, რომ სხვას შეიძლება ეგონოს,რომ მასზე ვარ გაბრაზებული. ეს ასე არ არის. ასეთ დროს მირჩევნია ურთიერთობა არავისთან მქონდეს, ვიდრე თავი მოვაჩვენო ვინმეს, რომ ჩემთვის სულერთია.
მაგალითად, მას-რესლინგის ჩემპიონატზე რუსეთის წარმომადგენელთან დავმარცხდი და საკმაოდ მშვიდად შევხვდი ამას. უბრალოდ მივხვდი, რომ ის გოგონა ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. ასეთ მოწინააღმდეგესთან დამარცხების აღიარება ფსიქოლოგიურად ადვილია. მაგრამ როდესაც თანასწორთან მარცხდები – უფრო დრამატული შემთხვევაა.
– ახლობლების თანდასრწება ბრძოლაში ხელს გიშლის, თუ გეხმარება?
– მეხმარება. ჩემი და, ყველა ჩემს შეჯიბრს ესწრება. მისი ხმა და მისი აურა მამშვიდებს. მაგრამ თავად ძალიან ღელავს ჩემს გამო.
მახსოვს, ერთხელ ბრძოლისას ვგრძნობდი, როგო გამომელია ძალები, თითქმის დავნებდი, მაგრამ როდესაც დავინახე დედაჩემი და გავიგონე მისი ხმა “იჩხუბე, იჩხუბე”, საიდანღაც ძალა შემემატა და მეორე სუნთქვა გამეხსნა. დიახ, ახლობლების დარბაზში ყოფნა ძალიან მეხმარება.
-არასოდეს გიფიქრია დასვენება, ან თავის რომელიმე სხვა სფეროში რეალიზება? სპორტი ხომ დიდ დროს გართმევს?
– არა. სპეციალობა უკვე მაქვს. ბავშვებისთვის სხვადასვა სპორტულ წრეებს ვატარებ. ნელ-ნელა ვიწყებ მწრთვნელობასაც, რაც ახალგაზრდა კადრების მომზადებას გულისხმობს. ვცდილობ, მათ ყველაფერი მივცე რაც ვიცი. დიდი სპორტიდან წავლის შემდეგ მთლიანად ამ საქმით დავკავდები. საკუთარ თავს ყოველთის ვუზრუნველვყოფ.
შეგნებულად არ დავინტერესებულვარ, ვინ, ან რატომ დაარქვა ჩვენს რესპოდენტს “პრინცესა”. შესაძლოა კარინემ თავად შეარჩია ეს ფსევდონომი, ან ვიღაცამ გაიხუმრა და სახელიც შერჩა. როგორც არ უნდა იყოს, ეს ფსევდონიმი ძალიან უხდება ახალგაზრდა, მაგრამ არა ძლიერ გოგონას. სხვათაშორის, კარინეს გული დღემდე თავისუფალია.
“როდესაც იმ ერთადერთს შევხვდები, მივხვდები, რომ ის ჩემია და პირადი ცხოვრებისთვისაც გამოიძებნება დრო. ეს ზუსტად ვიცი. არ ვაპირებ სიყვარულის, ოჯახისა და ურთიერთობების უგულებელყოფას. როდესაც ვიპოვი – ძლიერად ჩავეჭიდები”,- იხუმრა საუბრის ბოლოს კარინემ.
საჭიროა მხოლოდ მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდება მრავალმხრივ ძლიერი ქალის გვერდით ყოფნა.
მოამზადა ა.ბ.