ერევანში, წიგნის მაღაზია “ბუკინისტში”, 14 ნოემბერს ბელგიელ მწერალ-ილუსტრატორ კლაას ვერპლანკს უმასპინძლეს. შეხვედრას საფუძვლად დაედო მისი წიგნის “ვაშლის ხილფაფას” ღია კითხვა, ტრადიციული საბავშვო კითხვის “ზრაპრის დროს” ფარგლებში. სომხურ ენაზე ნათარგმნი “ვაშლის ხილფაფა”, ალბათ, პირველი წიგნია მშობლებისთვის. პატარა სურათებით არის მოთხრობილი ბავშვის თვალით დანახული მამისა და ვაჟის ურთიერთობის შესახებ. კლაასს პირადად შევხვდით და ვესაუბრეთ.

კლაას, საუბრის დასაწყისში მინდა ერთი პატარა ბიჭუნას, რომელმაც ძალიან მთხოვა, კითხვა დაგისვათ: ზუსტად ასეთი იქნებოდა წიგნი, თქვენი ქალიშვილისთვის რომ დაგეწერათ?

– ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ქალიშვილიც მყავს და ვაჟიც, ჩვენი ურთიერთობები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ, ჩემის აზრით, მამა რომ არ ვყოფილიყავი, ამ წიგნს ვერ დავწერდი. ჩემი ყველა წიგნი პირად გამოცდილებას ემყარება. სწორედ ამიტომ არ შემიძლია ყოველწელს ახალ-ახალი წიგნი დავწერო. განსაკუთრებით, თუ ეს საბავშვო წიგნებს ეხება. გამოცდილებას ვაგროვებ და ვიცდი, სანამ ეს გამოცდილება თავად არ მიკარნახებს ახალ ისტორიას. ძალიან მაინტერესებს, როგორ აღიქვამენ ბავშვები სამყაროს, როგორ ხედავენ სიმართლეს. უფროსებს ყველაფრის გართულება გვიყვარს, ბავშვებს კი პირიქით, ყველაფრისადმი უბრალო დამოკიდებულება აქვთ.

რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც შვილები შეგეძინათ?

– ძლიერი უნდა იყო, რათა მიხვდე, რას გასწავლიან ბავშვები. როდესაც მამა ხდები, ხვდები, რომ ბევრ შეცდომას უშვებ. მანამდე თავი ყველაფერში მართალი გეგონა, შემდეგ კი ბევრ რამეს ხვდები.

პირადად თქვენთვის რას ნიშნავს მამობა?

– ჩემთვის მამობა და პროფესორობა თითქმის ერთიდაიგივეა. ბავშვთან უპირატესობა გაქვს გამოცდილების გამო. ასეთივე უპირატესობა არსებობს მოსწავლეების მიმართაც. თუ საკითხს პედაგოგიურად მივუდგებით, ის მასწავლებელი, რომელიც მზად არის მოსწავლისგან რაღაც ისწავლოს, კარგი პედაგოგია. ეს იგივეა, რომ მშობელი იყო, თუმცა, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მშობელი თავის შვილთან ძალიან ახლოს არის, ყოველდღე უყურებს და ცდილობს მის გაგებას, თუნდაც ის ჯერ ვერ ლაპარაკობდეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყოველთვის მზად უნდა იყო საკუთარი შვილისგან რაღაც ისწავლო. მეც ბევრი რამ ვისწავლე ჩემი შვილებისგან. როდესაც სხვისი მოსმენა შეგიძლია, უკეთ ხვდები ვინ ხარ.

რა ისწავლე შვილებისგან?

– ის, რომ ყოველთვის გმირი არ ვარ და შეცდომებსაც ვუშვებ. წიგნს ბოლოში მივაწერე, რომ მას მამებსა და შვილებს ვუძღვნი. გარდა ამისა, ეს წიგნი მხოლოდ ჩემი ვაჟისთვის არ დამიწერია, არამედ მამაჩემისთვისაც. მე შვილიც ვარ და იგივე გამოვიარე, რაც ჩემი შვილის ცხოვრებაში ხდება. ეს უწყვეტი ჯაჭვია.

როგორც ჩემთვის ცნობილია, წიგნის წერა მაშინ დაიწყეთ, როდესაც თქვენი ვაჟი 5 წლის იყო, ხოლო გამოაქვეყნეთ 5 წლის შემდეგ. რატომ?

– მიმაჩნია, რომ თითოეული ისტორია ნელა უნდა განვითარდეს და მაშინ, როდესაც ვხვდებით, რომ ისტორია დასრულდა, ის უნდა დაიწეროს. თავს არ ვაიძულებ წიგნის წერას, არც ისტორიას ვეძებ, ეს ყველაფერი თავის-თავად ხდება. როდესაც ამ წიგნს ვწერდი, ვუყურე გერმანელი რეჟისორის ერთ ფილმს, რომელიც ჩემს გულს ძალიან შეეხო. ფილმში მამა წარმოდგენილი იყო ოჯახში ღმერთად, როდესაც ბავშვები რაღაცას სწორად ვერ აკეთებდნენ, დედა ეუბნებოდათ, რომ მისულიყვნენ მამასთან და მისგან მიეღოთ სასჯელი. მაშინ დავფიქრდი: ეს რა ცხოვრებაა, როდესაც შვილს მამასთან ასეთი დამოკიდებულება აქვს. მამა მხოლოდ დასასჯელად არსებობს… არ აქვს შვილის მოფერების, კოცნის უფლება… მაშინ მომეჩვენა, რომ ის მამა ძალიან მარტოსული იყო, რადგანაც შვილებთან ჩახუტება არ შეეძლო.

მეზობელი ქვეყნების მკითხველებისთვის საინტერესო იქნება, იგეგმება თუ არა თქვენი წიგნის ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე თარგმნა?

– ეს მართლაც სასიამოვნო იქნება ჩემთვის, მაგრამ ამ ქვეყნებიდან ჯერ-ჯერობით მსგავსი შემოთავაზებები არ მიმიღია.

10-15 წლის შემდეგ თქვენი ვაჟი მამა გახდება. რას უსურვებთ მას და მისი სახით ყელა მომავალ მამას?

– კარგი იქნება, თუ შვილებისგან ისწავლიან, როგორი მამები უნდა იყვნენ.

მითითება:

წიგნი “ვაშლის ხილფაფა” (ორიგინალური სახელწოდება Appelmoes) პირველად 2010 წელს ბელგიაში გამოქვეყნდა, შემდეგ კი სამჯერ ხელახლა გამოიცა. 2012 წელს წიგნი ესპანეთში საუკეთესო საბავშვო წიგნად აღიარეს, ხოლო ჩდილოეთ კორეაში 100 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

კლაას ვერპლანკი, როგორც ილუსტრატორი, რამოდენიმე ცნობილ ჟურნალთან და გაზეთთან  თანამშრომლობს. მათ შორის: The New York Times ამერიკაში და De Standaard ბელგიაში.

არმინე აგარონიანი