ღვინის რეალიზებისთვის საქართველოს მთავრობა უკანასკნელ წლებში ე.წ. ბაზრის დივერსიფიკაციის სტრატეგიას ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს ტრადიციულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებასა და ახალ ბაზრებზე გასვლას. რამდენად წარმატებულია ხელისუფლების პოლიტიკა ღვინის დარგში, ამის შესახებ Dalma News -ი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილს ესაუბრა.
ღვინის მწარმოებელი რამდენი კომპანია მუშაობს საქართველოში?
ქართული ღვინის დარგს თავისი სპეციფიკა აქვს. ოფიციალურად 130-ზე მეტი ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც ღვინო ექსპორტზე გააქვთ.
საქართველოში ღვინო ძალიან ბევრ ოჯახშიც იწარმოება. საუბარია დაახლოებით 100 000 მეწარმეზე, თუმცა ყველას არ გააქვს თავისი ღვინო გასაყიდად, ან ჩამოსასხმელის სახით ჰყიდის.
რა პრობლემები აქვს ქართულ ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე და რა ღინისძიებებს ატარებს ღვინის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით?
ქართული მეღვინეობა მწვავე პრობლემების წინაშე არ დგას. მართალია, წინა ათწლეულებთან შედარებით, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მოხმარება შედარებით შემცირდა, თუმცა, ამ მხრივ გაცილებით უფრო წინ ვართ, ვიდრე ჩვენი მეზობელი, ან ევროპის ქვეყნები. მაგალითად, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება 20-25 ლიტრია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, ქართველი მომხმარებლის მყიდველობითუნარიანობის დონე საკმაოდ დაბალია, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის ღვინოზე მოთხოვნა ნაკლებია. ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ ეს პრობლემაც მოგვარდება.
2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ექსპორტზე გატანილმა ღვინომ ქვეყნის მშპ-ს 6 % შეადგინა, წელს კი, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 3,7 %-მდე შემცირდა. რა ფაქტორებითაა განპირობებული ღვინის ექსპორტის კლება?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 2014 წელს, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში პირველად, ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ღვინო გავიდა. ერთის მხრივ, ეს იყო გამოწვეული 2013 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი, რუსეთის ბაზარის გახსნით. ამ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ღვინო გადვიდა და ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდა.
წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, კლებამ 46 % შეადგინა, თუმცა, თუ ავიღებთ ზოგად დინამიკას 2008 წლის შემდეგ, ღვინის ექსპორტი მაინც მზარდია.
კლება ერთის მხრივ გამოიწვია იმან, რომ 2014წელს ძალიან ბევრი ღვინო გავიდა, მეორეს მხრივ კი იმან, რომ ჩვენ ძირითად ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური პრობლემებია. შარშან რუსულ ბაზარზე 38 მილიონამდე ბოთლი გავიტანეთ. 2015 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით კი, გავიტანეთ 8,4 მილიონი ბოთლი. ამ ორ ქვეყანაში ზოგადად შემცირდა ღვინის მოხმარება და ეს მხოლოდ ჩვენს პროდუქციას არ ეხება.
კლების ტენდენციის მიუხედავად, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნად. რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის ამ ბაზრის შენარჩუნება?
ჩვენი ტრადიციული ბაზრებია რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გაყიდვა გაცილებით უფრო ადვილია, რადგან მომხმარებელი ჩვენ ღვინოს იცნობს, აფასებს და უყვარს.
რაც შეეხება რუსეთს, ჩვენთვის ყველა ბაზარი მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც ვხედავთ, ტრადიციული ბაზრები საკმაოდ არასტაბილურია ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა მიზეზების გამო.
ამიტომ ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ბაზრების დივერსიფიკაციაა, რათა არ ვიყოთ დამოკიდებულნი ერთ ბაზარზე, ან ერთ რეგიონზე. ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართული ღვინო სხვა ბაზრებზეც გაიცნონ.
ცოტა ხნის წინ “როსპოტრებნადზორმა” გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ღვინის წარმოებისას, ქართული კომპანიები ტექნოლოგიებს სისტემატურად არღვევენ. რამდენად სამართლიანია ეს ბრალდება?
ქართული ღვინო ექსპორტზე 35 ქვეყანაში გადის და 35-ვე ქვეყნის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ვფიქრობ, აქ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ან არსებობს პატარა პრობლემა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქართული ღვინის ექსპორტზე არ იმოქმედებს.
როგორ გავლენას მოახდენს რუსეთის შესაძლო ემბარგო ქართული ღვინის ექსპორტზე?
ემბარგო ქართულ ღვინოზე 2006 წელსაც დაწესდა და დარგს საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. მაშინ რუსეთზე ჩვენი ღვინის ექსპორტის 87% მოდოდა. მაგრამ, მომდევნო წლებში ქართული ღვინის ექსპორტი სხვა ბაზრების ხარჯზე გაიზარდა და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ემბარგო არც ერთ ბაზარზე არ არის სასურველი. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება.
სახელმწიფო თუ ეხმარება ღვინის მწარმოებელ კომპანიებს პროდუქციის პოპულარიზაციაში?
კერძო სექტორთან ერთად შევარჩიეთ სტრატეგიული ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი. დავგეგმეთ ერთობლივი ღონისძიებები, გვაქვს შემუშავებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვართ ღვინის უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანა, გვაქვს განსხავებული ღვინოები და ჯიშები, ჩვენი მთავარი მიზანია გავაცნოთ ქართული ღვინო სტრატეგიულ ბაზრებს, ამ მიმართულებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. ამის პარალელურად, კერძო სექტორთან ერთად, ვმონაწილეობთ ღვინის დარგში გამართულ თითქმის ყველა გამოფენაში.
აზიურ ბაზარზე რას იტყვით?
დასავლეთ ევროპასა და ამერიკასთან ერთად, ჩვენი სტრატეგიული ბაზრების სიაში აზიური ბაზარიცაა, მათ შორის ჩინეთი და იაპონია. ქართულ ღვინოს იქ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, ჩინეთში ვმონაწილეობდით ორ დიდ გამოფენაში, წელს იგეგმება კიდევ ერთი. გვყავს ადგილობრივი პარტნიორები, რომლებმაც ქართული ღვინის შესახებ ჩინურენოვანი ვებგვერდი შექმნეს, ხშირად იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია.
ისინი აცნობენ ქართულ ღვინოს იმ პოტენციურ მომხმარებელს, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს და შეუყვარდეს ჩვენი პროდუქცია.
ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას აპირებთ?
საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ახლახან საქართველოში ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო ჩამოსული და საპასუხო ვიზიტით, ჩვენი მინისტრიც ეწვია ჩინეთს.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში თუ ხორციელდება ღვინის ექსპორტი?
ღვინის ექსპორტი ხორციელდება სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ორივე მეზობელი ქვეყანა ღვინოს თავად აწარმოებს და ექსპორტზე გააქვთ. ისევე, როგორც საქართველოში უცხოური ღვინოების იმპორტი საკმაოდ მცირეა.
რამდენად მოთხოვნადია ქართული ღვინო ევროკავშირის ქვეყნებში?
ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი პოლონეთია, რომელიც ექსპორტიორთა ხუთეულში შედის. 2015 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, პოლონეთში ჩვენი პროდუქციის ექსპორტის მატებამ 2 % შეადგინა. ამ ქვეყანაში 921 828 ბოთლი გავიტანეთ. ლატვიაში ექსპორტის მატებამ 9 %, ესტონეთში – 19%, გერმანიაში – 17 %, საფრანგეთში კი 119 % შეადგინა.