აზერბაიჯანის საბავშვო გაერთიანებამ (Azerbaijan Children Union) მის მიერვე ორგანიზებულ სკოლამდელი აღზრდის კურსებს “ფრანი” დაარქვა. მეტაფორა ასეთია: საბავშვო ოცნებები ფრანივით ზევით მიიწევს, მაგრამ ზურგის ქარის გარეშე ვერ აფრინდება… ბავშვების ცხოვრებაში ზურგის ქარის როლს ის ცხოვრებისეული პირობები ასრულებს, რომელშიც ისინი დაიბადნენ. ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელებს, რომლებისთვისაც ზემოთ აღნიშნული კურსები შეიქმნა, ერთობ არასახარბიელო პირობები აქვთ… სწორედ ამიტომ, ეს კურსები მათ ცხოვრებაში ზურგის ქარის როლს შეასრულებს და დაეხმარება მათ ოცნებების განხორციელებაში.
“ფრანის” კურსების ინიციატორები ტურან გარაევა და შაფიგ ფარზალიევი არიან. მათ იხელმძღვანელეს პრინციპით – მშვიდობის ძაფი ყველასათვის. პროექტი თავად ინიციატორებმა და იმ ადამიანებმა დააფინანსეს, რომლებიც გულგრილნი ვერ დარჩნენ მათი მოწოდების მიმართ.
კურსების გახსნის ცერემონიალი 15 სექტემბერს ჩატარდა, თუმცა სწავლა ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო. ამ დროისთვის “ფრანში” 5 მასწავლებელი და ერთი ფსიქოლოგი მუშაობს. პროექტის მიზანია ბავშვების მიზიდვა ობოლთა თავშესაფარში არსებული სკოლამდელი აღზრდის კურსებზე და მათი მომზადება საშუალო განათლების მისაღებად.
დაწვრილებით Dalma News-ს თავად ტურან გარაევამ უამბო.
– ვინ არის ტურან გარაევა? როგორ წარგადგინოთ?
– აზერბაიჯანის ჩვეულებრივი მოქალაქე. ვმუშაობ ბანკში ანალიტიკოსად და უნივერსიტეტ “ხაზარში” სტრატეგიული მენეჯმენტის ლექციებს ვკითხულობ.
– რას წარმოადგენს თქვენი და შაფიგ ფარზალიევის ერთობლივი პროექტი “ფრანი”? რით არის ის სხვა პროექტებისაგან განსვავებული?
– სიმართლე გითხრათ, როდესაც ამ პროექტზე ვიწყებდით მუშაობას, არც კი ვიცოდი სხვა, მსგავსი პროექტის არსებობის შესახებ. რათქმანდა, არსებობს სხვადასხვაგვარი საქველმოქმედო აქცია, მაგრამ არ მსმენია ობოლი ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების შესახებ. შესაძლოა, სწორედ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე შევარჩიეთ სახელწოდება “ფრანი”.
– გვიამბეთ პროექტის “სამზარეულოს” შესახებ…
– ობოლი ბავშვების თავშესაფარი 2007 წელს აზერბაიჯანის საბავშვო გაერთიანებასთან შეიქმნა. თავშესაფრის ერთ-ერთი ოთახი სკოლამდელი აღსაზრდელების კლასად მოვაწყვეთ. მანამდე შემთხვევით, ინტერნეტით გავიცანი ქალბატონი შაფიგი და შევიტყვე, რომ იგი ხშირად სტუმრობდა თავშესაფარს. ჩვენ შეხვედრა დავთქვით, ვისაუბრეთ და ბავშვები მოვინახულეთ… გაირკვა, რომ არასაკმარისი მომზადების გამო ისინი ხშირად ვერ მიდიან სკოლაში. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით გაერთიანების თავმჯდომარე კიამალ აგაზადს და ვუთხარი, რომ მსურდა ბავშვებისათვის გაკვეთილები ჩამეტარებინა. თუმცა, საერთოდ არ ვიცოდი ეს როგორ უნდა მომხდარიყო. სახლში მისულმა სოც.ქსელში დავწერე თხოვნა იმის შესახებ, რომ ბავშვებისათვის სასკოლო ნივთები შეგვეძინა. ერთ კვირაში 150-ზე მეტი შეტყობინება მივიღე და ტელეფონიც განუწყვეტლივ რეკდა. სამ თვეში შესანიშნავი ოთახი მოვაწყვეთ. მალე ჩვენს გუნდს მესამე წევრი – აინურ ალიევა შემოუერთდა. მას ჩვენ “ფრანის მარჯვენა ხელს” ვეძახით. გარკვეული ხნის შემდეგ კი პროექტს პედაგოგ-მასწავლებლები შეუერთდნენ.
გულწრფელად გეტყვით, რომ პროექტის დასაწყისში საერთოდ არ მოველოდი ასეთი დიდი რაოდენობის სამუშაოს. ახლა რომ შემომთავაზონ იმავეს გაკეთება და იგივე პროექტის წამოწყება, ალბათ უარს ვიტყოდი, რადგანაც ამხელა პასუხისმგებლობის შემეშინდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი! ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. ძალისხმევების გაერთიანებით ამ ადამიანებმა არაფრისგან რაღაც შექმნეს.
– კურსების შექმნას რა რეაქცია მოჰყვა ხალხის მხრიდან?
– რეაქცია მხოლოდ დადებითი იყო. კომპანიაში, სადაც მე ვმუშაობ, ის თანამშრომლებიც კი, რომლებთანაც არანაირი კონტაქტი არ მიწევდა, ჩემთან მოდიოდნენ მოსალოცად და ფინანსური მხარდაჭერის გასაწევად. ახლა ზოგჯერ ქუჩაში მაჩერებენ და “ფრანის” შესახებ მეკითხებიან. მუდმივად ვიღებ წერილებს და მირეკავენ ტელეფონზე. საერთო ჯამში, მხარდაჭერა დიდია. თუმცა ნეგატიურ მომენტებსაც ჰქონდა ადგილი. ასეთ შემთხვევებში ვცდილობდით ამისთვის ყურადღება არ მიგვექცია და მუხლჩაუხრელად განვაგრძობდით მუშაობას.
– რა მოსალოდნელ და მოულოდნელ დაბრკოლებებთან მოგიწიათ გამკლავება?
– ყველაზე რთული იყო მიღებული სახსრების დროულად და სწორად განსაზღვრა. ამისათვის საჭირო იყო შრომის გადანაწილება. მომავალმა გუნდმა ყველანაირად ვცადეთ და დავძლიეთ კიდევაც სირთულეები.
რაც შეეხება უშუალოდ ბავშვებთან მუშაობას… ამ ბავშვების უმრავლესობამ ცხოვრებისეულ ძალადობას გაუძლო და სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანეს. ისინი ძალიან პატარები არიან და თითოეულს რთული გზა აქვს განვლილი. ზოგიერთი მათგანის გაცნობის შემდეგ დიდხანს ვერ მოვდიოდი აზრზე… დიახ. ეს ყველაფერი ძალიან რთულია.
Dalma News: თავშესაფარში უპატრონო ბავშვების გარდა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მატერიალური პრობლემების გამო დროებით გაგზავნილი ბავშვებიც არიან. პროექტის მენეჯერები ამბობენ, რომ რაღაც დროის შემდეგ კურსებზე მცირეშემოსავლიანი ოჯახის შვილებიც ივლიან.
– რა ისწავლეთ ამ ბავშვებთან ურთიერთობით?
– ვცდილობ, ზოგიერთს თვალებში არ ჩავხედო, რადგანაც მრცხვენია იმის, რომ მათგან განსხვავებით მშობლების სიყვარულში გავიზარდე. ყველაზე დიდი გაკვეთილი ჩემთვის სწორედ ამ ბავშვების სახეზე დანახული ღიმილია. თუ ასეთი ცხოვრების მიუხედავად ისინი კვლავაც იღიამიან, ის ნიუანსები, რომლებზეც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვღელავთ, ძალიან პატარა და უმნიშვნელო სჩანს.
– ამგვარად, რიგითი მოქალაქეები ახერხებენ იმას, რაც წესით, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს…
– ვფიქრობ, თუ მოქალაქეები აქტიურად წამოაყენებენ მსგავს ინიციატივებს, სახელმწიფო უპასუხოდ არ დატოვებს მათ. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს.
– რა უნდა გავითვალისწინოთ მათ, ვისაც გვსურს “ფრანის” მსგავს სოციალურ პროექტს დავუჭიროთ მხარი?
– პირველ რიგში, საჭიროა პრიციპის: “ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმის” გათვალისწინება. მეორე- ანგარიშის გამჭირვალე სისტემის შექმნა. მესამე- საკუთარი სამუშაოს სწორად და ლამაზად წარდგენის უნარი.
ნარმინ ნიოგტე