69 წლის ჰენრი კუპრაშვილი, რომელსაც ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის გადაცურვისთვის მსოფლიო მასმედიაში ადამიანი დელფინი შეარქვეს, ახალი სპორტული წარმატებებით გვაოცებს. ამჯერად იგი მსოფლიო ჩემპიონი ტრიატლში გახდა.
ტრიატლსა და ბიატლში ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მსოფლიოს 35 ქვეყნის 600 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ სპორტული ნაკრებები რუსეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, აფრიკიდან და სხვა. თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნულმა ფედერაციამ, პრეზიდენტ ვიაჩესლავ მალიშევის ხელმძღვანელობით ყველაფერი იღონა, რომ საქართველოს ნაკრები ამ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაზე ღირსეულად წარმდგარიყო. 35 ქვეყნის სპორტსმენთან ჭიდილში საქართველომ 45 მედალი მოიპოვა, აქედან 10 ოქროსი.
69 წლის ჰენრი კუპრაშვილი მუდმივად სპორტულ ფორმაშია და ახლა ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ხუთ თვეში რუსეთში გაიმართება. Dalma News-ი ჰენრი კუპრაშვილს ესაუბრა, რომელიც პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ ითვლება. მან გააცოცხლა ქართული ცურვის მივიწყებული სტილი კოლხურ–იბერიული ცურვა და ამ წესით ცურვაში მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
– როგორ ახერხებთ მუდმივად სპორტულ ფორმაში ყოფნას. როგორც ვიცით საქართველოს ნაკრებში ყველაზე უხუცესი მონაწილე იყავით?
– როგორ ვახერხებ არ ვიცი. ტრიატლი და ბიატლი ეს არის მსოფლიო თანამედროვე ხუთჭიდის ქვესახეობები. ბიატლი – არის სროლა, შემდეგ ცურვა, შემდეგ სირბილი, რაც უწყვეტ რეჟიმში უნდა გაკეთდეს. ტრიატლში, ჩემს ასაკობრივში ერთი კილომეტრი ვირბინე, შემდეგ წყალში გადავხტით და 100 მეტრი გავცურეთ, შემდეგ წყლიდან ამოდიხარ და ისევ ერთი კილომეტრი სირბილი ფირნიშამდე. ძალიან დინამიური და სანახაობრივად საინტერესო შეჯიბრი იყო. საქართველოს ნაკრებში ყველაზე უხუცესი მე ვიყავი 69 წლის, ჩემს ასაკობრივ ჯგუფში იყვნენ ზურაბ ჯაფარიძე 65 წლის და სერგო ოსკანიანი 63 წლის. გერმანელებს, ესპანელებსა და აფრიკელებს ვეჯიბრებოდით.
– საქართველოში ეს მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა?
– დიახ, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ჩვენმა თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციამ ჩაატარეს. ძალიან კარგად გამოვიდნენ ბავშვებში. წარმოგიდგენიათ 7 წლის ასაკის ქართველი ბავშვი უკვე ამას რომ აკეთებს, როგორი გაიზრდება? აუცილებელია ტრიატლი საქართველოში პოპულარული გახდეს. მარიხუანას ლეგალიზაციაზე კი არა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დარეგვაზე უნდა ვიფიქროთ. რაც ყველაზე სამწუხაროა, არც ერთ ტელევიზიას ეს მსოფლიო ჩემპიონატი არ გაუშუქებია. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ამ ბავშვებზე ზრუნვა და მათთვის ხელშეწყობა. აღფოთებას ვერ ვმალავდი. საჩხერელმა 11 წლის გოგიტა კომლაძემ 4 მედალი აიღო, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძალიან კარგად გამოვიდნენ საჩხერელი ბავშვები. არც ერთი მათგანი არ გაუშუქებიათ ტელევიზიებს. ეს უკვე ერის დეგრადირების მანიშნებელია. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი თაობის შექმნაზე ზრუნვა. უნდა შენდებოდეს საცურაო აუზები, სპორტული კომპლექსები. ლაგუნა ვერე ბიძინა ივანიშვილმა დახურა, რომელიც ცურვის ეროვნული სახეობების აღორძინების კერა იყო. იქ იმართებოდა შეჯიბრებები, დღეს კი აღარ არსებობს. ყველა კომერციულია და თავიანთი ინტერესები აქვთ.
– ახალი შეჯიბრისთვის როგორ ემზადებით, რამდენად ჩვეულია თქვენთვის ყინულიან წყალში ცურვა?
– ლისის ტბაზე ზამთარში ჩვეულებრივ ვცურავ. როცა იყინება ვამტვრევ ყინულს და ჩავდივარ ხოლმე წყალში. ეს ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა, რასაც კი მივაკვლიე.
ყინულჭრილში ჩასვლისას ორგანიზმი თავდაცვით რეაქციას გამოიმუშავებს და იმუნიტეტი ძლიერდება, შესაბამისად ორგანიზმს აკაჟებს და აჯანსაღებს. ყველა ქართველს ვურჩევ ამის გაკეთებას.
-ამბათ ამის გაკეთება ნებიმსერი მსურველისთვის ადვილი არ იქნება?
– ამას ადაპტირება სჭიერდება და ძალიან ჭკვიანურად და გონივრულად უნდა მიუდგე. ეს ფსიქოლოგიური მომენტიც არის. ადამიანებს აშინებთან ხელფეხშეკრული წყალში ცურვა, მაგრამ დავარღვიე ეგ მითი, რომ ხელფესშეკრულმაც შეგიძლია გასცურა კილომეტრები.
– თქვენი ასაკის ადამიანი, მუდმივად სპორტულ ფორმაში ხართ. ერთგვარად ამსხვრევთ წარმოდგენას ღიპიან ქართველ სპორტცმენებზე… როგორც წესი არსებობდა წარმოდგენა, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ქართველი სპორტსმენები ფორმას კარგავდნენ?
– ეგ მინუსი აქვთ ქართველებს. გარკვეული ასაკის შემდეგ ქეიფები, ღიპები და ასე შემდეგ, ბუნებრივი ამბავი იყო… არ უნდა დაანებო სპორტს თავი. დაახლოებით 150 წლის რომ გახდები, მერე შეიძლება.
69 წლის ჰენრი კუპრაშვილი 25 ოქტომბერს თბილისი მარათონისთვის ემზადება. შარშან 22 კმ ირბინა, ამჯერად კი 10 კილომეტრიან მანძილს დასჯერდა, რადგან წინ მსოფლიო ჩემპიონატი აქვს და არ სურს გადაიღალოს.
ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატი ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2014 წელს ბატონმა ჰენრიმ ფინეთში იასპარეზა და გაყინულ მდინარე კემიიოკში ცურვაში 8-ე ადგილზე გავიდა.
შორენა პაპაშვილი