ქართული პოლიტიკური ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო 4 ოპოზიციური პარტია დახმარებას ევროპისგან ითხოვს. არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკომისარ ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, რომელიც გულისხმობს: საქართველოს მოქმედ მთავრობასთან ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერებას; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმებას; მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას; ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვას მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არ დასთანხმდება არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას; ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერებას, სანამ გამოძიების შედეგები ცნობილი არ გახდება.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი ხელისუფლებაში რადიკალების დაბრუნებას, თუნდაც ამისთვის ახალი სახელი – “კოალიციური მთავრობა” ეწოდებინათ. შესაბამისად, ნაციონალებმა და მათთან ალიანსში მყოფმა პარტიებმა იმ ამომრჩევლების დასჯა გადაწყვიტეს, რომლებიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სხვაგვარად ხედავენ და ვერ ეწერებიან რადიკალების დღის წესრიგში. წითელი ხაზები გადის 2 საკითხზე – უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობისა და არასრულწლოვანებში ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავ კანონებზე, რომლებიც “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.

ბორელისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვკითხულობთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს, ოპოზიციის შეფასებით, გადაულახავი დაბრკოლება შეუქმნია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ასახულ ფუნდამენტურ პრინციპებსო, – არწმუნებენ ოპოზიციონერი ლიდერები ევროპელებს და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვენ.

ამასთანავე, გიორგი გახარია მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს არ დაესწრონ 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას. ამ თემას მან სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და განაცხადა, რომ „ქვეყანა კრიზისშია“.

„როდესაც არჩევნები გაყალბდა, რა თქმა უნდა, უნდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ოცნებას“ პარლამენტის ლეგიტიმაციის საშუალება არ მისცენ“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

როგორც გახარია ირწმუნება, როდესაც დასავლურ სანქციებზეა საუბარი, ის უნდა შეეხოს „ქართული ოცნების“ მთავრობის ლიდერებს და არა რიგით მოქალაქეებს, თუმცა როგორ იმუშავებს ასეთი სანქციები და მათი სიმძიმე დააწვება თუ არა ხალხს, ამ კითხვაზე პასუხად რადიკალებს საკუთარი ზღაპრები აქვთ.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაცია არავისგან სჭირდება, გარდა ქართველი ხალხისა. ოპოზიციის მიერ ევროპარლამენტში გაგზავნილ წერილს კი, მოღალატეობრივს, საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელ „დანოსს“ უწოდებენ.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის ზურაბ ქადაგიძის მოსაზრებით, გიორგი გახარიამ ღალატის მასშტაბებით სააკაშვილს აჯობა და ახლა ცდილობს შექმნას სურათი, თითქოს ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის მოითხოვა და არა ქართველი ხალხისთვის.

ზურაბ ქადაგიძე

„ევროკავშირის საზღვარზე დადგება და თითით ანიშნებს პოლიციას, ვინ შეუშვან და ვინ არა… ეს ნიკა მელიას ხურდა, სააკაშვილს გადაასწრო ღალატის მასშტაბებით“, – აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

„ხალხის ძალის“ ლიდერები ოპოზიციას მოუწოდებენ, წაგების აღიარება ისწავლონ, რათა მალე საკუთარი ამომრჩევლის ხმაც არ დაკარგონ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მე-10 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ის პარტიები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობენ არ წარმოადგენენ ოპოზიციას – ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, აღნიშნული 4 პარტია არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არიან შეკრულნი.

„მათი ამოცანაა, როგორმე დაპირისპირების ის ხარისხი შექმნან, რაც ვითარებას სისხლისღვრამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი მეთოდია იმ მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯიდან, რასაც მუდმივად და ინტენსიურად იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქართული საზოგადოება ბრძენია და დღევანდელ ოპოზიციას დამსახურებულად არ ენდობა. მათივე შეფასებით, ტყუილის გარშემო ხალხის მობილიზება შეუძლებელია და ეს უნდა გაიგოს ოპოზიციამაც და მისმა დასავლელმა პატრონებმაც.

ლევან ნიკოლეიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის ლევან ნიკოლეიშვილის შეფასებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის – ჯოზეფ ბორელის სიტყვებს ჩალის ფასი აქვს მას შემდეგ, რაც მან ტოლობის ნიშანი დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასა და გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის კანონების გაწვევას შორის.

„საქართველოში მისიას გავგზავნით, განვიხილავთ დარღვევებს, არჩევნები უნდა იყოს გამოძიებულიო, – განაცხადა ბორელმა. რა მტკიცებულებების საფუძველზე საუბრობს არჩევნების დარღვევაზე, ან ვინ დანიშნა ჩვენს მსაჯულად?! თუ ვინმე ახდენს ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ ეს ჯოზეფ ბორელია“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის წერილი არის იმის მორიგი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს საზიანოდ.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იქნება პირდაპირი ანგარიშსწორება ქართველ ხალხზე, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ქვეყნის საზიანოდ სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებას საქართველოში.

„ლამის 600 ათასამდე ხმა აიღო ოპოზიციამ ამ არჩევნებში და 600 კაცი ვერ გამოჰყავთ ქუჩაში. ხალხი რომ ფიქრობდეს, რომ მას არჩევნები წაართვეს, მეორე დღესვე ქუჩაში მასობრივ გამოსვლებს ვიხილავდით. ევროპარლამენტსაც და აშშ-საც საქართველოში სჭირდებოდათ სერიოზული ძალა. მათმა აგენტურამ დაანახა, რომ არც არჩევნების მოგება შეუძლიათ და არც არჩევნების შემდგომ ქუჩაში პროცესების მართვა. იმასაც ხედავენ უცხოელები, რომ საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს ავტორიტეტი არ გააჩნიათ”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე შეფასებით, რომ არა ის ორი კანონი, რომელიც დასავლეთს უქმნის დისკომფორტს, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები სადავო არ გახდებოდა.

„ამ არჩევნებში არანაირი ფარულობა არ ყოფილა დარღვეული. ფარულობა ეხება ხმის მიცემის პროცესს და არა მის წინამორბედ, ან შემდგომ პროცესს. ხმის მისაცემად ადამიანი კაბინაში არის მარტო და აძლევს ხმას სასურველ პარტიას. ეს 2 კანონი თუ გაუქმდება – დაშვებული იქნება საქართველოს ლგბტ-პროპაგანდა და გაუქმდება გამჭვირვალობა, ეს არჩევნები მართლაც რომ გაყალბებულიყო, უპრობლემოდ უღიარებდნენ „ქართულ ოცნებას“. ასე ხდებოდა სააკაშვილის დროს. ნაგვის ურნებში ვპოულობდით გადაყრილ ბიულეტენებს, მაგრამ დასავლეთი სააკაშვილს დემოკრატიას უწონებდა“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

ზაალ ანჯაფარიძe

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, შესაძლოა სწორედ ეს კანონები გამოიყენოს „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთთან ვაჭრობისთვის და პატარ-პატარა დათმობების სანაცვლოდ დასავლეთთან დაალაგოს ურთიერთობები, რათა მიაღწიოს არჩევნების აღიარებას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, – დაგვარწმუნონ ევროპარლამენტარებმა, რომ ჩვენი კანონები ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება – ზაალ ანჯაფარიძის აზრით, აღიქმება როგორც მინიშნება ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომ „ჩვენთან შეიძლება ამ თემებზე საუბარი“.

„კი ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გავიწვევთ იმ კანონებს, რომელსაც დასავლეთი ითხოვსო, მაგრამ თუ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ 12-წლიან მმართველობას, ეს პოლიტიკური ძალა გამოირჩევა იმით, რომ შეუძლია გარკვეულ ვითარებებში კომპრომისებზე წასვლა, უკან დახევა, მისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაც კი, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მეტი ბენეფიტი მიიღოს“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

„ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი“ გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში მოსახლეობის კონსერვატორულად განწყობილი ნაწილის ხმები მოუტანა. Dalma News-ის კითხვაზე, ამ თემით დასავლეთთან ვაჭრობა იქნება თუ არა ამომრჩევლის მოტყუება, ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ ასეთი საფრთხე არსებობს.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ამ დათმობაზე წავა, ამომრჩეველთა ამ ნაწილმა შესაძლოა თავი მოტყუებულად და შეურაცხყოფილად იგრძნოს. თუმცა ფიქრობს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის, ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონი არ ყოფილა ის წამყვანი კომპონენტი, რის გამოც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.

მისივე აზრით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მმართველ პარტიას მხარი დაუჭირა 2 ძირითადი მიზეზის გამო, ძალიან კარგად იმუშავა ომი თუ მშვიდობის თემამ და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების დაპირებამ.

„ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონიც იყო გარკვეულ წილად სტიმულატორი, თუმცა, არა წამყვანი“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ეუთო/ოდირმა დადო დასკვნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მთლიანობაში ასახავდა საქართველოს ამომრჩევლის ნებას, ოპოზიცია აღმოჩნდება მარგინალიზებული არა მხოლოდ შიდა პოლიტიკაში, არამედ მათივე ევროპელი მხარდამჭერების თვალშიც.

„თუ პარლამენტის ტრიბუნა არ გაქვს და რჩები ქუჩის აქციების იმედად, სადაც სულ უფრო და უფრო ნაკლებ მხარდამჭერს აგროვებ, ეს არის პირდაპირი გზა იმისკენ, რომ თანდათან პოლიტიკური ველიდან გაქრე“, – აცხადებს ანჯაფარიძე.

შორენა ქარჩავა