საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, 25 ნოემბერს, ოპოზიციის პროტესტისა და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე გაიმართა. 150 არჩეული დეპუტატიდან სხდომათა დარბაზში მხოლოდ 89 იყო წარმოდგენილი, დანარჩენი 61 დეპუტატი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად აცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო. მე-11 მოწვევის პარლამენტის 88 დეპუტატმა ერთხმად ცნო 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება. ამის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნის მიმართ ერთგულების ფიცი დადეს. პირველ სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე წარუძღვა. ტექნიკური შესვენების შემდეგ ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ მე-10 მოწვევის პარლამენტის ხელმძღვანელი შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

ახალი მოწვევის პარლამენტში 89 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, დანარჩენი 61 კი 4 ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა. ესენი არიან: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ და ქუჩის პროტესტებს განაგრძობენ.

„ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მაშინ, როდესაც აქ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომდგენლები ისხდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვის წარმოთქმისას.

მისივე თქმით, ქვეყანაში კვლავაც არსებობენ პოლიტიკური რევანშის მსურველები. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია სასჯელმისჯილი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც „მორიგ ჯერზე იწვნია საბოლოო მარცხი“.

შალვა პაპუაშვილი

„რევანში ვერ შედგა. ამ არჩევნებში ჩვენ დავუპირისპირდით გარედან მართულ, კოორდინირებულ, ერთიან ძალისხმევას. ჩვენ შევედით უთანასწორო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი – ბიძინა ივანიშვილი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ივანიშვილი პარლამენტში დარჩენას არ გეგმავს, ის და ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატის მანდატებს უახლოეს მომავალში დატოვებენ.

პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებია ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ელჩები. როგორც გაირკვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ამ დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მთავრობას არ დაუპატიჟებია. დანარჩენ 61 დეპუტატს კი მოუწოდებენ ან პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ, ან მანდატების გაუქმებაზე მიმართონ პარლამენტს. მათივე შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა უკვე მიანიჭა და ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, ეს ლეგიტიმაციის საკითხში არაფერს წყვეტს. ასევე გადაწყდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეცვლის საკითხიც. მომავალ პრეზიდენტს პარლამენტი 15 დეკემბერს აირჩევს.

25 ნოემბრის აქცია პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციისთვის წარუმატებლად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირი დილიდან გადაკეტილი იყო, აქციის მონაწილეთა სიმცირის აღიარება ოპოზიციასაც მოუხდა. მათი ერთ-ერთი ლიდერი – ნიკა გვარამია ჟურნალისტებმა დილით თბილისის აეროპორტში დააფიქსირეს, ის სტრასბურგში გაემგზავრა.

გვარამიას ბრიუსელში გამგზავრებას მმართველი გუნდიდან გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ გვარამია „დიდ გულზე“ არის მაშინ, როცა უცხოეთში იმყოფება. მათივე აზრით, რადიკალების მიზანია, თავის ამომრჩეველს გადააბრალონ რევოლუცია და მერე სათავეში თვითონ მოასხდნენ.

ოპოზიციას 25 ნოემბერს ამინდმაც უმუხთლა, ნოემბრის სუსხს წვიმაც დაერთო. ლიდერები მუხტის შენარჩუნებას უშედეგოდ ცდილობდნენ. ხან განგაშის სირენებს რთავდნენ, ხან პარლამენტის წინ მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოდიოდნენ და ათასჯერ ნათქვამს ათას მეერთედ იმეორებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ხმები მოჰპარა, რომ არჩევნები გააყალბა და ახლა პარლამენტში არალეგიტიმური პარლამენტი ზის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

ნიკა მელია და ნიკა გვარამია

„ეს არ არის პარლამენტი. აქ შესული არც ახლა და, არც მომავალში არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქის ინტერესს. შესაბამისად, რაც ხდება ახლა შიგნით და, რაც ხდება გარეთ, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ შიგნით მყოფ თვითმარქვია ხელისუფლებას“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.

მას ჟურნალისტებმა მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზეც ჰკითხეს, რომელიც „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეით გამოვიდა. როგორც მელიამ თქვა, პარალელური პარლამენტის შექმნაზე კოალიციაში არ უმსჯელიათ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ყველა ის საკითხი, იდეა, მოსაზრება, რომელიც მოემსახურება პოზიტიურ ცვლილებებს, განიხილავენ და გაითვალისწინებენ.

რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე Dalma News-თან საუბრისას არჩევნების შემდგომ მოვლენებს აანალიზებს და ამბობს, რომ ის, რაც ბოლო დღეებში მოხდა, სრულიად ბუნებრივი იყო.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ოპონენტებს მთელი დასავლეთის ღია და გამოკვეთილი, უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. მსგავსი მხარდაჭერა დასავლეთისგან მაშინაც არ ყოფილა, როცა სააკაშვილმა გამარჯვა.

„როგორც ჩანს, ხელისუფლების შეცვლა რთული ამოცანაა და არც უცხოეთი, არც ჩვენი პარტიები, არც ხალხი არ იყო მზად ასეთი ცვლილებისთვის. პარტიებს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილი არ გვინდა, პოზიტიური შინაარსის განცხადება არ წამოსცდენიათ. მმართველმა პარტიამ ის მაინც თქვა, რომ ხელისუფლებაში თუ დავრჩებით ომი არ იქნებაო. იყო ბრალდებები, რომ ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავს საქართველო. ამ პროპაგანდამ ვერ იმუშავა, ისევე, როგორც იმან, რომ „ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები. ფაქტი ვერ დადეს ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე მოსაზრებით, ოპოზიციის ცრუ პროპაგანდას ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა არ ენდობა, რასაც მოწმობს მათი აქციების მასშტაბი. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ხალხს „ქართული ოცნების“ მიმართ არ აქვს პრეტენზიები.

„ქუჩაში რომ დგას ეს ის ხალხია, რომლებსაც არც იმაში ეპარებათ ეჭვი, რომ რუსეთისკენ მიდის საქართველო და არც იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა. მაგრამ არის მეორე არგუმენტი, თუ რუსეთისკენ მიჰყავს ივანიშვილის მთავრობას საქართველო, მაშინ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის რაღატომ იბრძოდა? მაშინაც იყო რადიკალების პროპაგანდა, რომ არ იბრძოლებს „ოცნება“ კანდიდატის სტატუსისთვის და წავა რუსეთისკენო, მაგრამ პირიქით მოხდა“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ პარტიები ამომრჩეველს ქვეყნის განვითარების საკუთარ პროგრამას სთავაზობდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა პარალელური პარლამენტის შექმნის იდეაც კი წამოაყენა, ეს პარალელურ სახელმწიფოს ნიშნავს, რის გაგრძელებაც არის ქვეყნის გახლეჩა და სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავება. რაც მთავარია, ხაზარაძის ამ იდეას არავინ შეეწინააღმდეგა არც ოპოზიციური პარტიებიდან და არც მათი მხარდაჭერებიდან.

„გვახსოვს, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას შეიქმნა კონგრესი, ამ პარალელიზმმა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა ქვეყანა“, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე არ იყვნენ მიწვეულნი ელჩები, პოლიტოლოგების აზრით, სავარაუდოდ, დიპლომატებმა თავიანთი ქვეყნებიდან მიიღეს მითითება რომ სიფრთხილე გამოეჩინათ, აშშ-ს ელჩიც კი გაჩუმდა, რომელიც ყველაფერზე შეფასებას იძლევა ხოლმე. არსებობს მეორე ვერსიაც, ბოლო დღეებში კრიტიკული განცხადებები კეთდებოდა ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, რომ ელჩები არ შეეშვათ პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, სწორედ ამ უხერხულობისა და ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით არ მიიწვია “ოცნებამ” ელჩები პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნაზე დაყრდნობით, ევროპარლამენტში უკვე ალტერნატიული მოსაზრებებიც გაისმა. შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სამართლიანი და ევროპამ უნდა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ასეთი პოზიცია სრულიად საწინააღმდეგოა ქართველი რადიკალების დღის წესრიგისგან. ალბათ, ამიტომაც გაემგზავრნენ ოპოზიციის ლიდერები აქციის დღეს ბრიუსელში. ნუთუ ქართველი რევანშისტებისთვის საავდრო ღრუბელი ევროპულ ჰორიზონტზეც გამოჩნდა? 25 ნოემბრის აქციის შემდეგ ოპოზიციის მიმართ კრიტიკული მოსაზრებებით გაივსო სოციალური ქსელებიც.

არნო ხიდირბეგიშვილი

ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს „საქინფორმის” რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი აფასებს. მისი აზრით, 4 წელი პარლამენტში „61 სამშობლოს მოღალატის“ რჩენა ბიუჯეტს მილიონობით ლარი უჯდება, უმჯობესია თუ ეს თანხა ჯანდაცვაზე გადამისამართდება და კეთილ საქმეს მოახმარენ.

მისივე ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო იზრდება. მათ შორის, არიან პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეებით და პარლამენტის წევრები. პარლამენტის წევრის ხელფასი თვეში 11 680 ლარია, წლიურად – 140 160 ლარი. საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით, დეპუტატის შემოსავალი თვეში 9 344 ლარი გახდება, წლიური დარიცხული, ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი – 112 128 ლარს გაუტოლდება. ახალ პარლამენტში ოპოზიციას 61 მანდატი ერგო და თუ ეს 61 პარლამენტის წევრი თავის დაპირებას შეასრულებს და პარლამენტში არ შევა, სახელმწიფოს ბიუჯეტი დიდი ოდენობით თანხას დაზოგავს.

„გავამრავლოთ პარლამენტის წევრის წლიური ხელფასი 140 160 ლარი ოპოზიციის 61 დეპუტატზე და კიდე 4-ზე, რადგანაც 4 წლით არიან არჩეულნი. გამოდის 34 მილიონი 199 ათასი 040 ლარი. რაც დოლარის დღევანდელი ყველაზე მაღალი კურსით 12 მილიონ 481 ათას 401 დოლარს უდრის. თან 4 წელი პარლამენტში 61 სამშობლოს მოღალატის ლანძღვა-გინებას ვუყუროთ და თან ვარჩინოთ, მილიონობით ლარი გადავუხადოთ?! ქართველი ხალხი სიხარულით შეინახავს ამ 61 გარყვნილს ციხეში“, – აცხადებს არნო ხიდირბეგიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციასაც უღირს ქუჩაში დარჩენა, რადგანაც „გლობალური ომის პარტია” მათ ბევრად მეტს უხდის, ვიდრე სადეპუტატო ხელფასია.

გიორგი ქართველი